ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ჩემი შავარდენი ვ.ფშაველა

(ბესოს ნაამბობი)

      ოჰ, რა მშვენიერი რამ იყო ჩემი შავარდენი! რომ გენახა, თვალს ვერ მოაშორებდი, სულ გინდოდა გეცქირა, ცქერით ვერ გასძღებოდი. მარტო იმის თვალები მთელ სიცოცხლედ ღირდა. მეტისმეტი ამაყი, თავმოყვარე, გამბედავი, უკადრისი და მწყრომელი იყო. ყველა ამას ცხოვლად ჰხატავდა მისი შავი კუმეტივით თვალები. თვალები? ერთი შავარდნისაა მთელს დედამიწის ზურგზე და მეორე შურთხისა. მაგრამ შურთხი როდია მტაცებელი ფრინველი და კიდეც იმიტომ უფრო სიმშვიდე, სინარნარე, სიკეკლუცე გამოიხატება შურთხის თვალებში. შურთხსაც, არწივივით, მთის მწვერვალებზე უყვარს ცხოვრება…
პირველად რომ შევიპყარ და შინ მოვიყვანე შავარდენი, როდი იყო ისეთი ლამაზი, როგორიც ბოლოს და ბოლოს დადგა, როცა წამოიჩეჩა, მოიზარდა; ნახევარ ტანი ტიტველი ჰქონდა, მარტო გინგლი ეტყობოდა, უშნო იყო, მხოლოდ თვალებში გინდოდა გეცქირა, და თუ გააჯავრებდი, ხმა გინდოდა გაგეგონა, გულზე ლახვარივით ხვდებოდა კაცს მისი ჭახჭახი.
გიამბო, საით, როგორ ვიშოვნე შავარდენი? ყველა ვერ შესძლებს იმას, რაც მე მოულოდნელმა, უცაბედმა შემთხვევამ შემაძლებინა.
„საორთვეოდ"დათხოვნილი გახლდით. სოფლად ვცხოვრობდი. ერთადერთი ჩემი გართობა თევზაობა და ნადირობა იყო. გაგიჟებით მიყვარდა ტყე-ღრეებში, მთა-კლდეებზე ხეტიალი. გადავიგდებდი მხარზე თოფს, დავდიოდი აღმა და დაღმა, დამშლელიც, ჩემდა ბედად, არავინ მყავდა.
მთაში ვნადირობდი. იქნებოდა თიბათვისა ერთი თუ ორი კვირა. ჩვენს მთებში ერთი უზარმაზარი კლდეა, რომელსაც ხალხი „საშავარდნეს" ეძახის. ალბად იმიტომ, რომ იქ შავარდნები ბუდობენ. მეც სწორედ საშავარდნის პირდაპირ ვიჯექ, მომცრო კლდის თავზე და სამხარს გიახლებოდი; გავხსენი ჩემი სანადირო გუდა, ამოვიღე პური და ყველი. ღმერთმანი, მადა არ მექნებოდა… მთებში მოსიარულე კაცი მადად იქცევა, საჭმელად გამგელებულია. ქვევით, ჯურღმულიდან ამონადენი ცივი ნიავი ისე მცემდა, თითქოს უხილავი ხელი ყინულს მისვამდა შუბლზე. ხევიდან ჩანჩქერისა საზარელი ხმაურობა ისმოდა: გლოვა, კვნესა, ტირილი და გიჟური სიცილი ერთმანერთში იყო არეული. ჩემი გუნებაც ირეოდა: შიშსაცა ვგრძნობდი და სიამოვნებასაც. ჰაერშიც ფრინველები ირეოდენ. სვავები მხრების ლახლახით მიდი-მოდიოდენ ჩაფრებივით. მხოლოდ არწივი არა ფიქრობდა არსად წასვლას, საშავარდნის თავზე ტრიალებდა, წრეს ავლებდა და ხამუშ-ხამუშ ჰყეფდა: „ღაღაა!"
