საქართველოს მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. შედარებით მცირე ტერიტორიაზე აქ წარმოდგენილია, როგორც კოლხეთის მთისწინეთის თითქმის სუბტროპიკული კლიმატის დაბურული ტყეები, ასევე კავკასიონის მაღალი მთების მუდმივი თოვლისა და მყინვარების სამეფო. დასავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც საერთოდ არ არის განვითარებული არიდული (მშრალი) და სემიარიდული (ნახევრადმშრალი) ბიომები (ბიომი ამა თუ იმ ლანდაშაფტურ-გეოგრაფიული ზონის მცენარეული და ცხოველური თანასაზოგადოებების ერთობლიობაა). აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში, კერძოდ კახეთში. შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. კარგადაა გამოხატული ნახევრადუდაბნო (სადაც ჩაწინწკლულია უდაბნოს ფრაგმენტები), სტეპი (მშრალი ველი) და არიდული მეჩხერი ანუ ნათელი ტყე. ამ ტერიტორიაზე გაბატონებულია მშრალი სუბტროპიკული კლიმატი, ცივი ზამთრითა და მცირედ ნალექიანი, ცხელი (ხშირად გვალვიანი) ზაფხულით. თოვლის საფარი მცირე და არამყარია. მთელ აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის კონტინენტურობის ნიშნები ყველაზე მკვეთრად ივრის ზეგანზეა გამოხატული.
ქვემოთ მოცემულ არიდული და სემიარიდული ბიომების მოკლე დახასიათებაში ყურადღებაგამახვილებულია იქ გავრცელებულ ტიპიურ, ენდემურ, იშვიათ და გადაშენების საფრთხისწინაშე მყოფ მცენარეთა სახეობებზე.
ნახევარუდაბნო და უდაბნო
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში (ზღვის დონიდან 250-300 მ-მდე) თიხნარ-წაბლნარ, შავმიწა, ალუვიურ და რუხ-თიხნარ ქვიან ნიადაგებზე განვითარებულია ნახევრადუდაბნოები. ისინი განსაკუთრებით კარგად ივრის ზეგანზე გარდაბნის რაიონშია გამოხატული.
ავშნიანი ნახევრადუდაბნო. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ივრის ზეგანი. ჩათმა დამლაშებული უდაბნოს ფრაგმენტი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ნახევრადუდაბნოს მცენარეულობის უმთავრესი დომინანტია ავშანი (Artemisia fragrans). აქ ფართოდაა გავრცელებული ავშნიან-ყარღანიან-ჩარანიანი (Artemisieto Salsoletum). უძრახელიან-ავშნიანი(Caraganeto-Artemisietum) და უროიან-ავშნიანი (Botriochloeto - Artemisietum) თანასაზოგადოებები. ავშნიანი ნახევრადუდაბნოების ფლორისტული შემადგენლობა ღარიბია - იგი 20-30 სახეობის ითვლის.
საქართველოში ტიპიური უდაბნო გამოხატული არ არის. დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები მხოლოდ ალაგ-ალაგაა ჩართული ნახევრადუდაბნოებში. მისთვის დამახასიათებელია სახეობით სიმწარე. ნიადაგის ზედაპირი თითქმის შიშველია: მცენარეულობის პროექციული დაფარულობა 1მ2-ზე 10-20%-ს იშვიათად აღემატება. უდაბნოს ფრაგმენტების შემქმნელია ძირითადად ჩარანი (Salsola ericoides), ყარღანი (Salsola dendroides), ხურხუმა (Salsola nodulosa), არხაჯი(Suaeda microphylla), ხვარხვარა (Pretrosimonia brachiata). ჩინგილი (Halimodendron halodendron), Kamanthus pilosus, Kalidium caspicum და სხვ. ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოში მთავარი მალიმიტირებელი ეკოლოგიური ფაქტორი წყლის მუდმივი დეფიციტია (გაზაფხულის მოკლე პერიოდის გარდა). ნიადაგის ზედა ფენებში (0-30 სმ) წყლის შემცველობა მხოლოდ 5-15%-ია, ხოლო ჰაერისფარდობითი ტენიანობა - 15-25%. აქ გავრცელებული მცენარეები გამოირჩევიან გვალვაგამძლეობით, რასაც განაპირობებს მრავალი მორფოლოგიური, რიტმოლოგიური, ტროფიკული (კვებითი) თუ ფიზიოლოგიური შეგუებულობის მექანიზმი. კერძოდ ფოთლების სახეცვლილება ეკლებად (მცირდება აორთქლების ზედაპირი), შებუსვა (აირეკლება მზის სითბური გამოსხივება და მცირდება გადახურების შესაძლებლობა).
