ბექობის არწივის სხეულის სიგრძე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე 85 - სმ-ს აღწევს. გაშლილი ფრთების სიგრძე 2 მ-ს. წონა კი 3 კგ-ს. დედალი ცოტათი დიდია მამალზე.
წითელ ნუსხაში შეტანის მიზეზები
მცირე/სწრაფად შემცირებადი პოპულაცია.
გავრცელება
გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე კავკასიაში.
ეკოლოგიური თავისებურებები
ბექობის არწივი საცხოვრებლად დაბლობებს ირჩევს და იშვიათად გვხვდება ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მაღლა. უფრო ხშირად ჭალებში და სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებზე გვხვდება. ბუდეს ხმელი ტოტებისაგან აკეთებს რომელიც ხეზეა მოთავსებული. ბექობის არწივი ბუდეს ხანდახან მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემის ბიძებზეც იშენებს. ბუდეს მრავალი წლის განმავლობაში იყენებს ასეთი ბუდეების დიამეთრი 1.5 მ-ს აღწევს და 100 კგ-ზე მეტს იწონის. ბექობის არწივი ბუდის შენება შეკეთებას იწყებს იანვრის ბოლოდან, კვერცხებს აპრილის დასაწყისში დებს, კრუხობს დედალიც და მამალიც. მართვეები მაისში იჩეკებიან და ბუდეში 2 თვის განმავლობაში რჩებიან. ბუდიდან გამოფრენის შემდეგ, რამოდენიმე კვირის მანძილზე მართვეებს მშობლები კვებავენ. ბექობის არწივი იკვებება საშუალო და დიდი ზომის მღრღნელებით, სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, სხვადასხვა ფრინველებით, დიდი ზომის ქვეწარმავლებით, ლეშით. კავკასიაში მობუდარი ბექობის არწივების უმრავლესობა საქარტველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდინარე იორის, ალაზნის, მტკვრის ჭალებში და მის მიმდებარე სასოფლო სამეურნეო სავარგულებში ბუდობს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი 17-20 წყვილიდან 11-13 მდინარე იორის ჭალებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბუდობს.
ძირითადი საფრთხეები
ბოლო 15 – 20 წლის განმავლობაში საქართველოში მობუდარი ბექობის არწივების რიცხვი 53-55 დან 17-20 წყვილამდე შემცირდა. შემცირების მიზეზი ადამიანის მიერ ბუდობის დროს ფრინველთა შეწუხება, საბუდარი ხეების თუ ელექტრო გადაცემის ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხების და მართვეების ამოყვანა, მოწამვლა, ძლიერი უამინდობის შედეგად ბუდის ჩამონგრევაა.
ბიბლიოგრაფია გალვესი რ. ა., გავაშელიშვილი ა., ჯავახიშვილი ზ. 2005. ” საქართველოს მტაცებელი ფრინველები და ბუები”. საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი და ბუნება პრინტი, 128 გვ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!