ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს ტბები    

ხანჩალის ტბა. ორმო ტბის ნაცვლად


ორმო ტბის ნაცვლად

მთავარი →27.12.2010
ხანჩალის ტბის ორმოდ ქცეული ნაწილი, განადგურებული ბიომრავალფეროვნება, ასობით გადაშენებული თევზი, ფრინველი და ცხოველი, დაზიანებული ეკოსისტემა, შეცვლილი კლიმატი და საფრთხის წინაშე მყოფი მოსახლეობა

 

საქართველოში ზომით მეოთხე ტბა, რომლის წყლის ზედაპირის ფართობი 1310 ჰექტარს შეადგენდა, გაქრობის პირასაა.

ხანჩალის ტბა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჯავახეთის ზეგანზე მდებარეობს. ეს გლობალური მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება. 
 
ისტორია

ხანჩალის ტბისთვის პირველად საბჭოთა ეპოქაში “მოიცალეს”. 1961 წელს მთავრობამ გადაწყვიტა ხანჩალი ექსპერიმენტული თევზსაშენი მეურნეობისათვის გამოეყენებინა. ძირითადი სამუშაო 1963-64 წლებში ჩატარდა. ტბა წყლისაგან დაცალეს, გათხარეს თევზების გამოსაზამთრებელი არხები და მოაწყვეს წყლის დონის მარეგულირებელი სისტემა.

1964 წელს ტბა კვლავ აავსეს წყლით. მიუხედავად ამისა, ფრინველების სახეობების ნაწილმა გადაფრენის მარშრუტი შეცვალა და აქედან მოყოლებული ხანჩალზე აღარ ჩერდებოდა. ამავე წელს ტბაში ჩაასახლეს სარეწაო მნიშვნელობის თევზები. წამოწყება მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ 1968 წელს კვლავ გააუქმეს, ტბა ამოაშრეს და თევზი მთლიანად დაიღუპა. ამის შემდეგ ტბა გადაეცა საქსასთევზმრეწვს, რომელმაც ხანჩალი მალევე მიატოვა. ამან დადებითად იმოქმედა ტბაზე - ისევ გაივსო წყლით, ეკოსისტემამ თანდათანობით აღდგენა დაიწყო, მდინარეებით შემოვიდა და გამრავლდა თევზი, გაიზარდა ტბაზე მობუდარი და მიგრირებადი ფრინველების რაოდენობა.

თუმცა 1979 წელს ახალი ექსპერიმენტი წამოიწყეს, რომელიც ტბის ნაწილობრივ დაშრობასა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას გულისხმობდა. 

ხანჩალი კიდევ ერთხელ მთლიანად დააშრეს. 1980-დან 1985 წლამდე ტბაში წყალი არ ყოფილა. ამ პერიოდში ააშენეს ჯებირი, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაყო. 1985 წელს ტბის მესამედი – 425 ჰექტარი წყლით აავსეს. ტბის ამ ნაწილში ადგილობრივი კოოპერატივი თევზის რეწვას აწარმოებდა. უწყლო ნაწილს კი სათიბად იყენებდნენ. იყო კარტოფილის მოყვანის უშედეგო მცდელობაც. 

მომდევნო წლებში, სხვადასხვა მიზეზით, ტბა რამდენჯერმე მთლიანად დაცალეს. 1997 წლის გაზაფხულზე ჯებირი წყალმა რამდენიმე ადგილას გაარღვია, გადავიდა დამშრალ ნაწილში და არხების გავლით მთლიანად დაიღვარა. მთელი წლით უწყლოდ დატოვებული ტბის ბიომრავალფეროვნება ძლიერ დაზარალდა, ათასობით ფრინველი დაღუპვისათვის გაიწირა. საბოლოოდ ჯებირი აღადგინეს, ერთი წლის შემდეგ ტბის მესამედში წყალი დადგა, მაგრამ ეკოსისტემის საერთო მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.
 