ეტყობოდა, რაღაცა სწყინდა, რაზედღაც წყრებოდა. არწივის წყრომის მიზეზიც მალე გამოაშკარავდა: საშავარდნის კლდიდან შავარდნის ჭახჭახი მომესმა. კლდეს შუა წელზე სრელად ყვითელი ზოლი მისდევს. თვალი დავაშტერე, ვნახე, რომ შავარდენი თავის ბუდის ზღურბლზე წარმომჯდარიყო: თურმე ისიც თავის ბარტყებს სამხარს აჭმევდა. მე ბარტყები ვერ შევნიშნე, მხოლოდ შავად რაღაც გაურკვეველს წერტილებს ვატყობდი.
გულმა აღარ მომითმინა, თოფი ვესროლე. დედა-შავარდენი, უეჭველია, აფრინდა, ხოლო ჯურღმულისკენ ორი რაღაც ჩვრების მინაგვარი წამოვიდა ტრიალ-ტრიალით. ესენი რომ დაინახა, შავარდენიც დაჰყვა თან, და მეც, რასაკვირველია, იქით მივაშურე. ძლივძლივობით, ბღოტიალით, ცოცვა-ხოხვით, როგორც იყო, ჩავაღწიე დანიშნულ ალაგს.
სწორედ იმ დროს მივასწარ, რომ შავარდენი თავის შვილს რაღაცას უპირობდა, ბუდეშივე აყვანა ეწადა, მაგრამ მე რომ დამინახა, თავი ანება, აფრინდა და ჩემს თავზე ტრიალი დაიწყო. ყველაფერი ცხადი იყო, შავარდნის ბარტყი ტყვიას გაექარა, დაებნიდა, მიტომ გადმოვარდა; მის შორიახლოს გაჯიჯგნილი კაკაბი ეგდო… საწყალ დედა-შვილებს ნადიმი გავუმწარე, პატარა შავარდენს ფრენა არ შეეძლო, ძლივს დაბობღავდა.
რომ მივუახლოვდი, ყალხზე შედგა, ნისკარტი დააღო, მიქშენდა, თვალებს მაფეთებდა, მაგრამ ამაოდ, ჩემი ხელიდან ვეღარ წავიდოდა.
შევიპყარ და წამოვიყვანე. დედა-შავარდენი დამქროლავდა, შვილს არ მანებებდა. ხარი-ირემი რომ მომეკლა, ისე არ გამეხარდებოდა, როგორც ამ პატარა შავარდენმა გამახარა. ჩემთვის ეს დიდი დავლა იყო. ბაზიერი არ გახლავარ და ბევრიც არაფერი მესმოდა ფრინვლის დაგეშისა, ხოლო ის კი ვიცოდი, მარილიანი ხორცი აწყენდა და მომიკვდებოდა. ამიტომ მარილიანს ყველაფერს ვარიდებდი და მუდამ ახალ-ახალ ხორცს ვაჭმევდი, რისაც შემხვდებოდა: ფრინვლისა, ცხვრისა, ძროხისა და სხვ.

II

ვინც არა მგონია, მოდიოდა ჩემი შავარდნის სანახავად, და ყველა ერთსა და იმასვე გაიძახოდა: „თვალები, თვალები!.. რა ლამაზი თვალები აქვს ამ შაჩვენებულს!" მთელ ექვს კვირას სახლში ვინახავდი, მე თითონ ვაჭმევდი და ხელზე ვიჩვევდი, რადგან ვიცოდი, სხვისა ნაწურთნი, სხვის ხელზე მიჩვეული მე აღარ გამომადგებოდა. გაგონილი მქონდა, რომ ორისა და სამის ნაწურთნი ქორი, მიმინო თუ შავარდენი, ბოლოს უწვრთნელი რჩებოდა.
როცა მოიზარდა, მოყოჩაღდა, სახლის გვერდში გავუმართე ბინა. თუმცა საკმაოდ დახელისავდა: ვაჩვენებდი თუ არა ხორცს, მაშინვე მოფრინდებოდა, ხელზე დამაჯდებოდა, ოღონდ დამეძახა: აბა, ჩემო თვალლამაზო-მეთქი, სხვა არაფერი საჭირო არ იყო, მაგრამ მაინც არ ვენდობოდი და წვრილი თოკით ვაბამდი.
ეხლა იმდენად მოზრდილი იყო, კატა თუ ძაღლი ჩემს „თვალლამაზს" ვერაფერს ჩამორჩებოდა. მაშასადამე, მისი გარეთ ყოფნა საშიშო აღარ იყო. ადგილი, სადაც შავარდენი დავაბინავე, წინად ქათმებისაგან გადაქექილი იყო; იქა ფუტკულაობდენ, გროვდებოდენ მუდამ, მაგრამ მერე ყველამ ფეხი ამოიკვეთა; ყველა შორს უვლიდა; ცალი თვალით უცქეროდენ და თავისთვის ბუზღუნებდენ: ეს ვინღა ოხერი მოთრეულა, რომ ჩვენს ბინას, ჩვენს საფიხნოს გვეცილებაო… მერე ერთად შეგროვდებოდენ და თათბირობდენ, როგორ მოეშორებინათ თავიდან ეს დაუპატიჟებელი სტუმარი… მამალი მის ახლომახლო ყივილს ვეღარ ჰბედავდა, გაირეკავდა შორს დედლებს, ჩაუდგებოდა შუაში და შემოსძახებდა თავის სახელგანთქმულს „ყიყლიყოს".
ჩემს „თვალლამაზს" თუ რამე საშიშროება მოელოდა, ძაღლი ან კატა მიუახლოვდებოდა, მაშინვე ჭახჭახს ასტეხავდა, შფოთავდა, ჯავრობდა. მეც, რასაკვირველია, მაშინათვე იქ დავიბადებოდი.

III

„თვალლამაზმა" ერთხელ ძალიან მასახელა, დილა იყო. იმ ღამეს იწვიმა. წვიმისაგან გალუსკული უხეირო შესახედავი იყო. მოიბუზებოდა, თავს მხრებში ჩაყოფდა და ისე იძინებდა.
მე ჯერ ისევ ქვეშაგებში ვიწექ, თუმცა კი მეღვიძა, რომ შავარდნის წყრომა მომესმა; წამოვხტი და პერანგა გარეთ გამოვვარდი. რა წამს თავი გავყავ კარებში, დავინახე დიდი, უზარმაზარი ქორი, რომელმაც ქათმები მთლად გაგვიჩანაგა, შეშინებული, თავზარდაცემული ტყისკენ მიფრინავდა; მიწას ეკვროდა… ქორი უკვე მიეფარა ტყეს. მეც ჩემ „თვალლამაზთან" მივედი; იმან მე ვერც კი დამინახა: ყალხზე იდგა, ბრჭყალებში ერთი მუჭა ბუმბული ეჭირა და იზიდებოდა, იწევდა იქით, საითაც ქორი გაფრინდა და გაჰკიოდა… უკვე გავიგე, საქმე რაშიც იყო. გაწუწკებულ ქორს ჩემი შავარდენი ვარიკა თურმე ეგონა და უნდოდა თავისებურად გაეთრია, მაგრამ მოსტყუვდა: ქათმის მაგივრად ბრჭყალნისკარტფხიანი ბიჭი დაუხვდა და მკერდდაზიანებული გაგზავნა.
„თვალლამაზს" მივუალერსე, მაგრამ სწორედ აღარ მიცქეროდა. გულს აღარ იმშვიდებდა და თავმომწონე, გულად ვაჟკაცივით წყრებოდა, თვალებით თითქოს სამდურავს მიცხადებდა: რად მაბამ? რისთვის? აჰ, ერთი თავისუფალი ვყოფილიყავი, გიჩვენებდი ქორის სეირსაო; განა ისე დამცირდა ჩემი ჯიში და გვარი, რომ ქორმაც ეგ გამიბედოსო?! დიდხანს, ძალიან დიდხანს იბობოქრა. ხორციც კი მივთავაზე დასამშვიდებლად, მაგრამ აღარ მიიღო ჩემი ძღვენი…
ბოლოს, ძლივძლივობით შევირიგე. ვისაც ეს ამბავი შევატყობინე, ყველა იცინოდა და ამბობდა: „მოვიდა სეტყვა, დაჰხვდა ქვაო…"
მას შემდეგ ქორს აღარ გაუჭაჭანია ჩვენს ეზოში; მოისვენეს ქათმებმა, კრუხ-წიწილებმა… ღმერთს მადლობას სწირავდენ და განა მარტო ქათმები? – ჩვენ უფრო მეტად…

IV

ჩემი შავარდენი უკვე იმდენად მოიზარდა, რომ დრო იყო მევარჯიშებინა, ნადირობა დამეწყებინა… ამ ფიქრით წავიყვანე მინდორში, თან ბადეც წავიღე, მინდოდა მეთევზავნა… მინდვრად რომ გავედი, ავაფრინე; თან თვალს ვაყოლებდი. შავარდენი პირდაპირ, წრის ვლებით მაღლა-მაღლა წავიდა, თითქმის ღრუბლებს ასცდა… ვეღარა ვხედავდი. მხოლოდ იმავე ალაგას ვიდექ, ხელში კურდღლის ტყავს ვიქნევდი… გავიდა საათისა ჩარექი, რომ ჭექა მომესმა, „თვალლამაზმა" რამდენჯერმე გამიქროლ-გამომიქროლა და სწორედ იმ ხელზე დამაჯდა, რომელშიც კურდღლის ტყავი მეჭირა… არაფერი ვაჭამე… ცოტახანს შემდეგ კიდევ გავუშვი… ისევ ისე წავიდა და ისევ ისე დაბრუნდა, მაშინაც უპურ-მარილოდ დავუხვდი… ხოლო მესამედ რომ გავაფრინე, თუმც მოვიდა, მაგრამ ახლო აღარ მომეკარა, გამიქროლ-გამომიქროლა და, რა შემნიშნა, ხელში კურდღლის ხმელი ტყავის მეტი არაფერი მქონდა, გაუხვია გვერდზე ტყისკენ, კარგა შორს გაფრინდა და დაიკარგა… ბევრი ვიტრიალე იმ ადგილას, ბევრი ვეძახე, მთელი ორი საათი იქ დავყავ, მაგრამ ამაოდ… გაქრა, დაიკარგა ჩემი „თვალლამაზი"…
თქვენს მტერს ექმნას ის გული, რაც მე მაშინ გული მექმნა: ტირილის მეტი აღარაფერი მაკლდა… ავდეგ და წყალზე წაველ საბადეოდ… თან კიდევ იმედი მეძლეოდა, იქნება გული მოიბრუნოს, ცაში გამოჩნდეს და მოვიტყუილო-მეთქი. ორი თუ სამი საათი თევზაობას მოვუნდი. ის იყო მზეც დაეწვერა, გამოვწიე სახლში. მოვდივარ, მაგრამ, ვაი იმ სიარულს! მუხლები აღარ მომდევს და… აი ბედი! როცა იმ ალაგას მოვედი, საიდანაც პირველად გავაფრინე, შემომესმა ჰაერის კვეთა, შხუილი, მივიხედ-მოვიხედე: ჩემი შავარდენი მივლიდა გარშემო. გაგიხარიანთ, მაშინ კი ვიკადრე ჯიბიდან ქათმის ბარკლის ამოღება… მაგრამ მაინც კარგა ხანს მაწვალა, – როდი მოდიოდა… ბოლოს, როგორც იყო, მოფრინდა და გამგელებულმა დაუწყო ხორცს წიწკნა…
მაგრამ ამ ამბის შემდეგ შავარდენი დიდხანს აღარა მყოლია.
რამდენიმე დღით სხვაგან მომინდა წასვლა, ხოლო შავარდნის მოვლა, ჭმევა და თვალყურის გდება ჩემს უმცროს ძმას, ვანოს, ჩავაბარე…
დავბრუნდი სახლში და ვაი ამისთანა დაბრუნვას – ჩემი შავარდენი აღარ დამხვდა იქ: გაეჯავრებინათ, თურმე ვინც არა მგონია უწრუწუნებდა, ხორცზე იწვევდა. გარყვნეს, გააფუჭეს და იმანაც მოძებნა წასასვლელი გზა. ვინ იცის, იქნებ კიდევაც ამშევდენ.
მეზობლისთვის ერთი ქათამი შაეჭამა და გადაკარგულიყო.
მესამე თუ მეოთხე დღეს ჩვენი მეცხვარე მოვიდა და იმან მომიტანა „თვალლამაზის" ამბავი. მომახარა:
– ბესო, მე რომ შენი შავარდენი ვნახე! – სთქვა გიგლამ, სახეწამოწითლებულმა.
– სადა, ბიჭო, სად ნახე?
– სადა და საშავარდნეში, – განაგრძო გიგლამ.
– მერე რა იცი, რომ ის იყო მართლა?
– აპაჰმე! რა დიდი ცნობა უნდა, შე დალოცვილო, ი შენი შაბმული თოკი ზედვე აბია და არხეინად დაფრინავს. ბევრჯელა ვნახე საშავარდნის კლდის მიდამოებშიო.
– ვერა ჰყურობ? არ დავიწყებია თავის სამშობლო, – ვსთქვი მე და მეორე დღესვე წავედი გიგლას სიტყვების შესამოწმებლად.
გიგლას მართალი ეთქვა ჩემთვის: ჩემი „თვალლამაზი" ისე გაქსუებულიყო ამ ცოტა ხანში, თითქოს კაცის სახე არ ენახა; დაფრინავდა თავისუფლად, ნავარდობდა ჰაერში, ხოლო ფეხზე შებმული თოკი ამხელდა მის ნატუსაღრობას… ბევრი ვეძახე, ბევრი ვუქნიე ხან ხელსახოცი, ხან ხორცის დიდი ნაჭერი, მაგრამ იმას ეს ყველა ქარის მონაბერ საქმედ მიაჩნდა. შემამჩნია კი? – არა მგონია…
ჩემი შავარდნის ამბავი მოხუცს, გამოცდილს მონადირეს და ბაზიერს სარდიონს ვუამბე და, აი, იმან რა მიპასუხა:
– ძალიან კარგად მოგსვლია, რომ გაგქცევია. ტყუილად საკვებავად გაგიხდებოდა, ხელს არ მოგცემდა, აღარ ინადირებდაო.
– რატომ?
– იმიტომაო, – განაგრძო სარდიონმა, – იმ თავითვე კარგად ვერ დაგიწყიათ მისი გერშვა… პირველად, როგორც სახლში მოიყვანეთ, უნდა თვალები აგეხვიათ, ან ქუთუთოები გაგეკერათ და ბნელ ოთახში გყოლოდათ, რომ მის გრძნობას, მის ალღოს, მისი ჩამომავლობის და ჯიშის შესაფერს, ემუშავა დაფარულად გულში… დაგუბებულიყო გრძნობა. მხოლოდ მოხარშულს, დიდხანს ნადუღარს გრძნობას აქვს ძალა… როცა წამოიზრდებოდა, აგეხილათ თვალები. ხელზე დაგეგეშათ და გაგეშვათ თუნდ მთელ ტრედის გუნდში. ერთს აღარ გაუშვებდა ცოცხალს, როგორც ხის ფოთოლს, ისე დასცემდა დედამიწაზეო.
რამდენად მართალია სარდიონის აზრი, ეს თქვენ განსაჯეთ.1906წ.

 


წყარო: http://vaja.3owl.com/chemi-shavardeni/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (20.12.2012)
ნანახია: 1925 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 cq   (20.12.2012 20:34:13) [მასალა]
კარგი იყო 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика