ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი. ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგებულ მტევნებად. ზარისებრი, აპკივით თხელი ოთხკბილიანი ჟამი ნაყოფებზეა შერჩენილი. ყვავილის გვირგვინი მოთეთრო ფერისაა ორი მტვრის პარკითა და ოთხი ფრთით. სქელგარსიანი, ცვილისებრნაფიფქიანი, მოშაო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით. იგი ფრიად სიმშრალის ამტანი მცენარე, სითბოს და სინათლის მომთხოვნია. საქართველოში გაველურებული სახით გაგრის ტყეებში გვხვდება. ბაღებში გავრცელებულია ზღვის დონიდან 450 მ სიმაღლემდე. მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფებისგან დამზადებული, ე.წ. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახისაა. ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად. მრავლდება ძირითადად თესლით, რომელსაც დათესვამდე რამდენიმე ხნით ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ გაღივების სტიმულირების მიზნით. კარგად ფესვიანდება გამერქნებული კალმები, ადვილად ხარობს დაყოფითაც. ზეთისხილის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა გაშენებული აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში. ცოცხლობს საკმაოდ დიდხანს (200-300 წელი) მაგრამ ნელმოზარდია. საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და აწნილებენ. ზეთის გამოხდას ზეთისხილის მომწიფებული ნაყოფებიდან აწარმოებენ. ზეთი სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების გამო სხვადასხვა დასახელებებითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი, პროვანსული ზეთი. ოდითგანვე ცნობილია ბრტყელი ჭიის (სოლიტერის) ორგანიზმიდან გამოდევნის შემდეგი მარტივი მეთოდი, რომელიც ახლებურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს მისი მისაღებლობის დადგენის თვალსაზრისით. ავადმყოფი სამი დღის განმავლობაში სანახევროდ შიმშილობს. მეოთხე დილით უზმოზე სვამს ყველაზე სუფთა 3 სუფრის კოვზ პროვანსულ ზეთს და 10 წუთის შემდეგ იკეთებს ანადუღარი თბილი რძის ოყნას. კუჭში გასვლისას ჯდება რაიმე ჭურჭელზეб რომელშიდაც თბილი წყალი ან რძე ასხია. სოლიტერი თავისით გამოდის. მეცნიერულ მედიცინაში პროვანსული ზეთი გამოიყენება ემულსიის სახით შიგშემომგარსველ და რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა მას ზოგი სამკურნალო ნივთიერებების გამხსნელად იყენებს ამ ნივთიერებათა ორგანიზმში არაკუჭნაწლავის (პარენტერალური) გზით შეყვანისათვის. ზეითუნის ზეთს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა მალამოს საფუძვლად. ფოთლის ექსტრაქტის ცხოველის ვენაში შეყვანა იწვევს არტერიული წნევის დაწევას, ზრდის დიურეზს, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას, აიშვიათებს და აღრმავებს სუნთქვას. უფრო ეფექტურია ახალი ფოთლების ექსტრაქტი, ვიდრე ხმელისა. იგი საზღვარგარეთ ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!