ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებამ, უდიდესი გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ძლიერება და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეტაპს საბრძოლო ხელოვნებაში.
პირველი ცნობა ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ მოცემულია ოქსფორდის უნივერსიტეტში დაცულ 1306 წლის ხელნაწერში, რომელსაც პრიმიტიული ცეცხლსასროლი იარაღის მინიატურული სურათიც ახლავს.
თუ ზუსტად რომელ ქვეყანაში ჩაეყარა საფუძველი ეფექტური იარაღის გამოგონებას, დღემდე დაუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ XII-XIII საუკუნეებში, არაბეთსა და ინდოეთში უკვე არსებობდა მსგავსი შეიარაღება.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების გარკვეულ პრიორიტეტს ჩინელები ფლობენ. მათი შექმნილი `ტუხოციანი~ იყო ბამბუკის მილიანი ცეცხლსასროლი მოწყობილობა. მართალია, ასეთი საჭურველი 1259 წლის ქრონიკებშია მოხსენიებული, მაგრამ დენთის დამზადების რეცეპტი ჩინელებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში. რაც დასტურდება 682 წლით დათარიღებული სუნ-სიმიაოს ქრონიკებში.
საგულისხმოა, რომ საქართველოში დენთის დამზადების დიდი ტრადიციები არსებობდა. ეთნოგრაფიული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს მთიანეთში თოფის წამალს ბევრგან ამზადებდნენ ადგილობრივი პრიმიტიული ტექნოლოგიით და იყენებდნენ მას ცეცხლსასროლი იარაღისათვის.
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ იარაღის განვითარებაში საქართველოს გადამწყვეტი მონაწილეობა არ მიუღია.
თოფი საქართველოში XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება და მართლია XVII-XVIII საუკუნეებში იგი უკვე ჩვენშიც მზადდებოდა, მაგრამ უპირატესობა მაინც უცხოეთიდან შემოტანილ ცეცხლსასროლ იარაღს ენიჭებოდა.
აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების იარაღის ფონდში დაცულია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის მდიდარი კოლექცია. ფონდში დაცული იარაღი სხვადასხვა წარმოშობისაა. მათ შორის ისეთებიცაა, რომლებიც განყოფილების ფონდებში 100 წელია რაც ინახება. ფონდში დაცულია 500-მდე ერთეული დამბაჩა და რევოლვერი.
ქვეყნების მიხედვით მუზეუმში წარმოდგენილია ფრანგული, ბელგიური, ინგლისური, გერმანული, რუსული, თურქული, ამერიკული, აგრეთვე კავკასიური: ქართული, დაღესტნური, ჩერქეზული და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. რომლებიც მუზეუმში სხვადასხვა კერძო კოლექციონერებისა და წარმოებული ეთნოგრაფიული ექსპედიციების საშუალებით მოხვდა. აქ თავმოყრილია კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები, ასევე ბუნდერ-რევოლვერები და რევოლვერები.
წერილობითი წყაროების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში XV საუკუნიდან ჩანს. ცეცხლსასროლი იარაღის არქონის ყველაზე მწარე გამოცდილება ოსმალებთან ბრძოლაში მივიღეთ. ის ჩვეულებრივი შეიარაღება, რომლებსაც ქართველები მონღოლთა შემოსევის დროს ბრძოლებში იყენებდნენ ოსმალეთთან შეტაკების დროს, მოძველებული აღმოჩნდა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ოსმალებმა მიუხედავად თავისი საერთო კულტურული ჩამორჩენილობისა, იარაღის ყადრი თავიდანვე კარგად შეიგნეს. ცნობილია, რომ თემურ ლენგის ლაშქარი პირველივე შემოსევის დროს უკვე იყენებდა ე.წ. `რადანდაზებს~, რომლებიც ზარბაზნების წინამორბედებად გვევლინებიან.
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მასიური შემოტანა რუსეთთან დაახლოების შემდეგ დაიწყო. ეს ძირითადად რუსული და ევროპული იარაღი იყო. მანამდე კი ირანის, ოსმალეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ცეცხლსასროლი იარაღების გარკვეული მარაგი არსებობდა.
