ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

„გიგაშას“ მასტერკლასი
ის ისევე კარგად ნადირობს, როგორც წერს. მის ცხოვრებაზე უამრავი ლეგენდა დადის. არის ავტორი არაერთი დასრულებული თუ დაუსრულებელი ფილმის სცენარისა. ხატავს კიდეც და, საერთოდ, ბავშვობიდან მხატვრობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ვაჟა გიგაშვილია, ყველასთვის საყვარელი „გიგაშა." როცა მის შემოქმედებას გავეცანი, სხვების მსგავსად, ჩემი წილი, რაღაც ჩემეული მეც დავინახე... ეს ის მწერალია, ერთი წაკითხვით რომ შეგაყვარებს თავს. ვურეკავ და ინტერვიუსთვის შეხვედრას ვთხოვ, მთანხმდება. ბატონი ვაჟა ამჯერად პირადად მიყვება არა თავისი გმირების, არამედ თავის თავგადასავალს. 

უჩინარი სიახლოვე

ბუნებასთან სიახლოვე ბავშობიდან გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არც დედის და არც მამის მხრიდან მონადირე და ბუნების მოყვარული არავინ მყოლია. პირველად მთაში პიონერთა სასახლიდან მოვხვდი, სადაც შევხვდი ალექსანდრა ჯაფარიძეს ,რომელიც ერთადერთი ალპინისტი ქალი იყო საქართველოში. სამი ძმა ჰყავდა, სამივე ალპინისტი. აქვე ერთ–ერთი თანამშრომელი იყო მზია ერისთავი, მათთან ურთიერთობა მთელი სკოლა იყო. დავყვებოდი ხევსურეთში, ფშავში, თრუსოს ხეობაში... მეცხრე კლასში ვიყავი, როცა პირველად მყინვარწვერზე ავედით. ხელმძღვანელები არქიტექტორი გივი მელია და ჯუმბერ მეძმარიაშვილი იყვნენ. მყინვარზე ასვლა მხოლოდ ექვსმა კაცმა შევძელით... მეორედ მთაში მამაჩემის მეგობრის, ბორია კალანდარიშვილის, წყალობით მოვხვდი, იგი პროფესიით გეოლოგი იყო. მამას უთხრა, მაინც ტყუილად დაყიალობს აცაბაცა ადგილებში, შენ კი ნერვიულობ, გამატანე ზაფხულში და ნამდვილ მთას ვაჩვენებო. აფხაზეთში წამიყვანა, ანტყელის ხეობაში. აქ რკინის საბადოების ექსპედიცია ჰქონდათ და მუდმივად იყო საჩალანდრო კავშირი, დატვირთულ ცხენებს მოჰქონდა ექსპედიციისთვის აუცილებელი ხელსაწყოები. აქ მივეჩვიე ცხენებს და მათთან ურთიერთობაც ვისწავლე. ყაბარდოდან გასაწვრთნელი ცხენებიც ჩამოჰყავდათ და წვრთნიდნენ. აქ ვნახე პირველად დათვი. მე და ერთი ახალგაზრდა კახელი კაცი, ირაკლი, ვიყავით, რომელიც აქ საწყობს განაგებდა. ჩავიდოდით ხოლმე მდინარეზე, დავაგუბებდით წყალს, მიგვქონდა ასაფეთქებელი მასალები, ჩავაგდებდით ზემოდან და დაგუბებულ ადგილებში დახოცილი კალმახი ჩამოჰქონდა. ერთხელაც გავედით, ირაკლის თოფი ჰქონდა ცალლულიანი, სასაცილო, არ ვიცი, რად უნდოდა. იქვე კონცხი იყო, როდოდენდრომით დაფარული და ზედ უზარმაზარი დათვი იჯდა, დიდხანს ვუყურებდით, მერე წამოდგა და წავიდა. შემეშინდა მისი დანახვისას. მერე ირაკლის ვკითხე, რატო არ ესროლე–მეთქი. არ გამხსენებიაო, – მითხრა მორცხვად. კიდევ კარგი არ ესროლა, თორემ ვეღარც გავექცეოდით, ალბათ, იმ დათვს. 

