ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

არწივი ვ.ფშაველა

I

დაფიქრებული იყო, იჯდა მაღლის მთის მწვერვალზე. მაღლიდან ცა დაჰყურებდა, თითონ კი როდი უცქეროდა ცას. არაა იგი ჩვეული მაღლა ცქერას. რადა? – მადა, რომ სანადირო ცხოველითუ ფრინველი დაბლა მოიპოვება, მაღლა ფრენა მხოლოდ წეროებს უყვარს, მაგრამ იმათაც არწივი ძირს მოიქცევს, თავად მაღლიდან დაჰბრუნავს თავზე; გამარჯვებისათვის ამისთანა ზნე-ჩვეულება სჯობია: ზევიდან დაცემა მის მსხვერპლს თავზარსა სცემს და წინააღმდეგობის საშუალებას უსპობს; არწივის მხრებით გაკვეთილი, გაპობილი ჰაერი ქუხილია ცისა, საშინელია, ღვთის რისხვაა, სიკვდილია პირდაღებული, ხმალმოღერებული, შეუპოვარი, შიშუცოდარი. თქვენ, იქნება, არ გაგეგონოთ და არც გენახოთ მარგილზე ჩამოგებული არწივი, მსხვერპლისთვის დატევებული, მაგრამ მოტყუებული?! სამსხვერპლომ გაასწრო, თავს უშველა, არწივმა კლანჭი ვეღარ მოჰკრა და გამწვეტებულს ხეზე მოიკლა თავი. მაგრამ იმისი სიკვდილიც ვაჟკაცურია. სულის დალევის დროს იგი მაინც არა ჰკარგავს სიამაყეს, მამაცად აბრიალებს თვალებს, თითქო ეუბნება თავის ნიშის მგებლებს: „მიცქირეთ და ისწავლეთ, როგორ უნდა მოკვდეს ნამდვილი ვაჟკაციო!" ბევრჯელ, ნადირობის დროსვე, შაენარცხება არწივი კლდესაც და მასზე გაიპობს მკერდს. წყლულს იმას არავინ შეუხვევს და არცვინ წამალს დააყრის. წამლად და ნუგეშად მის ქვეშევრდომთა ხმა ისმის მხოლოდ: „ახია შენზე!.. ჰე, მოგხვდა, თუ არა?!." ეგრეა წუთისოფელი! აბა ცოცხლისთვის ეთქვა ვისმე ასეთი ქართული?!. არა, ვერავინ გაჰბედავდა. ეხლა თუ ამბობენ, დრო დაჰრჩათ და იმიტომ: იგი მოკვდა, თვალები დახუჭა, მჭრელი ნისკარტი დაიკეტა სამუდამოდ, მძლავრი ფრთები და ბასრი კლანჭები დაუქმდა…
თუ მისი წინაპარნი დაიხოცნენ ცდაში, ყოჩაღობაში, ეს ხომ ცოცხალია იმათი მოდგმისა, დღეს რომ მთის მწვერვალზე ვხედავთ ღრმა ფიქრებში გართულს და დაღონებულს. ამასაც წინაპართა სისხლი ედგა ძარღვებში, დიდის არემარისა და დიდის მთების მფლობელია იგი, მაგრამ დღეს მისი მფლობელობა მხოლოდ ცარიელი სიტყვა იყო… დასცქეროდა გულზე ბოღმამორეული აუარებელს მთების გროვას, იგონებდა, სადაც რა ნადირი თუ ფრინველი ენადირა და გულზე ეკალი ესხმოდა. რადა?.. რისთვის? ნუთუ ფრინველი და ნადირი გათავდა? რა ბრძანებაა: აუარებელი იყო ყველა ცხოველი თუ ფრინველი; გულის საკლავად ეწვეთებოდა კაკბების კაკანი, როჭოების ყაყანი, შურთხების ლამაზი სტვენა, და მძიმე ოხვრა ამოჰხდებოდა გულიდან. იქნება, მეტოქე ვინმე გამოუჩნდა თავზე მძლავრი, იმან დაჩაგრა და აღუკრძალა ნადირობა? არა. იქნება ავად არის? არა. იქნება საყმო აუჯანყდა და აღარავინ ემორჩილება მის ბრძანებას?.. – ამის მსგავსი საქმეა არწივის თავს!.. როგორ მოხდა ეს წარმოუდგენელი ამბავი?.. საყოველთაო საზოგადო ბუნების წესის თანახმად იგი დაუძლურდა, დაბერდა; წინანდებრ აჭრეინებდა ვეღარც თვალებს და ვეღარც კლანჭებს, გული თუმც კიდევ ერჯოდა, გული არ დაჰბერებოდა… „ღმერთო, მომკალ! – მხოლოდ ამბობს დღეს არწივი, – რადა ვარ ცოცხალი, რისთვის? ქვეყნის თითით საჩვენებელი? ქვეყნის მასხარა? ფუჰ!.." – უკვირდა და ვერ აეხსნა ვერაფრით თავის სიუძლურე; მისი ურჩი გონება და ამაყი გული არ ურიგდებოდა ბუნების მძლავრს კანონს. არწივი თავის სიცოცხლეში ავად არ ყოფილა, არადროს სისუსტე არ უგრძვნია. არ მოუთმენია სიმშილი; დღეს კი ჰშიან და ძალიანაც ჰშიან: მთელი თვეა, არაფერი უჭამია: ეტევება ფრინველებს, მაგრამ ვეღარ იჭერს, მიურბიან. ბალახი ძოვოს და ეს ნახონ მის ქვეშევრდომთა? ყოვლად შეუძლებელია, მისი გული ამას ვერ აიტანს, მისი გონება ამას ვერ მოინელებს. გუშინ, გუშინწინ, იმას წინ დაიწყო საზარელი ყეფა ნიშნად იმისა, რომ მთელი მისი ქვეშევრდომნი, მთელი საყმო მოსულიყო მეფესთან, მაგრამ ამაოდ. ფრინველნი ერთი-მეორეს აფრთხილებდენ: „ჰაა, ფეხი არავინ მოიცვალოთ!" ყველა კლდესა, ღრესა, ხევსა და ტყეს ეფარებოდა. ბატონს არავინ ეახლა, მხოლოდ მის თავზე რამდენიმე ყვავს მოეყარა თავი-თავს და მაღლიდან ნიშნის მოგებით დასჩხაოდენ, ახლო როდი უდგებოდენ. იმათი ხორცი თავის დღეში არ უჭამია არწივს და დღეს კი სიამოვნებით შეექცეოდა, თუ, ერთიც არი მაინც, ხელში ჩაუვარდებოდა. ბრაზმორეული თვალებს უბღვერდა ამ თავხედ ფრინველებს, მაგრამ იმათ სიცილადაც არა ჰყოფნიდათ მისი რისხვა და მუქარა…

II

არწივს ჰშიან, ძალიან ჰშიან… ნუთუ აღარაფერი სახსარი აქვს მოიკლას სიმშილი? მხოლოდ ერთადერთი საშუალება არის მის ხელთ, თუ თავმოყვარეობა არ დაუშლის. სახელდობრ ისა, რომ წაართვას სხვას ნანადირევი და თვით დაისაკუთროს. ან ქორ-შავარდნების ნასუფრალებით, ნარჩომით გამოიკვებოს თავი, და მერე? ეს არწივმა იკადროს? არა, არ შეუძლიან ეს არწივს; ჯერ კიდევ ფრენა შეუძლიან, ჯერ კიდევ ბჯღალები და ნისკარტი აქვს… უნდა უკანასკნელადა სცადოს თავისი ძალღონე, ნეტავი, წეროები მაინც დაბრუნებულიყვნენ სამხრეთისაკე. იმათ კიდევ, როგორც იქნებოდა, გაუმკლავდებოდა… მაგრამ არა სჩანან. ჯერ ისევ შუა ზაფხულია… უნდა სცადოს უკანასკნელად არწივმა თავისი თავი და, თუ არა იქნა, დაუყარაულოს სხვებს – ქორს ან შავარდენს, და ნანადირევი იმათ წაართვას, უშაროს, უთხრას: ვინ მისცათ იმათ ნება მის სამფლობელოში ნადირობისა და იმით გაიმართლოს თავი… წინად ხომ არ უშლიდა იმათ ნადირობას, დღეს რადღა კადრულობს ამ უმსგავსს საქციელს; „ჩემი ნებაა ჩემი ადგილი და ჩემი სარჩო, ქონება. ვის რა საქმე აქვს?" აი ამას ფიქრობდა არწივი: „გუშინ ნებას ვაძლევდი ნადირობისას, დღეს მე ვარ და აღარ ვაძლევ. მორჩა და გათავდა… მაშ ჩემი შიში და ხათრი აღარ უნდა ჰქონდეთ?! ვტყუი მაშ? არა, ეს ტყუილი არაა, ეს ნამდვილი საბუთია…"
არწივმა აიწია, აფრინდა და დაიწყო ჰაერში ტრიალი. მის შორიახლო ხან შავარდენი გამოინავარდებდა, ხან ქორი გამოჰქროლებდა. არწივი გულმოკლულად თვალს ადევნებდა იმათ და ამბობდა: – „ჰაი, გიდი, დროებავ! რას მოვესწარი, – ეგენი, ეგ გინგლიანები კი უნდა ნადირობდენ, ლაღობდენ და მე მაგათ შავყურებდე?!. ააახ! ახ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო გაჩენავ, ჩემო დაბადების დღეო!" აყოლებდა იმათ თვალებს. შავარდენმა გამოიგდო ერთი მამალი როჭი, შორს არ გაუშვია, მალე მოეწია. დაჰკრა ბრჭყალები. როჭოს ბუმბული იელ-ციელით მიდ-მოდიოდა გაფანტული უფსკრულის თავზე. როჭო ძირს სადღაც ხევში დაეშვა, შავარდენიც ჩაჰყვა თან. არწივი ამას ჰხედავდა. „ჰმ, მოკლა მაგ წუწკმა!" – წარმოსთქვა არწივმა, მოიკუმშა მხრები და დაეშვა იქით, საცა შავარდენი და მისი მსხვერპლი ჩაეფარნენ. ნახა: შავარდენი როჭოს სწიწკნიდა. არწივი მათ შორიახლო კლდის კინჭუხზე დაჯდა. შავარდენს უკვე გაეხლიჩა თავი როჭოსათვის და შაექცეოდა.
– როგორ ჰბედავ, შე წუწკო, შენა? – უთხრა მას არწივმა.
– რასა, ბატონო ჩემო? – მიუგო მას შავარდენმა ცოტა დუმილის შემდეგ.
– როგორ თუ რას? არ იცი, ვის ეკუთვნის ეს არემარე, ეს მთები მის მცხოვრებლებითურთ?.. – სთქვა განრისხებულმა არწივმა.
– პირველად მესმის… – სთქვა შავარდენმა და თან იგი ნისკარტით უჯიჯგნიდა თავს მკვდარს როჭოს, არაჯრად ჩააგდო ფრინველთა მეფის მრისხანება.
– მე შენ გიბრძანებ, ამ საათში როჭოს ხელი გაუშვა და დაიკარგო აქედან. გესმის თუ არა? – უთხრა კვალად არწივმა, ნისკარტი გააღო და მხრები აიწია, მზად იყო დასცემოდა თავზე შავარდენს, მომკვდარიყო და ან ის მოეკლა.
შავარდენმა დამცინავის თვალით გადაჰხედა არწივს და წარმოსთქვა: – მიკვირს, ჩვენო მეფევ, თქვენი მრისხანება და არც მესმის მიზეზი, რად სწყრებით. ამისთანა მაგალითი არწივის მხრით პირველია, არც წინაპართ და არც ახლებს არავის უნახავს და არც გაუგონია, რომ მეფე ფრინველთა ქორ-შავარდნებს ლუკმას პირიდან სტაცებდეს.
– მიზეზი? ჩემი ნება, ჩემი სურვილია. აღარ გაძლევთ ნებას ინადიროთ ჩემს ფრინველებზე. გესმის? სწორედ ეგ არის მიზეზი… ჩემთვის მინდა მე ყველა ეს ფრინველები, რაც ჩემს სამფლობელოში გაჩნდა და აღიზარდა, იმათზე ხელი, ჩემს გარდა, სხვას არავის არა აქვს, ხომ გაიგე? – სთქვა არწივმა და თან თვალებით სჭამდა შავარდნის კლანჭებით დაბღუჯვილს როჭოს.
– მეფე ბრძანდები და არ მინდა გაწყენინო, – უთხრა პასუხად შავარდენმა: – არც გაწყენინებ, თუმცა სიმართლეს კი მოგახსენებ.
– სთქვი, თუ არ იცრუებ. – წარმოსთქვა არწივმა.
– ეგ არ არის მიზეზი თქვენის წყრომისა. სულ სხვაა და ჩვენ ყველამაც გავიგეთ და ვიცით. გგონია, არ ვიცოდე, ვიცი ყველაფერი, კარგად ვიცი. როცა თქვენს სამეფოში სანადიროდ დაჰბრძანდები, მე მუდამ თვალს გადევნებ. ვიცი… მობძანდი, მიირთვი… მე ღმერთი კიდევ მომცემს საზდოს, სიმშილით არ მოვკვდები: კლანჭი და თვალი კიდევ მიჭრის, მობძანდი, მიირთვი, ფეშქაშ. მხოლოდ… ჰოო, ფრინველნი… გნახონ კი, გნახონ და ვნახოთ, რას იტყვიან, ნუ იფიქრებ, მეშინოდეს და იმიტომ გთავაზობდე… არა, არა. – სთქვა შავარდენმა და აიწია ასაფრენად.
– მოიცა, შე ბრიყვო, მოიცა! – წარმოსთქვა არწივმა უფრო განრისხებით: – ვის ეკადრება შენი უმსგავსი ნისკარტით და ბრჭყალებით ნაჯიჯგნი ლეში? თუ მინდა, თუ მოვიწადინე, ათასს და ათი-ათასს არ ვიშოვი?
შავარდენი განშორდა და შორიდან მოისმა მისი ხარხარი… იგი მაღლა-მაღლა იწევდა და თან თვალს არ აშორებდა არწივს. არწივმაც იცოდა მისი ფიქრი და განზრახვა. ჰშიან არწივს ისე, რომ, ლამის, სული ამოჰხდეს; უცქერის მთლიანად მდებარეს როჭოს, მხოლოდ თავიდან ტვინამოჭმულს, და ელამუნება ბუმბულითურთ გადაყლაპოს. მაგრამ რა ჰქნას, რო ჰნახავენ სხვები? სცხვენიან, ძალიან სცხვენიან. ნეტავი, ღამე იყოს, არავინ ჰნახოს, მაშინ ბედნიერი იქნებოდა. ვაი, რომ დღეა!..
– არა, – წარმოსთქვა მან, – წავიდე, გავშორდე აქაურობას, დამცინებენ თუ შავანიშვნინებ უხეიროდ თავს. გაუგიათ, ალბათ, იციან… ვაჰ, შენ ჩემო ყოფნავ, ჩემო სიცოცხლევ!… აქ, მთაში, მე აღარ მედგომება, უნდა წავიდე აქედან. – ერთხანად იმ ფიქრმაც გაუელვა, ღამე მოსულიყო და ქურდულად ეჭამა შავარდნის ნანადირევი. მაგრამ ვერ გაბედა… შეჭმულს ჰნახავენ, იმას დაჰბრალდება მაინც. იქნებ, ბუმ ნახოს, ის არ დაჰმალავს, გამოამჟღავნებს საიდუმლოებას… – უნდა წავიდე აქედან. – სთქვა მან და აიწია. აფრინდა დამჩატებულის ტანით, დასუსტებულის მხრებით დაიწყო ჰაერში ტრიალი… ფრინველნი ზოგი წინ ეჩეხებოდენ, სხვანი თავზე უვლიდენ… მორიდება, მოკრძალება არწივისა ოდნავაც აღარ ეტყობოდა არავის.

