ჭიათურის მაღაროების ბაგირგზა.ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, ჭიათურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები).
ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები "ჯარბელა", კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.
ჭიათურიდან და ჭიათურის რაიონიდან იყვნენ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწენი: ვასილ წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, იოსებ წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, გიორგი (ვასილის ძე) წერეთელი, თინათინ წერეთელი, ბაბო წერეთელი, ნიკოლოზ (ნიკუშა) წერეთელი, თამარ წერეთელი, გრიგოლ (დავითის ძე) აბაშიძე, გრიგოლ (გრიგოლის ძე) აბაშიძე, ანდრო ბიწაძე, ივანე ბიწაძე, შალვა ბიწაძე, ვახტანგ გომელაური, ბესარიონ ჟღენტი, გიორგი ჭოღოშვილი, ბორის ხვედელიძე, გიორგი გველესიანი, იოსებ ყიფშიძე, დავით გამეზარდაშვილი, კონსტანტინე ფაღავა, ყარამან ფაღავა, ირაკლი ფაღავა, სიმონ ყიფშიძე, გიორგი აბაშიძე, გრიგოლ ფხალაძე, პეტრე გელბახიანი, კონსტანტინე მოდებაძე, დავით გამრეკელი, გიორგი დეკანოზიშვილი, ელეფთერ ღვალაძე, ვარლამ ღვალაძე, ევგენ ღვალაძე, აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ვაშაძე და სხვანი; ქართული კულტურის მეცენატები: ვლადიმერ (ლადი) წერეთელი, გრიგოლ (ჯიბო) აბაშიძე და სხვ.
: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
მღვიმევის მონასტერი
მღვიმევის დედათა მონასტერი, მდებარეობს მდ. ყვირილის ხეობაში, ჭიათურის რაიონის სოფელ მღვიმევის მადლობლად, თუმცა მასში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი.
ჭიათურიდან მონასტრისაკენ მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეოს დიდი ბუნებრივი მღვიმე (სწორედ ამითომ ჰქვია ამ ადგილს მღვიმევის მონასტერი), სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელ იეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოშ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!