დღეს საუბარი გვექნება არწივთა მოდგმის სახელოვან და ტიტულოვან წარმომადგენელზე,ფრთოსანთა მეფეთ შერიცხულ მთის არწივზე,რომელიც არაერთი სახელმწიფოს ჰერალდიკაზეა გამოსახული როგორც გამარჯვებისა ძლიერების სიმბოლო,რომლის მოკვლისთვის არცთუ დიდი ხნის წინათ ფულადი პრემია იყო დაწესებული და ასეთი "გონივრული" მცდელობის წყალობით ჩვენი მთების სიამაყე დღეს გადაშენების პირასაა მისული და დახმარებას საჭიროებს.
მთის არწივი მისი არასახარბიელო მდგომარეობის გამო ევროპის კონსერვაციის ინტერესს წარმოადგენს და იშვიათი სახეობის სტატუსითაა ცნობილი,მისი ლათინური სახელწოდება (Aguila chrysaetos homeyer) და გარდა ევროპისა, გვხვდება აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში მისი რიცხოვნება დღეისათვის 30_35 წყვილს არ აღემატება.
მთის არწივი მურა ფერისაა, თხემი და კისრის უკანა ნაწილი ოქროსფერია, სხეულის სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო გაშლილი ფრთის სიგრძე 2 მეტრს აღემატება.იწონის დაახლოებით 3_7 კგ_ს. მთის არწივები მონოგამური ფრინველები არიან და ახალ პარტნიორს მხოლოდ მეწყვილის დაღუპვის შემთხვევაში ირჩევენ.
მთის არწივი მობუდარი ფრინველია, საცხოვრებლად კლდოვან ხრამებს და ხეობებს, წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებს ირჩევს.ბუდეებს შორის მანძილი 4_25 კილომეტრამდე მერყეობს და ახალი წყვილისათვის საბუდარი ტერიტორიის შერჩევა მართლაც გარკვეულ "გმირობასთანაა" დაკავშირებული.ზოგიერთ მათგანს ეს თავგანწირვა სიცოცხლის ფასადაც კი უჯდება. წარმატებული წყვილი ბუდეს კლდის შვერილებსა ნაშალებზე, იშვიათად ხეებზე იშენებს.ბუდე ბალახით ხავსით და ფოთლებით ამოფენილი ხმელი ტოტების გროვაა, რომლის მშენებლობა ხშირად 3_4 თვე გრძელდება_ამიტომ წყვილი ბუდეს თავგანწირვით იცავს და მრავალი წლის განმავლობაში იყენებს. იგი წონით რამოდენიმე ასეულ კილოგრამს იწონის, ხოლო ბუდის დიამეტრი 3_5 მეტრს აღწევს.
მთის არწივები ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და ლეშით იკვებებიან.ანადგურებენ ძირითადათ სუსტ და დაავადებულ ცხოველებს და ამით სპობენ ინფექციის წყაროს, ამიტომ მათ ბუნების სანიტრებს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მტაცებელი ფრინველების ამ წარმომადგენლის მხედველობა 8_ჯერ უფრო ძლიერია ადამიანისაზე.ნადირობის დაწყებამდე ისინი ტერიტორიას კარგად ზვერავენ _დაფრინავენ წრიულად, იყენებენ თერმალებს და პასიური ფრენის ტიპებს_ირაოსა და ლივლივს. ცუდ ამინდში როგორც წესი არ ნადირობს, უჭმელი შეუძლია რამოდენიმე დგეს გაძლოს. მას შემდეგ რაც შეამჩნევს "საკბილოს" პასიური ფრენიდან მყისვე აქტიურზე გადადის, ფრთების ძლიერი ქნევით შურდულივით ეშვება მიწაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთის არწივებს ზომით მათზე დიდ (6კგ) არსებებზე ნადირობა არ შეუძლიათ, ასე რომ მითი იმის შესახებ რომ ისინი ბავშვებს ან შინაურ პირუტყვს იტაცებენ_ვიღაცის უნაყოფო ფანტაზიის შედეგია. პარტნიორის გულის მოსაგებად მამლები მეტად შთამბეჭდავ საქორწინო ფრენებს ახორციელებენ. დედალი 1_2 კვერცხს თებერვლის ბოლოს დებს და კრუხადაც თავად ჯდება. 6 კვირის შემდეგ მართვეები იჩეკებიან, რომლებზედაც ორივე მშობელი ერთნაირად ზრუნავს. მთის არწივის რიცხოვნობის კლების მიზეზები ძირითადად მისი საბუდარი ტერიტორიების შემცირება და ქიმიური ნივთიერებებით მისი საბინადრო გარემოს დაბინძურებაა.
ეს კი ამონაწერი ჟურნალი ნადირობიდან
ფრთოსანი მტაცებლების სიძლიერეს სიმბოლო - მთის არწივია, ის ჩვენი ბუნების სიამაყეა, ორას წელზე მეტია, რაც კარლ ლინემ ლათინური სახელწოდება - ოქროს არწივი უწოდა. მისი ღირსების პატივსაცემად ფრანგები და შვედები მას სამეფო არწივს ეძახიან.
მართლაც დიდებული აგებულობისა და შესახედულობისაა, ზომით არც ისე დიდია. სხეულის სიგრძე ერთ მეტრამდე აღწევს, გაშლილი ფრთების სიგანე - ორ მეტრამდე. მოკაუჭებული ბრჭყალები და მგლისფერი ნისკარტი ხანჯალივით ბასრი აქვს. მისი თვალები ნეკვერჩხალებივით ანათებენ და მის დაუნდობელ და შეუდარებელ მტაცებლობაზე მეტყველებენ. საოცარია მისი თავისუფალი ირაო ცის კამარაზე. ყველაფერი ეს აღფრთოვანებას იწვევს და არწივისადმი პატივისცემით განაწყობს ადამიანს.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად, მცირერიცხოვანია და უკანასკნელი მონაცემებით არ აღემატება 20 წყვილს. რაოდენობა ყველგან შემცირებულია, საერთო რიცხოვნობა დაუზუსტებელი. შედარებით მეტია შუა აზიაში, ალთაის მხარეში.
მთის არწივი მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს. საბუდრად მიუდგომელ კლდიან ადგილებს ირჩევს. ბუდე დიდი ზომისაა - დიამეტრი 2-3 მეტრია, რომლის ძირითადად ნაწილს მსხვილი ტოტებისაგან აგებენ, დანარჩენს წვრილი ტოტებითა და ყლორტებით, რომელიც შიგნიდან ბუმბულით, ბეწვით ხმელი ბალახითაა ამოფენილი.
გამრავლებას იწყებენ 4-5 წლის ასაკში. წყვილები მუდმივია და არსებობს ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე.. არწივი თავის საუფლოს არ სცილდება. სადაც იბადება, მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს იქვე კვდება. დაწყვილება იწყება თებერვალში. თითოეულ წყვილს 2-4ვ ბუდე აქვს და მათში რიგ-რიგობით ბუდობენ, მრავალი წლის მანძილზე. მარტ-აპრილში დებს 1-დან 3-მდე მოზრდილ თეთრ მუქ ლაქებიან კვერცხს. კრუხად მხოლოდ დედალი ზის 40-45 დღე, მართვეები (თუმცა ბუდიდან გადმოფრენამდე ხშირად მხოლოდ ერთი მართვე აღწევს). შებუმბვლას მაისში იწყებენ და ივნისის ბოლოს ამთავრებენ. ფრენას 80 დღის ასაკში ცდილობენ.
მთის არწივის ნადავლი სხვადასხვაგვარია. ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.
ჩვენში გავრცელებულია მოარული აზრი, რომ არწივი სხვიდ მოკლულს არაფერს მიირთმევს. ამასვე ამბობს ვაჟა-ფშაველა: „მაგრამ სხვის მოკლულს არა სჭამს, ამაყი, ლაღი ჩემფერი", თუმცა ზამთარში, როცა საკვები შემოაკლდება, მძორსაც არ ერიდება. მაგალითად შოტლანდიაში ორნითოლოგებმა გამოთვალეს, რომ ერთი არწივი წელიწადში 200 კგ. ცოცხალ ნადავლს და 50 კგ-მდე მძორს მიირთმევს.
არწივების სანადირო ტერიტორია 40 კვადრატულ კმ-მდეა. ის ძალიან ფრთხილი ფრინველია, ადამიანს ყოველთვის ერიდება და თუ ის 300 მეტრამდე მიუახლოვდა ჩუმად მიფრინავს საკუთარი ბუდიდანაც კი, ამიტომ არწივის ადამიანზე თავდასხმის ფაქტებიც გამოგონილია.
წარსულში მთის არწივი ცნობილი იყო როგორც დამჭერი ფრინველი. უმთავრესად შუა აზიაში, არწივებით კურდღლებზე და მელიებზე ნადირობდნენ. კარგი დამჭერი ფრინველით სეზონზე რამდენიმე ათეულობით მელა დაუჭერიათ. გამოცდილები იშვიათად მგელსაც იყვანენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ყირგიზეთში 1000-მდე დამჭერი არწივი ჰყავდათ, რომლებითაც რესპუბლიკაში მოპოვებული მელიების 30% იჭერდნენ. დღეისათვის არწივებით ნადირობა მხოლოდ ყაზახეთის, თურქმენეთის და ყირგიზეთის რიგ რაიონებშია შემორჩენილი, ამგვარი სპორტის აღორძინების მცდელობაა ყირგიზეთში სპეციალური საშენი ბაზის ამოქმედება. თუმცა დამჭერი ფრინველებით ნადირობის ერთგვარ მოდად გადაქცევა, გარკვეულ სიფრთხილესაც მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მტაცებლებზე მოთხოვნილების ზრდამ იშვიათი ფრინველების ბრაკონიერული მოპოვების ტენდენცია გააძლიერა.
სასარგებლო, სანადირო გარეული ფრინველების რაოდენობის შემცირებაში მთის არწივის როლი მათი სიმცირის გამო ყოველთვის უმნიშვნელო იყო, მიუხედავად ამისა 70-იან წლებში სრულად გაუაზრებლად მათზე ნადირობა და ბუდეების მოშლა სტიმულირდებოდა ფულადი პრემიებით გაბატონებული იყო შეხედულება: „მტაცებელია ე.ი მავნებელია".
დღეისათვის მდგომარეობა შეიცვალა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აარწივებს სპეციალურ საკვებსაც კი უყრიან, რათა მათი რაოდენობა დასტაბილიზდეს. ამ ფრინველებისათვის ნებიმიერი შეწუხება დამღუპველია. მაგალითად, ფინეთში საგანგებო ჯგუფები ბუნების დაცვიდან მათ ბუდეებს იცავენ არა მხოლოდ ბრაკონიერებისაგან, არამედ ფოტოგრაფებისგანაც, იშვიათ მტაცებლებს მხოლოდ აბსოლუტურ სიწყნარეში შეუძლიათ ნორმალურად იცხოვრონ.
ოქროს არწივი სხვაა..მტის არწივი სხვა..ოქროს არწივს თვზე თმებივითააქ ბუმბულები ,,,..თან სტატიაშიც მიწერია რო თავისზე 6 კილოტი მეტი თუა ვერ ნადირობს და ოქროს არწივი კიდე მგლებზე ნადირობს...და რავიცი მემგონი შენ გეშლება
სვანეთში მაქ სოფელი და ალბათ ყველამ იცით რო იქ არწივებიდან ძირითადად მთის არწივია გავრცელებული. მეზობელი მყავს ძველი მონადირე და 20 წლის უკან მთის არწივი მოინადირა და ეზოს შესასვლელში დგემდე მისი ფიტული აქვს. 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია გაშლილი ფრები. მართლა ბუნენის საოცრებაა მთის არწივი.
მაგარი სტატიაა მარა იცი რა არის? ერთი კითხვა გამიჩნდა. 6 კილოზე მეტის ნადირობა არ შეუზლიაო და ამ ჩვენ საიტზე არაა ზუსტად ის ვიდეოები მგელს და ცხვარს რო კლავს და ნადირობს მასზეე? მე ასევე მინახია 50 კილოიანი ცხვარი მტიდან გადმოაგდო და მერე ცასჰი აიტაცა. ამაზე რას იტყვიტ?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!