განადგურებული ბიომრავალფეროვნება
კლიმატი

არასამთავარობო ორაგნიაზაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, წყალჭარბი ტერიტორიები დიდ როლს თამაშობენ წყლის რეჟიმის რეგულირებაში, ეროზიისა და წყალდიდობების კონტროლსა და წყლის ხარისხის შენარჩუნებაში: “ისინი მონაწილეობენ წყლისა და ნახშირბადის გლობალურ წრებრუნვაში და, აქედან გამომდინარე, ხელს უწყობენ კლიმატის სტაბილურობას. ხანჩალის ტბის დაშრობის შედეგად კი საგრძნობლად იკლო ტენიანობამ”.
 
ფრინველები

წყალჭარბი ტერიტორიები მრავალრიცხოვანი, გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჰაბიტატს წარმოადგენს. წყალმარჩხი ტბა, რომლის საშუალო სიღრმე 70 სმ იყო და ადვილად თბებოდა. ამდენად ნაპირები ჭაობის მცენარეულობით იყო დაფარული, ეს კი წყალმცურავი ფრინველებისათვის სახარბიელო პირობებს ქმნიდა. ტბის, დაშრობის შემდეგ კი შეიცვალა მცენარეული საფარი და განადგურდა ფრინველთა საბინადრო გარემოც. გადაშენების პირას მყოფი მრავალი ფრინველის სახეობა იყენებდა ხანჩალის ტბას საბინადროდ გამრავლების პერიოდში, ან შესაჩერებლად მიგრაციის დროს. ხანჩალის ტერიტორიაზე აღრიცხული ფრინველთა 91 სახეობიდან ნაწილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშიცაა შეტანილი. 

“წყალჭარბი ტერიტორიები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკოსისტემებია და როგორც წყლის ფრინველთა ადგილსამყოფელებს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. მიგრირებად ფრინველთა უმეტესობა სეზონური მიგრაციების დროს სახელმწიფო საზღვრებს გადაკვეთს და ამდენად ეს სახეობები საერთაშორისო რესურსებად განიხილება”, - ამბობს მაჭარაშვილი და ამატებს, რომ გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადასარჩენად დროებითი თუ ძირითადი ჰაბიტატების შენარჩუნება და დაცვაა უმნიშვნელოვანესი პირობაა. 
 
მცენარეული საფარი

ტბის ფსკერის დამშრალ ნაწილზე ნაირბალახოვანი მარცვლოვანი კულტურებია განვითარებული.

“მცენარეულობა ჩამოყალიბების პროცესშია და სავარაუდოდ, საბოლოოდ აქ რეგიონისთვის დამახასიათებელი მეორადი მარცვლოვანი მდელო ჩამოყალიბდება, - აცხადებს მაჭარაშვილი და დასძენს, რომ ნატბეული ფსკერის ზედაპირი დახეთქილია, ნიადაგის ზედაპირი კი გამომშრალი და გატკეპნილი - “ეს იმაზე მიუთითებს, რომ დამშრალი ტბის ფსკერის ნიადაგი სხვა შემადგენლობისაა და, როგორც ჩანს, აქ განვითარებული მცენარეულობის ბიომასის მოცულობა და ხარისხი და, შესაბამისად, მისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი, საკმაოდ დაბალი იქნება”. 
 
თევზები

უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში ჯავახეთის აბორიგენულმა იქთიოფაუნამ მნიშვნელოვანი დეგრადაცია განიცადა. მაჭარაშვილის თქმით, ეს გამოწვეულია ტბებზე თევზის მეურნეობის განვითარებისათვის არადმგრადი მეთოდების გამოყენებით: “წლების განმავლობაში ხდებოდა კომეციული სახეობის თევზების შემოყვანა ჯავახეთის ტბებში. საბჭოთა პერიოდის პრაქტიკამ, რომელიც სამწუხაროდ, ინერციით დღემდე გრძელდება, თითქმის მოსპო ადგილობრივი თევზის სახეობები: ტბის კალმახი, კავკასიური ქაშაყი, მტკვრის წვერა”. 
 
ჰიდროლოგიური ღირებულება

ჯავახეთის წყალჭარბი ტერიტორია ფასეულია მტკნარი წყლის რესურსებით. მაგალითად დილიფის წყაროები, რომლებიც სათავეს ხანჩალის ტბის დასავლეთით მდებარე მცირე ქედის დასავლეთ კალთებიდან იღებს, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სწორედ ამ წყაროებს იყენებენ სარწყავად და სასმელად ახალქალაქსა და რამდენიმე სოფელშიც.
“ხანჩალის ტბის წყალი, ტუფის ქანებში ფილტრაციის შემდეგ, წყაროების სახით სოფელ დილიფთან ახლოს ციცაბო ფერდობებზე გამოდის. ისინი მდინარე კირხ-ბულახში ჩაედინებიან და წყლით ამარაგებენ ადგილობრივებს”, - გვიხსნის მაჭარაშვილი. 
 
ტბის აღდგენის მცდელობა

2006 წელს, ტბის ბუნებრივი ზომების აღდგენის მიზნით, საქართველოს ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრმა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან დადო კონტრაქტი, ხანჩალის ტბის დამშრალი ნაწილის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მოსახლეობისაგან შესყიდვის-კომპენსაციების გაცემის გეგმის მოსამზადებლად.
1985 წელს ტბის უწყლოდ დარჩენილ ნაწილს ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო მიწებად იყენებდნენ. 1990-იან წლებში კი ტბის დამშრალი ნაწილი მათ კერძო საკუთრებაში გადაეცათ.

ამდენად, პროექტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებდა საველე სამუშაოებს ხანჩალის ტბის ტერიტორიაზე და ადგენდა მიწის ნაკვეთების ოფიციალურ და არაოფიცილაურ მესაკუთრეებს, ასევე ადგენდა ტბის საზღვრებს 1979 წლის მდგოამრეობით, ასევე მიწის ნაკვეთების სამართლებრივ სტატუსს და იმ მოსავლის სახეობებს, რაოდენობასა და ფასს, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოჰყავთ.

დღემდე ხანჩალის ტბაზე არაფერია შეცვლილი. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში კი ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც განსახლების გეგმის ფარგლებში მომზადდა ვერ მოიძეის.

“განსახლების გეგმა”, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია შესასყიდი ფართობის და მოსავლიანობის შესახებ, ჩვენთან შენახული არ არის”, - აცხადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარიკა ლაფაჩიშვილი.

საქართველოს ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის რამაზ გოხელაშვილის განმარტებით კი, როგორც ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა, იმ დროისთვის (2006 წელი) ტბის დამშრალი ნაწილის უმეტესობა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში იყო. საქართველოს ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრმა მიაწოდა ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს და გამოხატა მზადყოფნა, რომ გამოისყიდიდა ტბის ფსკერის ნაწილს კერძო მფლობელებისგან, თუ სამინისტრო მიიღებდა გადაწყვეტილებას ტბის პირვანდელ ზომებში აღდგენის თაობაზე და ამისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების საკითხს მოაგვარებდა: “თუმცა, საკითხის ეთნიკური სენსიტიურობის გამო, გარემოს დაცვის სამინისტრომ თავი შეიკავა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ამიტომ მხოლოდ კერძო მფლობელობაში არსებული მიწების გამოსყიდვამ აზრი დაკარგა”.

გოხელაშვილის განცხადებით, ტბის პირვანდელი სახით აღდგენა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სურვილისა და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი. ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრი დღესაც მზადაა, მოიძიოს თანხები კერძო მესაკუთრეებისგან მიწის გამოსასყიდად თუ, რა თქმა უნდა, გაირკვევა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ბედი: “საჭიროა სამინისტრომ მიიღოს ხანჩალის ტბის აღდგენის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრობლემა ძალიან ადვილად მოგვარდება”.
 
ადგილობრივები

ტბის აღდგენის შემთხვევაში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი გარემოსდაცვითი კავშირი “სამყაროს” დირექტორი და ბიოლოგიის დოქტორი ნანა ზუბაშვილი, რომელიც ხანჩალის ტბის საკითხებთან დაკავშირებით 1997 წლიდან მუშაობს: “ადგილობრივებს დაკანონებული აქვთ მიწები, ამდენად ხანჩალზე გარდა ეკოლოგიურისა მწვავედ დგას სოციალური პრობლემებიც. მით უფრო, რომ აქ ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს. გასულ წელს მოსახლეობა საკმაოდ უკმაყოფილო იყო იმ გაურკვევლობით, რომ არ იცოდა რა იგეგმებოდა ხანჩალის ტბის ტერიტორეიბთან დაკავშირებით”. 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში დამშრალი ტბის ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი თითქმის ყველა ოჯახს აქვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ სასოფლო-სავარგულების მთელ ტეროტორიას 17 ათასი ჰექტარი უკავია.

