შაორის წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც აგებულია ალუვიური ნაფენებით დაფარული კარბონატული ქანებით. წყალსაცავს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის წვეროებშიც არის ორი ვიწრო პერევისას და ხვრელიეთის ყურეები. წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია და წყლის მაღალი დონის დროს წარმოიქმნება მრავალი პატარა ყურე.
შაორის წყალსაცავის სარკის ქვეშ მოხვედრილია უნიკალური სასმელი წყლები. გეოლოგების დასახლების მოპირდაპირე მხარეს, იყო ტბები _ ძროხის თვალა და ხარის თვალა, რომლებსაც სახელწოდება მიღებული აქვს შესატყვისად ხსენებული პირუტყვის თვალების მსგავსებიდან. წყლის დადგომამდე აქ შადრევანის სახით ამოდიოდა ცივი ანკარა სასმელი წყალი; აქვე, მის გაგრძელებაზე არის შევარდენის წყარო, რომელმაც სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ სასმელად ფრინველი ეტანებოდა (ალბათ რაიმე თვისების გამო). მოხვარეულის მხარეს გვხვდება ,,ცივი წყალი", ,,ჩოლოგა", ,,ქვაგახეთქილი", ,,ღორწყოლი", ,,ვირიფსელა", რომელთა სათავეები შესანიშნავი დასასვენებელი ადგილებია და წარმტაცი ლანდშაფტით მნახველში განუმეორებელ სილამაზეს ტოვებს. გზების გასწვრივ გვხვდება წიფლნარის უნიკალური ტყის კორომი, რომელიც რამდენიმე ათეულ ჰექტარს მოიცავს და აქ ზაფხულის ყველაზე ცხელ ამინდშიც კი თბილი ტანსაცმლის გარეშე ვერ ისეირნებ. აქ გვხვდება შერეული ფოთლოვანი ტყე, რომელიც გაზაფხულზე და შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. მოხვარეულის მხარეს ასეულობით ჰექტარზე გვხვდება კავკასიური სოჭის კორომი, რომელიც საწალიკის და ხიხამთის ალპურ ზონამდეა გადაჭიმული (ეს ადგილები ბუნების მოყვარულთათვის საოცრებას წარმოადგენს თავის სილამაზით). საოცრება იმაშია, რომ ტყეები კარსტულ მღვიმეზე მდებარეობს და აქ უნიკალური, ჯერ კიდევ შეუსწავლელი მიწისქვეშა დარბაზები გვხვდება. ამ ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული ძაბრები, გამოქვაბულები, მღვიმეები სხვადასხვა ზომის მიწისქვეშ შესასვლელებით. შაორის წყალსაცავის დამბიდან სოფ. ნიკორწმინდამდე გვხვდება მიწისქვეშა ტბა, რომელიც მხილველთა გადმოცემით შაორის წყალსაცავის მოცულობას არ ჩამოუვარდება. ასევე კარსტითა და მღვიმეებითაა წარმოდგენილი მოხვარეულის კავკასიური სოჭის კორომის მთელი ტერიტორია. ვიზუალურად შეგვიძლია აღვიქვათ და ვიხილოთ შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი: მაგალითად, ე.წ. "ჯორიპარიის შურო,, რომელსაც ანალოგი არა აქვს თავისი ლანდშაფტით და ცივი ანკარა სასმელი წყლით. ტოპონიმი მიღებულია იქედან, რომ ახლო-მახლო სოფლებიდან მოპარულ ჯორებს აქ მალავდნენ ყაჩაღები და შემდეგ ყიდდნენ. ,,დასაქიანის" და ,,ვაკენაძვნარის ფეხებში" გაშლილ ველზე ხოტევის ციხისა და რაჭის დამანგრეველ გენერალ ტოტლებენს თავისი მრავალრიცხოვანი ჯარი დაუბინავებია. სადაც, გადმოცემით, რაჭის ერისთავმა, ვინმე ყიფიანმა ერთი თუნგი ოქრო მიართვა, რათა რაჭას გასცლოდა და რაჭის დარბევა შეეწყვიტა. აქვე გვხვდება ,,უდაბნოდ” წოდებული, უნიკალური ლანდშაფტი; გამოქვაბულები, ცივი წყლები, მე-6 საუკუნის ტაძარი, ,,ჭელიშის მონასტრით” და ბერების ყოფილი ადგილსამყოფელით, კლდეზე მიშენებული სამალავებით, რომლებიც მერცხლის ბუდეებს მოგვაგონებს. შაორის წყალსაცავიდან გადმოსული წყალი ნალექებთან ერთად ჩაედინება ,,ჩარდომილას” ტაფობზე, არსებული ძაბრის მაგვარ ხვრელებში. ხვრელები ნაგვით რომ არ ჩაიხერგოს დახურულია რკინის მძიმე ცხაურებით; ასეთია 4_5 ერთეული. წყალი ჯერ მიწისქვეშა ტბაში ხვდება, შემდეგ კი ,,უდაბნოში” გაედინება. (აღნიშნული გამოირკვა იმით, რომ აღნიშნულ ძაბრებში ჩაიყარა ნახერხი, ხოლო რამდენიმე დღეში იგი გავიდა უდაბნოში). წყალსაცავიდან 2 კმ-ში მდებარეობს ისტორიული სოფელი ნიკორწმინდა, თავისივე სახელობის ტაძრით, რომელიც არქიტექტურითა და განუმეორებელი ჩუქურთმებით შეუდარებელია. ასევე მნიშვნელოვანია წყალსაცავის ირგვლივ არსებული მდინარეები, ღელეები, მრავალფეროვანი ფაუნა და ფლორა. მიმდებარე ტყეებში გვხვდება რამდენიმე სახის ნადირ-ფრინველი. ველურად მზარდი ნაყოფის მომცემი ხე-მცენარეები. ბუნების ძეგლები, გადაშენების პირას მისული ხე-მცენარეები, ბზისა და შქერის კორომები; მდინარეებში წინწკლებიანი კალმახი, ალპურ ზონაში კავკასიური როჭო, ხიხამთისა და საწალიკის ალპური ზონა. აქ გაზაფხულსა და ზაფხულზე ზომიერად მშრალი ჰავაა, ხოლო ზამთარი მკაცრი_უხვთოვლიანია ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე, რომელიც ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებისათვის უნიკალურ პირობებს ქმნის.
შაორის ქვაბული თავისი მდებარეობით და ბუნებრივი პირობებით კავკასიის ერთ-ერთი უნიკალური ადგილია. წყალსაცავი, უხვდებიტიანი წყაროები, ტყის საფარი ჯანსაღი კლიმატი, შესანიშნავი ხედები, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების მრავალფეროვნება და სიმრავლე, ეფექტური საჰაერო საბაგირო გზების მოწყობის შესაძლებლობა და სხვა მრავალი, მიმზიდველი და ხელსაყრელი დასვენებისა და ტურიზმის თითქმის ყველა სახეობის განვითარებისათვის. XIX საუკუნის მიწურულს ექიმმა ი. პანტიუხოვმა შაორის ქვაბულს მიუძღვნა ვრცელი, მრავალმხრივი ნარკვევი. როგორც ავტორი აღნიშნავს, შაორის ქვაბული 1898 წლის ზაფხულის განმავლობაში გამოყენებული იყო 10 000 ჯარისკაცის შეკრების ადგილად. ამასთან ერთად, ბანაკად მყოფ ჯარისკაცთა შორის თითქმის არც ერთი არ დაავადებულა გაცივების შედეგად _ ბრონქიტით ან სურდოთი, მიუხედავად ხშირი წვიმებისა და დაბალი ტემპერატურებისა, რაც აიხსნება ქვაბულის უმტვერო და სუფთა ჰაერით. შაორის ქვაბულს რაჭის ქედის დასავლეთ ნაწილის ჩრდილო ფერდობი უჭირავს. ქვაბულის შემადგენლობაში შედის რაჭის ქედის მთელი ის ტერიტორია, რომელიც ამ ქედის თხემით დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეებზე ისაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთით შარაულას კანიონით, სამგელიას ქედით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდ. რუსთავით. ამ საზღვრებში მოქცეული შაორის ქვაბულის ფართობი დაახლოებით 180 კმ2 შეადგენს. ქვაბულის უმდაბლესი ნიშნული 1109 მ მდებარეობს, უმაღლესი _ 1996 (მ. საწალიკე). ქვაბულის ვაკიანი ძირი დაახლოებით 1120 მ სიმაღლეზეა გავრცელებული, ჩრდილოეთით ადგილ ხერგისაკენ მცირე დაქანებით. იგი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ არის წაგრძელებული. ამავე მიმართულებით, პერევისისა და ხვრელიეთის შეერთების ადგილიდან, თანდათანობით ფართოვდება, ხოლო ხერგასთან მიახლოვებისას სწრაფად ვიწროვდება, ძირი იწყებს ამაღლებს და იხშობა ს. ნიკორწმინდასთან. ქვაბულის ძირის კიდეებზე გამოდიან კარსტული წყაროები, რომლებიც ამჟამად წყალსაცავს უერთდებიან. წყალსაცავის შექმნამდე ეს წყლები მდ. დიდჭალასა და მის შენაკადებს _ შაორას, ღორწყოლს, ჩოლოგას, პერევისას, ხვრელეთს წარმოშობდნენ. ეს მდინარე მეანდრირებით ჩრდილოეთით მიედინებოდა და ს. ხერგას მიდამოებში იჟონებოდა. შაორის ქვაბულის ფერდობების მაღალი ნაწილებისა და ძირის სიმაღლეთა მნიშვნელოვანი (400-800 მ) სხვაობა ხელს უწყობს განაჟონი წყლების ღრმა ცირკულაციასა და კარსტის განვითარებას. კარსტული რელიეფი ძაბრებით, ჭებით და მღვიმეებით კარგად არის გამოხატული ნაქერალას ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (უღელტეხილის მიდამოებში). მრავალრიცხოვანი ჭების სიღრმე 10-20 მ აღწევს, დიამეტრი 0,5-1,5 მ. კარსტული მოვლენების მნიშვნელოვან უბანს წარმოადგენს საწალიკის მთის მიდამოები. გვხვდება კარგად გამოხატული კარსტული ძაბრები, ღრმულები და კარნიზები. კარსტული ძაბრების დიამეტრი 100-150 მ აღწევს, სიღრმე _ 20-80 მ. შაორის წყალსაცავი ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით, რომლებიც გამოდიან, როგორც წყალსაცავის ფსკერზე, ისე პერიფერიაზე, განსაკუთრებით რაჭის ქედის მხრიდან, სადაც მძლავრი ვოკლუზებია (ძროხისთვალა, ქვახეთქილა, ხვრელეთი, ,,ჩიკვაიძის კარის სათვალე” და სხვ.). შაორის ქვაბულის მოსაზღვრე ფერდობები ხასიათდება კარსტული ძაბრების და ჭების სიმრავლით. ძაბრების და ჭების სიღრმე 5-15 მ ფარგლებში მერყეობს. ძაბრების დიამეტრის _ 20-40 მ, ჭების _ 0,5-1 მ. ქვაბულს გარს აკრავს ტყეებით დაფარული ნაქერალას და საწალიკეს ქედები და რაჭის ქედის განშტოება. ქვაბულის მნიშვნელოვანი ფართობი, განსაკუთრებით მისი დასავლეთი და სამხრეთი ნაწილები ტყით არის დაფარული, ხოლო აღმოსავლეთით (დამწვარასა და საწალიკეს მიდამოები) უმთავრესად ახალგაზრდა ტყეა გავრცელებული. ტყის საფარი არის შაორის ქვაბულის წყლის რეჟიმის ძირითადი მარეგულირებელი ფაქტორი. შაორის ქვაბული და მისი მიმდებარე ტერიტორია მიეკუთვნება მთის ნოტიო კლიმატურ ზონას, ხანგრძლივი ცივი ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით. ქვაბულის თითქმის ყველა მეტეოროლოგიური ელემენტი გამოირჩევა განსაკუთრებული, მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებით. წყალსაცავის შექმნამდე ქვაბულის ფსკერი წარმოადგენდა ალპური მცენარეულობით დაფარულ დაჭაობებულ ვაკეს. ამ სიმაღლეზე (1100 მ) ალპური მცენარეულობის არსებობა აიხსნება რელიეფისა და ჰაერის მასების ცირკულაციის თავისებურებებით გამოწვეული ძლიერი თერმული ინვერსიით: შაორის ქვაბულისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურები არ აღინიშნება საქართველოს სხვა ასეთივე სიმაღლეზე (1100-1200 მ) მდებარე არც ერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე. აქ ჰაერის საშუალო ტემპერატურა ოთხი თვის განმავლობაში უარყოფითია და იანვარში -50 დაბალია. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი ს. ხარისთვალაში შეადგენს -360, ს. ხერგაში -400. მსგავსი უარყოფითი ტემპერატურა მაღალმთიან სადგურებზეც კი არ არის დაფიქსირებული (იალბუზი -360, ყაზბეგი -330). დაბალია აგრეთვე ტემპერატურის საშუალო აბსოლუტური მინიმუმიც -290. შაორის ქვაბულში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა _ 7.00, ყველაზე ცხელი თვის (ივლისი) _ 17,50, ხოლო იანვრის _ -4.20. წელიწადში 5 თვის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 100 მაღალია. ზაფხული გრილია, ხასიათდება ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდის დიდი (15-180) მნიშვნელობებით. ნალექების წლიური რაოდენობა 1300-1800 მმ ფარგლებშია, ნაქერალას უღელტეხილზე 2400 მმ აღწევს. ნალექიან დღეთა რიცხვი წელიწადში _ 210. ნალექების უდიდესი დღეღამური რაოდენობა ნაქერალას ქედზე და მის ფერდობზე 200 მმ აღწევს. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმები აღინიშნება ივნისში (127 მმ) და ოქტომბერში (134 მმ), მინიმუმი _ აპრილში (80 მმ). ზაფხულობით არის თავსხმა წვიმები ჭექა-ქუხილით და იშვიათად სეტყვით. შაორის ქვაბული გამოირჩევა მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარით. ს. ხერგაში 120 დღე თოვლიანია. თოვლის საბურველის უდიდესი საშუალო დეკადური სიმაღლე, რომელსაც ადგილი აქვს თებერვლის მესამე დეკადაში, ს. ხარისთვალაში _ 142 სმ. თოვლის საბურველის სიმაღლე მაქსიმალურია თებერვალ-მარტში და უდრის საშუალოდ 75 სმ შაორში და 150 სმ უღელტეხილზე. თოვლის საფარის სიმაღლე თოვლის დნობის დასაწყისისთვის აღწევს 1,3 მ, ზოგ წლებში _ 2,2 მ. ნალექიან დღეთა რაოდენობა _ 184. დანესტიანების კოეფიციენტი _ 2,5. შაორის ქვაბული გამოირჩევა ნისლიან დღეთა დიდი რაოდენობითაც. ს. ხერგაში 35 დღე ნისლიანია. ქვაბულში გაბატონებულია სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები. უდიდესი სიჩქარით (24 მ/წმ) გამოირჩევა ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი. ძლიერი ქარები აღინიშნება ძირითადად გაზაფხულზე, რომელთა რაოდენობაც საშუალოდ შეადგენს 11. მდინარეები შაორა და შარაულა შაორის წყალსაცავის აშენებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან ნაკადს, შაორის ქვაბულის ფარგლებში ის ატარებდა შაორას სახელს, ს. ხერგას მიდამოებში იკარგებოდა კირქვების ნაპრალებში და დაახლოებით 2 კმ შემდეგ ადგილ უდაბნოს მახლობლად ამოდიოდა დედამიწის ზედაპირზე უკვე შარაულას სახელწოდებით. ამჟამად, კაშხლის აშენების შედეგად, მდინარეები შაორა და შარაულა განცალკევებულნი არიან. წყალსაცავის აშენებამდე ქვაბულში მდ. შაორას გარდა იყო მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები (დიდჭალა, ქვაგახეთქილი, თეთრიწყალი, ხარი და სხვ.) და პატარა ტბები (ხარისთვალა, ძროხისთვალა, საწურბლია). უხვი წვიმების დროს მდინარეები და ტბები დიდდებოდნენ და ტბორავდნენ 5 კმ2 ტერიტორიას. წყალსაცავი ხასიათდება წლის განმავლობაში დონეების შედარებით თანაბარი მსვლელობით. წყალსაცავის ავსება იწყება მარტის დასაწყისიდან და გრძელდება ივნისის ბოლომდე, ამ პერიოდში დონის საშუალო დღეღამური ნაზრდი შეადგენს 4 სმ. დიდი წყალმოვარდნის დროს წყლის დონემ დღეღამის განმავლობაში შეიძლება 80 სმ აიწიოს. გაზაფხულ-ზაფხულის ავსების ფაზაში წყალსაცავის დონის უდიდესი ნიშნული 11,5 მ აღწევს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!