III

საღამო ხანი იყო. მზე ჩაიწურა და მოეფარა მთებს. მისი სხივები მხოლოდ მაღალი მთების თხემებზეღა ენთნენ კელაპტრებივით. ცას მოეყრეინა გულმკერდიდან ღრუბლები და ჩაებერტყა დაბლა ხეობებში. მაღლიდან მოწმენდილი ცა დასცქეროდა დაბლა ნისლების გროვას, ისინი აღელვებული, აბობოქრებული ზღვის ტალღებივით ერწეოდენ ქვეით, სადღაც ჯურღმულში, გულჩათხრობილ უფსკრულში.
გაბეჩავებული არწივი მიფრინავდა მაღალი კლდისაკენ, კლდე სამფეროვანად – ყვითლად, ლურჯად და შავად გამოიცქირებოდა. ამ კლდეში დაიბადა იგი და იქ მიეშურებოდა. კლდეს შუა წელში ნაკვეთი ჰქონდა, იქ იყო მათი ბუდე, როცა არწივი დაიბადა. დედა ხშირად გამოიყვანდა და ბუდის პირას დასვამდა, ვიდრე ფრენას შესძლებდა, საჭმელსაც აქ უზიდავდა. ეს ალაგი კარგად ახსოვდა არწივს. მის დანახვამ მოაგონა ის დრო, როცა ბარტყი იყო, ის დროც, როცა დაჭაბუკდა და პირველად ნადირობა დაიწყო. სწორედ იმ ადგილას დაჯდა, საცა სიყრმის დროს უყვარდა ყოფნა. დაღამდა კიდეც, არწივი უნძრევლად იჯდა და მხოლოდ თვალებიდან ღაპაღუპით ცრემლები ჩამოსდიოდა. სამუდამოდ ხვალ უნდა გამოსთხოვებოდა იმ ადგილს, სადაც დაიბადა, აიზარდა და გაატარა სიცოცხლე, სადაც ბევრი სიამოვნება ნახა. ეძნელებოდა აქედან გაშორება… დღეს გადასწყვიტა, წასულიყო ბარად და იქ მომკვდარიყო. წარსულის და მომავლის მოგონებამ აუჩუყა არწივს გული, ვეღარ შეიმაგრა თავი და თვალთაგან ცრემლმა გადმოჰხეთქა. მთელი ღამე ასე ვაებით გაატარა. არწივის ცრემლების მოწამე მხოლოდ სალი კლდე იყო და სხვა არავინ. არც უნდოდა, სხვას ვისმე ენახა იგი მტირალი და კლდისა კი არ ეშინოდა, რადგან არავის ეტყოდა: დედა იყო მისი და იმიტომ…

IV

ძალიან ადრე, ისე რომ თითქმის არც კი ვისმე შეუნიშნავს, არწივი გამოემშვიდობა მთებს და გასწია ბარისკენ; პირდაპირ მიფრინავდა და საით – თითქმის არც თითონ იცოდა. ჩვეულებრივად აღარ ავლებდა გარემო თვალებს: აღარავისგან ელოდა სალამს, აღარც ქება-დიდებას… ყველა ეს დღეს მას ამაოდ მიაჩნდა… ბევრს სოფლებს გადაევლო თავს, ბევრს ტყეს და მინდორს, დაბალ გორაკებს.
თითქმის შუადღემ მოატანა. მას თვალწინ აუჩნდა დიდი, თვალგადუწვდენელი მინდორი, ალაგ-ალაგ ტყიან-ჭალებიანი. ლეშის სუნი ეცა. მთები შორს ძლივსღა მოსჩანდენ… დაბლა დაეშვა. იქნებ, ღმერთმა უშველოს და სიყმილი მოიკლას? მდინარისგან გამორიყული იდუმალ ტყით შემოფარგლულ ადგილს მძოვრი შენიშნა… რა ქნას, ჭამოს? არ არის ჩვეული მძოვრის ჭამას. განა სვავია, უმსგავსი სვავი, გინგლიანი?.. „ეჰ! – სთქვა მან, – ვკვდები, მაშ რა ვქნა? მოთმენა აღარ შემიძლიან, აქ მთის ფრინველი ერთიც არ მოიპოვება. ვერავინ მნახავს…" არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა… მძოვრზე რამდენიმე კაჭკაჭი იჯდა. არწივის დანახვაზე გაფთხნენ, გაიფანტნენ. არწივი მძოვრის შორიახლო დაჯდა. იგი ყურს აღარავის უგდებდა: „ვინც რა უნდა სთქვას, ვინც რა უნდა იფიქროსო". – ამბობდა იგი… კაჭკაჭები ხომ ფრინველებად არც კი ჩაითვლებიან. არწივი ლეშს მიუახლოვდა… ზედ შეახტა, გულმა ვერ მოუთმინა, თავისებურად დაზვერა, დაათვალიერა გარეშემო, გარდა კაჭკაჭებისა, სხვაც ხომ არავინ მხედამსო და… დააპირა ლეშის ჭამა, თუმცა კი ეზარებოდა.
სწორედ ამ დროს ტყიდან კვამლი გაჩნდა წამლისა, თოფის ხმა გაისმა და არწივი ზედ მძოვრზე წაიქცა…

1904წ.


წყარო: http://vaja.3owl.com/arwivi/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (21.12.2012)
ნანახია: 2176 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
2 cq   (25.12.2012 01:21:39) [მასალა]
ტვიტონ წიგნიც მიგვიტიტებს რომ დზველადაც იყო არაკაცი მონადირეები(მტლიანობასჰი კარგია)

+2   Spam
1 gigagiga239   (22.12.2012 03:55:09) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика