ვულკანები ადამიანებისათვის დიდი ხნის განმავლობაში იყო იდუმალებით მოცული. საუკუნეების მანძილზე ვულკანი შეიძლება უმოქმედო იყოს, შემდეგ კი მოულოდნელად გაიღვიძოს და შიშისმომგვრელ სანახაობად იქცეს. ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში მათ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
მოსახლეობის უმეტესობა ამ მიძინებული გოლიათებისაგან მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ მილიონობით ადამიანს მოქმედ ვულკანებთან უწევს ცხოვრება. მაგალითად, ეკვადორის დედაქალაქ კიტოსთან ახლოს, ჩრდილო–დასავლეთით, მდებარეობს ვულკანი პიჩინჩა. ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ოკლენდი (ახალი ზელანდია) და ნეაპოლი (იტალია) ვულკანის კალთაზეა გაშენებული. მილიონობით ადამიანს შიშით სძინავს, რომ ერთხელაც მიწის გრუხუნს გაიგონებენ, რომელიც მიძინებული გოლიათის გაღვიძებას ამცნობს.
უკვე 3 ათასი წელია, ნეაპოლის მოსახლეობა მთა ვეზუვის მახლობლად ცხოვრობს. ის ნეაპოლიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. ვეზუვი დედამიწაზე არსებული საშიში ვულკანებიდან ერთ–ერთია. მისი ძირი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ამიტომ ის გაცილებით დიდია, ვიდრე გარეგნულად ჩანს.
ვეზუვის დიდი ხნის ისტორია აქვს. ის, სულ მცირე, 50–ჯერ ამოიფრქვა. აქედან ცნობილი ამოფრქვევა ახ.წ.აღ–ით 79 წელს მოხდა. მან მიწასთან გაასწორა ისტორიული ქალაქები პომპეი და ჰერკულანეუმი. 1613 წელს ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო სიტყვა ლავის გამოყენება. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვა ლაბიდან, რაც დაცურებას ნიშნავს.
ვეზუვი კვლავაც მოქმედი ვულკანია. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის მოკავშირეთა ჯარს ფერფლის ამოფრქვევით შეხვდა. ფერფლით დაიფარა მახლობელი ქალაქები – მასა და სან სებასტიანი.
დღეს უკვე ნეაპოლელები არ უშინდებიან ვულკანთან მეზობლობას. ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების მოყვარული ტურისტები მისი ნახვისას აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მთა ვეზუვი დღემდე იზიდავს ადამიანებს. მნახველთათვის ის საშიში გოლიათი კი არა, კეთილი მასპინძელია.
ოკლენდი საპორტო ქალაქია. იქ მრავლადაა ვულკანური კონუსები. 48 პატარა ვულკანის მიდამოებში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვულკანების ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება ველები, სადაც დღეს ორი ნავსადგურია. ახლომდებარე კუნძულებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ყველაზე კარგად მოჩანს კუნძული რანგიტოტო, რომელიც 600 წლის წინ წარმოიქმნა და ვეზუვის მსგავსად სიმეტრიულია. ამ კონუსის წარმოქმნის დროს ახლომდებარე მაორთა სოფელი ფერფლში ჩაიმარხა.
ოკლენდის მოსახლეობაც შეჩვეულია ვულკანებთან ცხოვრებას. დღეს ვულკან მაუნგაკის კონუსზე პარკი და ფერმა მდებარეობს. ვულკანი ქალაქ ოკლენდის ცენტრშია. ზოგიერთი ვულკანის ადგილას ახალი ტბები, პარკები და სპორტული მოედნებია. ლამაზი ხედების გამო ბევრი მოქალაქე სწორედ ვულკანის ფერდობზე ამჯობინებს ცხოვრებას.
პირველად ოკლენდის ტერიტორიაზე მაორები დასახლდნენ, სულ რაღაც 180 წლის წინ კი – ევროპელები. მათ ნაკლებად აინტერესებდათ ამ ადგილის ვულკანური წარმოშობა. ნახეს, რომ ტერიტორია დაუსახლებელი იყო, ზღვასთან ახლოს მდებარეობდა და მიწაც ნაყოფიერი გახლდათ. მაგალითად, ინდონეზიაში ბრინჯის საუკეთესო მოსავალი იმ რეგიონში მოდის, სადაც მოქმედი ვულკანებია. შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილის ის რეგიონები, სადაც მოსავალი მოდის, ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა. თუ ხელსაყრელი პირობებია, ვულკანის ამოფრქვევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ლავით დაფარულ მიწაზე შეიძლება მცენარეებიც აღმოცენდეს.
ცხადია, რომ ვულკანებთან ცხოვრება დიდ საშიშროებას წარმოადგენს, თუმცა მეცნიერებს უკვე შეუძლიათ, დააკვირდნენ მიწისძვრებისა და ვულკანების აქტივობას. მაგალითად, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური თვალყურს ადევნებს მსოფლიოში არსებულ მოქმედ ვულკანებს. მათ შორის არის ნეაპოლისა და ოკლენდის ვულკანები, სადაც საგანგებო შემთხვევებისათვის შესაბამისი სამოქმედო გეგმაა გათვალისწინებული.
კოორდინატთა დადგენის 24 საათიანი გლობალური სატელიტური სისტემის და სეისმომეტრების საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ, დააფიქსირონ მაგმისა და მიწისქვეშა გამდნარი ქანების მოძრაობა და მოსახლეობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გააფრთხილონ.
ვეზუვიზეც მუდმივი დაკვირვება წარმოებს. რისკის თავიდან ასაცილებლად იტალიის ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა ისეთ ძლიერ ამოფრქვევასთან გასამკლავებლად, როგორიც 1631 წელს მოხდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ გააფრთხილონ საშიშ ზონაში მცხოვრებნი და ვულკანის ამოფრქვევამდე ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
მეცნიერები ოკლენდს მონოგენური ვულკანების წარმოშობის ადგილს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩამქრალი ვულკანები აღარ ამოიფრქვევა. ახალი ამოფრქვევა შეიძლება სრულიად სხვა ადგილას მოხდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამოფრქვევის წინამორბედია მიწისძვრები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირაც გაგრძელდეს.
ვულკანებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ეს გაფრთხილება ხალხმა ყურად იღოს. 1985 წელს კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელი იყო ვულკან ნევადო დელ რუისის ამოფრქვევა. მთის გუგუნი 50 კილომეტრის მოშორებით ისმოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ვულკანი ამოფრქვევას აპირებდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მოუწოდებდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ცოტა ხანში ქალაქი არმერო ტალახის ნაკადმა წალეკა და თან 21 ათასი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.
ბუნების ეს გოლიათები მართლაც იდუმალებით არიან მოცულნი. თავიანთ საიდუმლოს საგულდაგულოდ მალავენ და არავინ იცის, როდის და სად გაიღვიძებენ, რა თავსატეხს გაუჩენენ მეცნიერებსა თუ მოსახლეობას. მათ "სინდისზე” უამრავი ადამიანის შეწირული სიცოცხლე და განადგურებული ქალაქებია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!