არსებობს სამი სახის სისხლდენა: 1)
სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია. პირველი დახმარება
იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი
უფერო სითხით და შევახვიოთ სუფთა ქსოვილით. 2) სისხლი ბევრია. ამ დროს
არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად
გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს,
ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ!) და
ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.
3) ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან
სწრაფად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეს
(ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) უნდა დააწვეთ, შემდეგ კი ლახტი
დაადოთ. არტერიაზე ზეწოლის ადგილებია: მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი. ლახტის დადების წესი: ლახტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადებენ, რადგან ის ხშირად შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ. ლახტის დასადები ადგილი ტანსაცმლით უნდა იყოს დაფარული. თუ ჭრილობის ადგილი შიშველია, ლახტს ქვეშ რამე ქსოვილი უნდა დავუფინოთ. პირველი
ნახვევი მჭიდრო უნდა იყოს (შეძლებისდაგვარად უნდა დამაგრდეს), შემდეგ
ლახტი იჭიმება და ჭრილობის არეს დამატებით ედება 3-4-ჯერ (ლახტის მაგივრად
შეიძლება გამოყენებულ იქნეს თოკი, ქამარი და სხვა). ლახტი სწრაფად ედება, მაგრამ იხსნება ნელა, თანდათანობით. დაშავებულს შუბლზე უნდა დაეწეროს (ნებისმიერი საშუალებით) ლახტის დადების თარიღი და დრო (რიცხვი, საათი, წუთი). ლახტი
ზამთარში ერთი, ზაფხულში კი ორი საათით ედება. შემდეგ 5-10 წუთით უნდა
მოვუშვათ და თავდაპირველი ადგილიდან ოდნავ ზემოთ დავადოთ. ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს. შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი - სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება. ლახტის
დადების შემდეგ დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანოთ ექიმთან. თუ
დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეგიძლიათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. რა არ უნდა გავაკეთოთ: ჭრილობაში ხელი არ ჩავყოთ. ჭრილობიდან
არაფერი ამოვიღოთ. თუ ჭრილობიდან გამოჩრილია უცხო სხეული, ვეცადოთ, ის
მაქსიმალურად დავაფიქსიროთ (ნახვევი დავადოთ გამოჩრილი უცხო სხეულის
ირგვლივ). სისხლით გაჟღენთილი ნახვევი არ მოვხსნათ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!