მძორისმჭამელებს უწოდებენ დიდი ზომის მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც ძირითადად სპეციალიზირებულნი არიან მკვდარი ცხოველების ლეშით კვებაზე და თვითონ მსხვერპლს თითქმის არასოდეს კლავენ.გამონაკლისს ამ ჯგუფიდან წარმოადგენს მხოლოდ პალმის სვავი (Gyphobierax angolensis). რომელიც ერთ-ერთი სახეობის პალმის ნაყოფით იკვებება. მძორისმჭამელები ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულნი, ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა. ისინი ბუნებრივი თანასაზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან და ჯანსაღი გარემოს კარგ ინდიკატორებად გვევლინებიან, ვინაიდან იმყოფებიან კვებითი ჯაჭვის ბოლოში. მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში გაერთიანებულია 22 სახეობა, რომელთაც ახალი სამყაროსა და ძველი სამყაროს მძორისმჭამელებად ყოფენ. მათგან პირველში გაერთიანებული 7 სახეობის ფრინველი რომლებიც ბინადრობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. მათ რიცხვშია მსოფლიოში ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველი-კონდორი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრამდე აღწევს. მიუხედავად მტაცებლური იერისა, ევოლუციური წარმოშობით ეს ფრინველები ახლოს დგანან ყარყატებთან. აღსანიშნავია, რომ ფრინველთა სამყაროში მხოლოდ ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს აქვთ განვითარებული ყნოსვა, რაც მათ საკვების მოძებნაში ეხმარება. ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს, მართალია, ყნოსვა არ გააჩნიათ, მაგრამ ძალზე კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და მკვდარი ცხოველის გარჩევა დიდ მანძილზე შეუძლიათ. ამ ჯგუფში 15 სახეობის ფრინველია გაერთიანებული, რომლებიც ბინადრობენ ევრაზიის და აფრიკაში. მათი უმრავლესობა წარმოშობით ახლოს დგას არწივებთან. სისტემატიკურად ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს მიმინოსებრთა (Accipitridae) ოჯახში აერთიანებენ, ხოლო ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს კატარტიდების (Cathartidae) ოჯახს მიაკუთვნებენ.
სვავი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ბატკანძერი. გ. დარჩიაშვილისა
მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს განსხვავებული წინაპრები ჰყავდათ, მრავალი ნიშან-თვისებით და ცხოვრების ნირით ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანათს. როგორც ჩანს, ევოლუციური განვითარების გარკვეულ მომენტში საკვების მოპოვება გართულდა როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის ფრინველთათვის. მაშინ, როდესაც ლეშის მოძებნა არც ისე რთული იყო. იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ, მათ განიცადეს ადაპტაცია ლეშით კვებაზე, ხოლო დროთა განმავლობაში მთლიანად ამ საკვებზე დასპეციალიზებდნენ. ასე დაემსგავსა ერთმანეთს სრულიად განსხვავებული წარმოშობის ფრინველთა ორი ჯგუფი. ამ პროცესს კონვერგენტული ევოლუცია ეწოდება.
კრავიჭამია (ბატკანძერი)
კლასი - ფრინველები (AVES)
რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)
სახეობა - Gypaetus barbatus
კრავიჭამია მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-7 კგ-ს. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი მართვეებიდან ზრდასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს. საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.
ყველა სახეობის მძორისმჭამელისათვის დამახასიათებელია სხეულის დიდი ზომა, ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი-კისერი (გამონაკლისს წარმოადგენს კრავიჭამია) და სხვა მტაცებელ ფრინველებთან შედარებით სუსტი ნისკარტი და კლანჭები. ეს უკანასკნელი განპირობებულია იმით, რომ მათ არ უხდებათ დიდი ზომის მსხვერპლის დაჭერა და მოკვლა. მტაცებელ ფრინველთა შორის ისინი ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი პლანირებით ფრენაზე. თავიანთი უზარმაზარი ფრთების წყალობით მძორისმჭამელები იმ ქმნილებებს მიეკუთვნებიან, რომელთაც რამოდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად პლანირების უნარი გააჩნიათ თერმალების (ჰაერის აღმავალი თბილი ნაკადების) გამოყენების ხარჯზე. ფრინველებს ენერგია მხოლოდ აფრენაში ეხარჯებათ, შემდეგ თერმალებს თვითონ აჰყავთ ისინი ზევით.
დღეისათვის, უმრავლესობის შეხედულებით, მძორისმჭამელი ფრინველები საზიზღარი, ბინძური, სიკვდილის მომასწავებელი არსებებია. ასეთი სეხედულება ამ ფრინველებზე მათი გარეგნობისა და ქცევის მანერების გამო და ჩამოყალიბდა. თუმცა ეს ყოველივე ამ ფრინველებისთვის ადაპტაციას წარმოადგენს. რაც საშუალებას აძლევს მათ გადარჩნენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში ერთ-ერთი მთავარი გარეგნული ნიშანი, რომელიც მძორისმჭამელებისადმი ზიზღს იწვევს, არის მათი ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი, რაც ძალზე ხელსაყრელი საშუალებაა იმისათვის, რომ იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით, თავი შეყონ მასში გარედან მიუწვდომელი ხორცის თუ შიგნეული ნაწილების ამოსაღებად და ამავდროულად რაც შეიძლება ნაკლებად დაისვარონ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებითაც მდიდარია გახრწნილი ლეში შჶუბუმბლავი თავი არ აძლევს აქ დასახლების საშუალებას, რაც მათ ეპიდემიებისაგან იცავს. ჭამის შემდეგ მძორისმჭამელები ხშირად სხდებიან შუაგულ მზეზე, რათა საკვების მცირეოდენი ნარჩენები, რაც მცირე რაოდენობით მაინც ეკვრება თავსა და ნისკარტზე, შეშრეს და ჩამოიფშვნას. მძორისმჭამელებიდან მხოლოდ ერთ სახეობას - კრავიჭამიას აქვს შებუმბლული თავი, რაც იმით არის განპირობებული, რომ მას არ უხდება თავის შეყოფა ლეშში, ის ძირითადად ძვლებით იკვებება, რომლებიც თითქმის მთლიანად არის ხორცისაგან გაწმენდილი და ამიტომ არ ესვრება ბუმბული ხრწნადი, პატოგენური მიკროორგანიზმებით მდიდარი მასით.
ორბი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა
ორბები ჭაჭუნას აღკვეთილში. ფოტო ბ. ლორთქიფანიძისა
იკვებებიან რა ლეშით, ეს ფრინველები წმენდენ გარემოს ეპიდემიების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან. მათ აქვთ უნარი იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით. მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას შეუძლია გადაამუშაოს საკვები, რომელშიც ადამიანისათვის მომაკვდინებელ დოზაზე ასჯერ უფრო მეტი ტოქსინია.
ორბი
კლასი - ფრინველები (AVES)
რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
გვარი - ორბი (Gyps)
სახეობა - Gyps fulvus
ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სანტიმეტრია. იწონის 7-9,5 კგ-ს. მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა.
გავრცელებულა აფრიკასა და ევრაზიაში, ბინადრობს დაბლობშიც და მთაშიც, სადაც წარმოდგენილია მთაგორიანი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისაგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით. რომლებსაც ორბი საბუდრად იყენებს. ბუდეები, როგორც წესი, ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფეფებს წარმოქმნიან.
შეწყვილება იწყება იანვარში, აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს, რომელსაც ორივე მშობელი აზის მორიგეობით. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება.
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. მიუხედავად დიდ ზომებისა, ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომლითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან. სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წარმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.
მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის ნისკარტებისა, მძორისმჭამელ ფრინველებს არ შეუძლიათ გახიონ მოზრდილი ძუძუმწოვრების სქელი ტყავი და დაიწყონ მისი ჭამა, ამიტომ იძულებულნი არიან, დაელოდონ სანამ იგი გარკვეულ დონემდე გაიხრწნება, ან სანამ მას სხვა მტაცებლები გახსნიან. ერთადერთი, რაც მათ შეუზლიათ შეჭამონ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ტყავი დაუზიანებელია, არის თვალები. თუმცა ამას როგორც წესი, მძორისმჭამელებზე ადრე ყორნები აკეთებენ, ვინაიდან მათთან შედარებით უფრო ადრე პოულობენ მკვდარ ცხოველს ან უბრალოდ მათზე გაბედულნი არიან და პირველები მიდიან ლეშთან. (როგორც ჩანს, სწორედ ამ ქცევამ განაპირობა ის, რომ ხალხი ასე ვერ იტანს ყორანს - ფრინველთა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან წარმომადგენელს). საკმარისია მკვდარი ცხოველის ტყავი სადმე გაიხსნას და მძორისმჭამელებს ხელს აღარაფერი შეუშლის მის ბოლომდე შეჭმაში. მიუხედავად იმისა, რომ მძორისმჭამელებისათვის ძირითადად ძირითად საკვებს წარმოადგენენ ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების ან ტრავმების გამო და ზვავებში იღუპებიან, ისინი ასევე პოულობენ მონადირეების მიერ დაჭრილ ცხოველებს, რომლებიც ახერხებენ თავი დააღწიონ მათ და მოგვიანებით იღუპებიან.
ბატკანძერი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა
ამ შემთხვევაში ნატყვიარი უადვილებს ფრინველებს საქმეს, ვინაიდან ტყავი ამ ადგილას უკვე დაზიანებულია და ისინიც სწორედ აქდან იწყებენ ჭამას. ეს ხშირად საბედისწერო ხდება მათთვის, ვინაიდან მათი კუჭი იმდენად მგრძნობიარეა ტყვიის მიმართ, რომ ამ უკანასკნელის მცირე დოზაც კი ფრინველის სიკვდილს იწვევს.
ფასკუნჯი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა
საქართველოში ძველი სამყაროს მძორისმჭამელების ოთხი წარმომადგენელი გვხვდება, რომელთაგანაც სამი: ორბი, სვავი და კრავიჭამია მობინადრე სახეობებს წარმოადგენენ, ანუ მთელი წლის განმავლობაში საქართველოში რჩებიან. ფასკუნჯი მხოლოდ ბუდობს, გამოსაზამთრებლად კი სამხრეთში მიფრინავს. ერთ-ერთი მიზეზი ამისა შესაძლებელია იყოს ის, რომ მის კვებით რაციონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ფრინველთა კვერცხებსა და რეპტილიებს, როგორიცაა გველხოკერა, კუ და ა.შ. რომელთა მოპოვებაც აცივებასთან ერთად ცხადია, შეუძლებელი ხდება. ამდენად ფრინველი იძულებულია, გადაინაცვლოს საკვებით უფრო მდიდარ ადგილებში. ფასკუნჯი, ისევე როგორც ორბი და სვავი, არიდული ზონის ტიპიური წარმომადგენელია. ორბის მსგავსად, საბუდრად იყენებს თიხნარ ფლატეებზე არსებულ ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს, რომლებიც მტრისგან თავის დასაცავად საუკუნეების წინ ბერების მიერ იქნა კლდეში გამოკვეთილი. ასეთ გამოქვაბულებში მათი ბუდეები საიმედოდ არის დაცული ქარის, წვიმისა და მტაცებლებისაგან. სხვაგვარად იქცევა სვავი - ევრაზიასა და აფრიკაში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი. ეს უზრამაზარი ფრინველი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 280 სმ-ზე მეტია, ბუდეს ღვიის ხეებზე იკეთებს. ამისათვის ის იყენებს ხმელ ტოტებს, რომლებიც ბუდეში ნისკარტით მიაქვს, ვინაიდან სუსტი და გაშლილი კლანჭების გამო ფეხებში მისი დაჭერა არ ძალუძს. ამდენად მეცხვარეებში გავრცელებული აზრი სვავის მიერ ბატკნების მიტაცების თაობაზე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამჟამად ეს ფრინველი შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომლის რიცხოვნობაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კლებულობს. რიცხოვნობის კლების ერთ-ერთი მიზეზია ადამიანის ზეგავლენა, კერძოდ - შეწუხების ფაქტორი, რაც დაკავშირებულია მათ საბინადრო ადგილებში მეცხვარეობის განვითარებასთან. მეორეს მხრივ ცხვარი ჩვენში გავრცელებული ყველა მძორისმჭამელის კვებით რაციონში შედის და გარეული ჩლიქოსნების ადგილს იკავებს, რომლებიც ერთ დროს მრავლად იყო და ძირითად საკვებს წარმოადგენდა ამ ფრინველებისთვის. ცხვრის სიუხვესთან უნდა იყოს დაკავშირებული არიდულ ეკოსისტემაში მაღალმთიანი რაიონების ტიპიური წარმომადგენლის - კრავიჭამიას გამოჩენა, რომლის ერთეული ინდივიდები აქ ზამთარში მოფრინავენ. აღსანიშნავია, რომ მისი დიეტის უმთავრეს ნაწილს ძვლები შეადგენს, რისი მონელებაც არცერთ სხვა მძორისმჭამელს არ შეუძლია, ამდენად კონკურენტები ფრინველთა შორის ამას თითქმის არ ჰყავს. ძვლებით კვებასთან დაკავშირებით კრავიჭამიას მეტად საინტერესო ქცევა გამოუმუშავდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძვალი, რომლის გადაყლაპვაც მთლიანად არ შეუძლია, ფრინველს ჰაერში ააქვს და ქვიან ნაშალებზე აგდებს მანამ, ვიდრე იგი არ გატყდება. შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ აგროვებს მის ნამტვრევებს. კიდევ ერთი უცნაური თავისებურება, რომელიც ამ ფრინველს ახასიათებს, არის სხეულის შესაღებად რკინის ოქსიდის შემცველი, წითელი შეფერილობის თიხების გამოყენება. ეს ფენომენი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ზოოპარკში არსებული და ბუნებაში თავისუფლად მცხოვრები ინდივიდების შედარება დაიწყეს. ამ უკანასკნელთა თავი, კისერი და მუცელი ნარინჯისფერი შეფერილობისაა, მაშინ როდესაც ტყვეობაში მყოფ ფრინველებს იგივე ადგილები ქათქათა თეთრი აქვთ. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ფრინველები შემთხვევით იღებებოდნენ ბუდობის ადგილებში რკინის ოქსიდის შემცველ ქანებთან კონტაქტის დროს, მაგრამ როგორც თანამედროვე გამოკვლევებმა გვიჩვენა, ამას ისინი სპეციალურად აკეთებენ, თუმცა დღემდე უცნობია, რისთვის.
სვავი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა
სვავი
კლასი - ფრინველები (AVES)
რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
გვარი - სვავი (Aegypus)
სახეობა - Aegypus monachus
სვავი საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე დიდია. სიგრძე თავიდან კუდამდე 105 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა - 255-295 სმ. წონა - 7-12კგ. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა. ზომით მდედრი დიდია მამრზე. გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. მიმდინარეობს ბარშიც და მთაშიც თუკი არსებობს ბუდობისათვის ხელსაყრელი პირობები და საკვები.
ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათ კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხს საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება. კრუხად ჯდება ორივე მშობელი რიგ-რიგობით, გამოჩეკვის შემდეგ მართვე ბუდეში სამ თვეს რჩება. იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველთა შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
სვავი შეტანილია ბუნების მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.
დედამიწაზე გავრცელებული მრავალი მძორისმჭამელი ფრინველის პოპულაცია, სხვადასხვა ანთროპოგენული მიზეზის გამო, დღეისთვის გადაშენების პირას არის მისული. მძორისმჭამელი ფრინველები ძალზე დაბალი რეპროდუქტიულობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს, ზოგიერთი კი ორ წელიწადში ერთხელ მრავლდება. ამასთან სქესმწიფე ასაკს ფრინველები გამოჩეკვიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. მათ არ შეუძლიათ გაზარდონ რეპროდუქტიულობის დონე სიკვდილიანობის მომატების საპასუხოდ. ამდენად, სიკვდილიანობის ოდნავი მატებაც კი პოპულაციის გაქრობას იწვევს. მძორისმჭამელი ფრინველები იღუპებიან მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო რომელთა შორისაა:
ფასკუნჯი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა
ფასკუნჯი
კლასი - ფრინველები (AVES)
რიგი - შევარდნისნაირნი (Falconiformes)
ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
გვარი - ფასკუნჯი (Neophron)
სახეობა - ფასკუნჯი (Neophron percnopterus)
ფასკუნჯი საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა, სიგრძე თავიდან კუდამდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა - 58-163 სმ. წონა - 2,1 - 2,4 კგ. გავრცელებულია აფრიკა და (ტროპიკული ნაწილის გარდა) და ევრაზიაში. ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულებით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუსო ფერია. ზრდასრულის შეფერილობას დაახლოებით 5 წელიწადში იღებს.
ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს. თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებ წვეტიანი ფრთები აქვს.
მძორით იკვებება, თუმცა მოიპოვებს რეპტილიებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ადამიანის მიერ წარსულში კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში. ჩვენში მობუდარია.
ბრაკონიერობა და შეწუხება გამრავლების ადგილებში, მტაცებელი ძუძუმწოვრებისათვის დაგებული ხაფანგები და მოწამლული სატყუარები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.
დღეისათვის მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები მძორისმჭამელი ფრინველების აღსადგენად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კრავიჭამიას აღდგენის პროექტი ალპებში, სადაც ამ ფრინველის უკანასკნელი ინდივიდი 1913 წელს მოკლეს.
ორბი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
მის აღსადგენად მუშაობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ავსტრიაში ჩამოყალიბდა ამ ფრინველის გამრავლების ცენტრი და დაიწყეს მათი ალპებში რეინტროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და რამდენიმე ათეული ფრინველი იქნა ამ პერიოდის განმავლობაში გაშვებული, ჯერჯერობით ბუნებაში მათი გამრავლების მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და ადამიანის აქტიური ჩარევის გარეშე ეს პოპულაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ არსებობს. კიდევ უფრო რთულად არის საქმე კალიფორნიულ კონდორთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ფრინველად ითვლება. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუაში მეცნიერებმა ყველა თავისუფლად მცხოვრები კონდორი დაიჭირეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყეს მათი ტყვეობაში გამრავლება და ბუნებაში გაშვება. მიუხედავად ამისა, კალიფორნიული კონდორი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ფრინველად რჩება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!