ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

მურა (2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკა)
გათენდა. ძილში ვიგრძენი როგორ დამაფრინდა ბზიკი ყურზე და თავისი აუტანელი ზუზუნით გამომაფხიზლა. მთელი ღამე არ მძინებია, სახლს და ეზო-ყურეს ვდარაჯობ. დილით ჩამეძინა და აი, ამ აბეზარმა მწერმა მყუდროება დამირღვია. ყური შევარხიე. ბზიკი აფრინდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ისევ დაბრძანდა ჩემ ყურზე. აქ კი ვეღარ მოვითმინე და ყეფით შევძარი ახლად გამოღვიძებული გარემო. 
- გაჩუმდი, გაჩუმდი, დილა არ იცი და ღამე, - შემომწყრა სახლიდან გამოსული დიასახლისი, რომელიც ბოსელისაკენ მიეშურებოდა. 
დავიმორცხვე. ჩემ ხის სახლთან წამოვწექი და მოვიკუნტე. რა საქმიანი ქალია ჩემი პატრონის ცოლი - დილიდან საღამომდე მაგის ხელები არ ჩერდება. სულ ფუსფუსებს, რაღაცას აკეთებს.  ვადევნებ თვალყურს და ვცდილობ, დავეხმარო. თუმცა, ამის გამო საყვედურებს ვიღებ: 
- ფეხებში ნუ მებლანდები, - მეუბნება. 
ჩემი თავის ქებაში არ ჩამომართვათ, და ძალიან ვუყვარვარ. ალბათ, ვიმსახურებ. საქმიანი ვარ, ჭკვიანი, ლამაზი. დღეში ორჯერ ისეთი საჭმელი მოაქვს ჩემთვის, რომ სანამ ჩემს ჯამში ჩამისხამს, პირიდან ნერწყვი ნაკადად მომდის. წვნიანის სუნი პირდაპირ ნესტოებისკენ მოდის და მიღიტინებს. ადგილზე ვერ ვჩერდები და ცხვირს ჯამში ვყოფ. 
- დამაცა, დაგისხა, რა გადარეული ხარ! - მიწყრება პატრონის ცოლი და ქვაბში ჩარჩენილ საჭმელს ბოლომდე აპირქვავებს ჯამში. 
იფ, იფ, იფ, რა სიამოვნებაა მისი მომზადებილი სადილის მირთმევა! როცა მოვრჩები,  ძალა მიასკეცდება. დავრბივარ ეზოში, უტვინო ქათმებს გოროზად ვუმზერ და ამით ნიშანს ვაძლევ, რომ თუ გადმოფრინდებიან მათთვისს შემოფარგლული ღობიდან და ეზოში აბიბინებულ მოლზე გადმოსკუპდებიან, კარგი დღე არ დაადგებათ. 
მართალია, საღამომდე ძალიან ვიღლები, მაგრამ რას ვიზამ - პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ვარ. ასეთი საქმიანი რომ ვარ, იმიტომ მაძლევენ უფლებას მათთან ვიცხოვრო. თორემ, აი, ლარა, გამოაგდეს სახლიდან. ჰო, არაფრის მაქნისი იყო. მხოლოდ თავის თავზე ზრუნავდა, ბეწვს დღეში ასჯერ მაინც ისუფთავებდა. საინტერესოა, ენა რატომ არ გაუცვდა ამდენი ლოკვით. 
ეგ ლარა, მე მეპრანჭებოდა, მაგრამ... რას ამბობთ, მე ჯიშიანი ძაღლის სისხლი მირევია. მამაჩემი სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზია. ლარა კი... ფინიაა. 
ყველამ თავისი ტოლი და სწორი უნდა იცოდეს. 
ამას წინათ მეზობელს სტუმარი ეწვია თბილისიდან. პოინტერი ჰყავდა ჩამოყვანილი. ძაღლს ძალიან მოვეწონე. მის ეზოსთან რომ გავივლიდი თვალს მაყოლებდა და ნაზად მიყეფდა. 
მეც არ დაგიმალავთ და, ძალიან მოვიხიბლე მისით. დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი და საპასუხო მზერას ვუგზავნიდი. 
ეზოდან არ უშვებდნენ. ერთხელ, როგორღაც გამოიპარა და ის იყო მომიახლოვდა, რომ აივანზე სარწეველაზე მჯდარმა პატრონმა დაინახა და ერთი ვაი-ვიში ატეხა. 
ჰმ, მადლობა მითხრან, რომ გავეკარო. ბოლოს და ბოლოს მამაჩემი წმინდა სისხლის ნაგაზია. მმმ... მართალია დედა უცნობი წარმოშობისაა... მაგრამ, გადამწყვეტი მაინც მამაა! 
ძალიან გავბრაზდი და ჩემს ეზოს მივაშურე. ზოგი ადამიანიც კი უტვინოა. რას ჰგავდა პოინტერის პატრონის საქციელი!? 
მალე დავივიწყე ეს ამბავი. არ მიყვარს ოხვრა და ვაება, არც წყენის გულში დატოვება. 
ეს ვინაა, ღობესთან რომ დამდგარა და ჩემს პატრონს უძახის?! ომახიანად დავუყეფე, 
''რა გინდა?'', - შევეკითხე. 
რა თქმა უნდა, ჩემი შეკითხვა ვერ გაიგო და გულმოსულმა დამიყვირა: 
- გაჩე, ძაღლო, შენს ყეფაში ადამიანს ხმას ვერ მიაწვდენ! გაიწყვიტე ხმა! 
გავბრაზდი, ახლა შევუღრინე და ჩემი ნემსებივით კბილები გამოვაჩინე. 
- ლადო, კაცო, გამოიხედე! შემჭამა ამ შენმა ძაღლმა. 
სახლის კარის ჭრიალი გაისმა და ჩემი პატრონი გამოვიდა. 
- ჩუ, რა დღეში ხარ, - გაბრაზების გარეშე მისაყვედურა და თავზე ხელი გადამისვა. 
- კაცო, მაგას კიდე ეფერები? ლამის ჩემზე გამოიწია. 
- აბა, რა უნდა ქნას, ყველას კუდის ქიცინი დაუწყოს? - ვენაცვალე ჩემ პატრონს, კარგი კაცია. იმიტომ მიყვარს ასე ძალიან და დღედაღამე მის სამსახურში ვარ. 
- ლადო, სალესი ქვა მათხოვე, ჩემი გამიტყდა. 
- ორი წელია, გამიტყდაო იძახი და ვეღარ იყიდე, შე კაი კაცო? 
`ო, რა პირდაპირია ჩემი პატრონი!'' - ფეხებთან მივუწექი და ცხვირი თათებს შორის დავდე. 
