ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს რეგიონები და ქალაქები    

არტანუჯი
არტანუჯი
არტანუჯი
08-10-2012
ციხე-ქალაქი არტანუჯი ძველი საქართველოს პოლიტიკურ ცენტრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. არტანუჯი ორ ნაწილად იყოფა - საკუთრივ ქალაქად და აკროპოლისად. აკროპოლისი, ანუ ცენტრალური გამაგრებული ციხე დასავლეთიდან დაჰყურებს ქალაქს. ციხესთან მისასვლელი ჩრდილოეთიდანაა.

არტანუჯს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. უშუალოდ დედაციხე ანუ აკროპოლისი კი სიგრძით 205 მეტრამდეა გადაჭიმული. დედაციხეში განლაგებული იყო სამეფო რეზიდენცია, წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია. წერილობითი წყაროების მიხედვით, აშოტ კურაპალატი სწორედ ამ ტაძარშია დაკრძალული. 


ძველი ქართული საისტორიო ტრადიციით, არტანუჯის ციხის აგება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ჯუანშერის გადმოცემით, ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლიდან დაბრუნებულ ვახტანგს კლარჯეთში ერთი სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი არტანუჯად უხმობდნენ. მეფეს თვალში მოხვედრია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და თავისი ძუძუმტის – არტავაზისთვის ამ ადგილებში ციხის აგება უბრძანებია. ვახტანგის გადაწყვეტილებით, მომავალი ციხე საიმედო პლაცდარმი უნდა ყოფილიყო სამეფო კარისთვის. "უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, - უთქვამს ვახტანგს თავისი ძუძუმტისთვის, - საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს". არტავაზმაც მალე შეასრულა ვახტანგის ბრძანება და "აღაშენა ციხე არტანუჯისა". ამიერიდან არტანუჯი ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი გახდა.

არტანუჯის დაწინაურებას, ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული მონაცემების გარდა, ხელი შეუწყო ასევე მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც. იგი სამხრეთ საქართველოს რამდენიმე მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებარეობდა. არტანუჯთან თავს იყრიდა როგორც შიდარეგიონული, ისე ტრანსსახელმწიფოებრივი გზები. შავი ზღვის ნავსადგურებიდან მომავალი გზა არტანუჯის გავლით არტაანში გადადიოდა, აქედან კი ერთი განშტოება ყარსით (ქართ. კარი) ანისისკენ მიემართებოდა, მეორე კი - მტკვრის ხეობით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის შიდა რაიონებისკენ. არტანუჯიდან გზები მიდიოდა ასევე ტაოსა და შავშეთისკენ. შესაძლებელია არტანუჯის ადგილას თავდაცვითი ნაგებობა ვახტანგ გორგასლამდეც არსებულიყო, ვინაიდან ასეთი სტრატეგიული პუნქტი შეუძლებელია V საუკუნის II ნახევრამდე შეუმჩნეველი დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ამ ადგილების საფუძვლიანი არქეოლოგიური გათხრები დღემდე არ წარმოებულა და სათანადო მასალის არქონის გამო, ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდად რჩება.

VIII საუკუნის 30-იან წლებში არტანუჯის ციხე სასტიკად ააოხრა მურვან ყრუმ. არაბებმა მთლიანად მოსპეს და დააქციეს იგი. ამის შემდეგ არტანუჯის სანახები მრავალი ათწლეულის განმავლობაში სრულიად მიტოვებული და გავერანებული იყო. როგორც ძველ მატიანეებშია აღნიშნული, არტანუჯის ციხე ძირფესვიანად დანგრეულა, ხოლო მისი მიდამოები ტყით დაფარულა.

არტანუჯის ციხეს იმდენად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა, რომ მას ასე უკვალოდ გაქრობა არ ეწერა. IX საუკუნის დასაწყისიდან იწყება არტანუჯის აღორძინება და იგი სამხრეთ საქართველოს ცენტრად მოგვევლინა. ეს პროცესი დაკავშირებულია აშოტ I კურაპალატის ტაო-კლარჯეთში დამკვიდრებასთან, სადაც მან ახალ ქართულ პოლიტიკურ ერთეულს ჩაუყარა საფუძველი. 

IX-X საუკუნეები ქალაქი არტანუჯისთვის აღმავლობის ხანაა. მან დაიბრუნა ძველი დიდება და რეგიონში ძლიერ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურმა პროცესებმა, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურმა აღმავლობამ, გეოგრაფიულმა ფაქტორმა და სხვ. X საუკუნის შუა ხანებისთვის არტანუჯი იმდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამიერკავკასიის ცხოვრებაში, რომ მის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913-959) თავის თხზულებაში De Administrando imperio. იგი აღნიშნავს: "ადრანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა. აქვს დიდი რაბათიც და დაბა-ქალაქიც: და იქ მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, და არმენიისა და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდის. ადრანუჯის ციხის მიწა-წყალი, ე.ი. არზენი, დიდია და ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს".

არტანუჯის ასეთი მნიშვნელობის გამო იგი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. X საუკუნის I ნახევარში გურგენ ერისთავთერისთავმა (გარდაიცვალა 941 წელს) აშოტ პატრიკს, კისკასს (გარდაიცვალა 939), ფაქტობრივად, არტანუჯის ციხე წაართვა, იურიდიულად კი იგი ყველის ციხეში გაუცვალა. გურგენ ერისთავთერისთავისა და მაგისტროსის გარდაცვალების შემდეგ არტანუჯი სუმბატ არტანუჯელის (გარდაიცვალა 889) შვილიშვილს, ერისთავთერისთავ სუმბატს (გარდაიცვალა 988) ერგო. ამიერიდან, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ციხე-ქალაქი არტანუჯი ბაგრატიონთა ამ შტოს ხელშია. ქართულ წყაროებში სუმბატი ერისთავთერისთავის შთამომავლები "კლარჯ ხელმწიფეებად" იხსენიებიან. ფაქტობრივად, ისინი კლარჯეთის დამოუკიდებელ სამთავროს განაგებდნენ.

X-XI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს ჩაეყარა ბალავარი სამეფო-სამთავროებად დანაწილებულ საქართველოს ერთიანობას. ბაგრატ III (975/978-1014 წწ.) მოთავეობით დაწყებულმა საქართველოს გაერთიანების პროცესმა ორი ათასწლეულის მიჯნაზე ამიერკავკასიაში ახალ, პოლიტიკურად მზარდ გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. არტანუჯი და საერთოდ, კლარჯეთი დასაწყისში მთელი ამ მოვლენების მიღმა აღმოჩნდა, ვინაიდან ამ რეგიონში "კლარჯი ხელმწიფენი" ბატონობდნენ. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამეფო კარის წინაშე უკვე მწვავედ დადგა ამ დამოუკიდებელი სამთავროს გაუქმების აუცილებლობის საკითხი. ბაგრატ III-მ მიიღო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება: 

დაახლოებით 1011 წელს მეფემ ფანასკერტის ციხეში სტუმრად მიიწვია თავისი მამიდაშვილები სუმბატ არტანუჯელი და მისი ძმა გურგენი. დარბაზობისას "აფხაზთა და ქართველთა" მეფემ "კლარჯნი ხელმწიფენი" შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც გარდაიცვალნენ კიდეც. ბაგრატ III-მ სულ მალე აიღო არტანუჯის ციხე და მთელ კლარჯეთს დაეუფლა. ბიზანტიაში გაქცევა მოახერხეს მხოლოდ ბაგრატ სუმბატის ძემ და დემეტრე გურგენის ძემ. "კლარჯ ხელმწიფეთა" ოჯახის დანარჩენი წევრები სამეფო კარმა ამოწყვიტა. კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ბაგრატ III-ის ინიციატივით დაარსდა არტანუჯის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი იოვანე აბუსერისძე გახდა.

XI საუკუნის I ნახევარში არტანუჯის საერისთავოს განაგებდა აბუსერისძეთა გავლენიანი საგვარეულო. 1046 წელს კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა ხელთ იგდო ციხე-ქალაქი არტანუჯი. თითქმის ათ წელიწადს არტანუჯი ბაღვაშთა ხელში იმყოფებოდა. 1055 წლისთვის, კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტის დაპატიმრებისა და საქართველოდან გაძევების შემდეგ, მეფემ სასწრაფოდ დაიბრუნა არტანუჯის ციხე და იგი სამეფო ქალაქად აქცია. 
XII საუკუნის 10-იან წლებში ტაოდან და კლარჯეთიდან თურქ-სელჩუკთა განდევნის შემდეგ ქალაქმა არტანუჯმა კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება. იგი უწინდებურად სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.

XIII საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა, თავისთავად, არტანუჯელთა მშვიდობიანი ცხოვრებაც დაარღვია. ამავე საუკუნის მიწურულიდან არტანუჯი ჯაყელთა მფლობელობაშია. XIV საუკუნეში ვითარება იცვლება და არტანუჯი და ყოფილი არტანუჯის საერისთავოს რამდენიმე სოფელი მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილებაში გადავიდა. 

XV საუკუნის შუა ხანებში სამცხე-საათაბაგოს მმართველ ყვარყვარე II ათაბაგის დროს დაიწყო ქართული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. ათაბაგმა არტანუჯი მცხეთის საკათალიკოსოს დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და თავად დაიქვემდებარა. 

XV საუკუნის დასაწყისში საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად უკვე რეალური ფაქტი იყო. სამცხე-საათაბაგო ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ელემენტად ჩამოყალიბდა. არტანუჯი ჯაყელთა ერთ-ერთ ციხე-ქალაქად იქცა. XV საუკუნის დასაწყისში სამცხე-საათაბაგოში უკვე პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯაყელთა საგვარეულოს წევრები. ამით ისარგებლეს თურქ-ოსმალებმა და სამხრეთ საქართველოს დაპყრობა დაიწყეს. 

ერზრუმის მმართველმა ისქანდერ-ფაშამ 1551 წელს კლარჯეთისთვის ბრძოლა წამოიწყო და გაზაფხულზე არტანუჯის ციხეს შემოეჯარა. 22-დღიანი (სხვა მონაცემებით, 33-დღიანი) ალყის შემდეგ თურქებმა 1551 წლის 13 ივნისს (სხვა მონაცემებით, 13 მაისს) არტანუჯი აიღეს. ამიერიდან კლარჯეთი სამ საუკუნეზე მეტხანს თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. არტანუჯისა და საერთოდ, აჭარის, შავშეთ-კლარჯეთის, კოლა-არტაანის, ტაოს ჩრდილოეთი ნაწილის (ოლთისის უბნის) რუსეთის იმპერიის მიერ შემოერთება 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა. ეს ფაქტი სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად.

რუსეთთან შეერთების წინა პერიოდში არტანუჯი პატარა ქალაქი იყო. 
1920 წლის 7 ივლისს ბათუმში ქართული საჯარისო ნაწილები შევიდა და მთლიანად ე.წ. "ბათუმის ოლქი" დაიკავა. ციხე-ქალაქი არტანუჯი ზუსტად 368 წლის მონობის შემდეგ ისევ დედასამშობლოს დაუბრუნდა, ხალხი დიდი ზეიმით შეხვდა ქართული ჯარის შემოსვლას. ბორჩხაში, ართვინში, არტანუჯში მოსახლეობა პურმარილით ეგებებოდა თანამოძმეებს. რვა თვეს ტაო-კლარჯეთის დედაქალაქი ისევ ქართულ ქალაქს, მცირე ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს სამხრეთიდან თურქეთი, ხოლო დასავლეთიდან, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთიდან რუსეთი შემოესია. 23 თებერვალს, ორი დღით ადრე, ვიდრე წითელი არმია თბილისს დაიკავებდა, თურქებმა არტაანი, არტანუჯი და ართვინი დაიკავეს. დაიწყო მოლაპარაკება თურქებისთვის ბათუმის გადაცემაზე. აშკარა იყო, რომ თურქეთი და რუსეთი ერთობლივად მოქმედებდნენ. საბოლოოდ, სამხრეთ საქართველოს ბედიც ამ ორმა სახელმწიფომ განსაზღვრა. მოსკოვში, რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ თურქეთი დაიკავებდა არტაანს, ართვინსა და ყარსს, ხოლო რუსეთს "წილად ხვდა" აჭარა ქალაქ ბათუმითურთ.

1921 წელს საქართველომ კიდევ ერთი შანსი დაკარგა ძირძველი ქართული მიწების შემომტკიცებისა.
ციხე-ქალაქი არტანუჯი კვლავ თურქეთის შემადგენლობაში დარჩა. 
არტანუჯის დაკავებისთანავე თურქებმა მას სახელი შეუცვალეს და "ადაკალე" დაარქვეს. XX საუკუნეში არტანუჯის სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა. 1921-1945 წლებს შორის ართვინის ვილაიეთში შედიოდა არტანუჯის ნაჰიე. 1945 წლის 1-ელ აგვისტოს თურქეთის მთავრობამ რეგიონების ილჩეებად ანუ რაიონებად დაყოფა შემოიღო. შეიქმნა არტანუჯის ილჩე, რომლის პირველი ცენტრი მცირე ხნით იყო სოფელი თუთუნლუ. 1948 წლიდან რაიონის ადმინისტრაცია ადაკალეში ანუ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბინავდება. XX საუკუნის შუა ხანებში თურქეთის ქალაქებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი. ეს ტენდენცია არტანუჯსაც შეეხო, სადაც ძველი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე არტანუჯისწყლის ნაპირზე თანამედროვე ქალაქი წამოიმართა. 1952 წლიდან რაიონული ცენტრი სწორედ ამ ნაწილში გადაიტანეს, დღემდე სადაც მდებარეობს. 

ციხე-ქალაქ არტანუჯში დრო-ჟამმა უამრავი ხუროთმოძღვრული ძეგლი თუ ისტორიული ნივთი გაანადგურა. XIX საუკუნის დამდეგს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო არტანუჯში ძველი ქართული ხელნაწერების პოვნა. 1833 წელს გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" ანდერძ-მინაწერით ვიგებთ, რომ ეს წიგნი არტანუჯიდან წამოუღია გიორგი თუმანიშვილს. 1886 წელს ციხესთან XVI საუკუნის ზარი იპოვეს ასომთავრული წარწერით. ამის თაობაზე ქართული პრესა წერდა, ეს ზარი მაშინდელი ქართული საეკლესიო მუზეუმისთვის გადაუციათ. დღეისთვის არტანუჯის სიძველეებიდან ძირითადად გამოსაყოფია აკროპოლისი, იქ არსებული ნაგებობებით – სასახლის ნაშთებით, წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიით. უშუალოდ ქალაქში კი შემონახულია ქალაქის მთავარი ტაძრის ნანგრევები, გალავნის ნაშთები, XVI საუკუნის მეჩეთი და XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობები. 

როგორც ზემოთ ითქვა, აკროპოლისი დასავლეთიდან დაჰყურებს ქალაქს. ციხესთან მისასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. არტანუჯის დედაციხე საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან-სამხრეთით 205 მეტრამდე მერყეობს. სიგანე აკროპოლისს სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა აქვს. შუა ნაწილში ერთ ადგილას იგი 53 მეტრამდეც აღწევს, ჩრდილოეთ სექტორში 30 მეტრამდე, სამხრეთში კი, სასახლის ნაშთების მიდამოებში, 20-25 მეტრამდე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობისას დაახლოებით 122 მეტრში იწყება სამეფო რეზიდენციის ნაშთები. ციხის დანარჩენი ნაწილისგან მეფის სასახლე, როგორც ჩანს, გალავნით გამოიყოფოდა. ამ კედლის დარჩენილი ნაწილიდან დაახლოებით 27 მეტრში სამეფო სასახლის ნაშთებია შემორჩენილი. ნაგებობას შესასვლელი აღმოსავლეთ მხრიდან აქვს. მისი ზომებია 10X9 მ. არტანუჯის ციხის ხილვისთანავე შეუძლებელია არ გაიფიქრო, როგორ და რა ხერხით შეიძლებოდა ამ ზვიადი ციტადელის აღება? მართლაც რომ არტანუჯი ურთულეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენს. მაგრამ ყველა ციხეს აქვს თავისი აქილევსის ქუსლი. არტანუჯისთვის ეს იყო უწყლობა. მეციხოვნეები იძულებული იყვნენ, მასიურ კლდეებში გვირაბები გაეყვანათ, რათა წყალზე ჩასასვლელი ჰქონოდათ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მთებიდან ციხეში გამოყვანილი ყოფილა წყალი, რომლის მილები დროთა განმავლობაში დაზიანებულა და აკროპოლისზე წყალიც დამშრალა. 

ქალაქ არტანუჯში, ქვედა ციხეში, როგორც ითქვა, აღმართული იყო მთავარი გუმბათოვანი ტაძარი, რომლის მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი კედლის ნაწილიღაა შემორჩენილი. ეს ეკლესია IX-X საუკუნეებში უნდა იყოს ნაგები. იგი საგანგებოდ მოსწორებულ კლდოვან კონცხზე აუშენებიათ, რომელიც მდინარის ხეობას გადაჰყურებს. 

ქალაქს საერთო "მაცივარიც" გააჩნდა. არტანუჯისწყლის ხეობაში არსებულ გამოქვაბულებს მოსახლეობა საყინულედ იყენებდა. ამ ბუნებრივი მაცივრებიდან ერთი ნაწილი შუა საუკუნეებში სამეფო კარის, ან ციხე-ქალაქ არტანუჯის ხელისუფალთა კუთვნილება უნდა ყოფილიყო. სწორედ აქ ინახავდა ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სახის პროდუქტს და რაც მთავარია, მეფისა თუ დიდებულის სუფრისთვის საჭირო ყინულის მარაგს.

ამჟამად არტანუჯის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს ქალაქის ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად გადაქცევას. ქალაქის მესვეურთ ახალი რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის შექმნის სურვილი აქვთ. იმედია, თურქეთის ხელისუფლება იზრუნებს არტანუჯში არა მარტო ტურიზმის განვითარებაზე, არამედ, იმავდროულად, ქალაქის წარსულის კვლევასაც ხელს შეუწყობს. 

ჯაბა სამუშია
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”


წყარო: http://www.kvirispalitra.ge/history/14061-artanuji.html
კატეგორია: საქართველოს რეგიონები და ქალაქები | დაამატა: Admin (18.11.2012)
ნანახია: 2310 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giohunt1982   (22.11.2012 19:19:51) [მასალა]
166 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика