“იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.”
არჩილ მეფე მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია
ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად
დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ.
ამ მიმართულებას ვუწოდეთ გარისობა. დამუშავდა შესაბამისი
ტერმინოლოგიაც, რომელიც რამდენიმე ჯგუფისგან შედგება და ასევე გამოსადეგია
მონადირეთათვის.
გარისობის მიმართულებით მუშაობს ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა ჯგუფი არჩილ გოგალაძისა და ბექა ოტიაშვილის თავკაცობით.
საერთოდ ნადირობა, გარდა ყოფითი დანიშნულებისა, იმთავითვე ფიზიკური
აღზრდის ერთ–ერთი უმთავრესი შემადგენელი იყო და ეს არაერთი წყაროთია
დადასტურებული.
თრიალეთის მცირე ხრამის კლდის მხატვრობის ერთი ნაწილი ნადირობის
სცენებს ასახავს. ყველა ნახატში ხაზგასმულია, რომ ნადირობაში მთავარია არა
დევნა ან მონადირება, ან უშუალოდ სანადირო იარაღი, არამედ წინასანადირო
რიტუალი.
კომპოზიციის ძირითადი ფიგურაა მონადირე ხელში სახრით, იმდროინდელი სარიტუალო იარაღით, ხოლო მშვილდ–ისარი იქვე გვერდითაა გამოსახული.
ნადირობის თვალსაზრისით ასევე ძალზე საინტერესოა ბადით შეპყრობილი
ირმისა და ცხენის გამოსახულებანი, რაც ამ ტოტემური ცხოველების მონადირის
მიერ ფლობის ნიშანია და მონადირეში ქურუმის ფუნქციის აღმოცენებაზე
მეტყველებს.
ამ პეტროგლიფთაგან ყველაზე უხნესი მეზოლითის ხანისაა (ძ.წ. XII–IX ათასწლეულები).
არქანჯელო ლამბერტი (”სამეგრელოს აღწერა”) მოგვითხრობს, რომ ნადირობა
“მეგრელთა უმთავრესი საქმიანობაა და მას ყოველი წოდებისა და მდგომარეობის
მეგრელი ეტანებაო” და იქვე მოჰყავს მეგრული ანდაზა – “ბედნიერი ის არის,
ვისაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო”.
ნადირობაში მონაწილეობა ფეოდალურ საქართველოში ვასალური მოვალეობა იყო.
ა. რობაქიძის აზრით “ნადირობის გასამხედროებული ბუნება უდავო ფაქტად
გვეხატება”.
საინტერესოა ისიც, რომ ასეთ ნადირობაზე გამომსვლელნი სადროშოებად იყვნენ დაყოფილნი.
ივანე სურგულაძე “დასტურლამალის” კვლევისას ამბობს: – “ნადირობა აქ
ისეა აღწერილი, როგორც ლაშქრობა: ჯარის გამოძახება, მისი სადროშოდ დაყოფა,
სწორად სიარული ნადირობის წინ და სხვა”.
ზერელედ განათლებულ მავანთაგან გვსმენია – ქვეყანა თავს გვექცეოდა და ამ დროს მეფეები პოემებსა წერდნენ ნადირობასა და დროსტარებაზეო.
ამ დროს კი ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვახტანგ VI–ის
დამოკიდებულება ხალხის მიერ ერთხელ მიგნებული ხერხისა და წლობით დაგროვილი
ცოდნის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეს მცირე ჩანაწერი:
– “მუხის ფითრი მარიამობის თვეში დაკრიფე, რომელიც მკუხე იყოს.
დაჭყლიტე, მერე წყალში ჩასდევ, იმაში კარგად ჭყლიტე, დააცალე. მერმე
გარდასწურე. რაც ძირს დარჩეს, ან 10 – 12 წვეთი ზეთისხილის ზეთი, ან თაფლი
დაასხი. მერე ალვახაზივით რა ზეთი გაერიოს და კარგად აიზილოს, ერთ ქილაში
ჩადევ. როდესაც გინდოდეს, ჩხირებზედ წაუსვი, ქანდარებად გააწყევ ასეთ
ადგილას, ფრინველი შესხდეს. რაც ფრინველი ან შეჯდება, ან ფრთას შეახებს –
ვერსად წაუვა, დაიჭერს”.
მეფე თეიმურაზ ნადირობას მიმართულებებად ახარისხებს – “აქა ისრით
ნადირობის თქმა”, “აქა ქორისა და მიმინოს ნადირობის ამბავი”, “აქა თევზის
ნადირობის ამბავი” და სხვანი.
არჩილ მეფემ კი, ნადირობის აღწერით, არა მარტო უდიდესი ცოდნა შემოუნახა
შთამომავლობას, არამედ კიდევ ერთხელ წამოსწია ომებსშუა განუწყვეტელი
ვარჯიშის მნიშვნელობა და ყმაწვილთა აღზრდის საგანგებო ზნედ დასახა.
ივანე ჯავახიშვილის აზრით (”საქართველოს ეკონომიური ისტორია”) სანადირო
ბეგარა დაკავშირებული იყო სამხედრო ბეგარასთან: – “ნადირობას მარტო კერძო
გასართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო და
ბეგარასავით სამხედრო ვალდებულებას წარმოადგენდა”.
“იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიმორჩილნა დადიან–გურიელნი და
მთავარნი სხვანი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა
მსახურებათათა”– აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.
ვახტანგ VI–ს გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოსათვის შეუწირავს 3 სოფელი,
ოღონდ – “ლაშქარსა და ნადირობასა გვეახლებოდნენ”–ო, ანუ სრული თარხნობა
იმიტომ არ მივეცით, რომ “ლაშქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა –
ლაშქრობის მასწავლებელი”.
იმერეთშიც ასევეა: ბაგრატ მეფემ გელათს შესწირა სოფელი ნავენახევი
“ხელშეუვალად და განთავისუფლებით, თვინიერ ნადირობასა კიდე და ნადირის
ჯერგად ნუ დაგვაკლდებიანო”.
ნადირობის სამხედრო ბუნებაზე ნათლად მეტყველებს ფარსადან გორგიჯანისძის
ეს ფრაზაც: “მას ჟამსა, ოდეს მეფემა როსტომ რომ სანადიროდ გაილაშქრა”…
ნ. ურბნელის თქმით “ძველ დროში ახალწელიწადს ვაჟკაცობის იერი ედო და
მაღალი წოდებაც ამ დღესასწაულს ისე მიეგებებოდა ხოლმე, თითქოს საომარი
დღეაო, საომარი ვარჯიშობაო… საახალწლო დღეობის სულსა და გულს ნადირობა
შეადგენდა”.
ასეთი სულისკვეთება სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ მეფობდა ჩვენში.
” კავკასიის სადარი, ვგონებ, არ არსებობს სხვა მხარე, სადაც ნადირობა
ესოდენ იყოს განვითარებული და სადაც ამდენი საოცარი ნაირსახეობით იყოს
წარმოდგენილი, დაწყებული ყველაზე მარტივითა და უაღრესად სრულყოფილი
ხერხებით დამთავრებული” – განცვიფრებით აღნიშნავს 1900 წელს დასტამბული
“კავკასიური ნადირობანი”–ს ავტორი ა. კალინოვსკი წიგნის შესავალში.
ეს თემაც ცალკე და განსაკუთრებული შესწავლის საგანია. ამავე დროს,
რაკიღა ნადირობის კულტურაში რაიმე საგანგებო წყვეტას ადგილი არ ჰქონია,
სავარაუდოა, რომ არაერთი საინტერესო მასალის მოძიებაა კიდევ შესაძლებელი.
საჭაშნიკოდ მოვიტანოთ რამდენიმე მათგანი:
ნადირობის მოყვარულის გივი ბადაშვილის გადმოცემით ნანადირევის
შესანახად გამოიყენება შემდეგი ხერხი: ნანადირევი უნდა შეიტანო თოვლის
ჩამონაზვავში მდინარის ან ნაკადულის მიერ გაჭრილ გვირაბში იმ სიღრმეზე,
რომ მზის სხივი ვერ მისწვდეს. ინახება დიდხანს და, რაც მთავარია, არ
ეკარება მწერი და ნადირი.
ასევე საინტერესოა გადმოცემა იმის შესახებ, რომ სახლიდან შორს გასული მთიელები გათოშვისგან თავდასაცავად სამოსსშუა ნამჯას იფენდნენ.
გასული საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ფერეიდნული სანადიროდ გასვლა:
“საღომის სადაცღა რო მაგარ ტინებჩი დალაგდეს თხები, იმ ღამით ადგებიან და
შაატყობინებენ ერთმანეთს. დაქუჩდებიან ერთგანა ჩუმ ჩუმადა, რო ხმა არ
ავიდეს თაჩი.
ნამაი ქეჩის ქულაჯებს ჩაიცმენ და ფაითმანგებს დაიხოვენ ფეხებზე, ჯულის
ქალმნებს ჩაიცმენ (ტუმარა – ქეჩა რაქთენი პირი და ემისი ქალამანია), ნამა
დაიკოლთებიან და ფაიშამზე წავლენ თასათი”.
ნაწყვეტი გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: “ძუის მახე – კვერნის
დასაჭერი მახეა. აკეთებენ ადგილობრივ: დაგრეხავენ ძუას, გააკეთებენ ხის
გირკალს (კირკალი, ანუ მოხრილი ხე), დააბამენ ქვაზე. ძუას იმ გირკალში
შუაზე გაუკეთებენ შატით (ყულფით). მერმე ხეს გადასდებენ წყალზე.
ადლი – 2 წყრთა, 4 ჩარექი (მეტრამდე)
ალაბი – გაშლილ მკლავთა სიგანე (მეგრ.)
არშინი –
ბიჯი – ორთავ ფეხის წადგმა
გაბაჯანი – სალოკიდან შუათითამდე
გოჯეული – ორი გოჯი
გოჯი – ცერას წინა სახსრის სიგრძე
ეჯი – სამ, ხანაც ხუთ ათას ნაბიჯამდე
თითი – 18 მმ.
მტკაველი – ცერსა და ნეკს შუა
მხარი – ოთხი წყრთა
ნაბიჯი – ერთი ფეხის წადგმა
სათურგნო – თოფის სასროლი მანძილი
ტერფი – ბიჯის მეხუთედი
უტევანი – ასორმოცდასამი ნაბიჯი
ჩარექი – 4 გრე
ციდა – სალოკიდან ცერამდე
წყრთა – იდაყვიდან შუა თითის წვერამდე
გზა:
ბილიკი – ვიწრო გზა
გზა – ზომიერი კაცთა სავალი
თავალა – გზის აღმართი
თანთანა – გზის გამდევი ბილიკი
თელილი – ვიწრო ბილიკი
ისარა – ტყის ბილიკი
კაპიშუკა – ვიწრო ბილიკი
მებოძირი – გზაჯვარედინი, გზათშესაყარი
მერდევანი – ოღრო–ჩოღრო,
მოსარები – შემოსავლელი
ნოქვი – ძნელსავალი
საცალფეხო – ვიწრო ბილიკი
ქაშანი – შამბნართა და თოვლთა ზედა გატკეცილი სავალი
წავარნა – ნადირის ბილიკი
შარა – ფართო გზა
შუკა – ორღობე
ხოლი – აღმართი გზა
ამინდი:
ალხი – დიდი სიცხე, ბუღი, ლული
ბაკმი – ბაკე, შუქის რკალი მთვარეზე
გამოკარება – გამოდარება
გაძგიფვა – მცირად შეყივნება
გერანი – ძალიან ცივი (მეგრ.)
გიჟე – ნელთბილი (მეგრ.)
გუგუბო – გრილსა და თბილს შუა
დათანთარება – დაცხუნება
ერკელია – ამინდის ცვალებადობა
ვარანგი – ზამთრის თბილი ღამე
ზამათი – არეული ამინდი
იაკამი – ნათელი მთვარე
იალკიალი – აქა იქ ღრუბელი
კაპოეტი – შემაწუხებელი სიცივე
ლაგაზი – წებოვანი ტალახი
ლალა – ლაფი, ლესთექი
ლელეჩი – მოთბო
ლუნგი – მზიანი, უქარო ამინდი
მარაგი – ცა ღრუბლით თხლად შემოსილი
მესეფი – ზღვიდან მორიგეობით ამოდიან შავით მოსილი კაცები (ავდარი) და გრძელკაბიანი ქალები (დარი). (მეგრ.)
მოკარკაცება – ნაავდრალზე ცის მოწმენდა
მოქურუხება – ცის მოქუფრვა
პულა – ღრუბელი (მეგრ.)
ორო – დახუთული ჰაერი
პაპანება – უზომო სიცხე, ჭრტიალი, ხვატი, ქარათო, ბოტორო, ბუღი, ალმური, ქელთა, ღვართი, დუგუნა, თაკარა, ალხი, ლული, პაპანება
პირტუქსი – სუსხიანი ამინდი
რაკი – მდინარის შეყინული ნაპირი
საზეველა – თოვლის დნობის დასაწყისი
ტარონი – ამინდი (ლაზ.)
ფიტი – ელვა (მეგრ.)
შიმე – ნესტიანი (მეგრ.)
ცისიერი – ელვა, წვიმა, თოვლი, ტატანი, ქუხილი, ვარსკვლავკუდედი, მეხი,
ციცაგი – თხლად მოღრუბლული
ცრიატი – ღრუბელაშლილი დღე
ცხუნება – მზის დაჭერა
ჭიატი – მცირე ხნით გამოდარება
ხანდარა – არეული ამინდი
ხიოდი – მზის გამოსვლა
ხლარცი – დიდი ტალახი
ხმელარობა – მშრალი ამინდები
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!