ზვიგენები, ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი:ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმრბი ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჯამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით,ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა.ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!