სხეული წაგრძელებულია, თავი დიდია, გრძელი, შეტყლეჟილი დინგით. პირი დიდი, შეადგენს თავის სიგრძის ნახევარს. ქვედა ყბა წინაა წამოწეული. კბილები ყბათაშორისზე, ქვედა ყბაზე (ძლიერი), სასაზე, სახნისსა და ენაზეა. ლაყუჩის კბილაკები ბორცვაკისებრია. ზურგის ფარფლი მდებარეობს საკმაოდ უკან.
შეფერილობა ძირითადად მომწვანო-ნაცრისფერია, მოყვითალო-ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი; ზურგი მუქია, გვერდები ყვითელი, მსხვილი მუქი მომწვანო, ყომრალი ან მოშავო ლაქებით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო-ნაცრისფერია, მოწითალო-ყომრალი ელფერით და დიდი ყომრალი ან მოშავო ლაქებით.
სიგრძე 1-1,5 მ-მდე, წონა 16-24 კგ-მდე.
გავრცელება.
ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჩოლოქი, ნატანები, სუფსა, რიონი, ფიჩორა, ხობი, ოჩხამური, ჭურია, ენგური, კოდორი, შავწყალა; ტბები: პალიასტომი, ჯაპანის, სკურჩია, ბებესირი;
ბიოლოგია.
მტკნარი წყლის თევზია, ეგუება მომლაშო წყლებსაც. ბინადრობს მდინარეებში, ტბებში. ამჯობინებს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებით და წვრილი ფრინველებით, ხოლო ლიფსიტები ნახევარ წლამდე - წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით - კიბოსნაირებით, ფარვანებით და სხვ.
სქესობრივად მწიფდება 3-4 წლიდან. ტოფობს მარტ-აპრილში, წყლის 3-6 გრადუს ტემპერატურის დროს.
საქართველოში მცირე რაოდენობით მოიპოვება. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ქვირითს. ამზადებენ კონსერვს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!