ბიბერშტვინის ტიტა. ფოტო ო. აბდალაძისა
ქართული ზამბახი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ეიხლერის ტიტა. ფოტო ზ. ბუთხუზისა
მთავარღერძიანი ვერტიკალურად განვითარებული მძლავრი ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში ღრმად (130-160 სმ-მდე) იჭრება და სხვადასხვა შრეში ფართოდ იტოტება, ბალიშა და განრთხმული სასიცოცხლო ფორმა, წყლის რეჟიმის აქტიური რეგულაციის უნარი, ფოტოსინთეზისა და სუნთქვის მაღალი ინტენსივობა და სხვ.
ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოს მცენარეული საფარისათვის ეფემერებისა და ეფემეროიდების მონაწილეობაა დამახასიათებელი. ადრე გაზაფხულზე - წლის ყველაზე უფრო ნესტიან პერიოდში, ისინი მასობრივად ყვავილობენ და უდაბნოს პირქუშ ლანდშაფტში აქა-იქ მიმოფანტულ, ლამაზ ნაირფეროვან „ხალიჩებს" ქმნიან.
ნახევრადუდაბნოებში გვხვდება მაღალდეკორატიული და იმავდროულად იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი კავკასიის ენდემური სახეობები: ეიხლერის ტიტა ანუ წითელი ტიტა (Tulipa eichleri), ბიბერშტეინის ტიტა (Tulipa beibersteiniana), ქართული ზამბახი (Iris iberica), შტერნბერგია (Sternbergia colchicflora), ჩინგილი (Halimodendron halodendron). აღსანიშნავია აგრეთვე ისეთი მაღალდეკორატიული მცენარეები, როგორიცაა გარეჯის სალბი (Salvia garedji), ქონდარა ზამბახი (Iris pumila), კავკასიის ზამბახი (Iris caucasia), ბადისებრი ზამბახი (Iridodictyum reticulatum), ცხვირისატეხელა (Adonis aestivalis) და სხვ. ნახევრადუდაბნოს ზონაში ტბებსა (გარდაბნის რაიონში ყარაიის ტბა) და ჭაობებში მესამეული პერიოდიდან დღემდეა შემორჩენილი კავკასიის ენდემი - ჰირკანული წყლის კაკალი (Trapa hyrcana), რომელსაც წყალსატევების დაბინძურებისა და ამოშრობის გამო გაქრობა ემუქრება. ნახევრადუდაბნოები მეტწილად ზამთრის საძოვრებია. გარდა ამისა, ისინი ძირითადად განლაგებულია მაგისტრალური გზების პირებზე, დასახლებული ტერიტორიების მახლობლად. სწორედ აქ გავიდა კასპიისა და შავი ზღვის ნავთობსადენი მილი. ამის გამო, ნახევრადუდაბნოების ეკოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა. მცენარეული საფარის სტრუქტურა ძირითადად დარღვეულია, შემცირებულია ზემოთ აღნიშნული და ბევრი სხვა იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარის პოპულაციები, ამიტომ ისინი საგანგებო დაცვას საჭიროებენ.
სტეპი
ნახევრადუდაბნოსთან შედარებით რამდენადმე მაღლა (ზღვის დონიდან 300-700 მ-ის ფარგლებში) სტეპის მცენარეულობაა გავრცელებული. იგი ყველაზე უკეთ გამოხატულია შირაქ-ელდარში, გარეჯი, იაღლუჯსა და ნაწილობრივ თბილისის მიდამოებში. სტეპი არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარ და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილზე, შავმიწა და წაბლა ხირხატიან ნიადაგებზე.