ნადირობის ორი სკოლა

ერთი მოხუცი კაცი იყო, ივანე მალიევი, გეოგრაფიას ასწავლიდა რუსულ სკოლაში. ცხაკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა. ბორიამ მას მიმაბარა და ისიც ნელ-ნელა მასწავლიდა, თუ როდის, სად და რაზე უნდა მენადირა. სოლოლაკიდან ტაბახმელაზე ავდიოდით და მწყერზე ვნადირობდით . მერე იყო კაკაბი, იხვი, კურდღელი... პატარა სამეგობრო შევკარით: გურამ ასათიანი, შალიკო ცაგარეიშვილი და მე. სხვებიც გვიერთდებოდნენ ხანდახან. დანგრეულ „სამასვალს" მივყვებოდით ხოლმე ორთაჭალიდან. გვრიტზე სანადიროდ კახეთში დავდიოდით.

ერთხელაც ერთი მაგარი კაცი გამოჩნდა. ომში ნამყოფი, ყოფილი ფეხბურთელი, ბელკას ეძახდნენ. ომის მერე მრეკავი მონადირე, პროფესიონალი ბრაკონიერი გახდა და ამ გზით ცხოვრობდა. ასეთი მონადირეები მხოლოდ ციმბირში არიან. რამდენიმე დღით მიდიოდნენ ხოლმე აზერბაიჯანში და იქ ნადირობდნენ. საფანტს მისგან ვყიდულობდი მალულად. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, რომ მათთან სიარულს მოვუხშირე. ბელკას ერთი პოლონელი მეგობარი ჰყავდა ნახშირივით შავი კაცი. ჩაასხავდა „კრუშკაში" არაყს, შიგ ბოსტნეულს ჩაყრიდა და ამბობდა: ჩემი „ბორშიაო". ამერიკული ჯიპი ჰყავდა, ერთად აგროვებდნენ ნანადირევს და რესტორნებში ყიდდნენ. მივეჩვიე ბელკასა და მის მეგობრებთან სიარულს და როცა თავიანთ თავგადასავლების მოყოლას იწყებდნენ, მოჯადოებულივით ვუსმენდი, ვოცნებობდი, ნეტავ, ერთხელ ამათთან მანადირა–მეთქი. ისინი კი მეუბნებოდნენ: შენ ისევ აქ ხარ, არ წასულხარო? ვთხოვდი, წამიყვანეთ, ყველაფერში მოგეხმარებით–მეთქი, თავი დამანებე, შენი ხათაბალის თავი არ მაქვსო, – მეუბნებოდა ბელკა, სკოლას გააცდენ და შენი მშობლები მილიციას დამაყენებენო. არ მოვეშვი და არჯიბეთში წამიყვანეს სანადიროდ. სულ სხვა იყო ბელკას სკოლა, ყაჩაღური ვარიანტებით. 

ნადირობა მთაში

მერე იყო მწვერვალები და ჯიხვი.... ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას, ალპინისტურ ორგანიზაციაში შევედი. ერთხელ ექსპედიციაში წავედით, მწვერვალი უნდა დაგვეპყრო და „გეპეის" სახელი დაგვერქმია. ჩვენს ჯგუფს ჩვენი ფიზკულტურის ლექტორის, დათა სულხანიშვილის, მეგობარი ვახტანგ ქორქიშვილი უძღვებოდა. დიდი მეჯიხვე და საოცარი მონადირე იყო. ნადირობდა და ჩვენთვის ჯიხვი მოჰქონდა. მეც მინდოდა წავყოლოდი, მაგრამ მეუბნებოდა, შენი მწყერის თოფით სად წაგიყვანოო. მას იშვიათი თოფი, კარაბინი, ჰქონდა. ერთხელაც წავედით. ვახომ ახალგაზრდა ჯიხვების გუნდი დაინახა ცალკე მოსიარულე, მე ჩასაჯდომი ადგილი მანიშნა და მითხრა, უყარაულეო, თავად კი იქით წავიდა, საითკენაც, სავარაუდოდ, ნადირი მიდიოდა. მიკვირდა, ნეტავ საიდან ხვდება, საით წავლენ–მეთქი. მოუარა იქედან და ერთი მოკლა კიდეც. დანარჩენები კი აქეთ გამოცვივდნენ. ერთს მე მოვარტყი. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მთაში. ამის მერე ხშირად დავდიოდი ვახტანგთან, მეც ვიშოვნე კარაბინი და ვნადირობდი არჩვებზე. იღბლიანი მონადირე არ ვარ, ხან იმდენი მიწვალია იმისთვის, რაც სხვებს საჩუქარივით დასცემია თავზე.

„პროფესორას" ტრიუკები"

ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. ცხოველს ან ფრინველს რომ დავინახავდი, ვგიჟდებოდი მათ მოსაფერებლად. ძალიან ლამაზი მიმინო მყავდა, მანამდე კი შაშვი, რომელსაც ძეხვი აჭამეს და მომიკვდა. რვა წლის ვიყავი მაშინ და ამის გამო ორი დღე უსირცხვილოდ ვბღაოდი. ახლა მხოლოდ ორი კატა მყავს, ძაღლს გაცილებით მეტი მოვლა სჭირდება და დიდი ხანია აღარ მყოლია. არადა, ყოველთვის კარგი ძაღლები მყავდა, განსაკუთრებული კი ერთ–ერთი – სანჩო იყო, „პროფესორას" ვეძახდით, თავად შეიმუშავებდა ხოლმე მოქმედების გეგმას. როცა კაკაბს მისდევდა და ჯაგნარს მიადგებოდა, ჯერ შემოუვლიდა ხოლმე და ისე შედიოდა. მაგარი ტიპი იყო. აფხაზეთში, ლიძავაში, მივდიოდი ხოლმე ხშირად. სანჩოც სულ მიმყავდა. დილაობით გავდიოდით მეზობელ აფხაზებთან ლიძავას გარშემო და მწყერზე ვნადირობდით. ერთ წელიწადს ძალიან მაღალი სიმინდი იყო. აფხაზების პოინტერები მიადგებოდნენ ხოლმე მწყრის ბუდეს სიმინდებში და იდგნენ. სანჩო მწყერს კი არ მიადგებოდა, შემოუვლიდა და ისე აფრთხობდა, მე გარედან ვიდექი და ვესროდი. როგორ ასწავლეო, უკვირდათ აფხაზებს, არ სჯეროდათ, თავისით რომ ისწავლა. დაგვითმეო, მთხოვეს კიდეც. ჩემი გაზრდილი როგორ გავყიდო, კავკასიელი კაცი ამას როგორ მეუბნები–მეთქი. მერე სანჩოზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და სხვა მონადირეები მის სანახავად მოდიოდნენ. ერთხელ ოპერაციაც გავუკეთე, კლანჭი ჰქონდა შებრუნებული და ხორცში ჩაზრდილი. სტკიოდა, მაგრამ იწვა და მოთმინებით იცდიდა, ერთხელაც არ დაუწკმუტუნია.

ის, რაც ვერ შეძლო

მწერლობა ბავშვობიდანვე იყო ჩემი ნაწილი. დედაც და მამაც ლიტერატორები იყვნენ. უამრავი წიგნი გვქონდა. დეიდის ქმარი დემნა შენგელაია იყო. საოცარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. აქ ისეთ რაღაცებს ვკითხულობდი, რაც სხვაგან არსად იყო. შვილივით ვყავდი, რადგან მათი შვილი, რომელიც ჩემი ძუძუმტე იყო, შვიდი წლის დაიღუპა და მთელი ამაგი ჩემზე გადმოიტანეს. დედას დეიდის ქმარი კი მოსე თოიძე იყო. ის, რენესანსიდან მოყოლებული, ყველა მხატვარზე მესაუბრებოდა. მასწავლიდა მხატვრობის ტექნიკას დიურერისა და სხვების. მასწავლიდა, მაგალითად, ერთი და იგივე ტანისამოსის ნაოჭის სხვადასხვაგვარად დახატვას. ლიტერატურას, რომელსაც ვკითხულობდი, თან ვხატავდი და მოსე ამასაც კურირებდა. რომ გარდაიცვალა, მეცხრე კლასში ვიყავი. ამას დაემთხვა ჩემი „აცვენილი" პერიოდი, ბელკასთან ურთიერთობა და ხატვა სულ მივატოვე. მშობლები, რა თქმა უნდა, მეჩხუბებოდნენ. ეშინოდათ, წელი არ გამცდენოდა. ამ დროს მამას მეგობარი ლონგო სუმბაძე გამოჩნდა. მისი იდეა იყო, რომ არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა „გეპეიში", სადაც სულ ადვილად მოვხვდი. რაც შეეხება წერას, სკოლიდანვე დავიწყე, ნადირობის ამბებს ვწერდი ხოლმე, რაც ამ ცხოვრებისგან საოცრად ამაღელვებელი და განსხვავებული იყო. სურვილი გამიჩნდა, ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ ხედავდნენ, ნადირობის ამბები მომეყოლა. მაშინ დაიბეჭდა კიდეც პატარ– პატარა რაღაცები ჟურნალ „დილაში", რომლის რედაქტორი მაყვალა მრევლიშვილი იყო. მერე უკვე ამ საქმემ სერიოზულად გამიტაცა და სხვანაირი მოთხრობების წერა დავიწყე. მეგობრებს ვაჩვენებდი ხოლმე, მათ შორის გურამ რჩეულიშვილს. გურამი მაშინ არ წერდა, წერა 1956 წლის 9 მარტის შემდეგ დაიწყო. 1957 წელს კომკავშირის კომიტეტმა ჟურნალ „ცისკრის" გამოცემა დაიწყო. „ცისკარი" ახალგაზრდების ლიტერეტურული ჟურნალი უნდა ყოფილიყო, სადაც ახალგაზრდა მწერლები გამოვლინდებოდნენ. ამისთვის იყო ასეთი განყოფილება – "ჭაშნიკი”. გურამმა მითხრა, მივიტანოთ ჩვენი მოთხრობები და დავბეჭდოთო. უარზე ვიყავი, მაგრამ დავთანმხდი. აქ პროზას გიორგი შატბერაშვილი ხელმძღვანელობდა. როცა ჩემი „დრო და ჟამი" წაიკითხა, მითხრა, – შენი პერსონაჟი დღევანდელი მოთხოვნილებებიდან ამოვარდნილია, არადა, ძალიან მომეწონაო. რამე ახალი მოთხრობა დაწერე კომკავშირელ ბიჭზე და გოგოზე და ამ მოთხრობას იმას მივაყოლებო. ვეცადე, მაგრამ ასეთი მოთხრობა ვერ დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ წერა მსიამოვნებდა, რაც ჩემეული არ იყო არ გამომივიდა. ამის გამო ჩემი მოთხრობები 1970 წლამდე არ დაბეჭდილა, მიუხედავად იმისა, „დრო და ჟამი" ძალიან ბევრმა წაიკითხა და კარგი შეფასებაც მიიღო. ლანა ღოღობერიძეს მასზე ფილმის გაკეთებაც უნდოდა. 

ცხოვრების ხელოვნება

გონებიდან წამოსულ კონცეფციას ყოველთვის ვერიდები, ხელოვნება ისეთი რამეა, რომ მხოლოდ ინტუიციას უნდა მიჰყვე. ასე ყოველთვის სხვანაირი გამოვა და არა რაღაც შეთითხნილი. არ დავასახელებ მწერლებს, მაგრამ ოთარ ჭილაძის გარდა ასეთი პრიმიტიული დამოკიდებულება თითქმის ყველა მწერალთან მხვდება. ახლა მოთხრობების ციკლს ვაკეთებ, „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერს ლექსებს." აქ მოგროვდა ძალიან ბევრი ციკლი მოთხრობებისა. ეს არის ადამიანის პიროვნების შინაგანი სირთულეები, რომელშიც ცხოვრობს, ზოგი ესმის, ზოგი არა, ზოგში გადის და ზოგში კი იბლანდება. მაგრამ ხასიათი ისაა, რომ ამისგან ცხოვრება იქსოვება. სწორედ, აქ ვლინდება თვისებები, ჩვევები, უცნაურობები ამ ადამიანებისა და ერთმანეთს უკავშირდება. ცხოვრების ქსოვილის გაკეთება გამომდის და ეს მინდა კიდეც. მიზნად არ მაქვს დასახული, უბრალოდ, გამომდის და ვიცი, რომ ასე უნდა იყოს. ვეღარ დავამთავრე, ცხრა მოთხრობა მაქვს დაბეჭდილი და კიდე ცამეტი თუ თოთხმეტი მოთხრობაა დასამთავრებელი, რომ ციკლი შეიქმნას. 

გმირები

ძალაუნებურად, რაღაც შინაგანი და დაფარული, ისე რომ შენც ვერ ხვდები, გმირთან ყოველთვის გაქვს. მე, ძირითადად, სხვადასხვა ადამიანებისგან მიგროვდება, მაგალითად, ბაადურ ბალარჯიშვილი ძალიან კარგი პოეტია, ახლა თელავში ცხოვრობს. იგი ძალიან ცოტას წერს და ეს მოთხრობების ციკლი, ნაწილობრივ, მასზეც არის. თუმცა, მასში ჩემი სხვა მეგობრებიც არიან გაერთიანებულნი . გმირებს, გარკვეულწილად, ჩემი თვისებებიც აქვთ, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ვინმეს ძალიან ჰგვანან, მაინც პერსონაჟები არიან. ბევრი საინტერესო ძმაკაცი მყავდა, ლევიკო თურმანიძე, გურამ ბახტაძე,რომელსაც ყველა "რიჟას” ეძახდა, ჯემალ გოლეთიანი, ამოვარდნილი, არაორდინალური ხალხი. მათ იმდენად ძლიერი, საინტერესო და აუხსნელი თვისებები ჰქონდათ, რომ საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. აუხსნელის ახსნა არც მიცდია და არც სჭირდება, შთაბეჭდილებაც საკმარისია.

გაქცეული დრო...

დრო ახლა გამექცა, დეპრესიაში ვიყავი. ჭაბუას გაზეთს რომ ვაკეთებდით და ფინანსები გაგვითავდა, დაიჭერდა ხოლმე ჯოხს ჭაბუა, სათითაოდ მიდიოდა ბიზნესმენებთან და ფულს აგროვებდა. მერე ესეც აღარ იყო და გაზეთი დაიხურა, ამას თითქოს კარგი ამბები მოჰყვა. ჯერ კიდევ გაზეთში მუშაობისას, ჩემთან ოთარ შამათავა მოვიდა და „დათა თუთაშხიას" თანამედროვე რემიქსულ ვარიანტზე მთხოვა, ჭაბუა დავითანხმოთო. თუ სცენარს შენ დაწერ, თანახმა ვიქნებიო, თქვა ჭაბუამ. მართალია, მაშინ ფული ვერ იშოვნეს, მაგრამ ამასობაში „იმედის" ტელევიზია გაიხსნა, ოთარი მთავარ პროდიუსერად დაინიშნა და გვახარა, ფილმს მოსკოვი დააფინანსებსო. ორი სერია გავაკეთეთ, მაგრამ მოსკოვმა დაფინანსებაზე უარი თქვა. ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო, სულ 12 სერია უნდა ყოფილიყო, აქ, ძირითადად, აფხაზეთის ამბები, ინტერპოლი იყო, აქედან ჩამოდიოდა მუშნი ზარანდია… მერე „იბერიის" ტელევიზიაში მოვიგე ტენდერი 40–სერიანი სცენარისა. ჩახლართული ამბები ხდებოდა, ცოტა მისტიკურიც, „ხელჩაქნეულთა თავშესაფარი" ერქვა და ქალაქში განცხადებით იწყებოდა – მათ, ვისაც ხელი ჰქონდა ცხოვრებაზე ჩაქნეული, ერთ კომპლექსში იცხოვრებდნენ, ვისაც არ მოეწონებოდა, უკან დაბრუნება შეეძლო. ამ კომპლექსში სხვადასხვა ხალხი მოხვდება. გოგონა, რომელსაც ჰგონია, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, ძველი პროკურორი ჩეჩნეთის პოლიტპატიმრებიდან, ჰომოსექსუალი, რომელმაც თავისი „ ნაპარნიკი" დაღუპა, ღორმუცელა გამუდმებით, რომ „თოხლაობს" – ისინი ერთ დარბაზში იკრიბებიან და თავიანთ ამბებს ჰყვებიან. როგორც კლიენტი, ერთი ფსიქიატრი ქალი მონაწილეობს და ყველას სათითაოდ აამბობინებს სიმართლეს. ამბის ერთი ვერსია სხვა ვერსიით იცვლება, ერთმანეთში იბლანდება და ა.შ. მხოლოდ ოთხი სერიის გადაღება მოვასწარი და ეს სცენარიც გაიყინა. 12 პროექტი ჩამივარდა და ამას ფინანსური კრიზისიც დაემთხვა. წიწამურში სახლის გაყიდვამ მომიწია. სახლი, რომელიც ჩემი ბუნაგი იყო. აქ მიდიოდნენ მეგობრები, როცა უნდოდათ და რჩებოდნენ. აქვე ინახებოდა ჩემი და მამას არქივი, წიგნები, თოფები, ახლა ეს ყველაფერი, ხევსურული და დაღესტნური სპილენძის კოლექციები, მეზობლის სხვენში ინახება. ამან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე, თავს ვსაყვედურობდი, ხალხი ყველაფერს კარგავს და მე რა მემართება–მეთქი. სმაც დავიწყე, რაც მშველოდა, რომ რაღაც საშინელება არ გამეკეთებინა, ახლა ამ მდგომარეობიდან გამოვდივარ. ესაა ჩემი გაქცეული დრო, სიცოცხლის დაკარგული წლები, თუმცა ვიცი, რომ „ხვალ" ბევრი რამ უნდა გავაკეთო ... არ მინდა, რაღაც გავაფუჭო, ველოდები, რომ რაღაც მუსიკალური ნოტი მოვა, რომელიც მიკარნახებს, თუ როგორ წავიყვანო ტექსტი. ამის გარეშე არ დავწერ, მაკულატურა ხომ ისეც ბევრია.

თანამედროვე მსოფლიო და ქართული ლიტერატურა

ინგლისურად ვკითხულობ, რაც წამიკითხავს, მაგალითად, თომას პინჩონი, ირვინგი, რომელიც ვთარგმნე კიდეც, ასევე ვთარგმნე კასტანედადან, ძალიან საინტერესო იყო. მათ თხრობის თავისებური, უცნაური სტილი აქვთ, რომელიც გიტაცებს, გიპყრობს. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქართველებიდან ყოველთვის გამოვყოფ აკა მორჩილაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალტურა აქვს, უნიჭიერესი მწერალია, განუსაზღვრელი ფანტაზიით. რაც შეეხება მეოცე საუკუნის ქართულ რომანს, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბისა და გურამ დოჩანაშვილის შემდეგ არ განვითარებულა. თუმცა, რომანი, შეიძლება, დღეს უკვე ბევრ რამეს დაარქვა. მაგალითად, ერთი სერბი მწერალია, რომელმაც ხაზარული ლექსიკონი გააკეთა, ესაა უცნაური წიგნი, რომელიც შეგიძლია შუიდანაც წაიკითხო. ის იმდენად დიდია, რომ მისი წაკითხვისას შთაბეჭდილება გრჩება, რომ რაღაც დიდ ტაძარში ხარ, რომელსაც არ აქვს დასასრული და გინდა, რომ აქ უსასრულოდ იბოდიალო. ამასაც რომანი ჰქვია. ახალგაზრდებს, ასე თუ ისე, თავლს ვადევნებ. ძირითადად, მოთხრობებს წერენ, მომწონს ბექა ქურხული, ანა კორძაია, რეზო თაბუკაშვილი, არჩილ ქიქოძე. 

„გიგაშას" მასტერკლასი 

მთავარია, თავში არ ჩაიბეჭდო, საუბრით კი ისეც ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად შუაღამითაც მოდიან ჩემთან: ბექა ქურხული, რეზო თაბუკაშვილი და ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. ამას რომ ოფიციალური სახე მიეცეს, გულწრფელი აღარ იქნება, ამიტომ ჯობს საუბრები. ჩემს მასტერკლასზე კი ერთი კარგად დავლევდით და მოვყვებოდით ხოლმე ტყუილსა და მართალს. ზოგჯერ ტყუილის მოყოლაც კარგი და სახალისოა, მერე წავიდოდა გარჩევა, აქეთური და იქითური. შეიძლება, ტყუილი და მართალი ერთმანეთშიც აერიოთ.



წყარო: http://armuri.4forum.biz/t479-topic
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (10.04.2013) | ავტორი: სოფიო ნავდარაშვილი
ნანახია: 2164 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика