ერთი გასროლით წყვილი “მოხსნა”. მოწყვეტით წამოვიდნენ ციდან და უსულოდ დაეცნენ ტბის პირას ლელიანში.
– ბუჩქებთან მოძებნე, ორივე იქ ჩამოვარდაო! – დაუძახა ოცი-ოცდაერთი წლის ცალპირათოფიანმა ბიჭმა და იხვების ახალი “ტაბუნის” მოლოდინში ცას თვალი გაუშტერა.
– რა ორი, ერთი იყოო! – უპასუხა შუახნის დიდთავა კაცმა ცალპირათოფიანს და ძებნა ბუჩქებისკენ გააგრძელა.
– მართლა ორი ყოფილაო!
– ხომ გითხარიო!
– კარგი თვალი გქონიაო!
– მობრძანდი, ლუკმა გავტეხოთო!
– “პერელიოტი” დამთავრდეს და მოვალო!
“ზაპოროჟეცის” “კაპოტზე” “ახოტნიჩი კალბასი”, კიტრის მწნილი, “შპროტი”, ყველი, პური, კეთილი გული.
– რითი ხარ ჩამოსულიო? – ჰკითხა, დიდთავა “ზაპოროჟეციანმა”, ცალპირათოფიანს.
– “ელექტრიჩკით” ჩამოვედიო! – უპასუხა ცალპირათოფიანმა და მანქანით თბილისში ჩაყვანის შეთავაზების მოლოდინში, გაირინდა.
– მე გამომყევიო! – მართლაც, შესთავაზა დიდთავა “ზაპოროჟეციანმა” და წინა სავარძლის საზურგე გადასწია, რომ ირლანდიური სეტერი უკანა სავარძელზე შეეშვა.
***
– ეს აიღე და ტყიდან მაყვალი მოიტანეო! – უთხრა მწვანე ატლასის კაბიანმა აზერბაიჯანელმა ქალმა თავის ღიაყავისფერ-თეთრკოპლებიან კაბაში ჩაცმულ შვილს და კალათი გაუწოდა.
– ფრთხილად იყავი, ტყეში გარეული ღორები მომრავლებულანო! – მიაძახა მწვანე ატლასის კაბიანმა დედამ, აღმართში კუნტრუშით მიმავალ გოგონას.
***
– მე, ერთი ჩემი ძმაკაცი და მისი მეგობრები: რეზო თავართქილაძე, რამაზ ჩახვაძე, კომკავშირის ცეკას მდივანი გელა ახალაძე, რევაზ სვანიძე… ძაღლო, გასწი დრუნჩი!… ხო, კიდევ ფილოსოფოსი რომ არის – მერაბ შავერდაშვილი და გურამ დემეტრაშვილი, ხშირად დავდიოდით, წითელ ხიდთან, ღორებზე სანადიროდო – გაიხსენა დიდთავა “ზაპოროჟეციანმა”.
– ახლა აღარ დადიხართო?-ჰკითხა ცალპირათოფიანმა.
– არა, ჩემს ძმაკაცს უბედურება შეემთხვა, თოფი გაყიდა და იმის მერე აღარ ნადირობსო!
– გზას აღარ გაგიმრუდებთ, ბარათაშვილის ხიდთან გამიჩერეთო!
***
– ბოჭორიძეზე ამიყვანეო! – უთხრა ცალპირათოფიანმა ბიჭმა ბარათაშვილის ხიდთან მკვეთრი მუხრუჭით გაჩერებულ, წითელი “ჟიგულის” მძღოლს.
– დაჯექი, მონადირეს ვენაცვალეო!
– რამდენად ამიყვანო?
– ფული არ მინდა, ისე აგიყვანო!
ძაღლი უკან შეუშვა, თვითონ მძღოლის გვერდით მოკალათდა.
– სანადიროდ სად იყავიო?
– კუმისზეო!
– მეც ხშირად დავდიოდი მეგობრებთან ერთად სანადიროდ, მაგრამ ერთი ამბის შემდეგ თოფი გავყიდე და აღარ მინადირიაო!
– უბედურება ხომ არ შეგემთხვაო?
– შენ რა იციო?!
– “ზაპოროჟეციანმა” კაცმა მომიყვა, იმან ჩამომიყვანა კუმისიდანო!
– ხო, ეგეც იქ იყოო!
– როგორ მოხდაო?
– ღორს ვესროლეო!
***
ჰაერს კვეთს მარეკების ომახიანი კივილი, ღრიალი, ლითონის ხმაური. ნელ-ნელა ახლოვდებიან, ღორი გახტა პირდაპირ სამალავის წინ, ბუჩქებში! ესროლა, გაარტყა.
***
ბევრია ტყეში მაყვალი, აგერ ყველაზე გაბარდღული ეკლიანი ბუჩქი. ღრმად შევიდა, ეკლმა გაკაწრა, ეტკინა, გვერდზე გახტა. ეს რა გრიალია, რამ უჩხვლიტა მკერდში?
***
– რომ მივედი, მიწაზე მოცელვით დაგდებული, შვლის ნუკრივით კოპლებკაბიანი, შვიდი წლის ბავშვი დამხვდაო. თავი უკან გადაეგდო, სიმწრისგან ტუჩები მოეკუმა და ლოყაზე ცრემლი ჩამოჰგორებოდაო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!