- რა ვქნა, ვეღარ მოვახერხე ამ ჩემი შვილების გადამკიდე, აი, ლევანამ გუშინ სანამ მანქანის ფული არ დამძრა, არ მომისვენა. 
ჩემ პატრონს ულვაშებში ჩაეცინა. 
- შემოდი, ახლავე მოგიძებნი სალესს. 
- აბა, სად უნდა შემოვიდე, ამის გადამკიდე?! - ცერად გადმოიხედა ჩემსკენ. 
წამოვიწიე ადგილიდან და ყურები დავძაბე. პატრონი სახლისკენ წავიდა. წამოვხტი, მაგრამ პატრონს არ გავდევნებივარ. ჩემ ეზო-ყურეს და ამ სტუმარს თვალს ხომ არ მოვაცილებდი! 
- რა სასიკვდილე ხარ, განა მომცილდა, ზის აქ და მდარაჯობს, - ჩაიბურტყუნა და განგმირავი თვალებით შემომხედა. 
ავიჯაგრე. ჩუმი ღრინვა ხმამაღალ ყეფაში გადაიზარდა. ამასობაში პატრონიც დაბრუნდა. 
- კარგი, გეყოფა, გაჩუმდი, - მითხრა, მერე მეზობელს მიუბრუნდა, - აბა შენ იცი, სანამ მე არ მოგაკითხო, არ დამიბრუნო სალესი. 
- ოჰო, ჰო, რა მწარე ენის პატრონი ხარ! რა არის სახლში წიწაკის მეტს არაფერს გაჭმევენ?! 
- ეეე, სიმართლე არავის არ უყვარს! - ხელი ჩაიქნია პატრონმა და სახლისკენ წავიდა. მეზობელიც ბურტყუნით მოშორდა ღობეს. 
- კაცო, თუ მადლს გააკეთებ, მარილი მოაყარე, თუ არა და სულაც ნუ მისცემ, - უთხრა პატრონს ცოლმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოსელთან იდგა და მოსაუბრეებს ყურს უგდებდა. 
- აბა, ეხლა თავი დამანებე, ქალო! შენ შენი საქმისა იცი, მე კი ჩემი! - პატრონი სახლში შევიდა და კარები ხმაურით მიიხურა. 
გრუხუნის ხმა მოისმა მთავარი გზიდან. 
პატრონი და მისი ცოლი სახლიდან გამოვიდნენ. კაცმა ხელით თვალები მოიჩრდილა და პირდაპირ გაიხედა. 
- ისე ათვალიერებ, თითქოს დაინახავ რა ხდება გზაზე. 
- დანახვა რად მინდა, რა ხმა არ მესმის? 
- აბა, თვალები რაზე მოიჩრდილე, უკეთ რომ გაიგონო? - ჩაიცინა ქალმა. 
- ქალო, - ხელი ჩამოიღო შუბლიდან კაცმა, - დღეს ცუდ ფეხზე ხომ არ ადექი, რას გადამეკიდე? - შეუღრინა. 
- არ ვიცი, რაღაც აფორიაქებული ვარ. რამეს ხომ არ აპირებენ ეს რუსები, ამდენი სამხედრო მანქანა რისთვის მიდის? 
- აპირებენო? დღედაღამ იმის შიშში ვართ ბომბი არ დაგვეცეს, მეტი რაღა დაპირება გინდა. აგე, გოგიას სახლი ხომ ნახე რა დღეშია, ერთი ფანჯარა აღარა აქვს მთელი.  ღმერთო, შენ გვიშველე! - პირჯვარი გადაიწერა ქალმა და სახლში შევიდა. 
პატრონი კარგა ხანს იდგა გარეთ და მანქანების გუგუნის ხმას უსმენდა. 
იქვე გარინდული ვწევარ და მეც ყურებდაცქვეტილი ვუსმენ ხმაურს, მთავარი გზიდან რომ მოისმის. 
- ლადო, ლადო, - ეზოს მიხა მოადგა. 
წამოვხტი და რკინის ჭიშკრისაკენ გავექანე. 
- მურა, შე სახეძაღლო, შენი პატრონი სადაა? 
- აქ ვარ! - დაუძახა პატრონმა და ისიც ჭიშკრისაკენ გამოემართა. 
- გაიგე, რა ხდება? - შეეკითხა კართან მდგარი. 
- რა ვიცი კაცო, ლაპარაკობენ... 
ამ დროს დავინახე როგორ წამოსკუპდა ქოჩორა ქათამი ღობეზე და ეზოში გადმოხტომა მოინდომა. წამოვხტი და ქათმისაკენ გავვარდი. ერთ-ორი შევუყეფე და სულ კრიახ-კრიახით გადავასკუპე უკან. 
პატრონისკენ გავიხედე. ისევ ლაპარაკობდა მეზობელთან. ჩუმად საუბრობდნენ, მიხა ხელებს შლიდა გაკვირვებული, პატრონი რაღაცას უმტკიცებდა. 
ღობესთან წამოვწექი. ეს ქოჩორა სანდო არაა. დამინახავს თუ არა, რომ აქაურობას მოვშორდი, მაშინვე ამოფრინდება ღობეზე. მართლაც არ გასულა დიდი ხანი და ფრთების ფართხუნის ხმა გავიგონე. ხმას ქათმის გაბუწული თავიც მოჰყვა. 
ახლა კი გამოვედი მოთმინებიდან და ღობეზე ვისკუპე. კუდში ვტაცე პირი და ბუმბულები-ღა შემრჩა. 
პატრონის ხმაც გავიგონე. 
- აბა, რას შვრები! არ დაგინახო ქათმებს გამოეკიდო! 
რა ვქნა, როგორ გავაგებინო, რომ ქათმის ბრალია ყველაფერი. ვზივარ პატრონის წინ ენაგადმოგდებული, თვალებში შევყურებ, მინდა გავაგებინო, რა მოხდა და არ შემიძლია. ნაღვლიანად ვუმზერ პატრონს, თვალს არ ვაცილებ. 
პატრონის ცოლი გამოვიდა სახლიდან. 
- ნუ ტუქსავ, იმ ქათამმა გაუჭირა საქმე. წარამარა ღობეზე ხტება და აქეთ უნდა გადმოსვლა, ეს კი უფლებას არ აძლევს. 
შენ კი გაიხარე! - ახლა პატრონის ცოლს შევყურებ თვალებში და ენაგამოგდებული სიხარულისგან ქასქასს ვუმატებ. 
პატრონს გაეცინა. 
- ყველას მამიდა როგორ ხარ, - უთხრა ცოლს. 
დაღამდა დღევანდელი დღეც. ჩემს პატარა ხის სახლში შევედი და ჩამთვლიმა. პატრონი და მისი ცოლი ხის ქვეშ ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. 
- გიგამ ძლივს დაიძინა. გამიგია ბავშვი ასე გვიან იძინებდეს? ძალიან ანებივრებს აჩიკო ბავშვებს. 
- კაი, ქალო, ბავშვებს აქ ყოფნა უხარიათ, სულ ორი თვე ჩამოდიან ქალაქიდან და რა ქნან! 
- მაგათ ენაცვალოთ ბაბო, ნიკა ძალიან დადინჯდა. ხომ გახსოვს რა გიჟი იყო. წამო, კაცო, ჩვენც დავიძინოთ, გვიანია უკვე. დილით ადრე ასადგომები ვართ. 
- რაღაც არ მეძინება. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდეთ. მსიამოვნებს ჰაერზე ჯდომა. 
უცებ, რაღაცამ საშინლად დაიგრუხუნა. შეშინებული სახლიდან გამოვვარდი და პატრონს მივეკარი. 
- ვაიმე! - დაიყვირა ქალმა და სახლისაკენ გაიქცა, როცა მიხვდა რომ ქმარი ადგილიდან არ დაძრულა, გაჩერდა. 
- კაცო, რამ გაგაშეშა, ჩქარა სახლში შემოდი! 
- რაა, მანდ ბომბი არ აფეთქდება? 
- რა ჯიუტი კაცი ხარ! `პადვალში~ ჩავიდეთ კაცო, - გამწარებული იქნევდა ქალი ხელებს. 
- მოიცა ქალო, ნუ გეშინია. მეტს არ გამოისვრიან. ასე კანტი-კუნტად იციან. ერთი წელზე მეტია, რაც ასე ხდება. ნეტა, როდის დადგება ის დრო, რომ აფეთქების ხმას არ გავიგონებთ. სოფლის განაპირას სახლები სულ დაცხრილურია. 
- ღმერთო ნუ გაუთენებ ხვალინდელ დღეს იმას, ვინც ასე გვტანჯავს. დღედაღამ მოსვენება არ გვაქვს, როდემდე უნდა გაგრძელდეს?! 
კაცი, ჩაფიქრებული იდგა.  
- ამოიღე კაცო ხმა, ან დამაიმედე, ან რაიმეთი დამაწყნარე. 
- წადი ქალო, საქმეს მიხედე, ბევრს ნუ ლაპარაკობ. 
აფორიაქებული ხან ერთს ვუყურებ, ხან მეორეს. 
ქალი სახლისაკენ წავიდა, თავზე წაკრული თავშლის ყურით, ცრემლები ამოიწმინდა. 
კაცი ეზოდან გავიდა. 
- სად მიდიხარ, ემანდ გზაში არაფერი მოგივიდეს! 
- შედი-მეთქი სახლში, ნუ გამაბეზრე ამდენი ლაპარაკით! - ხმას აუმაღლა პატრონმა. 
პატრონს გავედევნე. დამიყვირა, შედი ეზოშიო, და მეც კუდი ამოვიძუე და წამოვედი. 
პატრონი მალე დაბრუნდა და სახლში შევიდა. ისევ ის საშინელი ხმაური მოისმა. მერე კიდევ დაიგრუხუნა, კიდევ, კიდევ... ეზოში მოუსვენრად დავრბოდი. არ დაგიმალავთ და შიშმა ამიტანა. პატრონმა ნახევრად მძინარე ბავშვები კიბეზე ჩამოიყვანა და სარდაფში შეიყვანა. შეშინებული ბავშვები აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს. 
- მალე, მალე, - ხმამაღლა დაიყვირა პატრონმა. მას პატრონის ცოლიც ჩამოჰყვა. 
- ვაი, ჩემს მოსწრებას, რა ხდება! რა გვეშველება!.. ნეტა ეს ბავშვები არ ჩამომეყვანა აქ. 
- ნუ გეშინია, მალე გაჩერდებიან. ადრეც... 
- ადრე ამდენ ხანს არ ყოფილა სროლა, - აღარ დაამთავრებინა სიტყვა პატრონს. 
- ჰო... თუ ასე გაგრძელდა აჩიკოს უნდა დავურეკოთ, ბავშვები წაიყვანოს. 
- კაცო, ახლა ხომ არ დაგვერეკა? 
- არა, ღამით არ მინდა გზაზე იაროს. 
- ჰო, ცოტა მოვიცადოთ... 
- თუ ასე გაგრძელდა, ტრაქტორით გორამდე ჩავალთ... 
- ჰო, ჰო, რამე უნდა მოვიფიქროთ. 
მთელი ღამე არ ეძინა პატრონს. წარამარა სარდაფიდან ეზოში გამოდიოდა და ხმაურს უგდებდა ყურს. მეც მის გარშემო დავწრიალებდი. გული ცუდს მიგრძნობდა. მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ხიფათს ვგრძნობდი, მაგრამ როგორ გამეგებინებინა!... თვალებში შევყურებდი და ვწკმუტუნებდი. 
- გადი ძაღლო, შენ-ღა მაკლდი. რას შემიწუხე გული, - დამიტატანა პატრონმა. კუდამოძუებული მოვცილდი. მაგრამ გული ავს მიგრძნობდა. 
უფროდაუფრო გახშირდა გრუხუნი. საშინელი ხმები ისმოდა. პატრონმა, მისმა ცოლმა და მე ფეხზე მდგომებმა გავათენეთ ღამე. ბავშვებს სარდაფში ეძინათ. 
ახალი გათენებული იქნებოდა, რომ პატრონმა ცოლს უთხრა: 
- მიდი ქალო, აჩიკოს დაურეკე, წამოვიდეს და ბავშვები წაიყვანოს. 
ცოლი ცრემლებს ვერ იკავებდა. ცდილობდა მშვიდი ხმით დალაპარაკებოდა შვილს, მაგრამ ვერ ახერხებდა. 
- რაო, რა თქვა? - შეეკითხა პატრონი. 
- რას იტყოდა, გაგიჟდა ბიჭი, ახლავე მოვდივარო. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, შენი კალთა გადააფარე ქვეყანას, - ცრემლმორეული შესთხოვდა ქალი უფალს, - ხიფათი აგვაცილე. 
ისევ საშინელი ხმა გაისმა. ხმა უფროდაუფრო გვიახლოვდებოდა. 
- რომელი საათია? ალბათ საათნახევარში ჩამოვა ბიჭი. რა ვქნა აღარ ვიცი. 
- ლადო, კაცო! - ღობეს ორი მეზობლის კაცი მოადგა, - რას ფიქრობ კაცო, არ გავიყვანოთ ცოლ-შვილი?! 
- მაშ რა უნდა ვქნათ. ხო გაიგე რას გადმოსცემენ რადიოთი. 
- ცუდი ამბები ისმის! აქ გაჩერება საშიშია. ცოლს და შვილებს გორში ჩავიყვან და დავბრუნდები... ამ ჩემს სახლ-კარს უპატრონოდ ვერ დავაგდებ. 
- მეც, აჩიკოს დავურეკე, ერთ საათში მოვა ბიჭი და წაიყვანს ბავშვებს და ჩემ ქალს, - უთხრა პატრონმა. 
- შენა? 
- სად უნდა წავიდე, შენი არ იყოს, ვის უნდა დავუტოვო ჩემი სახლ-კარი... 
- ლადო, - მოესმა ცოლის ძახილი, - მოდი, მოდი... 
- ჰო, ჩვენც წავედით, აბა, მშვიდობით გააცილეთ აქაურობას ბავშვები. 
- თქვენც ასევე მშვიდობით გევლოთ. 
ისევ დაიგრგვინა ხმამ. 
- ახლო არიან ბიჭო, ვიჩქაროთ. 
მერე რა ხდებოდა ვერ ვიგებდი. თითქოს მთელ სოფელს ამ ხმების შეეშინდა, სახლებიდან გამოდიოდნენ, მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. ჩემს პატრონს ვუყურებდი. ნეტავ, ისიც წავა? ალბათ მეც წამიყვანენ, უჩემოდ როგორ იქნებიან... 
პატრონის ცოლი ეზოში ბავშვების ჩანთებს მოათრევდა. 
- შენი ტანსაცმელიც ჩაალაგე, ქალო, - უთხრა ქმარმა. 
- ჩვენც უნდა წავიდეთ? 
- ჩვენც კი არა, შენ, მე არსად არ წამოვალ, - ისე დაუყვირა პატრონმა, თითქოს ქალის ბრალი იყო, რაც ხდებოდა. 
- უშენოდ ფეხის გამდგმელი არ ვარ. 
- რა გითხარი შენა, ხმა არ გამაგონო-მეთქი! წაყვები ბიჭს! ეს სროლა დიდხანს არ გაგრძელდება და ჩამოხვალ მალე. ახლა გზაზე გავალ, გავიხედავ რა ხდება. ძალიან ვნერვიულობ, ბიჭი, როგორ მოაღწევს აქამდე. ნეტაი მშვიდობით ჩამოვიდოდეს და წავიდოდეს. ოხ, მაგათი... ეს რას შვრებიან კაცო?! 
- ლადო, შენი ჭირიმე, კაცო! უშენოდ ერთ დღესაც ვერ გავჩერდები. ან შენც წამოხვალ, ან მეც დავრჩები! - დოინჯი შემოიყარა ქალმა. 
- შენა, თვალში ხომ არ გეპატარავები?! მორჩი ლაპარაკს! როგორცა ვთქვი, ისე იქნება! 
პატრონი ეზოდან გავიდა. 
მანქანის ხმა უახლოვდებოდა ეზოს. მაშინვე ვიცანი. პატრონის შვილი იყო. ეზოდან გავვარდი შესაგებებლად. 
მართალი გამოვდექი. მანქანამ ეზოსთან დაამუხრუჭა. პატრონის შვილი გადმოვიდა და არც შემოუხედია ჩემთვის, სწრაფი ნაბიჯებით სახლისაკენ წავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ყურადღება არ მომაქცია. 
ნამდვილად რაღაც ხდება. ღობესთან ჩამოვჯექი და ყმუილი მოვრთე. რაღაცამ ამაყმუვლა, ალბათ იმან, რომ გული ცუდს მიგრძნობს, ძალიან ცუდს... 
მოსახვევიდან ორი კაცი გამოჩნდა. ხელში ატატებული კაცი მოჰყავდათ. 
`ვაიმე!~ - შორიდანვე ვიგრძენი, რომ ჩემი პატრონი უნდა ყოფილიყო. წამოვხტი და მათკენ გავექანე. 
- ქეთინო, ქეთინო! - დაიძახეს კაცებმა. 
ეზოს კარი გაიღო და ჩემი პატრონის ცოლი გამოჩნდა. 
- ვაი, ჩემს თავს! - შეჰკივლა და თავზე მოკრული ხილაბანდი წაიძრო. 
- ნუ გეშინია, ქალო, დაჭრილია... 
- ვაიმე, ლადო, - მივარდა დაჭრილს, -  ეს რა მოგივიდა, ბიჭო. 
- ნუ გეშინია, - ხმაწასულმა ძლივს დაილაპარაკა, - არაფერი მჭირს ისეთი, ჭურვის ნამსხვრევი მომხვდა. 
აჩიკო გულამოვარდნილი მოვარდა: 
- რა არის, რა ხდება?! 
- დაიჭრა ლადო, საავადმყოფოში უნდა წაიყვანოთ. სისხლი დაკარგა ბლომად. კი გავუკოჭეთ წვივი, მაგრამ მაინც ექიმმა... 
- ახლავე, - აღარ დაამთავრებინა აჩიკომ სიტყვა მეზობელს, - დედა, ბარგი ჩავალაგე, წავედით.
- მე არსად არ წამოვალ. შემიწყდა სისხლი, - ჯიუტად თქვა  პატრონმა. 
- აი, შეხედე! - დოინჯი შემოიყარა ქალმა, - ხომ ხედავ რა ჯიუტია მამაშენი, რას ამბობ კაცო, სისხლი გინდა მოგეწამლოს? 
- მამა, ეს აღარ გამაგონო. მალე ჩამოხვალ უკან, პირობას გაძლევ მე წამოგიყვან. აი, ექიმებს ვაჩვენოთ ჭრილობა და მერე...
- კარგი... - ძლივს ამოთქვა კაცმა. 
დავრბოდი პატრონის გარშემო და ვცდილობდი გამეგო რაზე საუბრობდნენ. ხან ჩამოვჯდებოდი და სიცხისაგან ენაგადმოგდებული ვუყურებდი, როგორ ემზადებოდნენ წასასვლელად, ხან მოუსვენრად დავწრიალებდი. ისევ დაიგრუხუნა რაღაცამ. ვაი, რა მეშველება! მგონი მარტო მტოვებენ, - გამიელვა თავში, როდესაც მანქანაში ყველანი ჩასხდნენ.
`მე აქ მტოვებთ?! მეც თქვენთან მინდა!~ - ვყეფდი, მაგრამ ვერავინ ვერ იგებდა, რა მაწუხებდა.
