ატმოსფერული ცვლილებები, მისი გავლენა დედამიწაზე მიმხდარ კატაკლიზმებზე ერთ-ერთი აქტუალური თემაა გახდა მე-20 და 21-ე საუკუნეებში.
მისი აქტუალურობა კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დროს მომხდარი დიდი მიწისძვრების შემდეგ, რამაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია და რაც სახიფათო გახდა ადამიანისა და დედამიწის არსებობისთვის.
რა გავლენა აქვს ატმოსფეროს დედამიწაზე მიმდინარე გეოფიზიკურ მოვლენებზე, რა კავშირია მათ შორის და როგორია დღეს თანამედროვე სამყაროში დედამიწის ატმოსფერო?
ატმოსფეროზე სისტემატური დაკვირვება ოპტიკური მეთოდებით მომდინარეობს 1957 წლიდან. 1957 წელი თვლება გეოფიზიკის წლად, რასაც მოჰყვა თანამგზავრების გაშვება დედამიწის გლობალური პროცესებისა და სამყაროს ცვლილებების შესასწავლად. ეს არის პერიოდი, როცა მეცნიერები მიხვდნენ, რომ საჭიროა გლობალური მიდგომა და ატმოსფეროს გლობალური შიდა პროცესების შესწავლა. აბასთუმნის ობსერვატორია და ქართული სამეცნიერო ელიტა ერთ-ერთია მსოფლიო ასტროლოგიურ საზოგადოებაში, რომელმაც დაიწყო მსგავსი კვლევები საერთაშორისო ეგიდით.
იაპონია
აბასთუმნის ობსერვატორიის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული კვლევებისა და დაკვირვებათა შედეგები და აქედან მიღებული ინფორმაცია განთავსებული იყო საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება. აბასთუმნის ობსერვატორიას აქვს უნიკალური კლიმატური, ასტროლოგიის თვალსაზრისით უნიკალური მდებარეობა და დიდი სამეცნიერო პოტენციალი, რის გამოც აქ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია უნიკალური და საინტერესოა.
არალის ზღვა
საბჭოთა პერიოდში აქტიურ ურთიერთობებსა და მჭიდრო ინტეგრირებაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბარი ზედმეტი იყო, თუმცა საბჭოთა და კონკრეტულად აბასთუმნის ონსერვატორია ყოველთვის წინა ხაზზე იყო დედამიწისა და კონკრეტული ეპოქისთვის აქტუალური თემების კვლევების წარმოების თვალსაზრისით. იცვლებოდა ინფორმაცია, თუმცა ინტეგრირებული კვლევები სწორედ ამ წლებთანაა დაკავშირებული. ესაა პერიოდი, როცა ატომური ბომბი უკვე აფეთქებული იყო, რაც უდავოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა დედამიწის ატმოსფეროში. შესაბამისად, ადამიანი დაინტერესებულია დედამიწისა და ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემოს შესწავლით, მისი კანონზომიერებითა და ცვლილებებით, რათა მოხდეს შესაძლო "ინტეგრირება” დედამიწის ფლორასთან და დაკონკრეტებულ იქნეს გარეშე ანუ ასტროლოგიური ფაქტორები და ადამიანის მიერ წარმოებული საქმიანობის შედეგად გამოწვეული ცვლილებათა იდენტიფიკაცია. არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც იწვევს ატმოსფეროს ცვლილებას. დღეს ეს ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ადამიანის საქმიანობისა და თანამედროვე ცივილიზაციის შედეგები და მისი გავლენა ატმოსფეროზე ფაქტია და უტყუარია.
კლიმატის პროგნოზირება გლობალური კვლევების გარეშე შეუძლებელია. მიღებული ინფორმაციის შედეგად იგება ატმოსფეროს გლობალური მოდელი და ამის შედეგად ხდება ცვლილებათა პროგნოზირება. ეს ეხება როგორც ყოველდღიურ, ისე გლობალურ ცვლილებებსა და ციკლებს. კონკრეტულად ხდება არა მხოლოდ სეზონური ცვლილებების პროგნოზირება, არამედ გროვდება ინფორმაცია მზის სხვადასხვა ფაზაში ატმოსფეროსა და კლიმატის ყოფაქცევის შესახებ. ასეთი გლობალური შესწავლის ფონზე ფასდება ადამიანის ჩარევის ფაქტორი და მისი გავლენა. პროცენტულად როგორ შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ჩარევის ფაქტორი, ამის დადგენა ძნელია.
ადამიანური ან ანთროპოგენული ფაქტორის წილი გლობალური კლიმატის ცვლილებებში პრობლემად რჩება. ეს გავლენა უტყუარია, რადგან ისეთი კომპონენტი, როგორიცაა თანამედროვე ადამიანის საქმიანობა, დიდ ცვლილებებს იწვევს: გამონაბოლქვი, ქარხნები, რადიაციული მტვერი, ჩერნობილის კატასტროფა და ახლახან იაპონიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის პრობლემა, რომელიც, არავინ იცის, რა შედეგებს გამოიწვევს მომავალში. ეს ყველაფერი, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, გავლენას ახდენს ატმოსფეროზე და საფრთხეს უქმნის ადამიანისა და დედამიწის ეკოლოგიას. მიწისძვრა და ცუნამი ბუნებრივი კატასტროფაა, მაგრამ ადამიანის არასწორმა საქმიანობამ, მაგალითად, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, გამოიწვია ადამიანისა და ცოცხალი უჯრედისთვის საშიში პროცესები. იაპონიის ატომური ელექტროსადგურის ავარია თავისი შედეგებით, შესაძლოა შევადაროთ ჩერნობილის კატასტროფას.
მისი შედეგების იდენტიფიკაცია დღეს შეუძლებელია, თუმცა დროთა განმავლობაში ეს შედეგები ნათელი გახდება. თუ უკრაინაში რადიაციული მტვერი გავრცელდა ატმოსფეროში, დაბინძურდა წყალი, რომელიც მუდმივად ცირკულირებს და მოიცავს მთელ დედამიწას, მოივლის სანაპიროებს. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიაციამ მიაღწია ევროპას – სკანდინავიის ქვეყნებს, გერმანიას, ესპანეთს. ის, რომ დროთა განმავლობაში დედამიწა მოახდენს ჰარმონირებას და ეს ფაქტორები არ იქნება საშიში ადამიანისთვის, სათუოა. მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს და ხაზს უსვამენ იმას, რომ არის ნივთიერებები, რომლებიც საშიშია ცოცხალი ირგანიზმისთვის. ისინი შლიან ცოცხალ უჯრედებს.
ატმოსფერო, რომელიც ქმნის ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემოს, იცვლება დროთა განმავლობაში და დაყოფილია მცირე და დიდ ციკლებად. ადამიანის საქმიანობის წილი დღეს არსებულ კლიმატურ ცვლილებებში ძნელი დასადგენია, თუმცა ფაქტია.მეცნიერულად შესწავლილი და დადასტურებული ფაქტორი, რომელიც ქმნის ადამიანისთვის სასიცოცოხლო გარემოს, დედამიწაზე იმდენად ბევრია, იმდენად "რაფინირებულია” და იმდენი ფაქტორი "ემთხვევა” ერთმანეთს, თითქმის არ არსებობს ალბათობა, რომ სამყაროს მეცნიერული კანონზომიერებით კიდევ არსებობს დედამიწის მსგავსი გარემო. ატმოსფეროს აქვს ცვლილებათა ხანმოკლე და ხანგრძლივი ციკლები. ისინი დროთა განმავლობაშიც იცვლება და ვერ ვიტყვით, რომ 11-წლიანი ციკლის შემდეგ მოხდება ზუსტად იგივე ცვლილება და ეს ცვლილება გამოიწვევს ზუსტად იგივე შედეგებს. არსებობს ასევე როგორც მცირე – 5-700, ისე დიდი – 100 000-წლიანი ციკლები, რაც ამის დასტურია. ამავე დროს თანამედროვე სამყაროში ადამიანის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ატმოსფეროს ცვლილებათა შედარება ადრეულ ციკლებთან თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს ადამიანიც არ არის იგივე, რაც იყო 100 000 წლის წინათ.
ატმოსფეროს ცვლილებათა ევოლუციის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ამის შესახებ არსებობს ინფორმაცია ადრეული პერიოდებიდან, როცა ჯერ არ ხდებოდა ატმოსფეროზე დღეს არსებული თანამედროვე აპარატით დაკვირვება.
არსებობდა რამდენიმე გამყინვარება, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო ცნობილი დიდი გამყინვარება. იგი დამოკიდებულია მზის აქტივობაზე. კლიმატური ცვლილებები ხდება და ამის შესახებ ინფორმაცია ისტორიულად მოდის ჩვენამდე. ზოგჯერ ეს არის პირდაპირი დაკვირვების შედეგი, ზოგჯერ კი – სხვადასხვა ლიტერატურაში არსებული ცნობა: მაგალითად, ითვლება, რომ ევროპაში 300-400 წლის წინათ იყო მცირე გამყინვარება – არსებობს ჩანაწერები, რომ, მაგალითად, პარიზში ზამთარი გაგრძელდა რამდენიმე თვით და იქ ეცვათ თბილი ქურქები, როცა, სეზონის მიხედვით, თბილი ამინდი უნდა ყოფილიყო. საერთოდ, ტემპერატურა პირველად გაზომეს 1700 წელს, შვედეთში. არსებობს ძველი ჩინელების ჩანაწერები, რომლებიც აკვირდებოდნენ ატმოფეროს და მის ცვლილებებს მეათე საუკუნიდან. არის ინფორმაცია, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით.
თუმცა მთავარი პრობლემა დღეს მსოფლიოში გლობალური დათბობაა. თანამედროვე ცივილიზაციის შედეგად ატმოსფერომ დიდი ცვლილებები განიცადა და, რაც მთავარია, ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში. ეს დაკავშირებულია ადამიანის მიერ გამოგონებულ ტექნიკასთან, რაც კომფორტს უქმნის მას. ესენია ავტომობილები, ასევე სხვადასხვა ტიპის ჩარევა ბუნებაში, რაც საინჟინრო ხასიათს ატარებს, ესაა არხები და ჰოდროელექტროსადგურები, რომლებიც არღვევს ბუნებრივ პირობებს და საფრთხეს უქმნის გარემოს. ადამიანი ან ინდიფერენტულია ასეთი ჩარევების მიმართ, ან სამეცნიერო "შესწავლის” შედეგად დაასკვნის, რომ "ცვლილება იქნება უმნიშვნელო”. მაგრამ ეს მცირე ფაქტორი უკვე არღვევს ბუნებრივ ბალანსს და კატასტორფულ შედეგებს იწვევს.
ეს არის დღეს მივიწყებული არალის ზღვის პრობლემა. იქ გაყვანილი იყო არხი მელიორაციისთვის. ამის შედეგად წყლის ცირკულაცია დაირღვა და, დღეს თუ ჩახედავთ ინტერნეტს, ნახავთ, რომ ზღვა თითქმის გამქრალია. რატომღაც მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ არე შეივსებოდა წვიმის ხარჯზე. ნახავთ გემებს, რომლებიც მშრალ მარილზე დგანან. ამ პროცესის შემობრუნება შეუძლებელია. ნაკლებადაა ცნობილი სევანის ტბის პრობლემაც. მას გაუკეთდა ხვრელი წყლის ელექტროსადგურისთვის გამოსაყენებლად. დაიწყო შეუქცევადი პროცესები, რისი შედეგიცაა ის, რომ სევანის ტბის წყლის დონემ საგრძნობლად იკლო.ზოგადად ტემპერატურამ დედამიწაზე იმატა 3-5 გრადუსით. შესამჩნევია ცვლილებები ატმოსფეროში. დედამიწის ზედაპირიდან იონოსფერო მოიცავს 300-400 კმ-ს. ეს არის ზონა, სადაც მყარდება კავშირგაბმულობა. ეს ზონა ქვევით იწევს. კავკასიის რეგიონში ბოლო 35 წლის განმავლობაში იონოსფერომ 15 კმ-ით იკლო. ამას იწვევს გლობალური დათბობა.
არსებობს კავშირი ატმოსფერულ მოვლენებსა და დედამიწაზე მიმდინარე კატაკლიზმებს შორის. ვერ ვიტყვით, რომ ისინი უშუალოდ იწვევს ისეთ კატაკლიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, მაგრამ ის აისახება ატმოსფეროზე. დედამიწა შედგება 4 ძირითადი ფირფიტისგან. ამ ფირფიტათა შეერთების ზღვარი ითვლება სეისმურად აქტიურ რეგიონად. აბასთუმნის ობსერვატორიას მრავალი უნიკალური მახასიათებელი აქვს, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატური პირობები და სხვა. ასევე დიდია სამეცნიერო პოტენციალი, მაგრამ, ამავე დროს, აბასთუმნის ობსერვატორიიდან შეიძლება დავაკვირდეთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეგიონებს. მსგავსი მახასიათებელი იშვიათად აქვს რომელიმე ობსერვატორიას მსოფლიოს მასშტაბით. ეს რეგიონებია: შავი ზღვის თავზე, კავკასიონის თავზე, საქართველოს გამყოფი ზოლი საბუათის მთის თავზე და თურქეთის თავზე ცის მონაკვეთი. ეს არის ოთხი სხვადასხვა ზეგანური ტერიტორია განსხვავებული ოროგრაფიისა და ტექტონიკის თავისებურებებით, რომელთა შესწავლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამავე დროს საკითხი სუპერაქტუალურია მთელ მსოფლიოში. სწორედ აბასთუმნის ობსერვატორიაში დაფიქსირდა პირველად კავშირი ატმოსფეროში მომდინარე მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის, როცა 1982 წელს, მიწისძვრამდე 2-4 საათით ადრე, გეოფიზიკოსებმა დააფიქსირეს ღამის ცის ნათების ცვლილება. კონკრეტულად ამ დროს იზრდება ღამის ცაზე მწვანე ხაზის ნათება. მწვანე ხაზი მდებარეობს დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე დედამიწის ზედაპირიდან, ხოლო მიწისძვრა, რომელიც მოხდა, დაფიქსირდა აბასთუმნიდან 65 კმ მანძილზე.
ამჟამად მსგავსი კვლევები არ ტარდება – ხელსაწყო, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიაშია დამონტაჟებული, წყობიდანაა გამოსული. თუმცა, აბასთუმნის ადგილმდებარეობის უნიკალურობა და ობსერვატორიის სამეცნიერო პოტენციალი ხელს უწყობს მსოფლიო ასტროფიზიკური საზოგადოების დაინტერესებას და, საერთოდ, აბასთუმნის ობსერვატორიის ინტეგრირებას მსოფლიო ასტრონომიულ საზოგადოებაში. დასავლური ობსერვატორიები აღჭურვილია სუპერთანამედროვე აპარატურით. თუ შეიხედავთ DLR-ზე – გერმანიის ასტრონომიული კვლევების ცენტრის ინტერნეტსაიტზე, იქ, პირდაპირ ეთერში ნახავთ იმ ცვლილებებს, რაც გამუდმებით ხდება ატმოსფეროში. საერთოდ, მიმდინარეობს ყველა იმ ფაქტორის შესწავლა, გლობალური დათბობით დაწყებული და ოზონის დავიწყებული პრობლემით დამთავრებული, რაც სასიცოცხლოა დედამიწისა და მასზე მცხოვრები ადამიანისთვის. ყველა ეს ფაქტორი და ნიუანსი ქმნის ჩვენთვის სასიცოცხლო გარემოს, რაც უნიკალურია.
დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს დედამიწის ღერძზე. დედამიწის ღერძი საერთოდ ოდნავ გადახრილია. იგი მოძრაობს მზის ირგვლივ, აკეთებს ერთ ბრუნს დღე-ღამის განმავლობაში და, ამავე დროს, ბრუნავს ღერძის ირგვლივ 27 კმ/სთ სიჩქარით წუთში. ღერძი იხრება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, დიდი გამყინვარებისას გადახრილი იყო მზის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ პოლუსი მოშორებული იყო მზის სხივებს. დედამიწის ღერძის გადახრის მაქსიმუმი 24,5%-ია, მინიმუმი – 21,5%, რაც დაახლოებით 200 კმ-ით იზომება. ახლა ის 23%-ითაა გადახრილი მზისკენ, რაც ასევე ერთ-ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ დედამიწაზე არის გლობალური დათბობის ტენდენცია. არის კიდევ სხვა ფაქტორი. არსებობს მეცნიერ მილანკოვიჩის ციკლი – მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის შესწავლის შედეგი. არის დედამიწის მზის ირგვლივ ბრუნვის 100 000-წლიანი ციკლი, რის მიხედვითაც ამჟამად დედამიწა მიახლოებულია მზესთან. ამას ემატება ადამიანის საქმიანობისა და თანამედროვე ცივილიზაციის თანმხლები ფაქტორები. ეს ყველაფერი იწვევს გლობალურ დათბობას, რაც როგორც ციკლური, ისე ეპოქალური მოვლენაა.
ქეთევან ჭარხალაშვილი