15 დეკემბერიც დადგა და დაპირებული შეჯიბრიც სასროლეთზე შედგა. ბევრი მონადირე ელოდებოდა, ამ შეჯიბრს. ბევრს უნდოდა თავისი ჩუბინობა ეჩვენებინა. მე, მხოლოდ
ჩემი მეგობრებისა და ახლობლების საგულშემატკივროდ ველოდებოდი ამ შეჯიბრს. კარგია, ძალიან
კარგი, რომ ასეთი შეჯიბრებები გახშირდა საქართველოში! მარტო სროლის ოსტატობას და ტექნიკას
კი არ ხვეწავენ მონადირენი, არამედ ბევრი დამწყები მონადირე ეჩვევა იარაღს და ზოგადად
იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების წესებს. ამის გარდა დამწყები მონადირეები, გამოცდილ
მონადირეებთან ურთიერთობენ ასეთ შეჯიბრ-შეკრებებზე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია
და მარტო დამწყებთათვის კი არა, ზოგადად ჩვენი ბუნებისთვის არის კარგი! ბოლოს კი, უბრალოდ
დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-მეგობარი მონადირეების ნახვის ერთერთი კარგი საშუალებაა.
მოკლედ, ორივე ხელით მივესალმები ასეთი შეჯიბრებების მოწყობას და ორგანიზატორებს ვუხდი
გულწრფელ მადლობას და ძმურ თანადგომას ვუცხადებ კეთილ საქმეში!!
შეკრებით კი შევიკრიბეთ სასროლეთზე, მაგრამ ამინდი მეტად არახელსაყრელი
იდგა სპორტული სროლისთვის! ძლიერი ქარი ხანდახან თოვლსაც ურევდა. სპროტისთვის თუ ცუდი
დარი იყო, სამაგიეროდ ნადირობისთვის იყო მისწრება ეს ტაროსი. ამიტომ, მანქანაში, სადაც
ცივ ქარს დავემალეთ, დავიწყეთ თათბირი თუ საით გაგვენადირნა. თან, ამასობაში ერთმა
მეგობარმა მონადირემ მოგვაწოდა "საიდუმლო ინფორმაცია”, რომ მტკვარზე იხვი "მოძრაობდა”
კარგად. ეს, გავიგეთ თუ არა, ჩვენც( მე, ბენომ და კუდიანმა) გადავწყვიტეთ მტკვრისთვის
მიგვეშურებინა. კუდიანის "საიდუმლო ადგილზე”. პატარა გადახვევა: ყველა მონადირე ცდილობს
თავისი საყვარელი ადგილები რაც შეიძლება "საიდუმლოდ” შეინახოს, ანუ ცდილობს ამ ადგილის
შესახებ რაც შეიძლება ნაკლებმა ვაი-მონადირემ გაიგოს. ასეთ ადგილებს კი მხოლოდ თავის
მეგობარს, გაანდობს და მასაც სთხოვს ეს ადგილი "საიდუმლოდ” შეინახოს. ეს, "კონსპირაცია” კი იმისთვის არის საჭირო, რომ:
მე თუ "ჩემ ადგილზე” რამოდენიმე "ტროფეით” ვკმაყოფილდები, ვაი-მონადირე სანამ იმ ადგილს არ "მოსპობს” არ შეეშვება! ამიტომ, უფრთხილდებიან მონადირენი თავიანთ საყვარელ
სანადიროებს. ასე, რომ როცა მონადირე ასეთ ნალოლიავებ სანადიროში დაგპატიჟებს, ამით
ის პატივს გცემს, როგორც მეგობარს და ნდობას გიცხადებს, როგორც ნამდვილ მონადირეს!
მოკლედ,
სათითაოდ ყველამ შევირბინეთ სახლებში, სანადიროდ მოვემზადეთ და მივაშურეთ სანადირო
ადგილს. კუდიანმა "ჩელაც” წამოიყვანა. კუდინათან, რომ მივედით სახლში, კუდიანმა სანადირო,
თბილი ქურთუკი გამომიტანა საჩუქრად. რომელიც რაღათქმაუნდა პატარა მომივიდა ზომაში,
ორივეს გული დაგვწყდა. კუდიანს იმით, რომ საჩუქარი ვერ გამიკეთა და მე კი იმით, რომ
კუდიანის, ეს მონადირული ძღვენი არ გამომადგა და აზრი არ ქონდა გამორთმევას. ამ დროს,
ბენომ, ჩვენ, ჩამოშვებულ ცხვირებს, რომ შეხედა,
გადაწყვიტა სასწრაფოდ ეხსნა სიტუაცია და თავისი სანადირო ქურთუკი, რომელიც უფრო დიდი
ზომისა იყო, ის გაიხადა და მე მომცა, თვითონ კი, კუდიანის ნაჩუქარი ქურთუკი ჩაიცვა.
მოკლედ, ასე ერთობლივად დამასაჩუქრეს ბიჭებმა.
ჩავედით სანადიროში და მტკვრის პირას
ისეთი სიცივე და ქარი იყო, რომ აღარ ვიცოდი სად "დავმალულიყავი” და რომ არა ბიჭების ნაჩუქარი თბილი ქურთუკი კარგი
დღე არ დამადგებოდა! გავნაწილდით, საფარებში. დაღამდა, მაგრამ მოწმენდილ
ცაზე, მთვარე ისე ანათებდა, რომ 20-30 მეტრზე გადამფრენი იხვი კარგად გამოჩნდებოდა.
გადაფრენა არ იყო, იხვი არ ჩანდა. არადა ისეთი ამინდი იდგა, რომ კარგი ნადირობის იმედი
გვქონდა თავიდან, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა. ადგილზე გაჩერება სულ უფრო ძნელი ხდებოდა,
სიცივის გამო. კუდიანს, ბენოს წამოღებული იხვის სახმობი საყვირი ეჭირა და ერთი "დაუძახა”
თუ არა მაშინვე, ჩემს წინ იხვების პატარა გუნდი
შემოვარდა და წყალზე დაჯდომა დააპირა. რამოდენიმემ მოასწრო დაფრენა წყალზე, პირველ
დამჯდარ იხვს, სწრაფად დავუმიზნე და ვესროლე,
ადგილზე დარჩა, მეორე კი სროლის ხმაზე წამოშლილ გუნდს გავაყოლე და მეორეც ჩამოვაგდე.
ეს, ყველაფერი ისე სწრაფად და "ლამაზად” მოხდა, რომ რამოდენიმე წამით, ნანახით გაკვირვებული ვიდექი.
"ნირვანიდან” მეორე, დაჭრილმა იხვმა გამომიყვანა, რომელიც ნაპირისკენ "მიიპარებოდა”. -გურაამ-სასწრაფოდ გავძახე კუდიანს. რადგან მხოლოდ
მას ეცვა მაღალ ყელიანი ჩექმები და იხვის გამოტანას, მარტო ის თუ მოახერხებდა. კუდიანმა
და "ჩელამ” მოირბინეს. -აგერ, ჩამოვაგდე ორი
ცალი და ერთი მეორე ნაპირზე გავიდა მეთქი
ვუთხარი. კუდიანმა მკვირცხლად შემოურბინა,
წყალს და მეორე ნაპირზე გადავიდა ჭაობის გავლით. ერთი იხვი, ჩელამ უცბად იპოვა და გამოიტანა,
მეორე კი გაპარულიყო, მაგრამ კუდიანს და ჩელას ძნელად თუ გაეპარება რამე! ცოტა ხნის,
ძებნის შემდეგ, " ძებნილიც გასკვანჩეს” და
ორივე გადმოარბენინეს აქეთ ნაპირზე. იხვების, მონადირება და შემდეგ მათი პოვნა კუდიანს
ჩემზე მეტად გაუხარდა! გაუხარდა იმიტომ, რომ "სტუმარს” ასიამოვნა მისმა "სანადირომ”
და მეგობარს, რომ სცა პატივი! გახარებულმა კუდიანმა მომაწოდა ნანადირევი და შედეგიანი
ნასროლი მომილოცა! მე, კუდიანის ქცევით და ლამაზი "დუპლეტით”უსაზღვროდ ნასიამოვნები,
გაბადრული ვიდექი. ამ, დროს ბენო შეგვეხმიანა მობილურით, რომლიც ცოტა მოშორებით იდგა
"ნომერში” და ამბავი გვკითხა, რომ გაიგო იხვების მონადირების ამბავი, გახარებული ისიც
მალე მოვიდა. ცოტა ხნით კიდევ გავჩერდით, რომ იქნებ ბენოსაც მისცემოდა ნადირობის საშუალება,
მაგრამ მეტი იხვი აღარ გადმოსულა. ჩვენც, მივაშურეთ მანქანას და გამოვემგზავრეთ შინისკენ,
ერთმანეთთან ურთიერთობით და სანადირო განცდებით ბედნიერნი.
16 დეკემბერი. თბილისში გათოვდა. თოვს, ვუყურებ ფანჯარაში, ფიფქების
ცეკვას და ადგილს ვეღარ ვპოულობ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მე არ ვიქნები ამ დღეში
და რომელიმე მეგობარი მონადირე შემეხმიანება. ცოტაც და აი, აწკრიალდა ტელეფონი. ნოდარი
რეკავს. -ბიჭო, რა კარგი ამინდია, არ გავიდეთ
სადმე?- მეუბნება აჩქარებით. - გავიდეთ, აბა რა?!- ვუპასუხე გახარებულმა.
-საით წავიდეთ? იხვი სად უფრო "იმოძრავებს”? -მეკითხება ნოდარი. -დაიცა, ეხლავე კუდიანს შევეხმიანები და იმასაც
ვკითხავ, იქნებ რამე "ინფორმაცია” აქვს მეთქი.
-კაცო, კუდიანი ვინღაა?-მკითხა გაკვირვებულმა. -არის, ერთი კუდიანი და საღამოს, სანადიროდ გაგაცნობ-მეთქი.
დავურეკე კუდიანს. მას, როგორც ყოველთვის ნადირობისთვის სული
ელევა და სულ სცალია სანადიროდ წასასვლელად. მცალიაო, მე მეუბნება, მაგრამ ვინ იცის
რა აუცილებელ საქმეს გადადებს ნადირობისთვის?!
მოვილაპარაკეთ, რომ ისევ, ნაცადი ადგილი მოვსინჯოთ. დროც დავთქვით. შემდეგ ნოდარს შევუთანხმდი. დათქმულ დროს გამომიარა
და გავსწიეთ კუდიანთან. წავედით, მაგრამ ქალაქის, გადატვირთული მოძრაობა, გვაფერხებს. საღამოს პიკის საათია. ჩვენ კი სული გველევა! როგორც
იქნა დავაღწიეთ საცობებს თავი და თბილისიდან გავედით. ჩავედით კუდიანთან, მაგრამ დაგვიგვიანდა.
საღამოს გადაფრენა უკვე დაწყებული იქნება. ეს, ცოტა გვიფუჭებს ხასიათს, მაგრამ იმედი
გვაქ, რომ ღამის გადაფრენა იქნება შედეგიანი.
კუდიანს ვუთხარი - ჩელა რატო არ მოგყავს? მეთქი. -არ გვინდა, იყოს, თუ რამეა მე გამოვიტან იხვს,
ჩექმებით შევალო- მიპასუხა კუდიანმა. დავადექით
სანადიროს გზას. თოვს და ეს თოვა, გუნებას გვიკეთებს, იმედს გვაძლევს კარგი ნადირობის.
როგორც იქნა მივაღწიეთ სანადირომდე. ჩამოვბარგდით და გზას ფეხით ვაგრძელებთ. მე და
ნოდარის "პარალონები” გვაქ წამოღებული. "სამალავში” მშრალად დასაჯდომად და დასამალავად. არხის პირზე მივედით, უკვე ბნელა და შეიძლება იხვიც
იჯდეს წყალზე, ამიტომ ვცდილობთ ჩუმად ვიაროთ. წინ მე მივდივარ, ერთ ხელში "პარალონი”
მიჭირავს და მეორეში დატენილი თოფი. უცბად, რომ აფრინდეს რამე, მზად რო დავხვდე. უცებ, არხის ნაპირიდან, "ზედ ფეხთან” წამოფართხალდა იხვი და ყიყინით მიყვება წყალს, ნელ-ნელა
იწევა ჰაერში. სწრაფად, დავაგდე "პარალონი” და პირველი, გასროლა "მაყრული” გამომივიდა. მეორე კარგად დავუმიზნე, თურმე კუდიანიც
უმიზნებს და ორივეს თოფი თითქმის ერთდროულად გავარდა. იხვი დარჩა წყალზე. იხვი კი მოვინადირეთ,
მაგრამ დარჩა შუა წყალში. მთავარ სანადირომდე არც კი ვიყავით მისულები, რომ ჩელას დატოვება
მაგრად ინანა კუდიანმა. ვუყურებთ, წყალზე მოტივტივე იხვს ყურებ- ჩამოყრილები ვუყურებთ
და ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს ვნატრობთ. -წამოდით, წამოდით და ამ იხვს მერე მივხედოთ, უკან
წამოსვლისასო- გამოგვაფხიზლა ნოდარის სიტყვებმა.
მივედით, ადგილზე და მოვეწყვეთ. ახლო-ახლო "დავდექით ნომრებში”. თოვს და იხვიც მოძრაობს. "პარალონზე” გულაღმა ვარ მიწოლილი, სულგანაბული
ვადევნებ თვალს ცის კაბადონს, რომ არ გამომეპაროს იხვის გადაფრენა. იხვის საყვირი აღარ
გვაქ და კუდიანი პირით "ეძახის” იხვებს. დაჭყეტილი
მაქ თვალები და მათოვს თვალებში. აი, უცებ ორმა იხვმა გადამიარა თავზე, მაგრამ სროლა
ვერ მოვასწარი. არც ვნაღვლობ, ვიცი,რომ დატრიალდებიან ისევ შემოვლენ დასაჯდომად. "შეეხმიანა” კუდიანი იხვებს და უცებ ჩემს წინ შემოფრინდნენ
ორნი. ვესროლე პირველს და ჩამოვაგდე, მეორეს მოვუბრუნდი, მივაყოლე იმასაც მაგრამ წავიდა.
წამოვხტი ფეხზე, გახარებული. მოვარდა კუდიანიც და ჯიბის ფანრით ეძებს იხვს, იპოვა და
მოდის გახარებული. გავაგრძელეთ. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ შემოვარდა ორი იხვი, დასცხო
კუდიანმა მარჯვენას ერთი, მეორე, მესამე და ჩამოაგდო. მე მარცხენას ვესროლე, მეც ჩამოვაგდე.
გვიხარია ნანადირევი, მიდის ხუმრობა და სიცილი. მოკლედ ბედნიერები ვართ! მაგრამ თურმე მთავარი სანახაობა წინ გველის. მე
და კუდიანი ერთად ვზივართ "ნომერში”, ნოდარი ჩვენგან ცოტა მოშორებით. წამოგვიარა თავზე,
გუნდმა. ოთხი იხვია გუნდში. -არიქა, დაუძახე-ვეუბნები,
ჩუმად კუდიანს. კუდიანიც- ყი,ყი, ყი,- პირით,
ეძახის იხვებს. საოცრად ამსგავსებს იხვის ხმას! გუნდმა, კუდიანის "ყიყინის” გაგონებისთანავე,
ნახევარ-წრე შემოხაზეს და ჩვენგან მოშორებით დაეშვნენ წყალზე. იხვებს ვერც ვხედავთ და ვიცით, რომ სათოფე მანძილზეც
არ არიან. კუდიანიც, არ ეშვება და "ეძახის”
იქნებ აქეთ გამოცურონო. იხვები ხმას არ იღებენ. მე და კუდიანს გვგონია, რომ არც ჩვენსკენ
მოდიან. თურმე ერთი მამალი მოცურავს ნელ-ნელა ჩვენსკენ, მაგრამ ხმას არ იღებს. კუდიანს
ვეუბნები -წადი, დიდი წრე შემოუარე და ისე სცადე მიპარვა. თუ მოახერხებ დათოფე და ან
შენ გაგიმართლებს ან კიდე იქნებ ჩვენ გადმოგვიარონ მეთქი. კუდიანიც დამეთანხმა და წავიდა მისაპარად. წავიდა
თუ არა კუდიანი, ანუ როგორც კი "ყიყინი” შეწყვიტა, კუდიანმა. მაშინვე, ჩვენსკენ მომავალმა
იხვმა ატეხა შეშფოთებული ყიყინი: "გურამ, გურააამ. სადა ხარ? ხმა გამეცი. რატო გაჩუმდიო?”
იხვის ყიყინი ადამიანის ენაზე ნაღდად ასე ჟღერდა. ძლივს შევიკავე სიცილი. თურმე, მერე
როგორც ნოდარი გვიყვებოდა, ეს იხვი გამალებული მოცურავდა ჩვენსკენ, სანამ კუდიანი
"ეძახდა” და როგორც კი კუდიანი გაჩუმდა მერე ატეხა ყიყინი. ამასობაში, კუდიანის "ბედით
შეშფოთებულმა” იხვმა ნაპირზე ჩასაფრებული ნოდარი შენიშნა, რომელიც სასროლად ემზადებოდა
და აფრინდა "ჩამოვუმაყრულეთ” მაგრამ წავიდა. იხვის და კუდიანის "დიალოგებზე” ბევრი
ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. წავედით, მე და კუდიანი, იმ პირველი იხვის გამოსატანად და
იმდენი ქვა ვყარეთ წყალში, რომ პატარა კუნძული გავაკეთეთ. ქვის დაცემით გამოწვეულმა
პატარ-პატარა ტალღებმა, როგორც იქნა იმდენზე მოგვიტანა იხვი, რომ კუდიანი, ჩექმებით
შესული, ჯოხით მისწვდა და გამოიტანა. შუაღამე დგებოდა. სიცივემ უმატა და უკვე გაგვიჭირდა
გაძლება. მოვხიკეთ ჩვენი "ბარგი-ბარხანა” და მოვუსვით მანქანისკენ. მანქანაში, სითბომ
"მომასულიერა”. გამოვსწიეთ შინისკენ. გზაში ისევ თოვდა. ათოვდა კიდევ ერთ, ლამაზ მოგონებას,
რომელსაც ვერასდროს ვერაფერი წაშლის ჩემი გონებიდან! მოვდიოდით, შინისკენ.
გვიხაროდა მონადირული ძმობა და შედეგიანი ნადირობა. ისევ და ისევ ვიხსენებდით, კარგ
მომენტებს და ვიცინოდით. "კარგ მომენტებსო” ვთქვი. თუმცა, ნამდვილ მონადირეებთან, ძმაკაცობაც
და ნადირობაც ერთი, დიდი "კარგი მომენტია”!!!