რომელ ასაკში ხდება ცხოველებში ალერგიის პირველადი გამოვლინება და როგორ გავუხანგრძლივოთ მათ სიცოცხლე კომფორტულად და მშვიდად
თუ ოჯახში ძაღლი გყავთ, ზამთრის პერიოდში უნდა შეეცადოთ, მისი ჯანმრთელობა განსაკუთრებით დაიცვათ გაუთვალისწინებელი უსიამოვნო შემთხვევებისგან, რადგან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ალერგია და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: გარემოს დაბალი ტემპერატურა განსაკუთრებული მოქმედებით ხასიათდება ცხოველის ორგანიზმზე. ეს მოქმედება შეიძლება, გამოიხატოს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის განვითარებით, ასევე, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების გამწვავებით.
– კერძოდ, რომელ დაავადებებს გულისხმობთ?
– ამ დროს ძალიან ხშირად ვითარდება სასუნთქი სისტემის რესპირატორული, ასევე, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. აღნიშნული სისტემების დაავადებათა განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული გარემოს დაბალ ტემპერატურაზე, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან გაძლიერებულია სითბოს გაცემა და ორგანიზმის გაციება სითბოს გაცემის ხარჯზე ხდება, რადგან სითბოს პროდუცირება გაცილებით ნაკლებია მის გაცემაზე.
– რას უნდა მივაქციოთ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება?
– ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძაღლის ბეწვის საფარველს, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია თერმორეგულაციასთან. ამიტომ, ცივი სეზონის დადგომასთან ერთად პირველ ყოვლისა, უნდა მივხედოთ და მოვაწესრიგოთ ძაღლის ბეწვის საფარველი, მით უფრო, თუ მას ეზოს ან ვოლიერის პირობებში ვაცხოვრებთ. უნდა მოხდეს მათი საგულდაგულო დავარცხნა, გაკრეჭა და გასუფთავება, რადგან მოუვლელი ბეწვის საფარველი არათუ დაიცავს ცხოველს გარემოს დაბალი ტემპერატურისგან, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს მის ზემოქმედებას. მოუვლელი, დუვარცხნელი და ჭუჭყიანი ბეწვის საფარველი სითბოს კარგი გამტარია, რაც განაპირობებს ორგანიზმიდან სითბოს დიდი რაოდენობით გაცემას.
ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს კანის საფარველის მდგომარეობასაც, რადგან, დაზიანებული კანის საფარველი ვერ განაპირობებს სხეულის დაცვას არა მარტო გარემოს დაბალი ტემპერატურის, არამედ, სხვადასხვა დაავადებისგან, რაც განსაკუთრებით მწვავდება აღნიშნულ პერიოდში. ამ დროს ხშირია ისეთი ალერგიული დაავადებების განვითარების ალბათობა, როგორიცაა, მაგალითად, ატიპური დერმატიტები.
ალერგია მეორეა თავისი გავრცელების მიხედვით. როგორც წესი, აღნიშნული ტიპის ალერგიების პირველადი გამოვლინება ხდება 10 თვიდან 3 წლის ასაკამდე.
– რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
– მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ოთახის მტვერი, საკვები და ასე შემდეგ. რეაქციის გამოსაწვევად მათი მიკროდოზაც საკმარისია. რადგან ჩვენ ვერ გავუკეთებთ ცხოველს იზოლაციას გარე სამყაროსთან, ამოტომ, საჭიროა ცხოველის მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ალერგიის ბოლომდე განკურნებას ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ, შეგვიძლია, შევურჩიოთ ისეთი მკურნალობა, რომელიც შეუმსუბუქებს ძაღლს მდგომარეობას და გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.
ყველა ტიპის ალერგიის კლინიკური ნიშნები ძალიან რთული და მრავალფეროვანია. ეს არის ქავილი, სიწითლე და გამონაყარი, რაც მიუთითებს არა მარტო ალერგიაზე, არამედ თანმდევ ბაქტერიალურ ინფექციაზე. ალერგიების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია ზურგის, გავისა და კუდის დაზიანება. იმის გარკვევა, თუ რა ბუნებისაა ალერგია, გარეგნული ნიშნებით საკმაოდ რთულია.
– რას ურჩევთ ძაღლის პატრონს ასეთ დროს?
– ალერგია რომ არ გართულდეს და თქვენს ძაღლს სერიოზული პრობლემა არ შეექმნას უყურადღებობის გამო, საჭიროა, როგორც კი მას ნებისმიერი სახის გამონაყარს, სიწითლეს ან ქავილს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ აჩვენოთ ვეტერინარს, რომელიც დიაგნოზს დასვამს, დაადგენს სახის ალერგიის ტიპს და დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობასა და დიეტას.
თუ ყველა ზემოთ აღნიშნულ რჩევას ზედმიწევნით გულდასმით გაითვალისწინებთ და ძაღლს შეუქმნით კარგი მოვლა-შენახვის პირობებს წელიწადის ცივი პერიოდისთვის, ამით მას შეუნარჩუნებთ სიცოცხლეს და გაუხანგრძლივებთ ჯანმრთელობას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!