ფირმის სრული სახელწოდებაა „აგირე და არანსაბალი“ (AGIRRE & ARANZABAL), 1970 წელს „აია“-მ თავისი წარმოების ოთხი საუკეთესო მოდელი წარმოადგინა, მათ შორის „იბერია“ - ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი... ინფორმაციას გვაწვდის ოთარ ლომთაძე.
ესპანური წარმოების იარაღი:
ესპანეთში თანამედროვე საიარაღო მრეწველობის ჩამოყალიბებამდე, იარაღის წარმოება ორ ადგილას იყო თავმოყრილი - სამხრეთით ტოლედოში, სადაც ცივი ჭედვის იარაღის წარმოებას მისდევდნენ და ჩრდილოეთით ბასკებთან, სადაც ცეცხლსასროლ იარაღს ამზადებდნენ.
ესპანეთში, ქალაქ ეიბარის მიდამოებში, უხვად მოიპოვება რკინის მადანი, რომელიც გოგირდისა და ფოსფორის მინარევებს ნაკლებად შეიცავს. ამიტომ აქ წარმოებული თოფები ლულების სიმტკიცით გამოირჩევა. სწორედ ამის გამო, ევროპაში უფრო ხშირად ესპანურ იარაღს იყენებდნენ.
თანამედროვე ესპანეთში სანადირო თოფების ძირითად მწარმოებლებად კვლავ ბასკები რჩებიან.
იარაღის წარმოებით ესპანეთის ყველაზე პოპულარული ქალაქია ეიბარი, სადაც 70-მდე ქარხანა მუშაობს და საკმაოდ ხარისხიან თოფებსაც უშვებს.
დროთა განმავლობაში ესპანეთის საიარაღო მრეწველობამ მოდერნიზაცია განიცადა და შეიქმნა მეიარაღეთა გაერთიანება DIARM, რომელმაც 20 საიარაღო ფირმა გააერთიანა და დაიწყო საშუალო და დაბალი ფასის სანადირო თოფების წარმოება.
ესპანური საიარაღო ფირმებიდან აღსანიშნავია სამი კომპანია:„ვიქტორ სარასკეტა“ - თოფები მხოლოდ ესპანურენოვანი ხალხისთვის.„უგარტეჩეა“ - ესპანეთის ბაზრისთვის საუკეთესო სანადირო თოფების მწარმოებელი. „აია“ - ფირმა, რომელიც პროდუქტს, ძირითადად, ამერიკისა და ინგლისის ბაზრისთვის ქმნის.
იარაღის ფირმა „აია“:
ფირმის სრული სახელწოდებაა „აგირე და არანსაბალი“ (AGIRRE & ARANZABAL).
1913 წელს მეიარაღეებმა მიგელ აგირემ და ავგუსტინ არანსაბალმა საიარაღო კომპანია დააარსეს, სადაც 5 000 კაცი მუშაობდა და წელიწადში 20 000 თოფს ამზადებდა.
„აია“-ს დაარსებიდან დღემდე გამოშვებული აქვს 500 000 თოფი, რომლის იმპორტიც 25-მდე ქვეყანაში ხდება.მისი ძირითადი გასაღების ბაზარი აფრიკა და ინდოეთია.
ასევე, ინგლისელი მონადირეების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ „აია“-ს პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.
1970 წელს „აია“-მ თავისი წარმოების ოთხი საუკეთესო მოდელი წარმოადგინა:„კოსმოსი“ - ცალლულა თოფი, „კორალი“ - ბოკფლინტი, „37 სუპერი“ - ბოკფლინტი და „იბერია“ - ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი.
„აია“-ს თანამედროვე წარმოება მაღალი კლასის სრულსაკეტებიან სანადირო თოფებს ლულების ჰორიზონტალური განლაგებით უშვებს.
ასევე, მის ნაწარმში გვხვდება ორი ბოკფლინტი, რომლებიც სრული ასლებია იარაღისა „მერკელი - 201 E“ და „მერკელი - 303 E“.
„აია“-ს თოფებს მსოფლიოს სახელმოხვეჭილი მეიარაღეებისგან შემდეგი დახასიათება აქვს: „ფირმის პროდუქცია საუკეთესო ევროპული დონისაა, ატარებს ძვირფასი თოფის ნიშნებს და ძალიან გამძლეა“.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!