საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია. შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, რამდენიც საქართველოს. არც ერთი ქვეყანა არ იცავდა სხვადასხვა დამპყრობთაგან მევენახეობა-მეღვინეობას ისე თავგამოდებით, როგორც საქართველო.
საქართველოში არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულთა საკმაოდ შეძლებული გაერთიანებები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ძველ საქართველოში, ღვინით მოვაჭრეს ხამარი ეწოდებოდა. გვიან შუა საუკუნეების საქართველოზე მუსლიმური აღმოსავლეთის ძლიერი გავლენის გამო კი ღვინით მოვაჭრეს აღმოსავლური სახელი – სირაჯი დაერქვა, ხოლო ადგილს, სადაც ღვინითა და არყით ვაჭრობდნენ, სირაჯხანას ეძახდნენ. სირაჯი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და მეღვინეს ნიშნავს, სირაჯხანა კი - ღვინის სახლს.
სირაჯხანა ან როგორც მას ქალაქში ეძახდნენ, სირაჩხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი მთავარ კოლორიტულ ადგილს წარმოადგენდა. სირაჯი კი არა მხოლოდ ვაჭარი, არამედ იმავე დროს მევახშე, მიმწოდებელი (მაგალითად, ვაზის შესაწამლი დანადგარებისა თუ პრეპარატების), მეღვინე, მიკიტანი, მეტიკე და შუამავალიც იყო, ანუ მრავალ ფუნქციას ასრულებდა. პირველი სირაჯხანა ძველ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კალას უბანში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა, ახლანდელი სიონის, შარდენისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან მომცრო აღმართზე. ერთხელ ერეკლე მეფის შვილიშვილი იოანე ბატონიშვილი და მისი თანმხლები ბერი მისულან სირაჯხანასთან და უნახავთ: „დიდრონი რუმბებით და ტიკებით ღვინოები და არაყი, იკითხა, ამდენი კოლოტი რათ უნდათო? უთხრეს: ესე სულ ღვინოებით არის სავსე... ჰგავს, რომ ღვინო ვისაც არ მოზდის, მისთვის მოუგროვებიათ ეს ღვინოებიო...“ დღეს აქ სირაჯხანა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. იგი ყოფილი შუა ბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩის) რეკონსტრუქციისას გაქრა. ამ ადგილზე, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან, ახლა სკვერია.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქის გაზრდა-გაფართოებამ საჭირო გახადა ღვინით ვაჭრობისთვის ახალი, უფრო დიდი ადგილის გამონახვა. ასეთ ადგილად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე პატარა ციცაბო აღმართი იქცა. იგი ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი მოხვეული აღმართია, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავანის ქვემოთ, კლდის ძირს მიუყვებოდა. ძველს პატარა სირაჯხანას ეძახდნენ, ახალს კი - დიდს. დიდი სირაჯხანა სავსე იყო ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგებით და ძველ თბილისში ღვინის უმთავრეს ბაზარს წარმოადგენდა. ამ ქუჩას დღემდე ღვინის აღმართს ეძახიან. მისი განაშენიანება ძირითადად XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში დაიწყო, აღმართის დასაწყისში მდებარეობდა დავით სარაჯიშვილის ღვინისა და სპირტის მიწისქვეშა სარდაფები.
თბილისელი ხელოსნების გაერთიანებას ამქარი ერქვა. ჰამქარი სპარსულად თანამოსაქმეობას ნიშნავს. ქალაქში ერთი ხელობის ხალხი ერთიანდებოდა და ამქარს ქმნიდა, რომელსაც წესდება, დროშა და გერბი ჰქონდა. ყველა ამქარს უსტაბაში, ანუ ხელმძღვანელი ჰყავდა. სირაჯების უსტაბაშს სირაჯბაში ერქვა, რომლის ხელდასხმითაც ხდებოდა ახალი სირაჯის კურთხევა. როცა ქალაქიდან წასული მოურავი უკან ბრუნდებოდა, წესად ჰქონდათ: „სირაჯბაში სირაჯებს უნდა მოუძღვეს და მოურავს ტიკით ღვინო მიართვანო“. სირაჯების ამქარი 1867 წლიდან ფორმალურად დაიშალა, თუმც კი შემდგომაც აკონტროლებდა დაქსაქსულ წვრილ მეწარმეთა საქმიანობას. როგორც ს. ტიმოფეევის ცნობით ირკვევა, XIX საუკუნეში სირაჯთა კორპორაცია კვლავაც არსებობდა. მეტიც, კავკასიაში სირაჯთა მთავარ ბირთვს ღვინით მოვაჭრე თბილისელი სირაჯები შეადგენდნენ. სირაჯებს ჰყავდათ დამხმარე, ანუ მოსამსახურე, როგორც ეძახდნენ – ფიშქარი ან კიდევ ღვინის დალალი. ფიშქარი არ ყოფილა უბრალო მოსამსახურე, იგი მომავალში სირაჯი უნდა გამხდარიყო. ფიშქარი სირაჯის დიდი ნდობით სარგებლობდა, ხშირად მას აგზავნიდნენ სავაჭროდაც. ღვინოს უმთავრესად ხარის ტყავისგან სპეციალურად ღვინის ჩასასხმელად შეკერილ რუმბებსა და ხის კასრებში ინახავდნენ. დუქნებსა და სარდაფებში რუმბების დასალაგებელ ადგილს ფიშტახტი ერქვა (ფიშტახტი – “რუმბების დასაწყობი ნარი, ტახტი. ერთ-ერთი დარაბა ტახტად გადებული”).
დიდი სირაჯხანის დუქნები და სარდაფები კახეთიდან ტიკებითა და რუმბებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. თბილისელი სირაჯები ღვინოსა და არაყს კახეთში შემოდგომით ყიდულობდნენ. კახეთის სოფლებში ჩასული სირაჯები ეზო-ეზო დადიოდნენ, ღვინოს სინჯავდნენ და აფასებდნენ, იწერდნენ, ვისი ღვინო გასინჯეს და ვის რა ფასი შეაძლიეს. თუ მეღვინე მაღალ ფასს მოითხოვდა, მაშინ შემდეგ მოსული შემსყიდველები ერთიმეორეზე ნაკლებს ფასებს შეაძლევდნენ და ამნაირად სასურველ დონემდე დაიყვანდნენ ღვინის ფასს. ახალდაწურულ ღვინოს მაჭრობისას, წინასწარ იბევებდნენ. დაბევებულ ქვევრებს სარქველზე ნაცარს დააყრიდნენ და სახურავის ნაპირებზე საკუთარ ბეჭედს დაასვამდნენ, მერე ზემოდან კრამიტს დააფარებდნენ და მიწას აყრიდნენ, მოგვიანებით ჩავიდოდნენ და რუმბებით, კასრებითა და ტიკებით ქალაქში ჩამოჰქონდათ. წესისამებრ, როცა კახეთის რომელიმე სოფელში მემამულესთან ღვინის წამოსაღებად სირაჯი მივიდოდა, თან ერთ ფუთზე მეტი დოში, ხიზილალა, თავი შაქარი, ბავშვებისთვის ტკბილეული, ხარაზული ჩექმები, საჩოხე, საახალუხე ან ფარაჯა მიჰქონდა. ძღვენი იმდენი უნდა ყოფილიყო, ხურჯინი “ორ ბიჭს უნდა შეეტანა ხვნეშით”. ხშირად სირაჯი სოფელში ნათელმირონსაც შეიტანდა ხოლმე. სირაჯს შეიპატიჟებდნენ და მაშინვე ღორი ან თოხლი თუ არა, ქათამი და ინდაური მაინც დაიკვლებოდა. ვიდრე ქვევრებიდან ღვინოს ამოიღებდნენ, სირაჯი თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. სანამ რუმბებს წყლით გაჟღენთდნენ, ღვინოს ჩაასხამდნენ და ურმებზე დაალაგებდნენ, თითქმის ორი კვირა გადიოდა.
როცა მორიგდებოდნენ და რუმბები და კასრები წყლით გაიჟღინთებოდა, სირაჯს ღვინის ამომღები მოჰყავდა. ღვინის ამომღები ღვინის მთავარი მცოდნე და მეჭაშნიკე იყო. ღვინის ამომღები ყველა სოფელს თავისი ჰყავდა, რომელიც ხშირად მორიგების დროს შუამავლის როლსაც ასრულებდა. მას თავის საწყაო ჰქონდა და ხუთი თითივით იცოდა, ვინ როგორ ღვინოს აყენებდა, რომელს რა ნაკლი ან რა ღირსება ჰქონდა. ღვინის ამოღებასაც თავისი რიტუალი ჰქონდა. ქვევრს რომ მოხდიდნენ და ღვინოს ამოიღებდნენ, მარანში მყოფ ხალხში ჯამით ჩამოატარებდნენ და დაილოცებოდნენ, ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობაო, იტყოდნენ. მყიდველ-გამყიდველს დალოცავდნენ, ყიდვა-გაყიდვით აღებული თანხის “სიხარულში და ბედნიერებაში მოხმარებას” უსურვებდნენ ორივე მხარეს, ოჯახის ბარაქას დალოცავდნენ, მერე ყველას გამარჯვებისას იტყოდნენ და ღვინის ამოღებას შეუდგებოდნენ. აწყვის დროს ღვინის გამყიდველი ერთ ჩაფს ზედმეტს უსხამდა, ზოგჯერ ორსაც. როცა ღვინის ამოღება დასრულდებოდა, რუმბებისა და კასრების ურმებზე დაწყობის შემდეგ, სირაჯი ანგარიშს უსწორებდა როგორც ღვინის პატრონს, ისე ღვინის ამომღებს. ბოლოს გაიმართებოდა პურის ჭამა და დალოცვა, სადაც უკვე ყველა, დამსწრეცა და დამხმარეც მონაწილეობდა.
სირაჯებს ღვინო ქალაქში დაქირავებული ურმებით ჩამოჰქონდათ. მოუწესრიგებელი გზების გამო ხშირად კახეთიდან ღვინის ჩამოტანას რამდენიმე დღეს უნდებოდნენ. ღვინის რუმბები ურმებზე ეწყო. როგორც წესი, ერთად მიჰყავდათ 15-20 ურემი. ურმების “ქარავანს” აღალი ერქვა და აღალბაში ხელმძღვანელობდა, რომელსაც თავის მხრივ, ზედამხედველად, სირაჯის ფიშქარი ცხენით მიჰყვებოდა. თითო ურემზე ორ-ორი რუმბი ან ორ-ორი ორმოცვედროიანი კასრი იდო. იყო შემთხვევები, როდესაც სირაჯები ბოროტად სარგებლობდნენ კახელ მემამულეთა გულუხვობით და სხვადასხვა ხრიკებით ბევრად მეტი ღვინო მოჰქონდათ, ვიდრე მორიგებული იყვნენ. ამას გარდა, თითო გავსებულ რუმბზე ღვინოს ამატებინებდნენ და ფასსაც ხშირად გაცილებით ნაკლებს აძლევდნენ, ვიდრე ღვინის რეალური ღირებულება იყო.
სირაჯები ღვინით თბილისსა და მის შემოგარენში გაფანტულ სასადილოებს, დუქნებსა და სამიკიტნოებს ამარაგებდნენ. თბილისი ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო კავკასიაში, სადაც ყოველწლიურად 350 ათას ფუთამდე (დაახლოებით 5,733 მლნ ლიტრი) ღვინო შემოდიოდა. სირაჯებმა თავისი ფუნქცია XX საუკუნეში, განსაკუთრებით საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში, საბოლოოდ დაკარგეს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ძველი თბილისის რეკონსტრუქციისას ღვინის აღმართზე, იქ, სადაც ერთ დროს დიდი სირაჯხანა იყო, ერთ-ერთ ნახევარსარდაფში ღვინის მცირე დუქანი აღადგინეს. ეს დუქანი არა მხოლოდ თბილისელებს “აბრუნებდა” ძველებურ სირაჩხანაში, არამედ უამრავ ტურისტს იზიდავდა და თან ქუჩის სახელსაც ამართლებდა. გარდა ამისა, ღვინის აღმართზე დღემდეა შემონახული XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული სახლები.
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2011 წლის ოქტომბერი, #10
ავტორი: ალექსანდრე ბოშიშვილი