ინდური კობრა ანუ სათვალიანი გველი - შხამიანი გველი ასპიტისებრთაოჯახისა.სხეულის სიგრძე აღწევს 160-180 სანტიმეტრს. მომრგვალი თავი გადადის მკვრივ სხეულში. თვალები არცთუ ისე დიდია, მორგვალო ფორმის გუგებით. თავი ზემოდან დაფარულია მსხვილი ფარებით. ზედა ყბის წინა ნაწილზე მდებარეობს 2 წვრილი საშხამე ეშვი, რომელთაც მოსდევს კიდევ 1-3 პატარა კბილი. სხეული დაფარულია გლუვი ქერცლებით და საბოლოოდ გადადის წვრილ, გრძელ კუდში.გველის შეფერილობა სხვადასხვაგვარია: მოყვითალო ნაცრისფერიდან - შავამდე. მუცელი ღია-ნაცრისფერი ან მოყვითალოა. ახალგაზრდებს სხეულზე კარგად ემჩნევათ მუქი, ფართე, განივი ზოლები, რაც ზრდასთან ერთად ქრება. კისრის უკანა ნაწილზე დამახასიათებელია ღია ფერის ნახატი, რომელიც კარგად ჩანს დაცვითი პოზის დროს. ნახატის ფორმა სხვადასხვაგვარია, არსებობს როგორც სათვალის ფორმისა, ისე მრგვალი. იგი გველს იცავს მტრის თავდასხმისაგან მაშინ, როდესაც მტერი ზურგიდან ეპარება მას. ინდური კობრას ზოგიერთ ქვესახეობას ნახატი სრულებით არ გააჩნია. სათვალიანი გველი ზომით უფრო დიდია, ვიდრე შუააზიური კობრა.ინდური კობრა გავრცელებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთაზიაში, ჩინეთში, ტაივანში, ზონდისა და ფილიპინების კუნძულებზე.სათვალიანი გველი ძირითადად სახლობს მცენარის ფესვებში, ორმოებში... ხშირად ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად. საფრთხის დროს სხეულის მესამედს მიწიდან აღმართავს, თავს იჭერს ჰორიზონტალურად - მტრის მიმართულებით და აფართოებს კისერს. გველს გაფართოებულ კისერზე გასდევს 8 წყვილი კისრის ნეკნი, რაც იწევს კისრის გასქელებას. ზურგის მხარეს კი იკვეთება ნახატი. შეწყვილება ხდება იანვარ-თებერვალში. მაისში მდედრი დებს 10-20 კვერცხს (ყოფილა შემთხვევა, როდესაც მდედრმა დადო 45 ც.). წყვილები ერთად არიან კვერცხების გამოჩეკვამდე. ბუდეს იცავს მდედრი, ზოგჯერ მამრიც. გამოჩეკვას სჭირდება 70-80 დღე-ღამე.ინდურ კობრას უამრავი მტერი ჰყავს, პირველ რიგში კი მანგუსტი.სათვალიან გველს ინდოეთში განსაკუთრებულად ეპყრობიან. ეს გველი ფიგურირებს უამრავ ლეგენდასა თუ თქმულებაში. ზოგჯერ მას შხამიან კბილებს აცლიან წარმოდგენის წინ, თუმცაღა მათ ადგილას მალე ახლები ეზრდება.სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ზონდისა და ფილიპინების კუნძულებზე გვხვდება ინდური კობრას ე.წ. ”მაფურთხებელი” ქვესახეობა, რომელსაც შეუძლია შხამის 2 მ-ზე გადაფურთხება. ამ გველის შხამიან აპარატს გააჩნია ორიგინალური აღნაგობა, ვინაიდან საშხამე ხვრელი მდებარეობს არა ეშვის წვერთან, არამედ მის გარე ზედაპირზე. სხეულის კუნთების მკვეთრი და ძლიერი შეკუმშვით გველი მოწინააღმდეგეს პირდაპირ თვალებში აფურთხებს შხამს, რაც იწვევს თვალის ძლიერ ანთებას და სიბრმავესაც კი იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მისი სათანადოდ და სწრაფად გამობანა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!