ევრაზიული წავის კვლევა და კონსერვაცია საქართველოში
ევრაზიული წავი იშვიათი სახეობაა გლობალური მასშტაბით. მრავალ ქვეყანაში იგი საერთოდ აღარ გვხვდება, ბევრგან (მათ შორის საქართველოშიც) გადაშენების პირასაა და მისი აღდგენა ადამიანის დახმარებას საჭიროებს. წარსულში წავი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული - თითქმის ყველა მდინარისა თუ ტბის მახლობლად გვხვდებოდა. მისი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების მიზეზებია ბრაკონიერობა, მდინარეებში თევზის განადგურება და, ზოგადად, საარსებო გარემოს დეგრადაცია. პროექტი: ევრაზიული წავის კვლევა და კონსერვაცია საქართველოში განხორციელდა BP Exploration Georgia-ს მხარდაჭერით.
პროექტი: ევრაზიული წავის კვლევა და კონსერვაცია საქართველოში მიეძღვნა წავის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, მდინარე ალაზნის ჭალებში. პროექტის ფარგლებში შევაფასეთ მდინარე ალაზნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების დონე და წყლის ეკოსისტემასთან დაკავშირებულ ცხოველებზე დაბინძურების გავლენა; შევისწავლეთ წავის საკვები ბაზა; შევაფასეთ თევზსაშენი მეურნეობებისთვის წავის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობაც.
მდინარე ალაზნის სიახლოვეს 200-ზე მეტი ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბორია. მათი დიდი ნაწილი თევზის მოსამრავლებლად გამოიყენება. ბოლო წლებში უკონტროლო თევზაობის გამო მდინარე ალაზანზე თევზის მარაგმა იკლო და ჭალებშიც ადამიანის აქტიურობა გაიზარდა, ამიტომ წავებმა ძირითადი საკვების - თევზის მოსაპოვებლად ხელოვნურ თევზსაშენებზე გადაინაცვლეს. თევზსაშენის მეპატრონეები წავს თევზის მარაგის მთავარ გამანადგურებლად აღიქვამენ (იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად წარმოდგენა არ აქვთ თევზსაშენებში არსებულ თევზის მარაგზე) და ყოველგვარი საშუალებებით ებრძვიან. ხშირად წავზე ძვირფასი ბეწვის გამოც ნადირობენ.
პროექტში, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომელთა გარდა, აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები, კერძოდ, წავის ცნობილი ჰოლანდიელი ექსპერტები, დოქტორები ადი დე იონგი, ტჟიბე დე იონი და ვეტერინარი პეტერ კლავერი. საველე კვლევებში ჩართული იყვნენ სახეობათა კონსერვაციის ცენტრის მოხალისეებიც.
ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მდინარე ალაზნის გარკვეული მონაკვეთები დაბინძურებულია სხვადასხვა მავნე ნივთიერებებით და ამ ტერიტორიების მონიტორინგი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. წავის ბიოლოგიის შესწავლის მიზნით და მის მიერ თევზსაშენი მეურნეობებისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად, კვლევის რადიოტელემეტრიული მეთოდი გამოვიყენეთ და ერთ ახალგაზრდა ინდივიდს რადიოგადამცემი ჩავუდგით. მომავალში ვგეგმავთ კვლევის გაფართოებას და სხვა ინდივიდების დანიშვნასაც. პროექტის დასასრულს შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ადამიანსა და წავს შორის კონფლიქტის შესამცირებლად.
ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, თევზსაშენი მეურნეობების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება როგორც წყალმცურავი ფრინველების, ასევე ძვირფასბეწვიანი ძუძუმწოვრების უკანონო მოპოვება. ჩვენი მონაცემებით, მდინარე ალაზნის მხოლოდ იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენი კვლევა მიმდინარეობდა, 2006 წელს, 8 თვის განმავლობაში, წავის 6 ინდივიდი იქნა მოკლული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წავი საქართველოში გადაშენების პირასაა მისული, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელია. ამ 6 ცხოველიდან 4 ბრაკონიერებმა ჩვენს მიერ რადიოტელემეტრიული კვლევის მიზნით დაგებულ ხაფანგებში მოკლეს, რამაც ჩვენი პროექტის განხორციელება საგრძნობლად შეაფერხა. ამ ინფორმაციით ჩვენ გარემოს დაცვის ინსპექციას მივმართეთ და შესაბამისი ზომების გატარების პირობაც მივიღეთ.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი აგრძელებს საქართველოში ევრაზიული წავის შესწავლას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!