საქართველოს რუსეთთან და უცხოეთთან დიპლომატიური ურთიერთობის საბუთებში, ყველგან შეხვდებით წუხილს ამ საკითხის გამო - იარაღი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ არ გააჩნიაო. თითოეული ლაშქრის გაწვევის სიაში აღნიშნული და ჩამოთვლილია, თუ რამდენი და რანაირად შეჭურვილი მეომარი გამოდიოდა ომის დროს. გასაოცარია, როგორ იბრძოდნენ ქართველები ამ უმწეო, სრულიად გამოუსადეგარი იარაღით - ჯოხებითა და შუბებით, იმ დროს, როდესაც მტერი თოფით შეიარაღებული გამოდიოდა. ალექსანდრე კახთა მეფის დიპლომატიური მიმოწერისას საბუთებში საყურადღებო ცნობები მოგვეპოვება. ალექსანდრე მეფემ სცადა ზარბაზნების ჩამომსხმელი ხელოსნები როგორმე ჩამოეყვანა ევროპიდან, რომ ადგილობრივ ხელოსნებს შეესწავლათ ეს საქმე, მაგრამ ოსმალეთმა გზა შეკრა და ეს ვეღარ მოხერხდა. საქართველომ ვერ შეძლო ამ ნაკლის შევსება, ვერ შექმნა არტილერია.
ქართული ჯარის უმწეობა ამ მხრივ, აღნიშნულია 1590 წელს რუსი ელჩების მიერაც, როდესაც ისინი კახეთის ჯარის დათვალიერებას ესწრებოდნენ. ელჩები იუწყებოდნენ, რომ 15 000-იან ჯარში მხოლოდ 500 იყო თოფით აღჭურვილი. მომდევნო ხანებში კი, ცეცხლსასროლი იარაღი თანდათან მომრავლდა. XVII საუკუნის II ნახევრაში ქართლის ერთ-ერთი სათავადოს რეესტრის მიხედვით, გლეხ-მოლაშქრეთა ერთი მესამედი მეთოფე-მსროლელი იყო.
ალექსანდრე მეფემდე გამოკვეთილად არც ერთ მეფეს არ ჰქონია მცდელობა შეევსო ეს ნიშა, მაგრამ მოგვიანებით, XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-საც ჰქონდა მცდელობა, რომ საარტილერიო საქმე ქარხნული წესით ეწარმოებინა. მისი დავალებით რუსული ენიდან ვინმე მიხაილ ელიავიჩს 1725 წელს ქართულ ენაზე უთარგმნია საარტილერიო საქმის სახლმძღვანელო. მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ლიტარატურა შემდგომში ერეკლე II-ის თოფჩიბაშს გამოუყენებია.
რუსეთის იმპერიის გეგმებში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ არ მოხდა ერეკლე II მიერ თბილისში დაარსებული თოფხანის აღდგენა, სადაც პირველი ქართული ზარბაზანი იქნა ჩამოსხმული, რომელიც ერთხანს წარმატებით მუშაობდა და აღა მაჰმად ხანის შემოსევისას იქნა დანგრეული. ბუნებრივია ამის საჭიროებას არ გრძნობდნენ რუსები, რომლებიც ამ გზაზე ევროპის მეშვეობით საკმაოდ დაწინაურებულები იყვნენ და მათ პოლიტიკურ მიზნებში არ შედიოდა საქართველოში იარაღის დამამაზადებელი ქარხნების ამუშავება, ეს პრიორიტეტი მხოლოდ იმპერიისთვის არსებობდა, რაც ბუნებრივია ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენდა ქართული ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებისთვის.
მიუხედავად ამისა, ქართული ცეცხლსასროლი საჭურვლის განვითარებას, რომელიც კუსტარული წესით წარმოებდა აქვს თავისი ისტორია.
1867 წელს თბილისში, ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით, მეიარაღეთა ცალკეული ოთხი ამქარი (ხმლის მკეთებლები, მექარქაშეები, მეკონდახეები, მეჩახმახეები და ოქროს ზარნიშის მკეთებლები იარაღზე) 64 ოსტატით გაერთიანდა ერთ საამქროში, რომელმაც 1919 წლამდე იარსება.
ქართული ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაზე განსაკუთრებით
დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ტერმინებიც დამბაჩა, თოფი და ზარბაზანი ოსმალურია, მათი ქართული შესატყვისებია ხელმეხი და ქვემეხი. XVII საუკუნის ბოლოს ეს მსგავსება თვალშისაცემია, ხოლო XVIII საუკუნიდან ყალიბდება კავკასიური ტიპი ცეცხლსასროლი იარაღებისა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ იარაღს, კერძოდ `თბილისურ დამბაჩას~ და `მაჭახელას~.
`მაჭახელას~ სახელწოდება აჭარის რეგიონის მაჭახელის ხეობიდან მომდინარეობს, სადაც მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ ცნობილი მეიარაღეები ნერგაძეები, ქავთარაძეები, გიორგაძეები, გვიანიძეები და სხვები. რაც შეეხება `თბილისურ დამბაჩას~, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დამბაჩას ჰქონდა ჩერქეზული ან ყუბაჩური ჩახმახი ან ლულა და კონდახი, მაგრამ მორთული იყო ქართული ორნამენტიკით და დამღა თბილისის სასინჯი პალატის ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღები ერთიანდებიან `თბილისური დამბაჩების~ სახელწოდებით.
XIX საუკუნეში თბილისში კავკასიის სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობით ცხოვრობდნენ იარაღის ოსტატები. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან თბილისი წარმოადგენდა მთელი ამიერკავკასიის დედაქალაქს, სადაც თავს იყრიდნენ როგორც დამკვეთები ასევე შემსრულებლები. თბილისში მზადდებოდა როგორც ყუბაჩური და ჩერქეზული, ასევე ევროპული და თავად ქართული თოფ-დამბაჩები.
ერთი თოფის ისტორია
მუზეუმში ინახება თოფი, რომელმაც არაერთი ბაგრატიონის ხელში გამოიარა და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ეს არის ბაქარის თოფი, რომელზეც კოტე ჩოლოყაშვილს, თავის დროზე ვრცელი სტატია აქვს დაწერილი ”საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბეში”, ქართული ხალხური წესის მიხედვით თოფი გადაეცემოდა მემკვიდრეობით ვაჟიშვილს, მრავალშვილიანობის შემთხვევაში კი უფროსს, ან მამის მიერ დასახელებულ რომელიმე ვაჟს. უმემკვიდროდ დარჩენის შემთხვევაში იარაღს გვარის ახლობელი შტოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გადასცემდნენ. ასევე იარაღის გადაცემით ერთმანეთს ერთგულებას უმტკიცებდნენ შერიგებული მტრები.
ფონდში მოიპოვება წარწერიანი თოფებიც. ბაქარის თოფი მემორიალური თოფი ბაგრატიონთა ოჯახიდან, რომელიც მუზუმში 1925 წელსაა შემოსული ნიკო ბურის წყალობით.
ეს თოფი ყურადღებას იქცევს თავისი სიდიდით (178 სმ.), თავისებური გარეგნობით, მდიდარი შემკულობით და საინტერესო ქართული წარწერებით. თოფს სამი სხვადსხვა დროს აქვს დატანებული, რომელბიც შემდეგი შინაარსისაა:
1. `თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისავო~
2. `თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად~
3. `ჩყნა წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკისა ვარ~
თოფის ლულა რვაწახნაგოვანია. იგი ჩასმულია ხის ღარში, ხის ტარზე დამაგრებულია სამჭვლით, ხოლო ღარზე - სალტეებით. ხუთივე სალტე ვერცხლისაა, თოფს ტარი და ღარი კაკლის ხისა აქვს. ტარის ბოლო სპილოს ძვლისაა და ხის ტარზე ლითონის ხრახნითაა მიმაგრებული. გარდიგარდმო გადაკრული აქვს ვერცხლის მოსევადებული სალტე და სამაგრი. ლულა შემკულია ოქრო-ზარნიშითა და სამეფო გვირგვინით, შუაში კი დამღით.
თოფის წარმომავლობის საკითხის გარკვევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველი წარწერის იმ ნაწილს, სადაც მოხსენიებულია `თოფო ყირიმო~, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს თოფის ყირიმულ წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ თოფზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ყირიმში გაკეთებულია მხოლოდ ლულა. ყველა სხვა ნიშნის მიხედვით ეს თოფი საქართველოში, ქართველი მოხელის მიერ არის დამზადებული.