75 წლის კარაპეტ ესოიანს ტბის დაშრობის შემდეგ ნახევარი ჰექტარი ერგო: “ეს მიწები სახელმწიფომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადმოგვცა და საბუთებით გვაქვს გაფორმებული, მაგრამ სათიბად ვიყენებთ მხოლოდ, კარტოფილი ან სხვა კულუტრები აქ არ მოდის. როცა თოვლი დნება ჭაობდება და იქ ვეღარაფერს გააკეთებ”. 

ესოიანის თქმით, ჯობდა ამ ადგილზე წყალი ყოფილიყო: “თევზით ვისარგებლებდით. ყოველწლიურად ისე ცოტავდება წყლის რაოდენობა, რომ ფეხითაც კი გაივლი, ახლა ტბის სიღრმე 15-20 სანტიმეტრი იქნება, ამდენად თევზიც აღარ არის”.

ადგილობრივების თქმით, ტბის დაშრობიდან დღემდე მიწების სანაცვლოდ მათთვის კონპენსაცია არავის შეუთავაზებია.

“თანახმა ვართ კომპენსაცია ავიღოთ. თუ მანამდე გვყოფნიდა მიწები, სანამ ტბას დააშრობდნენ, მერეც გვეყოფა, - ამბობს პატარა ხანჩალის მკვიდრი 85 წლის ალექსანდრე ესოიანი და ამატებს, რომ უკეთესი იქნება თუ ტბას სულ დააშრობენ და ნინოწმინდამდე გზას გაიყვანენ – რვის ნაცვლად, ნინოწმინდისგან სოფელი, ოთხი კილომეტრით იქნება დაშორებული. აბა რა სარგებელი მოაქვს ამ ტერიტორას, თევზი აქ არაა, ვერც მიწას ვამუშავებთ”.

ტბის დაშრობა დაუშვებლად მიაჩნია დიდ ხანჩალში მცხოვრებ 63 წლის სოსო ხოდერიანს, “რაც ბუნებამ შექმნა ისაა უკეთესი”, მაგრამ ტბის დაშრობის შემდეგ ნინოწმინდაში ზამთარი ისეთი მკაცრი აღარაა: “ადრე დიდთოვლობის გამო სოფლამდე მოსასვლელი გზა იკეტებოდა, ახლ ასე აღარ არის”. 
 
ეკოლოგიური საფრთხე - დამბები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი მიიჩნევს, რომ ტბა პირვანდელ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, თუმცა მანამდე დამბებია აღსადგენი. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ოთხ სოფელში, რომლებსაც ტბა ესაზღვრება – პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, გუნდრიო, დილიფი – შესაძლოა სტიქიური უბედურება დატრიალდეს: “აქ თოვლის ნადნობი წყლები ჩადის. ეს ადგილები წყალკანალის წარმომადგენელთან ერთად არაერთხელ დავათვალიერე, დამბის კედელი ზოგგან სამი მეტრია და ზოგგან 40-50 სანტიმეტრი. თუ ეს გაირღვევა გაზაფხულის პერიოდში ირგვლივ არამხოლოდ საძოვრები დაიტბორება”.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოინახოს წყაროები და თანხა დამბების აღდგენისთვის: “ჩვენი მოძიებული სახსრებით დამბები კუსტარულად, რვასანტიმეტრიანი “ბალკებით” გავამაგრეთ, თუმცა, ეს არი არის საკმარისი”.

ტონოიანის განმარტებით, დამბებს ყოველ გაზაფხულზე აღებენ, რომ წყალმა არ გაარღვიოს და სახლები არ დატბოროს: “ავარიულ მდგომარეობაშია “შლუზებიც”, ანუ ის რითაც დამბები იღება, ამ ყველაფრის გასაკეთებლად კი საკმაოდ დიდი თანხებია მოსაძევი”. 

დამბებს რომ “სასწრაფოდ შველა სჭირდება” ნანა ზუბაშვილი და ირაკლი მაჭრაშვილიც საუბრობენ.

“დროულად უნდა მოგვარდეს ამ ტერიტორიების განაწილების ამბავი, რაც დრო გადის დამბების დანგრევის ალბათობა იზრდება”, - ამბობს ზუბაშვილი. 
“მიწისა და ბეტონის ფილებისაგან აგებული ჯებირი შესაძლოა სულ დაიშალოს და ხანჩალის ულამაზესი ტბის ნაცვლად ატალახებული მინდორი ვიხილოთ”, - აცხადებს მაჭრაშვილი.
 
რამსარის კონვენცია

ასოციაცია სენის, ანუ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ექსპერტის ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, ტბაზე დამბის აშენება დაუშვებელი იყო: “ამან ტბის ბუნებრივი ეკოსისტემების ძლიერი დეგრადაცია გამოიწვია, რაც რამსარის კონვენციით ყოვლად გაუამრთლებელია”. 

1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას “საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ (რამსარის კონვენცია)”. იგი წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა, მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას.

საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა, ამ დროისთვის დამბები ხანჩალზე უკვე ათი წლის აშენებული იყო. თუმცა, კონვენციაზე ხელისმოწერის შემდეგ ხანჩალის ტბისთვის მაინც არაფერი შეცვლილა. რამსარის საიტად კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები გამოცხადდა.

“მაშინ, საქართველოს მეორე წყალჭარბ რეგიონს, ჯავახეთის ზეგანს მოაკლდა ყურადღება. არადა ის, თავისი ტბებითა და ნაირფეროვანი ცხოველთა სამყაროთი, მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიის ნუსხაში შესატან მოთხოვნებს”, - აცხადებს მაჭარაშვილი.
 
უცვლელი ვითარება

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე ჯავახეთის ზეგანზე არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ 10-ზე მეტი პროექტი განხორციელდა:

1995 • GCCW: კვლევითი ექსპედიცია ხანჩალის ტბასა და ჯავახეთის ზეგანზე 
(დაფინანსებულია WWF-International-ის და CUNA Georgica-ს მიერ);

1998-1999 • NACRES: საქართველოს წყალჭარბი ტერიტორიების ფოტოარქივი 
(დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ);

1999-2000 • GCCW: “მიწათსარგებლობა და კონსერვაცია სამხრეთ საქართველოში”
(დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოების სამეცნიერო პროგრამის მიერ);

1999-2001 • NACRES: ჯავახეთის ზეგნის ჭარბტენიანი ეკოსისტემების კონსერვაცია
(დაფინანსებულია რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ);

2001 – მიმდინარე • GCCW: ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების გამოვლენა და კონსერვაცია საქართველოში
(დაფინანსებულია BirdLife International-ის და BirdLife SWitzerland-ის მიერ);

2002 • ევროსაბჭო/ბერნის კონვენციის სამდივნო, ექსპერტთა ჯგუფი: “ზურმუხტოვანი ქსელის შექმნა საქართველოში” (პანევროპული ეკოლოგიური ქსელი)
(დაფინანსებულია ევროსაბჭო/ბერნის კონვენციის სამდივნო მიერ);

2003 • Campester: შევიმუშაოთ რეკომენდაციები და ჩავატაროთ ღონისძიებები სამხრეთ კავკასიის ორნითოფაუნის მრავალფეროვნების დასაცავად 
(დაფინანსებულია REC-Caucasus მიერ);

2004 • ასოციაცია “ორბი” და GCCW: ჯავახეთის ფრინველები
(დაფინანსებულია ბრიტიშ პეტროლეუმის მიერ);

2002-2004 • NACRES: ჯავახეთის ტბების კონსერვაციის ხელშეწყობა
(დაფინანსებულია ბრიტიშ პეტროლეუმის მიერ). 
მათ შორის ერთ-ერთი 2000 წელს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტი – “სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის პლატოს წყალჭარბი ტერიტორიების კონსერვაცია” - იყო.

მაჭრაშვილის განმარტებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი აკმაყოფილებენ რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიის კრიტერიუმებს: “მიღებული მონაცემების მიხედვით, შეიქმნა მათი კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმა. იგი მოწონებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და რამსარის კონვენციის ბიუროს მიერ”. 

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში კიდევ არაერთი პროექტი განხორცილედა, ხანჩალის ტბაზე კი დღემდე რეალურად არაფერი შეცვლილა. თუმცა, ადგილობრივები, ისე როგორც გასული ორი ათეული წელის განმავლობაში, კვლავ ცვლილებების მოლოდინში არიან.

“ორმა სახლემწიფომ იყიდა ტბა, ერთი გერმანიაა, მეორე არ ვიცით. ნაკრძალი უნდა გაკეთდესო, მაგრამ იმასაც ამბობენ აქ აეროპორტის გაკეთებაც იგეგმებაო. უცხოელები ხშირად მოდიან, სურათებს იღებენ. არ ვიცით საბოლოოდ რას იზამენ”, - აცხადებს პატარა ხანჩალში მცხოვრები 73 წლის ლავრენტ ავასიანი.
“იყო ლაპარაკი ამ ზონის ნაკრძალად გადაკეთებაზე”, - ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
 
გამოსავალი


ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის აქ ეროვნული პარკის შექმნის თაობაზე წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს: “პარკი მოიცავს იმ ტბებსა და ჭაობებს, რომლებიც შესულია ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემების კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმაში”.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა ამისათვის 2 მილიონ 250 ათასი ევრო გამოყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა ჯაფარიძის განცხადებით, ჯავახეთში დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს: “გეგმარებით დაცულ ტერიტორიებში მოაზრებულია ეროვნული პარკის და 5 აღკვეთილის დაარსება. აქ შედის ხანჩალის ტბაც”.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი ექსპერტების მიერ ხანჩალის ტბის შეფასების ანგარიშთან მიმართებაში: “შემდეგ დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ანგარიშს განიხილავენ და სწორედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდება ქმედებები ხანჩალის ტბასთან დაკავშირებით - რა დონეზე მოხდება ტბის აღდგენა, მოხდება თუ არა დამბების გამაგრება”.

რაც შეეხება ხანჩალზე საკუთრებაში არსებულ მიწებს ჯაფარიძის განცხადებით, “ჯავახეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების დაპროექტებისას მხედველობაში იქნა მიღებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და მათი საკუთრება. შესაბამისად, გეგმარებით დაცულ ტერიტორიებში არ შედის კერძო საკუთრება”.

როგორ შეიძლება დაცულ ტერიტორიებში არ შევიდეს კერძო საკუთრება, როცა ტბის მიმდებარედ მიწები ადგილობრივებისაა; თუ ტბას აღადგნენ, როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების საკითხს, რის გამოც უკანასკნელი ათი წლის განამვლობაში ხანჩალის ტბასთან დაკავშირებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა; არის თუ არა ინფორმირებული ავარიული დამბებისა და მათი ნგრევით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებზე; რა შეიძლება შეცვალოს ტბის პირვანდელი სახის დაბრუნებამ გარემოში; ან რატომ არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული, თუ რას გეგმავს სახელმწიფო მათ სოფელში მდებარე ტბასთან დაკავშირებით – ამ კითხვებით სამხრეთის კარიბჭემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესსურსების სამინისტროს 13 დეკემბერს მიმართა და 24 დეკემბრამდე პასუხის მიღებას ამაოდ ელოდა.

“კითხვები შესაბამის ადრესატებთან დაგზავნილი გვაქვს, ვეცდებით მელე გიპასუხოთ”, - გვაიმედებდნენ არა ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.

ტბა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველ წელს უფრო და უფრო პატარავდება; დამბების სისქე სამი მეტრიდან 50 სანტიმეტრზეა დასული; რომ აღარაფერი ვთქვათ ბიომრავალფეროვნების განადგურებაზე, რეგიონში იზრდება ეკოლოგიური კატასტროფის მოლოდინი და შიში; დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით კი რა როდის იქნება, ჯერ გარკვეული არ არის. იმ გადაწყვეტილებამდე მისვლას, რომ ჯავახეთში ეროვნული პარკი შემქნილიყო ორი ათეული წელი დასჭირდა, იმედია მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ორი ერთეული წელი მაინც იქნება საკმარისი.

[თამუნა უჩიძე, ნინოწმინდა]

სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10-3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.
 

ხანჩალი — ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ. კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაქსიმალური დონე გაზაფხულის ბოლოსაა, მინიმალური - თებერვლის ბოლოს. გამდინარეა, ქვაბული წარმოქმნილია სინკლინური ჩადაბლების ლავური მაკადით გადაგუბვის შედეგად. ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. წყალი მტკნარია, მოყავისფრო. მარილიანობა - 110 მგ/ლ. ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.
ხანჩალი
კოორდინატები41°15′25″ ჩ. გ. 43°32′55″ ა. გ.
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1928 
სიგრძე 6,5 კმ
სიგანე 2,5 კმ
ფართობი 13,3 კმ²
მოცულობა 6,4 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 0,8 
აუზის ფართობი 182 კმ²


წყარო: http://sknews.ge/
კატეგორია: საქართველოს ტბები | დაამატა: Admin (09.03.2015)
ნანახია: 4129 | კომენტარი: 6 | ტეგები: xanchali, ხანჩალი, xanchalis tba, ორმო, ხანჩალის, ტბა., ნაცვლად, TBA, ტბის, ხანჩალის ტბა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 civilioni   (09.05.2015 07:36:46) [მასალა]
ამ მტავრობს ბუნებაზე ზრუნვა ალბატ მეტიად ზედმეტი ჰგონიატ ალბატ ის კი არ იციან რო ყველა ბუნების წყალობიტ ვარსებობტ და ბუნებაზე ზრუნვა აუცილებელია კაცობრიობისატვის.დროა ტვინი გაანზრიონ. 25

0   Spam
5 chale88   (10.04.2015 21:28:40) [მასალა]
მთავრობაში ვინებიც არიან თავიანთ კეთილ დღეობაზე ფიქრობენ და ბუნება კი კიდიათ ფეხებზე.

0   Spam
4 თამაზი   (07.04.2015 14:45:03) [მასალა]
25 25 25

0   Spam
3 labo   (04.04.2015 13:48:46) [მასალა]
რიტ ვერ გამოცნდა ვინმე რო ყურადგება მიაქციოს ბუნებას

0   Spam
2 Falconry   (10.03.2015 10:31:45) [მასალა]
მართალი ხარ 100% 10

+2  
1 giohunt1982   (10.03.2015 08:19:55) [მასალა]
ხანჩალი უნიკალური ტბა იყო. „პტიჩი ბაზარი„ სულ რამოდენიმე ტბაზე იყო საქართველოში! ახლა კი მხოლოდ პალიასტომზეა!
კომუნისტების სიტუტუცე ყველასთვის ნათელია და ისიც ნათელია, რომ მათგან ჩანადინარის შედეგებს ახლაც ვიმკით!
არც დღევანდელი გარემოს დამცველების ყურებიდან არ ჟონავს ტვინი!
რადგან ყველას და ყველაფრის ინტერესს აყენებენ სამშობლოს ბუნებაზე წინ!
რა ეთნიკური სენსიტიურობა?? რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ იქ??? საქართველო მათი სამშობლო (ადგილი სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და დაიმარხებიან) არ არის?? ჰოდა თუ არის მათაც მოეთხოვებათ მისი დაცვა!
სათიბადაც არ იყენებენ მაგ მიწებს! მარა საკუთრებაში აქვთ და კომპენსაცია ყველას უნდა! იოლი და მუქთა ფული ვის არ უნდა?!
აღკვეთილად, ნაკრძალად გამოცხადებით რომ არაფერი ეშველება ხანჩალის ტბას ამას რა ლაპარაკი უნდა?!
ტყული ფაფხურია! ესენი არაფრის გადამრჩენები და არაფრის ამღდგენები არ არიან! ყველა საქმის კეთებას მუღამი უნდა! ამათ არც ეს მუღამი (ცოდნა) არ გააჩნიათ და არც სურვილი ზედმეტად აიტკივონ თავი!
„სენსიტიურობას" ამოეფარნენ! ტფუ.....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика