ჩვენში ამჟამად ორი სახისაა. წინათ კი მას ოთხ სახედ ყოფდნენ. ჯიხვი კავკასიის ენდემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი სახის ცხოველი მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება. იგი მხოლოდ კავკასიონის ქედის მაღალ მთიანეთში ცხოვრობს, აღმოსავლეთ კავკასიონზე ცხოვრობს დაღესტნის ჯიხვი, ხოლო იალბუზიდან დასავლეთ კავკასიონზე-დასავლეთის, ანუ სავერცოვის ჯიხვი. მათი განსხვავება რქების მოყვანილობაშია. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია.
ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს. ჯიხვი მეტად გემრიელი ხორცის, კარგი ტყავის, მოხდენილი რქებისა და ლამაზი აგებულების ცხოველია. დედალ ჯიხვს პატარა და უფრო წვრილი რქები აქვს. ნადირობა ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული და ამიტომ ყველასათვის მისაწვდომი არ არის. ჯიხვი ბინადრობს ძნელად მისადგომ, მაღალ კლდეებში, არის მეტად ფრთხილი და მარდი ცხოველი. ჯიხვზე ნადირობენ უმთავრესად ჩასაფრებით ან მისვლით. სანადიროდ იშვიათად თუ გამოდგება გლუვლულიანი თოფი. მონადირე შეიარაღებული უნდა იყოს სანადირო შაშხანით, ვინაიდან ახლოს ჯიხვის შეხვედრა მეტად იშვიათია. როგორადაც კარგად არ უნდა იყოს ბარში, თუგინდ ტყეში, მსხვილ ნადირზე გაწაფული მონადირე, მას ჯიხვზე ნადირობა გაუჭირდება, თუ არ იყოლია გამოცდილი, ჯიხვზე ნადირობას შეჩვეული, ადგილებისა და ჯიხვის ზნეჩვეულების მცოდნე გამყოლი. ჩვენში ამჟამად ჯიხვი მოიპოვება ლაგოდეხისა, ყვარლის, ახმეტის, თელავის, ლენტეხის, მესტიის, ონის რაიონებში და აფხაზეთის მთიან კავკასიონზე. ამჟამად ჩვენში ჯიხვზე ნადირობა აკრძალულია. იგი წითელ წიგნშია შეტანილი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!