სტეპის ბიომის ყველაზე დამახასიათებელი ეკოსისტემაა უროიანი სტეპი უროს (Botriochloa ischaemum)დომინანტობით. აქ ყველაზე გავრცელებული თანასაზოგადოებებია: ძირტკბილიან-უროიანი(Giycyrrhizieto-Botriochloeta), უროიან-ეფემერული (Botriochloeta ephemerosa), ვაციწვერიან-უროიანი(Stipeto- Botriochloetum) და ველის წივანიან-უროიანი (Festuceto-Botriochloeta). ამ უკანესკნელს შედარებით შეზღუდული არეალი აქვს. ის გვხვდება მხოლოდ ქვედა ქართლში, კერძოდ, იალღუჯის მასივზე, ბორცვების ფერდობებზე, ნაირბალახოვან-ვაციწვეროვანი (Herbae mixta-Stipetum)თანასაზოგადოება მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი. ტიპიური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია ვაციწვერები: Stipa tirsa, Stipa lessingiana, Stipa pulcherrima, Stipa capillata. ნახევრადუდაბნოსთან შედარებით, სტეპის ბიომში სახეობრივი მრავალფეროვნება. აქ 45-65 მცენარე გვხვდება.
სტეპის ბიომი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
სტეპებში გავრცელბული იშვიათი ენდემურ სახეობათა შორის აღსანიშნავია ოქროსფერი ბონგარდია(Bongardia chysogonum), რომელიც ძირითადად შირაქის ველზე გვხვდება. ის სამკურნალო მცენარეა. მისი პოპულაციის შემცირების მთავარი მიზეზია მოსახლეობის მიერ გორგლების შეგროვაბა. შირაქშივეა (ყაშებში) გავრცელებული მაღალი ღირსების დეკორატიული მცენარე - მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokosewitschii) რომლის პოპულაციასაც ასევე მოსპობა ემუქრება. სტეპის ზონაში გვხვდება სხვა ენდემური სახეობებიც. მაგალითად, ესპარცეტი (Onobrychis cyri), კახური ესპარცეტი (Onobrychis kachetica), ბეგქონდარა (Thymus tiflisiensis), წიწინაური (Polugala transcaucasica),Seseli grandivitatum და სხვ.
აღსანიშნავია, რომ სტეპის მცენარეულობა ჯერ კიდევ ახლო წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული მთელ სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, არც ერთ ბიომს საქართველოში არ განუცდია ისეთი ძლიერი ანთროპოგენული ზეწოლა, როგორც სტეპის ეკოსისტემებს: გადახნულია სტეპის დიდი ფართობები; გაყვანილია გზები; გაზ- და ნავთობსადენები; აგებულია ნავთობის ჭაბურღილები; გადატვირთულია ზამთრის საძოვრები. ყოველივე ეს ბუნების დაცვა-აღდგენითი ელემენარული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე განხორციელდა. ამჟამად, კლიმატის გლობალური ცვლილების (გლობალური დათბობის) ფონზე ძლიერი ანთროპოგენული დატვირთვა სტეპს გაუდაბნოების ხიფათს უქმნის.
არიდული ნათელი ტყე
საქართველოში ნათელი ტყეები გავრცელებულია მის აღმოსავლეთ ნაწილში - ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების ზონაში. ისინი გვხვდება წაბლა, მოყავისფრო-მოყვითალო და შავმიწა კარბონატიან ნიადაგებზე, ვეძიანებზე, ბიცობებზე, ხირხატიანებზე და სხვ. ტიპიურ ნათელ ტყეებს ვხვდებით შირაქში, ელდარში, გარეჯში, გარდაბნის მხარეში, იაღლუჯაზე, ნათელი ტყის ფრაგმენტები აღნიშნულია ბოლნისსა და დმანისს შორის, მაშავერას მარცხენა ნაპირზე, შულავერის მიდამოებში, ქციის კანიონებზე და სხვ. საქართველოში ნათელი ტყეების თანამედროვე გავრცელების უკიდურეს დასავლეთ საზღვარზეა სარკინეთის მთისა და არმაზის ქედის (მცხეთასთან) ნათელი ტყეები.
ივრის ზეგანი, საკმლისხიანი ნათელი ტყე. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ნათელი ტყეებისთვის დამახასიათებელია „მეჩხერიანობა" და „განათებულობა". სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ბიომის სახელწოდებაც. ნათელ ტყეებში ხეები, ჩვეულებრივ, ურთიერთისაგან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაცილებული. ღია და შესაბამისად განათებული არე აქ ბევრია. როგორც წესი, ნათელ ტყეებში ხეებით დაფარული არე ტყის საერთო ფართობის 25-30%-ს თუ შეადგენს. ამიტომაც ნათელი ტყეების შემქმნელი ხე-მცენარეების გარეგნული იერი განსხვავდება ნამდვილ ტყეში აღმოცენებულ ხეთაგან. აქ ხის ვარჯი მეტწილად მომრგვალო, ბურთისებრია, ყოვლმხრივ თავისუფლად და ლამაზად გაზრდილი. არცთუ იშვიათია, როდესაც ხეები მჭიდრო ჯგუფებს - პატარა კორომებს ქმნიან, რომლებშიც შეიძლება 10-20 ხე დაითვალოს; შორიდან ეს კორომებიც ერთი უზარმაზარი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტყის მეჩხერიანობის უმთავრესი მიზეზი ნიადაგში წყლის სიმცირეა.
ნათელი ტყის შემქმნელი მთავარი სახეობებია: საკმლის ხე (კევის ხე, საღსაღაჯი) (Pistacia mutacia), კავკასიის აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Accer iberikum), ბერყენები (Pirus georgica, P. Salicifolia, P. sachokiana), თელა (Ulmus foliacea), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), ღვიები (Juniperus foetidissima, J. Polykarpos, J. rufescens) და ზოგოერთი სხვა ისეთი სახეობა, რომლებიც სხვა ტიპის ტყეების შექმნაში მონაწილეობას არ იღებს. ამ მხრივ, ნათელი ტყე უნიკალურია. ფოტოლმცვენ ნათელ ტყეთა შორის საკმლისხიანი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და თავისთავადია. საქართველოში ამ ტიპის ტყე დღესდღეობით კარგადაა შემონახული შირაქ-ელდარში (ვაშლოვანი, პანტიშარა, ალესილების ძირები, ლეკის წყალი, ბუღათ-მოედანი) და იორ-ალაზნის ქვედა დინებაზე, სადაც ჭალის ტყეს ესაზღვრება (მაგალითად, ჭაჭუნას აღკვეთილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე), საკმლის ხის კორომების ნაშთები გვხვდება აგრეთვე გარეჯის უდაბნოში, გარდაბნის მშრალ ფერდობებზე, იაღლუჯის მასივზე და სხვ.
საკმლისხიანში შერეული აკაკი, თელა, ფშატი, ბერყენა და სხვ. არაიშვიათია საკმლის ხის თითქმის სუფთა რაყები, სადაც ცალკეული სხვა ხე და ბუჩქი აქ თუ შეგხვდება. საკმლისხიანსი, ჩვეულებრივ იზრდება სხვადასხვა ბუჩქი, მათ შორის ლეღვი, ბროწეული, კოწახური, თრმილი, თუთუბო, ძეძვი, შავჯაგა და სხვ. ზოგან ბუჩქი იმდენია, რომ შეკრულ ქვეტყეს ქმნის. საკმლისხიანისათვის დამახასიათებელია გვალვაგამძლე ბალახების საფარი (ურო, ავშანი, ყარღანი, ხურხუმა და სხვ.) იქ, სადაც ჭალის ტყეს ესაზღვრება, საკმლისხიანის ბალახოვან საფარში ჭალის ტყის ბალახებიც გვხვდება.
საკმლის ხის სიმაღლე 5-10 (იშვიათად 15) მ-ს, ხოლო დიამეტრი 90 სმ-ს აღწევს. ახასიათებს ლამაზი მომრგვალო ან ნახევრადსფეროსებრი დიდი ვარჯი, რომელიც ისე დაბლა იწყება, რომ ბევრი ტოტი მიწას ეხება. ზაფხულმწვანეა, აქვს მკვრივი, მაგარი მერქანი, რომელიც კარგად პრიალდება და გამოიყენება სახარატო საქმეში. ქერქი დიდი რაოდენობით შეიცავს კუპრს და ეთერზეთებს. ფოთლები მუქი მწვანე და პრიალაა, ყვავილები პატარა ზომისაა, ნაყოფი კურკიანია, მომწიფებისას წითლდება. საკმლის ხის ბუნებრივი განახლება ღია ადგილებში ძლიერ შეზღუდულია. თუკი სადმე მისი ნორჩნარი გვხვდება, როგორც წესი ესაა შედეგი „ცრუ სიმბიოზისა" საკმლის ხესა და ეკლიან ბუჩქებს (შავჯაგას, ძეძვს, გლერძს, ზოგჯერ ღვიას) შორის. საკმლის ხის ახალგაზრდა ამონაზარდი დიდი, მიწაზე გადართხმული ეკლიანი ბუჩქებით კარგადაა დაცული და ამიტომ ის არ იძოვება, ბუჩქი იფარავს მას. შემდეგ უკვე გაზრდილი ხე გადაფარავს ბუჩქს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებისათვის (სინათლე, წყალი) კონკურენციას ვერ უძლებს და იღუპება. ღია ადგილებში საკმლის ხის აღდგენა ამჟამად მხოლოდ ასე ხდება.
ღვიიანი ნათელი ტყე. ელიარ-ოღის ქედი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
საკმლის ხე. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
ცრუ სიმბიოზი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა
საკმლის ხე საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. საკმლისხიანი ჭალის მუხით გვხვდება უმთავრესად ელდარში, სადაც ესაზღვრება ივრის ჭალის ტყეებს. აქ იშვიათი არ არის იალღუნიანებშიც.
საკმლისხიანი ქართული მუხით აღინიშნება ნათელი ტყეების გავრცელების პერიფერიებზე - ფოლადაურის, მაშავერას, ქციისა და მტკვრის შუაწელის ხეობებში, აკაკის ნათელი ტყეები შექმნილია კავკასიის აკაკისაგან (Celtis caucasica). ეს ხე სიმაღლით 10-12 მ-ს არ აღემატება, ღერის დიამეტრი კი 1მ-ზე მეტია. აქვს გლუვი ნაცრისფერი ქერქი, ძლიერ მაგარი, მკვრივი და მძიმე მერქანი და ფართოდ გაშლილი ვარჯი. ფოთლები მომწვანო-ნაცრისფერია, უხეში, კვერცხისებრი ფორმის და თავწაწვეტილი. მრგვალკურკიან ნაყოფს თხელი რბილობი აქვს, მოტკბოა და იჭმევა. კავკასიის აკაკის არეალი უფრო ფართოა, ვიდრე საკმლის ხისა. ის გვხვდება ვაკეებზე, მთსისწინების ტყის მშრალ ვარიანტებში. საქართველოში გავრცელებულ ხე-მცენარეთა შორის აკაკი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გვალვაგამძლე და სიცოცხლისუნარიანია. როდესაც პაპანაქება სიცხეში სხვა ხეების ფოთლები ჭკნობას იწყებს, აკაკის ფოთლები მილისებრ იხვევა, რითაც მცირდება წყლის აორთქლების ზედაპირი, მცენარე მეტ წყალს ინარჩუნებს და ამგვარად ებრძვის გვალვას. ზოგან ის თავისებურ, ზღაპრულ კორომებს ქმნის, განსაკუთრებით, როდეასაც უსიცოცხლო პოტალო კლდეებზე ან ლოდების უზარმაზარ გროვებზე იზრდება. როგორც აკად. ნ. კეცხოველი იტყოდა: „იქმნება შთაბეჭდილება კლდეებთან უდიდესი და მძაფრი ბრძოლისა. არც ერთი ჩვენებური ხე ისე მძაფრად არ ებრძვის და არ შლის კლდეებს, როგორც აკაკი. ამის დასტურია ძველი სამშვილდე, რომლის სასახლეთა ნანგრევებზე მრავალი ასწლოვანი აკაკის ფესვებია გადახლართული". კავკასიის აკაკი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.
თელიანები იშვიათად გვხვდება. ნათელი ტყეების გავრცელების არეში ისინი მხოლოდ ხევის პირებზე, რიყეების კიდეებზე ან „ალესილების" გაყოლებაზეა, იქ, სადაც კლდის ძირას წყალი ჟონავს.
ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), რომელიც საქართველოს წიგნშია შეტანილი, ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი სახეობაა. იგი ძლიერ გვალვაგამძლე და მკვრივმერქნიანი ხეა. ქართული ნეკერჩხალი წმინდა კორომებს თითქმის აღარსად ქმნის. ზოგან იგი გვხვდება მხოლოდ როგორც ერთ-ერთი მონაწილე საკმლისხიანი ან ბერყენიანი ნათელი ტყეებისა.
ბერყენიანები ნათელი ტყის ერთ-ერთი თავისებური ვარიანტია. ისინი გავრცელებულია როგორც ნათელი ტყეების არეალის შუაგულში, ისე მის განაპირას. საერთოდ, ბერყენები უფრო ნათელი ტყეების ძირითად სახეობათა თანამყოლებია. ეული ბერყენები ჩვენს ველებში ჩვეულებრივია. ბერყენებიდან აღსანიშნავია სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana). მისი სასიცოცხლო ფორმა პატარა ხე ან ბუჩქია. იშვიათი, ვიწროლოკალური ენდემური სახეობაა, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. დღეს მხოლოდ ერთი კორომიღაა შემორჩენილი შირაქში.
წიწვიანი ნათელი ტყეები ორი ტიპით არის წარმოდგენილი - ღვიიანბეითა და ფიჭვნარებით. ფიჭვნარები ელდარის ფიჭვისგან (Pinus eldarica) არის შექმნილი. ის 8-20 მ. სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ღერო მეტწილად მრუდე აქვს, ტოტები 3-4 მ -ის სიმაღლიდან იწყება და განზე იტოტება - ქმნიან ზღვის პირის ფიჭვებისათვის დამახასიათებელ ქოლგისებრ ვარჯს. ელდარის ფიჭვს სხვა ხეთაგან დიდი გვალვაგამძლეობა და კლდეებზე ზრდის შესანიშნავი უნარი გამოარჩევს. ის კავკასიის ენდემი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა. ბუნებრივად ჩვენში გავრცელებულია ივრის ქვედა წელში, მდინარის მარჯვენა მხარეს გადაჭიმულ ელიარ-ოღის ქედზე ზღვის დონიდან 300-600 მ-ის სიმაღლეზე. იზრდება დიდი დაქანების 35-450 (600) იმ ფერდობებზე, რომლებიც მეტად მშრალი პირობებით ხასიათდება და სადაც ჩამორეცხვისაგან არის გადარჩენილი ნიჟარიანი კირქვები და ქვიშაქვების ზედა შრეები. ელიარ-ოღლის ქედზე ელდარის ფიჭვის გავრცელება წყვეტილია. ფიჭვნარებში ხშირად შერეულია სხვადასხვა ღვია. ბალახოვან საფარში აღინიშნება მშრალი ველებისა და ხრიოკთა მცენარეები. ღვიანი ნათელი ტყეების შექმნაში რამდენიმე ღვია მონაწილეობს, მათ შორის, შავი ღვია (Joniperus Foetidissima), წითელი ღვია ანუ ფანქრის ხე (Joniperus rufescens), მრავალნაყოფიანი ღვია (Joniperus polycarpos) და Joniperus oblonga. ღვიები პატარა ან საშუალო სიმაღლის ხეებია. ზოგჯერ დაბუჩქულია. მათი მერქანი მკვრივი და მაღალი ხარისხისაა, ყველა ღვია დეკორატიულობით გამოირჩევა. ღვიანები განსაკუთრებით კარგად არის გამოსახული ელიარ-ოღლისა და კოწახურას ქედებზე, ვაშლოვანში, პანტიშარაში, შირაქ-ელდარში ჩამორეცხილ ფერდობებზე ალაგ-ალაგ, გარეჯის უდაბნოში, სარკინეთის ქედზე, არმაზის ქედზე და სხვ.
ნათელი ტყეები წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ინტენსიური სოფლის მეურნეობის რაიონებს ანდა იყო და ახლაც არის გამოყენებული ზამთრის საძოვრებად. ნათელი ტყის არეში ძოვდა ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი. ცხვარი ნორჩ ამონაყარს ფესვის ყელამდე ჭამდა, ფეხით თელავდა და ანადგურებდა, რითიც აფერხებდა ტყის აღდგენას. ტყე უდიერად იჩეხებოდა. მეცხვარეთათვის საწვავის მომცემი სწორედ ნათელი ტყე იყო. შეშა გაჰქონდათ ახლო-მახლო სოფლებსაც (ვინაიდან უფრო ადვილი მისაწვდომი იყო, ვიდრე მთის ტყე). საკმლის ხის ნახშირს განსაკუთრებით აფასებდნენ ოქრომჭედლები, რადგან ის სხვა ხის ნახშირზე უფრო მხურვალე, გამძლე და სუფთაა. სანახშირეებმა ბევრი ტყე შეიწირა. საკმლის ხის ნახშირის გამოყენება ძველთაგანვე იყო მიღებული მეტალურგიაში. ძველად სარკინეთში ლითონის სადნობი ღუმელების არსებობა, გარკვეულწილად, ამ რაიონში საკმლის ხის არსებობითაც უნდა აიხსნას. ნათელი ტყის ნაალაგევი დღეს ბევრგან შეიმჩნევა. ზოგან საკმლის ხის კუნძებიღა შემორჩენილა, ზოგან თითო-ოროლა ხე, ანდა ძეძვიანებში გადარჩენილა ტანბრეცილი ნაბარტყი. ტიპიური სტეპის არეში გავრცელებული ძეძვიანებისა და ჯაგეკლიანების უმრავლესობა ნათელი ტყის ნაშთს წარმოადგენს. მოსპობის უკანასკნელ სტადიაში სარკინეთის (შიომღვიმის) საკმლისხიანი ნათელი ტყე. არიდული ნათელი ტყის, როგორც შესანიშნავი რელიქტური მცენარეულობის ნაშთის, დაცვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
ჭალის ტყე
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყე განვითარებულია მდ. მტკვრის, ივრის, ალაზნისა და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მთაში ჭარბობს ჭალის ანუ გრძელყუნწიანი მუხა (Quercus pedunculiflora), აგრეთვე ვერხვი (Populus canescens), ხვალო ანუ ჭალის ვერხვი (Populus hybrida), თეთრი ხვალო (Populus alba), თელა (Ulmus foliacea), ტირიფი (Salix excelsa), ბაღის ფშატი (Elaegnus angustifolia), თუთა (Morus alba), ქაცვი (Hypopheae rhamnoides), იალღუნი(Tamarix ramosisima) და სხვ. ივრის ჭალის ტყეებში ხშირად შერეულია საკმლის ხე, ალაზნის ჭალაში გვხვდება აგრეთვე ლაფანი (Pterokaria pterocarpa).
ჭალის ტყის ბიომი. ფოტო ზ. გურიელიძისა
ჭალის ტყეების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია ჭალის მუხა. ის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე და დეკორატიული მცენარეა. ქმნის კორომებს, რომელთა ფართობი მცირდება. ბევრგან უკვე ერთეული ხეების სახითღაა შემორჩენილი. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. საგარეჯოსთან, ივრის პირას - ე.წ. „სახოხბის ჭალაში" (ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილის ტერიტორიაზე) დაცულია ჭალის მუხის გიგანტური ეგზემპლარი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი „ერასტოს მუხას" უწოდებენ. მისი ასაკი 500 წელზე მეტია, სიმაღლე 40 მ-მდე, ხოლო ღეროს დიამეტრი - 2,2 მ.
საინტერესო ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევა იერის ზეგნის ჭალის ტყეები. აქ ერთმანეთისაგან განსხვავდება საკუთრივ ივრის ჭალის ტყეები და ივრის მშრალი ხევები, რომლებშიც წყალი მხოლოდ გაზაფხულის დიდი წვიმების შემდეგ მოედინება. მშრალი ხევების პირას სახეობათა სულ სხვა შემოდგენლობაა: თურანული (Populus euphratica), ლეღვი (Ficus carica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), ქართული თელა (Ulmus georgica), ღვიის სახეობები, იასამანი (Jasminium Fruticans), ბალღოჯი (Cerasus mahaleb), ბერყენები, ფშატები და სხვ.
ჭალის ტყეებში ბევრია ბუჩქნარები: ძეძვი (Paliurus spina-christi), კოწახური (Berberis vulgaris), ბროწეული (Punica granatum), კვრინჩხი (Prunus spinosa), ჩიტავაშლა (Pyracanha coccinea), დიდგულა(Sambucus nigra) და სხვ; აგრეთვე ლიანები: ეკალღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Peripiloca graeca), კატაბარდები Clamatis vitalba და Clematis orientalis და სხვა, რაც მათ ხშირად გაუვალსაც კი ქმნის. ამიტომ ჭალის ტყეები ნადირ-ფრინველის საუკეთესო თავშესაფარია და ამავე დროს მსხვილ ძუძუმწოვართა საიმიგრაციო დერეფნის როლსაც ასრულებს.
ჭალის ტყის ფართობი დღეს ძლიერ შემცირებულია. ზოგან მისი სიგანე 50-100 მ. თუ აღწევს. ეს ტყეები ისპობა უკონტროლო ჭრების გამო. ჭალის ტყეები შედარებით კარგადაა შემონახული გარდაბნისა (მტკვარზე) და ყორუღის (იორზე) სახელმწიფო აღკვეთილებში. აღსანიშნავია აგრეთვე ალაზნის ჭალის ტყე (ჭიაურის ტყე).
ყორუღის აღკვეთილი ,,ერასტოს მუხა." ფოტო ზ. გურიელიძისა