ამავე წარწერის შემდეგი ორი სიტყვა გვამცნობს, რომ თოფი მეფე ბაქარის საკუთრება ყოფილა. უდავოა რომ ეს უნდა ყოფილიყო ვახტანგ VI-ის ვაჟი, ქართლის მეფე ბაქარი, რომელიც ვახტანგის ირანში გამგზავრების შემდეგ გამეფდა ქართლში, ანუ 1717 წელს და სამეფო საქმეებს 1719 წლამდე განაგებდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბაქარი წარწერაზე დაფიქსირებულია უკვე როგორც მეფე. ანუ თოფი დამზადებულია ბაქარის მეფობის პერიოდში, ანუ 1717-1719 წლებში.
ასევე ძალიან საინტერესოა თოფის მეორე წარწერა - `თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად~. რადგან ბაქარ მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში 1717 წელს დაიწყო და 1724 წელს ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში წასვლით დასრულდა, კონსტანტინე მეფის ბაქართან ურთიერთობაც 1717-1724 წალებში უნდა ვეძიოთ. თითქმის ეჭვგარეშეა, რომ თოფის მეორე პატრონი კახთა მეფე კონსტანტინე უნდა ყოფილიყო. სხვა მეფე კონსტანტინე ამ წლების ქართლ-კახეთში ცნობილი არ არის. როგორ აღმოჩნდა ბაქარის თოფი კონსტანტინეს ხელში? წარწერა გვეუბნება `...იხილე მირთმეუა...~. მირთმეუა გულისხმობს ჩუქებას. ანუ ვასკვნით, რომ ქართლის მეფე ბაქარს თოფი უჩუქებია კახთა მეფის კონსტანტინესათვის. კონსტანტინე კი კახეთის მეფედ 1723-1724 წლებში იწოდებოდა, შესაბამისად აღნიშნული ფაქტიც ამ წლებში უნდა მომხდარიყო.
ამავე დროს ცნობილია, რომ სწორედ 1723 წელს ქართლისა და კახეთის მეფეთა შორის უმძაფრესი მტრობა და შუღლი მძვინვარებდა. ქართლისა და კახეთის შეტაკებები, რომლებიც ჯერ ორივე მხარისთვის ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა, ლეკების ლაშქრის ქართლისათვის შემოსევის შემდეგ, კახთა მეფის კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანის მიერ თბილისის დაკავებით და განადგურებით დამთავრდა. ძმათა შორის უგუნურ ბრძოლას ოსმალთა შემოსევა და ირანის შაჰის ერთგული კონსტანტინე მეფის დაპატიმრება მოჰყვა. ამ მძიმე მდგომარეობამ შეარიგა გუშინდელი მტრები. თბილისში ოსმალთა პატიმრობაში მყოფი კახთა მეფე კონსტანტინე, მეფე ბაქარმა, ციხიდან გააპარა. ვახუშტის ცნობით `პატიმარყოფილი მაჰმად-ყული-ხან ევედრება ბაქარს, რათა განუტევოს და აღუთქვა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა~. კონსტანტინეს გაპარება 1723 წელს მოხდა. ხოლო 1724 წლის იანვარში, კონსტანტინე მეფემ ბაქარს მოციქულად მიოუგზავნა თავისი უმცროსი ძმა თეიმურაზი, რომელიც ბაქარის დის ქმარი იყო და შეხვედრის დანიშვნა სთხოვა. ამასთან დაკავშირებით თვით კონსტანტინე მეფეც ჩავიდა მცხეთაში ბაქარის სანახავად, სადაც საბოლოოდ შერიგდნენ კიდეც. ბაქარის მიერ თოფის გადაცემაც სწორედ ამ შეხვედრას უნდა უკავშირდებოდეს. რაც მათი ერთობა-სიყვარულის საწინდარი იყო.
პირველ და მეორე წარწერის ისტორიისაგან განსხვავბით, მესამე წარწერა 127 წლით გვიანდება. ვის ხელში გაუვლია თოფს 127 წლის მანძილზე ძნელი სათქმელია.
ნიკო ბურის ცნობით, კონსტანტინე მეფის შემდეგ თოფი ედიშერ ბაგრატიონს, ნიკო ბურის პაპის მამას ეკუთვნოდა. 1851 წლიდან თოფი ნიკო ბურის პაპის ნიკოლოზის კუთვნილება ყოფილა. ეს თოფი როგორც რელიკვია ბურის სახლში 1925 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი იგი ოჯახმა სახელმწიფო მუზეუმს გადმოსცა. ასეთია ამ ისტორიული თოფის ამბავი 1925 წლამდე, ვიდრე იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდში შემოვიდოდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!