ეხლა ვფიქრობდი ერთ ნადირობაზე, რომელიც ამ ზამთარს გადამხდა, ალბათ ყველას ახსოვს ზამთრის სუხიანი დღეები იანვრის, უეცრად გაყინული რუსეთის სამხრეთ დასავლეთი ნაწილი(დანარჩენი კარგა ხნის გადაყინულ გადაროფილი იყო) და კოლხეთს მოდებული გარეული იხვები დიდი თურქობასავით .
სამსახურის გამო მოუცლელობა ისედაც აჯაგრულ კეფაზე ცეცხლს მიკიდებდა, ღამით მთვარეზე დადგომა მაინც მოვასწარი, მთვარე შავ ცაზე ამოგორდა, ამოიტანა ზედ შუაგულ კორტოხზე თავისი საძილედ გამზადებული დათვივით ჩაკურატებული თეძოები და პირდაპირ ჩემს თავზე წამოგორდა. შავი ზღვიდან თეთრი ღრუბლების ფარა წამოვიდა და ეს ვარსვკლავები სულ გადაძოვა, მოედო ზეცას და მარჯვე მებადურივით გასროლილ ბადესავით გაიშალა .
ყველამ იცის როგორ კარგად მოსჩანს სავსე მთვარეზე იხვი, თუ მას ხუჭუჭა თხელი ღრუბელი გადაეკვრება, თავისუფლად შეგიძლიათ ცაში აგდებული ასანთის ღერი დაინახოთ, არამც თუ გამფრინვალე იხვი, ახალგაზრდა თხემლები ჰორიზონტზე აჩეხილან, მეც სასროლი მანძილის საორიენტაციოთ რამოდენიმე ხეს ვირჩევ, აი მაგალითად ჩემგან მარჯვნივ გადამორილი ხე რომელიც არის ეკალ ბარდში გახვეული, იქნება ასე ოცი ოცდაორ ნაბიჯზე, გუბურა ჩემს პირდაპირ სადაც ყინვას გაუშლია თავისი ერთფეროვანი პალიტრა სადღაც 30-ათ ნაბიჯზე ცოტათი ზემოთ, აი ჩემგან მარცხნივ კი სადაც ღამის ფრინველმა გადაიარა უცნაური კივილით რომელიც შორიდან მოსულ მატარებლის სიგნალს გავდა ერთი ლამაზი ხე დგას რომელიც რატომღაც მაგონებს ცნობილ ნახატს;“ჭილყვავები მოფრინდნენ“. მასზე საორიენტაციოდ იგივე მანძილი იქნება რაც გუბურამდე, ასე რომ სასროლად მზად ვარ, ვიცი სად ვესროლო, სად შემიძლია დავაზიანო და სად ვერ მიწვდება ჩემი დიდი მონდომების მიუხედავად საფანტი... იხვი გადადის , ხმა არ წყდება, შენ კი გიხარია რომ აქ ხარ, ზუსტად აქ, არც ამაზონის ჯუნგლებში, არც ალიასკაზე და არც გადახრუკულ აფრიკაში არამედ აქ.
სადღაც იხვი დაფრთხა და ჭილოფებიდან ავარდა ვაი ვიშით, აი ეხლა რომ გუნდმა გადამიარა თავზე, იმ გუნდიდან ერთერთს აშკარად ფრთის ბუმბული აკლდა რადგან სხვაგვარად სისინებდა მისი ფრთებით გალახული ქარი. აი პატარა იხვების გუნდა გადაიფრინეს, უფრო მკვეთრი ხმა აქვს მის ფრენას და სწრაფადაც დაფრინავენ, უფრო სწორი იქნება მაგათზე რომ ვთქვა გადაიშხუილესო...
ვდგევარ და ვერც კი ვიგრძენი თუ როგორ ჩამითრია ყინვამ ზღაპარში, ისე მცივა რომ სიგარეტის მოწევა მეზარება, არადა რა კარგია ამ დროს თამბაქო, ვიცი რომ მავნებლობა და ცუდია, მაგრამ აშკარად უფრო შეკრავდა ამ სურათს, ვიცი მინდა, მაგრამ მეზარება , რომ არ ვინძრევი და ესე გაშეშებული ვარ , უფრო თბილად ვგრძნობ თავს... და აი წამოვიდა ზუსტად ისე როგორც ვოცნებობდი, გადიდდა შავი წერტილი , ჯერ ფრთები გამოიკვეთა შემდეგ კისერი და თავი, შემდეგ სრულად გამოჩნდა ხაზარულა იხვი, მოვიდა მომიახლივდა, შემოვიდა ჩემს მოედანზე, გაშალა კუდი და ბოინგის საბურავებივით ჩამოყარა გაშლილ-გაპარჭყული ფეხები მოვიდა, კიდეც ცოტაც, ხეჭეჭურზე დაშვებული ჩხავერნაკრეფი გიდელივით დაეკიდა, მომაფათქუნა ფრთები და ჩემს პირდაპირ ხუთ ნაბიჯზე დაასკდა.. ფრთები გაისწორა, კუდი გააქიცინა და სხვათაშორის ამომხედა... მე კიდევ ვიცი ჩემია სად წამივა, ამას ხომ აქამდეც მოვკლავდი, მაგრამ მოდიოდა და მოვიდეს მეთქი ბოლომდე.... ვხვდები რომ ერთი გაქანება საკმარისია და ავარდება, ისიც მე მიყურებს და ალბათ იგივეს გრძნობს, ვართ ესე ერთმანეთს მიშტერებულები, ეხლა ვფიქრობ, რომ ეს ავარდება თუ არა რა მოძრაობით მოვიგდებ თოფს , სადამდე გავუშვებ და სად ვესვრი რომ არ დავაზიანო ძაან.. ერთი ორიი... ერთი ორიი... ერთი ორი... გულს გააქვს ბათქუნი, ეს კიდევ თავის მწვანე ქუდს მიმარიაჟებს, მე გავუძელი მან ვერა, ავარდა და აიტანა ნამქერის კორიანტელი, დროა ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო, მარცხენა ფეხი სწრაფად გამაქვს წინ თოფს მხარზე ელვის სისწრაფით ვიბჯენ და ვისვრი--- ხო კარგად ვთქვი ყველაფერი და ესეც იქნებოდა რომ..... ფეხის გაწევისას ფეხი ისე არ გამომყვა როგრც მინდოდა და არც კვერნის სიმკვირცხლით ამიწევია ჩემი თოფი ზემოთ, მიყინული რეზინის ჩექმა ძლივს ავაცალე მიწას გაქნევისას ეკლებში გამომედო, ფეხმა ინერციული მოძრაობა შეწყვიტა, თან მარჯვენა ხელით ვერც თოფის წინ გაქნევა მოვასწარი რომ მარცხენა ცივიოზე მომეკიდა და მხარზე მიმეგდო, წონასწორობა დავკარგე .... არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ იხვის თვალწინ გავიშხლართე თან დაცემისას რა თქმა უნადა თოფის უსაფრთხოებაზე და და პირად უსაფრთხოებაზე-ც ვიზრუნე, არა მაგაში კი დამეწერება 5-იანი... ავხედე ყინვისგან ლოყა გახეხილმა ალმაცერად სიცილ ხარხარით წასულ მამალ იხვს და ღრმად ამოვიგმინე, წამოვდექი უფრო სწორედ წამოვჯექი, გავიფერთხე გამოვიფერთხე, თოფი გადავამოწმე, გავიხედე გამოვიხედე და გამიხარდა რომ მარტო აღმოვჩნდი, ისიც გამიხარდა რომ იხვი სხვა ენაზე საუბრობს და არა ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე.... თოფი ბუჩქებზე მივადევი, მე კი ვდგევარ და რაც მომივიდა იმას ვაანალიზებ, ნერვები მეშლება თუ როგორ შემაბა ყინვამ ეგრე... თან ვფიქრობ : ხომ ყველაფერი კარგად იყო , ზუსტად ისე როგორც მინდოდა... ზუსტად ისე როგორც მინდოდა სადაც მინდოდა და რაც მინდოდა... რატომ მომივიდა ესეთი შეცთომა , სულ ყინვის ბრალია ყველაფერი, ცოტა გავმოძრავებულიყავი, სისხლი უფრო კარგად მიეწოდებოდა გონებას, გონებაც აღძრავდა ქმედებას...
მოკლედ ესე შევყევი ფიქრს რომ ლამის ქრისტეფორე მგალობლიშვილს გადავაჭარბე ძუკნურიდან... და ისევ ვატყობ რომ მეზარება ადგომა, ისევ მეზარება სიგარეტის მოწევა და საერთოთ რაც მოძრაობას შეეხება ყველაფერი მეზარება, ისევ შემაბა და გამხვია ყინვამ ცისფერ ზრაპარში, ისევ გამოჩნდა შავი წერტილი, ისევ გამოისხა ფრთები და ისევ ისე ხაზარულა იხვად იქცა.... ოღონდ აქ არ მოფრინდე, ოღონდ სხვაგან წადი, წადი წადი წადიიიიი!!! იძახის ჩემი გული , მაგრამ ყბა არ მემორჩილება... ფილტვშიც რაღა ჯანდაბამ გამიყინა ჰაერი რომ ერთი გემრიელად ამოვძახო და შევუკურთხო... ისე მეზარება ეხლა ფეხზე წამოდგომა და თოფის მომარჯვება რომ ვერ ავღწერ, სხვა დროს ასი შემთხვევიდან ორასჯერ წამოვხტებოდი , მაგრამ ეხლა არა, ეხლა მცივა და მოყინული ვარ, მიჭირს მოძრაობა, ოღონდ ეხლა აქ არ მოხვიდე, კიდევ ერთხელ შერცხვენას ვეღარ გავუძლებ, მაგრამ მოგისმინააა???? მოვიდა და ზუსტად როგორც წეღან ის იხვი ესეც იმავე ადგილზე უფრო მეტი „პომპეზურობით“ დაასკდა..... დაასკდა და ამომასკტა სკალპზე სიხლი, წამოვხტი ღრიალღრიალით, თოფი არც გამხსენებია ისე დავუწყე ამ იხვს ლანძღვა - ხომ ხედავ არ შემიძლია გაქანება და მცივა შე შობელიხვოო!!! დამანებე თავი, მირჩევნია ცას ვუყურო, ხეებს ვუყურო და ვიოცნებო თქვენზე თუ რა კარგად მოფრინდებოდით და მოგინადირებდით, თქვენ კი ოცნებასაც არ მაცდით, მათხვრებო და ჩაჩნებო მართლა იხვები ხართ რა უნდა გელაპარაკოს კაცმა... უცებ მოვკეტე, გავჩუმდი, მივხვდი რომ ვისაც ვლანძღავდი უკვე კარგა ხნის წასული იყო ჩემგან.... დავავლე თოფს ხელი და მოვკურცხლე სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯებით.
ძალიან ლამაზად გადმოცემ ბუნების პეიზაჟს. ამ სტატიის კითხვის დროს ყურში არაფერი მესმოდა ,, არად თურმე ტელეფონი ანგრევდა ყველაფერს. მალდეც აჩი ადამინი ვინც ბუნების ასეთ სილამაზეს ნახავს და შეიგრძნობს უკვდავია ამ ქვეყნათ.. წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყველაფერში..
კრიმანჭული ის რატო არდაწერე ხელისგულის სისქე ყინულს რომ მიამტვრევდი ლაინერივით და ისე მიცურავდი ძაღლების გადასარჩენად 6 მეტრი სიღრმის ტბაზე სიცივე მაშინ ნამდვილად იგრძენი ხელები აღარ გემორჩილებოდა იხვებს რო თვალს აყოლებდი და ვერესროდი მაგრამ ორი ძაღლი დახრჩობას გადაარჩინე ნახევარსაათში გათბი და კიდე მთელი დღე ინადირე სველი ფეხებით მუხლამდე თოვლში ჯანმრთელივარო შენუნდათქვა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!