ვაჟა გიგაშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1936, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი.
ვაჟა გიგაშვილი დაიბადა 1936 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. მუშაობდა "ქალაქპროექტში" (შოთა ყავლაშვილთან და ლადო მესხიშვილთან); სამხატვრო კომბინატში (ზურაბ წერეთელთან).
მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში - კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე.
1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (რეზო თაბუკაშვილთან), "მწერალთა კინო-გაერთიანებაში".
1991-94 წლებში იყო გაზეთ "მამულის", 1999-2003 წლებში "განახლებული ივერიის" მთავარი რედაქტორი.
წერდა სკოლის ასაკიდან. 1953-54 წლებში ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა მისი პატარა მოთხრობების სერია ცხოველებსა და ფრინველებზე. ზოგი მათგანი შეტანილია უმცროსკლასელთა სახელმძღვანელოებში.
პირველად, 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" პირველ ნომრისათვის წარდგენილი მოთხრობა "დღე და ჟამი" არ დაიბეჭდა საბჭოური ცენზურის გამო. 1970 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "XX საუკუნე", "ქომაგი", ასევე რუსული თარგმანები - "ლიტერატურნაია გრუზიასა" და "დრუჟბა ნაროდოვში". გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული.
ვაჟა გიგაშვილი არის თორმეტი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის ფილმებისა: ანთიმოზ ივერიელი და ამბავი სურამის ციხისა. გადაღებულია ფილმებში: "იმედის მწვანე კუნძული" (1978) და "ნიკა მთაში" (1979).
მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო "პენ-კლუბის ოქროს მედალი".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!