გვიძინი ტანით ქედანზე მოზრდილია, სხეულის მოყვანილობით ძლიერ მიაგავს მას, ბუმბულის შეფერილობით კი განსხვავდება.
საქართველოში გვიძინი უფრო დიდი "ქედნის” სახელწოდებითაა ცნობილი.
დედამიწის ზურგზე გვიძინი ისევე ფართოდაა გავრცელებული, როგორც ქედანი. გვიძინის არეალი შეიცავს ევროპის დიდ ნაწილს, ყირიმს, კავკასიას, დასავლეთ და ნაწილობრივ შუა აზიას და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას.
ჩვენში გვიძინი მობუდარი, ნაწილობრივ გადამფრენი ფრინველია.
გვიძინი, ისე როგორც ქედანი, ტყეში ცხოვრობს, უყვარს ფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით მდიდარი დიდი ბაღები და პარკები.
გვიძინი გუნდ-გუნდად მცხოვრები ფრინველია. გუნდად ფრენს და ხშირად გუნდურადვე ბუდობს იმ შემთხვევაში, თუ ტყეში საკმაო რაოდენობითაა ფუღუროიანი ტყეები. ხასიათით წყნარია და მშვიდობისმოყვარე. მამალი მეტოქეები მხოლოდ გამრავლების პერიოდში ჩხუბობენ. გვიძინი ბუდობას ადრე გაზაფხულზე იწყებს, წლის განმავლობაში ორჯერ დებს კვერცხებს: პირველად აპრილში, ხოლო მეორედ—ივნისში. კრუხად ორივე მშობელი რიგრიგობით ზის. ბუდობა-გამოჩეკვას 18-21 დღე სჭირდება.
როცა ახალ ნამატს დააფრენს, დედა გვიძინი მეორე კვერცხდებას იწყებს ახალ ბუდეში, რადგანაც პირველი ბუდე უკვე უსუფთაოა.
აგვისტოს ბოლოს გვიძინის წყვილის მეორე ნამატი უკვე ზრდადასრულია და ამ დროიდან იწყება გვიძინების გუნდად შეკრება. გუნდებში გვიძინების რაოდენობა მრავალრიცხოვანია, რამდენიმე ასეულს აღწევს ხოლმე.
გვიძინის საკვებს ხორბლის, ქერის და სხვა მარცვლოვანი მცენარეების თესლი შეადგენს, ხოლო ტყეებში მათი საზრდოა რკო, სხვადასხვა კენკრა და წიწვიანი მცენარეულობის თესლი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!