დიდი ხანია პოსტი არ დამიდია და გადავწყვიტე მამათა გამონათქვამები შემომეთავაზებინა თქვენთვის. იმედია მოგეწონებათ
“ნუ ცდილობ ეჩვენო სხვებს მართლად, არამედ იყავი ასეთი – რადგან ცნობილია, რომ მას არ აქვს სიმართლე, ვისაც სურს ასეთი ჩანდეს”
“შეამჩნევდით, უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით მას, ვინც პატიოსნებისა და სიუხვის ზედმეტად მაქებარია და ნუ გგონიათ, რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე.”
“მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.”
“ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.”
წმ. იოანე ოქროპირი
“უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.”
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
“არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.”
წმ. ტიხონ ზადონელი
“გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.”
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
“ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.”
წმ. ეფრემ ასური
“ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.”
წმიდა ეფრემ ასური
“სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.”
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი
“ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.”
წმიდა ნიკოლოზ სერბელი
“შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.”
წმ. გრიგოლ პალამა
“სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.”
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)
“„გარეგნულმა სილამაზემ, – წერს წმ. იოანე ოქროპირი, – მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.”
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
“ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.”
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!