ჭაჭუნას აღკვეთილი წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნას სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.
ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნას აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის, მის აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურ ზონას მოიცავს მტკვრის მთათაშუა ღრმულის ფარგლებში და მოლასური ნალექებითაა წარმოდგენილი. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზედ სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.
აღკვეთილის ტერიტორიაზე მდინარე იორი 24 ჰექტარის ფართობის ჭაობებსაც ქმნის. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური, ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,5 გრადუსი, ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 გრადუსია. აღკვეთილისთვის რუხი ყავისფერი, ალავიური, შავმიწა და დამლაშებული ნიადაგებია დამახასიათებელი.
ჭაჭუნას აღკვეთილში საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორაა. მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ჭალის ტყეებში აბსოლუტური დომინანტი მთრთოლავი ვერხვია. ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე – საღსაღაჯი და წნორი. არიდული ნათელი ტყეების შექმნაში საკმლის ხე, ღვიის რამდენიმე სახეობა, წითელი კუნელი, მუხა, პანტა და აკაკი მონაწილეობენ. მდინარის სანაპირო ზოლში და ივრის მიერ დაჭაობებულ ადგილებში ლელი და ლერწამი გვხვდება.აქ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ და ენდემურ სახეობებს ვხვდები, ასეთებია: ქართული ზამბახისა და ეიხლერის ტიტას უმშვენიერესი ყვავილობა იხილოთ.
მრავალფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნას ფაუნა. მწერებიდან მრავლად არიან კალიასებრნი. გავრცელებულია ფალანგა და მორიელი.
ქვეწარმავლები დან ხმელთაშუაზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება.
Aაქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შესული. ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. მნიშვნელოვანია ჭაჭუნა ულამაზესი ფრინველი დურაჯის პოპულაციითაც.
ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა , ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს. მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ აღკვეთილში ჯერ კიდევ ცხოვრობს უნიკალური და იშვიათი ცხოველი ზოლებიანი აფთარი.
ჭაჭუნას აღკვეთილში არის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: ადრე შუა საუკუნეების ხორნაბუჯის ციხექალაქის ნანგრევები, მეთერთმეტე საუკუნის ოზაანის ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი და მეთვრამეტე საუკუნეში კახეთის მეფე ერეკლე მეორის მიერ საქარავნო გზათა გზაჯვარედინზე აგებული, მთლიანად გალავანშემოვლებული და თითქმის პირვანდელი ფორმით დღევანდელობას მოღწეული ქალაქი ქიზიყი – გალავანში ჩაშენებული 23 კოშკითა და 5 კარიბჭით.
აღკვეთილის ტერიტორიაზე განვითარებულია ბოტანიკური, ფოტო და ეკოლოგიური ტურები, იშვიათად ხდება გარეულ ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვება. ჭაჭუნის აღკვეთილში არის კომფორტული, ცივი და ცხელი წყლით უზრუნველყოფილი სასტუმრო-სახლი, რომლის დაჯავშნა შესაძლებელია აღკვეთილის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ან ტურისტული სააგენტოების მეშვეობით. რამდენიმე კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო
არსებობს დედოფლისწყაროშიც.