ქედანი ტყეში მცხოვრები ფრინველია, რომელიც უმთავრესად შერეულ ტყეში, აგრეთვე დიდ ბაღებში ცხოვრობს. ქედანი მეტად ფრთხილი და მშიშარაა. იგი შესანიშნავად ფრენს.
ზოგჯერ მოდუნებულიც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, ვინაიდან ხშირად უძრავად ზის ხეზე, ტყიდან იგი იშვიათად გადის, თუმცა მას მინდვრებშიც შეხვდებით, სადაც მარცვლეულს კენკავს.
ქედნების უმთავრესი საკვებია ტყეებში წიწვიანი ჯიშების თესლი, რკო, სხვადასხვა ნაყოფი, კვირტები. იგი ცოცხალ ორგანიზმებსაც იყენებს: ლოკოკინებს, ჭიებს და სხვა.
მტრედისნაირებში ქედანი ყველაზე დიდი ზომისაა 420-620 გრამი. ქედნები ადრე გაზაფხულზე წყვილდებიან და იწყებენ ბუდეების მოწყობას, ზოგჯერ კი კაჭკაჭების, ყვავების ან სხვა ფრინველის ძველ ბუდეს იკავებენ. ქედანი ბუდეში ორ კვერცხს დებს, რომელზედაც 17-18 დღის განმავლობაში დედალ-მამალი რიგრიგობით კრუხობენ ხოლმე. ბარტყები, რომელსაც ხუნდებს უწოდებენ, მალე ტოვებენ ბუდეს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.
ქედანი მაგარი აგებულების ფრინველია და მის მოსაკლავად მონადირეები მსხვილ საფანტს ხმარობენ, რადგან წვრილი საფანტით მიყენებული ჭრილობა ქედანს ვერაფეს აკლებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!