მანქანა დაიძრა და გზას დაუყვა. მერე უცებ გაჩერდა. პატრონის ცოლი გადმოვიდა. ჩემსკენ მოდიოდა. 
- მურა, აბა, შენ იცი, მოუარე აქაურობას, - მითხრა და ცრემლები წასკდა. ქალს ბავშვები გადმოყვნენ და მომიახლოვდნენ. პატარა ტიროდა და მეხვეოდა. დიდი, ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. 
- უი, ჩემი საბედო! - ქალი ბოსელისკენ გავარდა, კარი ფართოდ გამოაღო, ძროხასთან და ხბოსთან მივიდა და მიეფერა, - კინაღამ ჩაკეტილში დაგტოვეთ და რა გეშველებოდა თქვე უბედურებო! კიდევ კარგი, რომ ხბო გყავს. მოწველა აღარ დაგჭირდება, ეს გიშველის, - ხბოს გადაუსვა ხელი. 
მერე ქათმებთან მიირბინა, ხორბლით სავსე ტომარა წამოაპირქვავა. 
- იმედია, სანამ ჩამოვალთ, გეყოფათ. მურა, მიმიხედე ამათ, - მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა! ეს პირველად მოხდა. არასდროს მომფერებია პატრონის ცოლი ასე. მეფერებოდა და ტიროდა. 
ენით ვულოკავდი ცრემლებს ხან პატრონის ცოლს, ხან ბავშვებს. 
უცებ მანქანიდან პატრონის ძახილი მომესმა: 
- მურა! 
მანქანასთან მივირბინე, 
- აბა, შენ იცი, გაბარებ სახლს და მოუარე. 
მასაც ცრემლები ჰქონდა სახეზე. 
`ვაიმე, რაღაც ძალიან ცუდი ხდება!~, - ენით ავულოკე ხელები. 
- ოჰ, ამათი დედა ვატირე, - ხელები უმწეობისგან მაგრად მომუშტა და სიბრაზისაგან სახე წამოუჭარხლდა. 
- პაპა, წავიყვანოთ მურა, - უთხრა პატარა ბიჭმა. 
- არა, შვილო, აქ დარჩება, - თითქოს გული ამოაყოლა ამ სიტყვებს. 
სადღაც ახლოს საშინელი ხმა მოისმა. 
- ჩქარა! ჩასხედით! - დაიყვირა პატრონის შვილმა. 
ყველანი სასწრაფოდ ჩასხდნენ და მანქანა დაიძრა. მივდევდი და მეც ცრემლები მადგა თვალებზე, მივხვდი რომ მარტო ვრჩებოდი. კარგა ხანს ვდიე. გზაზე ბევრი მანქანები ჩანდა. 
ფანჯარას აკრულ ბავშვებს ცრემლები მოსდიოდათ, თვალს არ მაცილებდნენ და ხელს მიქნევდნენ. 
დავიღალე სირბილით. ნელ-ნელა ჩამოვრჩი. მერე გზის განაპირას გადავედი და ჩამოვჯექი. მანამ ვუყურებდი მანქანას, სანამ თვალს არ მოეფარა. მანქანები აღარ ჩანდნენ. დავბრუნდი სოფელში. არსად ადამიანის ჭაჭანება არ იყო. მარტო სოფლის ძაღლები თუ ჩაირბენდნენ გზაზე. 
ისევ ის აუტანელი ხმაური გაისმა, კიდევ, კიდევ. ეზოში შევვარდი და ჩემს სახლს მივაშურე. შევძვერი და თათებში ჩავყავი თავი. 
სოფელში დამწვრის სუნი იდგა. მთავარი გზისკენ, სახლს ეკიდა ცეცხლი. 
მთელი დღე გრუხუნის ხმა ისმოდა. თითქოს შევეჩვიე კიდეც. სახლიდან გამოვძვერი და ეზოდან გავედი. წკმუტუნი მომესმა. მეზობლის ძაღლის წკმუტუნი გავიგონე. 
ჯეკა იყო. ნეტა რა სჭირს?! შევეცადე მეზობლის ეზოში შევსულიყავი, მაგრამ ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა. დავუყეფე, მან პასუხად კვლავ დაიწკმუტუნა. დახმარებას მთხოვდა. 
`ნეტა, რა დაემართა?~ - გავიფიქრე და ღობესაკენ წავედი, რომ იქნებ მეპოვა ხვრელი და შემძვრალიყავი. უშედეგოდ. კარგი მოვლილი ეზო ჰქონდათ და ღობეც შესაფერისი იყო. 
ჯეკამ საწყლად დამიყეფა. მეც გამოვეპასუხე. 
- მიშველე, - ყეფით შემომევედრა. 
აქეთ-იქით მოუსვენრად დავრბოდი შესასვლელის პოვნაში. ვერ ვახერხებდი ეზოში შესვლას. მერე ძალ-ღონე მოვიკრიფე, ღობეს ცოტათი დავშორდი, შემდეგ სწრაფად გავიქეცი და გადავახტი. 
`გამომივიდა~ - ჩემი საქციელი თავგანწირვას უდრიდა. იმიტომ რომ ღობე წვეტიანი ფიცრებით იყო გაკეთებული. 
ჯეკასთან მივირბინე. საწყალი დაბმული დარჩენოდათ. მისვლისთანავე დრუნჩი ცარიელი წყლის ჯამს გაუხახუნა და მიმახვედრა, რომ სწყუროდა. 
`ვაიმე, ეს უბედური, რა ვუყო ახლა ამას?~. 
გვერდით მივუჯექი. ჯეკამ ისევ ჯამს გაუხახუნა დრუნჩი. 
დავიწკმუტუნე ნაღვლიანად. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჯეკა გაიქაჩა, შეეცადა საყელო მოეხსნა. მერე შემომხედა. ისევ საყელოს წაატანა ბასრი კბილები. ვერ მოახერხა მოძრობა. ჩემსკენ მოიწია და თავი მაღლა აწია. მივხვდი! მეც წავეტანე მის საყელოს კბილებით და მოძრობა ვცადე. მაგარი საყელური იყო. არაფერი გამომივიდა. კარგა ხანს ვიჯექი ასე. მერე ჩემი ქათმების კრიახი გავიგე, ეზოსაკენ გავიქეცი და მაღალ ღობეს გადმოვახტი. ისევ ის საზიზღარი ქოჩორა! ღობეზე დასკუპებულიყო და გადმოფრენას ლამობდა. გავექანე მისკენ და ღობეზე ავიფაფრე. შეეშინდა და გადახტა. 
`ჰმ, - წამოვიყეფე, - მხდალი, მეტიჩარა!~ 
ქოჩორა კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, საკენკთან მივიდა და კენკვა განაგრძო. 
კიდევ დაიგრუხუნა. მერე მთავარი გზიდან მძიმე მანქანების ხმა მოისმა. იქით გაქცევა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. აქაურობას ვერ დავტოვებდი. `ამდენ უტვინოს მიხედვა არ უნდა?~ - ქათმებს გადავხედე. 
`განსაკუთრებით ის ქოჩორა მიშლის ნერვებს! ერთხელაც იქნება გამაბრაზებს და დავაწიწკნი იმ ქოჩორს, ასე რომ ამაყობს და მამლაყინწას თავს აწონებს.~ 
აქა-იქ ტკაცუნის ხმა გაისმა. ვეღარ მოვითმინე და იქითკენ გავიქეცი, საიდანაც ეს ხმა მომესმა. ჩვენი სახლიდან კარგა დაშორებულია მთავარი გზა. 
გზის გასწვრივ ამოსულ მაყვლის ბუჩქებს დავუყევი. ვიმალებოდი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა! 
უცებ გავჩერდი. გზის შუაში რამდენიმე კაცი იდგა და ხელში მოკაკანე ჯოხები ეჭირათ. მაღლა ჰქონდათ აშვერილი და აკაკანებდნენ, თან სიხარულის ყიჟინას სცემდნენ. 
დავიბენი. ვინ არიან და რა უხარიათ?! არა მგონია კარგი საქმისთვის იყვნენ აქ მოსულები, თორემ მთელი სოფელი არ დაიცლებოდა. მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მოხუცები და კაცები. 
მაყვლის ბუჩქებს ამოვეფარე და სახლისკენ გავიძურწე. ვცდილობდი არ შევემჩნიეთ. გული მიგრძნობდა, რომ ამათ უნდა მოვრიდებოდი. 
ეზოში გულამოვარდნილი შევვარდი. ჯეკას ყმუილი მომესმა. რა ვუშველო! ჩემს ჯამში ჩაყრილი პურებიდან ერთ-ერთს წამოვავლე პირი და ჯეკასკენ გავიქეცი. ისევ გადავახტი მესერს და პური მივურბენინე. ჯეკამ ხარბად გამომტაცა და თვალის დახამხამებაში გადასანსლა. 
მერე ისევ ცარიელ ჯამს მიუტრიალდა და დრუნჩით გადაატრიალა. ძალიან სწყუროდა. 
ჯეკამ მოიწყინა. დაწვა და ცხვირი თათებში ჩარგო. მე ისევ მის საყელოს დავუწყე კბილებით ძიძგვნა. ცოტა გავგლიჯე. მაგრამ ამის მოცილებას დიდი ხანი დასჭირდებოდა. მანამდე რა ეშველება ჯეკას. რა ძნელია, რომ დახმარება არ შემიძლია... ამ დროს პიერომ ჩამოიარა. 
`ჰამ!~, - შემოგვიყეფა. 
მე ყურადღება არ მიმიქცევია. ისევ საყელოს ღრღნას განვაგრძობდი. შემოსვლა დააპირა. შემოურბინა ეზოს და როდესაც შემოსასვლელი ვერ ნახა, თავი დაგვანება და გზა გააგრძელა. 
დავიღალე ამ ტყავის საყელოსთან ჭიდილით. 
`ისევ მოვალ~, - შევუყეფე, გადავევლე ღობეს და ჩემი ეზოსკენ წავედი. ჩემს სახლთან მივედი და ჯამში ჩაყრილ პურებს დავუწყე ჭამა. ჯეკა გამახსენდა. მშიერი ჯეკა. ბოლო ნაჭერი დავტოვე და მას წავუღე. 
ის დღე ასეთ გაწამაწიაში დაღამდა. 
დილით ისევ ჯეკას ყმული მომესმა. სახლიდან გამოვედი და ნაღვლიანად გავიხედე მისი ეზოსაკენ. ამ დროს მეზობელი სახლიდან მოხუცებული ქალი გამოვიდა. აქეთ-იქით გაიხედა, გარემო მოათვალიერა. ხელში პატარა ქვაბი ეჭირა და პლასტმასის ბოთლი. 
ყურები დავცქვიტე. ნეტა ჯეკასთან ხომ არ მიდის. ქალი გზას დაუყვა. მისკენ გავვარდი. 
- შენც მშიერი ხარ? - თბილი ხმა ჰქონდა. კიდევ კეთილი, ძალიან კეთილი თვალები. 
მე ჯეკას ეზოსკენ გავიქეცი ჭიშკართან ჩამოვჯექი და ყეფა ავტეხე. 
- ჰო, მანდ მოვდივარ, - გამიღიმა ქალმა და ჭიშკართან ქვაბი და ბოთლი დადო. კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. ქალმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გააღო. 
მერე ჯეკას მიუახლოვდა, ჯამში წყალი ჩაუსხა. ჯეკა ეცა ჯამს და ხარბად დაიწყო წყლის დალევა. 
- კიდევ კარგი, შენმა პატრონმა გასაღები დამიტოვა, თორემ რა გეშველებოდა, შე უბედურო. 
მეორე ჯამში სუპში ჩაყრილი პურები ამოუღო. ჯეკამ წლის სმა რომ მოათავა, ახლა საჭმელს ეცა. მე მოშორებით ვიჯექი და ვუყურერბდი. 
`გაიხარე!~ - მოციმციმე თვალებით გადავხედე ქალს. 
ქალმა ჭამა დააცადა. მერე ჯეკას უთხრა. 
- ახლა საყელო უნდა მოგხსნა და არ მიკბინო. ვიცი რა ბრაზიანიც ხარ და მეშინია შენთან მიახლოება, მაგრამ მეცოდები და ასე ხომ არ დაგტოვებ. 
ძაღლი მიუხვდა ქალს და მის ხელს ლოკვა დაუწყო. 
- გაიწი! არ მიყვარს! - უთხრა ქალმა და საყელოს საკეტი მონახა. 
- როგორაა ასე შეკრული, ვერაფერი მოვუხერხე! - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. 
- როგორ დაგტოვო ასე, შენ პატრონებს სიჩქარისგან დაავიწყდათ, თორემ ასე მიბმულს არ დაგტოვებდნენ. 
ქალი ღობეს მიუახლოვდა, ხელით სახე მოიჩრდილა და თავისი სახლის აივანს გადახედა. იქ კაცი იდგა და ჩვენსკენ იყურებოდა. ქალმა ხელი დაუქნია. კაცმა ხელი გაიქნია, `რა გინდაოს~ ნიშნად. ქალმა ისევ თავისკენ მოიხმო ხელის ქნევით. 
`ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ. ყველას რაღაცის ეშინია~, - გავიფიქრე. ქალის გვერდით ჩამოვჯექი და იქიდან ვადევნებდი თვალს კაცს. 
ხანშიშესული კაცი ჩვენსკენ წამოვიდა, ეტყობოდა, სიარული უჭირდა. ნელ-ნელა მოდიოდა. 
- რა გინდა, ხომ იცი როგორ მიჭირს სიარული, ორ ნაბიჯს ძლივს ვადგამ! - ბუზღუნით ჰკითხა ქალს. 
- კაცო, ვერაფრით ვერ მოვაცილე ის საყელო. ცოდოა ძაღლი, დაბმულია. 
- შენ ხომ ვერაფერს ვერ მოახერხებ! 
- შენ ასეთ ლაპარაკს ხომ ვერ მოიშლი. ჰო, ვერ მოვახერხე! რა ვქნა. 
კაცი მიუახლოვდა ძაღლს. მიეფერა მერე ფრთხილად მოსინჯა საყელო. 
- ჯეკა, ახლა წყნარად იყავი. საყელო უნდა მოგხსნა. 
ჯეკა გაიტრუნა. კაცმა დიდი გაჭირვებით მოხსნა საყელო. 
- აჰა, აბა შენ იცი, მიხედე და უპატრონე აქაურობას, - კიდევ ერთხელ გადაუსვა თავზე ხელი ძაღლს. 
- შეხედე, ეს როგორ `ბალეშჩიკობს~, - ჩემსკენ გამოიშვირა ხელი კაცმა. 
- ჰო, ამასაც უნდა ვაჭამო. 
- აბა, შენ იცი, დაუარე მთელი სოფლის ძაღლებს და დააპურე! - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა კაცმა, - საწყობი კი არ მაქვს სახლში... 
- ეჰ, ეგ ენა რომ არ გქონდეს! ხომ ვიცი რა კეთილი კაცი ხარ. მე რომ არ დავაპურო, შენ მაინც აჭმევ... და რატომ-ღა მებუზღუნები ვერ ვიგებ. 

- ეხლა, Gგაჩერდი, თორემა... 
მოხუცები ეზოდან გამოვიდნენ. 
- რა ვქნათ, კარი ისევ ჩავკეტოთ? - იკითხა ქალმა. 
- აბა, რა უნდა ვქნათ, მეზობელმა ჩაკეტილი სახლი დაგვიტოვა. 
- მერე ძაღლი? 
- რაა, ძაღლი, ირბენს ეზოში. 
- ჰო, კარგი. მურა გამოდი! - მითხრა ქალმა. მე ჯეკას გადავხედე და ეზოდან გამოვედი. ჯეკაც გამომყვა. კართან მოვიდა, მაგრამ ეზოდან არ გამოსულა. 
- ჭკვიანი ძაღლია, - ჩაილაპარაკა კაცმა, - სახლს თავს არ დაანებებს. 
უცებ დავინახე, საბედო და ხბო ეზოდან გამოვიდნენ და საბალახოდ მიდიოდნენ. 
უკან მეზობლის ძროხა მიჰყვებოდა. 
- შეხედე, ნახირში მიდიან, - უთხრა ქალმა კაცს, - არ დაიჭირონ და არ დაკლან. 
- არა, იქით შესვლას ვერ ბედავენ. შიგნით სიარულს ერიდებიან, - უპასუხა კაცმა. 
`ვინ ერიდებიან?~ - ვერ გავიგე, მერე დავასკვენი, ალბათ იმ უცხო კაცებზე ლაპარაკობდნენ, ხელში მოკაკანე ჯოხები რომ ეჭირათ. 
საბედოსკენ გავექანე, რამდენჯერმე შევუყეფე. 
`ეს გაფრთხილება იქნება, რომ არ დააგვიანოს საღამოს~. 
მთელი დღე აქეთ-იქით დავრბოდი. შუადღისას მეზობლის ქალმა დაპირება აასრულა და მეც სუპში ჩაბუჟბუჟებული პურები მომიტანა. მადლობის ნიშნად ხელი ავულოკე. 
ქალი გაბრაზდა. 
- რა ცუდი ჩვევა გაქვთ ამ ძაღლებს. აღარ ამლოკო! წყალიც არაა სახლში იმდენი, რომ ასე ხშირად ვიბანო ხელები! 
მითხრა და წავიდა. იმ ღამეს გრუხუნი ახლა წინიდან ისმოდა. ნელ-ნელა ხმა უფრო და უფრო შორიდან მოდიოდა. ყოველ დილას და საღამოს მთავარი გზისაკენ გავრბოდი, მაყვლის ბუჩქებში ვიმალებოდი და გზას გავცქეროდი. ჩემ პატრონს ველოდებოდი... 
* * * 
ერთ დღეს ჩვენი სახლის წინ ქალმა ჩამოირბინა, სახე გაწითლებოდა და სულს ძლივს ითქვამდა. მეზობლის სახლთან მივიდა. ის კეთილი ქალი გამოეგება. 
- რა ხდება?! 
ხმაურზე კაციც გამოვიდა სარდაფიდან. 
- ქმარი დავკარგე მე მგონი! - ქვითინი წასკდა ქალს. 
- როგორ თუ დაკარგე?! სადმეს წავიდა? 
- წავიდა კი არა, - სული ძლივს მოითქვა, რომ ლაპარაკი გაეგრძელებინა, - იმათ წაიყვანეს. 
- ვინ იმათ? 
- მგონი ოსები იყვნენ. ჯერ მანქანა წაგვართვეს და კაცი რომ შეეწინააღმდეგა, სულ ავტომატის ტარის ცემით წაიყვანეს, - ქვითინი წასკდა, - ვაიმე, ჩემი შალიკო. რა ეშველება. გავგიჟდები ხალხო. სად ვნახო, სად წავიდე! 
- მოიცა, დაწყნარდი, - უთხრა კაცმა, - იქ, სოფლის ბოლოში რუსების ტანკებია. იქ მიიყვანდნენ. კი წამოგყვებოდი, მაგრამ ეს ოხერი ფეხები! კუტივით ვარ! შენ უნდა მიხვიდე. 
- ჰო, ჰო, - თითქოს უაზროდ იმეორებდა ქალი, - წავალ, წავალ... რად უნდოდა ის მანქანა, რას აუხირდა. გაეტანებინა ჩუმად. 
- წავედი, თუ არ დავბრუნდი... ვაი, შვილებო, შვილიშვილებო, ნუთუ ვეღარ უნდა გნახოთ?! - თმებში წაივლო ხელი. 
- ნუ გეშინია. ჭკვიანი ქალი ხარ და იცი, როგორც უნდა დაელაპარაკო. 
ქალი მთავარი გზისაკენ წავიდა. 
კაცმა დაიგმინა: 
- რა დროს მიღალატა ამ ფეხებმა! 
საღამოს ხბო, საბედო და მისი ამხანაგები დაბრუნდნენ. როგორც ყოველთვის ეზოსთან მიახლოებისას საბედომ დაიბღავლა. პატრონს ელოდებოდა. 
`შტერი, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ პატრონები აქ არ არიან?!~ 
მივეჭერი და ყეფა-ყეფით შევაგდე ეზოში. ხბო უკან მიჰყვა. 
გზაზე ქალმა ჩამოიარა. ხელში რაღაც ეჭირა. 
მეზობელთან მივიდა და ჩუმად დაუძახა: 
- სად ხართ? ლამარა, დათიკო. 
ბაღის კარი გაჭრიალდა და ქალი გამოჩნდა. 
- აქ ვარ, მწვანილს ვმარგლიდი. 
- ლამარა, მაგის ნერვები გაქვს? 
- ჰოდა, რომ აღარ მაქვს ნერვები, იმიტომ ვმარგლიდი, რომ გული გადავაყოლო, თორემ ამ ყველაფერს რა გაუძლებს. 
- მისმინე, იქნებ თქვენთან დამტოვოთ. ღამე რამის გავგიჟდი, მარტო ძნელია ამ ყუმბარების გრუხუნში. 
- დარჩი აქ, ვინ გიშლის. სარდაფში გვძინავს ჩვენც. ერთად უფრო გავუძლებთ ამ უბედურებას. ზინასთვისაც იქნებ გეთქვა, ცოდოა. დათიკოს გვერდით პატარა ოთახია და იქ დავაწვენ. ჩვენ ქალები დიდ ოთახში ვიყოთ. 
- შენ გაგახარა ღმერთმა, აი, ამ ლოგინს დავტოვებ, ზინას შევურბენ და ვეტყვი ისიც წამოვიდეს. 
- კარგი, კარგი. 
- თან საჭმელს გამოვაყოლებ. საღამოს მშივრები ხომ არ დავიძინებთ. 
- მაქვს რაღაცა, მშივრებს არ დაგტოვებთ. 
- რას ამბობ, ახლა სხვა დროა, მაღაზიაში გახვალ იყიდი თუ რა... წავედი. 
ქალი წავიდა. ბაღიდან კაცი გამოვიდა. 
- რაო, რა უნდოდა. 
- ჩვენთან იქნებიან ღამით ოლია და ზინა. ეშინიათ მარტო ყოფნა. 
- მოვიდნენ, ერთად უფრო ადვილად გავავიტანთ ამ უბედურებას. 
ზარის ხმა გაისმა. 
- ქალო, ვიღაცაა, მობილური ამოიღე ჯიბიდან. 
ქალმა სწრაფად ამოიღო მობილური. 
- რომელი ხარ, ნუ გეშინიათ შვილო. კარგად ვართ. ნუ მსაყვედურობ, ხომ იცი მამაშენის ხასიათი. იმიტომ არ გამოგყვათ, რომ არ დაანებებს თავის სახლ-კარს არავის! კარგად ვართ. საჭმელი გვაქვს, არ ინერვიულოთ, დედა გენაცვალოთ. აქეთ ისეთი მიყრუებული ადგილია, არ მოდის არავინ. არ ინერვიულოთ, ბავშვები როგორ არიან? ნანა და ლიზა მომიკითხე. მაგათი იმედი მაქვს, ბავშვებს გაუფრთხილდნენ, - ცრემლი მოადგა ქალს და ხმა აუკანკალდა, - თუ გაქვთ, ფული ჩამირიცხეთ, შვილო, რომ დაგირეკოთ-ხოლმე. კარგად იყავით, დედა გენაცვალოთ. ყველა მომიკითხე, ბავშვები დამიკოცნე. 
ლაპარაკს მორჩა და ახლა-ღა წამოსცვივდა ცრემლები. 
- ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ კიდევ ერთხელ არ მაჩვენო... - ვეღარ გააგრძელა და ცრემლმორეული სარდაფში შევიდა. 
კაცმა ამოიგმინა და ეზოდან გავიდა, გზას გაჰხედა: 
- ეს ქეთოც არ ჩანს. არაფერი აუტეხონ... ნეტა შალიკო ცოცხალია? 

* * * 

გადავიღალე. დილიდან საღამომდე დავრბივარ. იქ ძროხას უნდა მიხედო, იქ ხბოს, და რაც მთავარია, ქათმებს! ყველაზე დაუჯერებლები არიან. საბედოს და ხბოს არ ვემდურები. მიჯერებენ, მაგრამ ეს ქათმები! განსაკუთრებით ქოჩორა! არ მოვუთმენ! მხოლოდ  ერთი ქათამია ჭკვიანი , სულ კალათაზე რომ ზის და კრიახებს. არავის უშვებს თავისთან და ისე გადაფაფრებია იმ თავის კალათს, გეგონება ხორციანი ძვლებით არის სავსე! ჰმ! 
ახლაც ეს-ესაა საბედო საბალახოდ წავიდა. ცხელი ამინდია დღეს. ჩრდილში წამოვწექი და მთვლემს. 
- წიპ, წიპ, - უცხო ხმები მომესმა, - რა წრიპინებს ნეტავ? 
ყურები დავცქვიტე. ხმა ქათმების სამყოფელიდან მოდის. მივუახლოვდი ღობეს და ჭუჭრუტანიდან შევიხედე გაყურსულმა. ისევ მომესმა იგივე ხმა. მე მგონი კალათიდან მოდის. თითქოს ქათამი ასე არ წიპწიპებს და რა უნდა იყოს ნეტავ? 
კარგა ხანს ვუსმენდი, მერე მომწყინდა და ისევ ჩრდილისკენ მოსასვენებლად გავეშურე. 
`ალბათ, მე რომ ბევრს შევჭამ და მუცელი მიბუყბუყებს, იმ ქათამსაც იგივე სჭირს, მხოლოდ სულ სხვა ხმებს გამოსცემს, იმიტომ რომ ის ქათამია, მე კი ამხელა ძლიერი ძაღლი, - დავმთქნარე და წამთვლიმა, თუმცა ის წიპ-წიპი მაწუხებდა ძალიან და წარამარა ხმაურზე ყურებს ვცქვეტდი. 
უცებ ტირილის ხმა შემომესმა. 
- ვაიმე! აღარა მყავს შალიკო, ვაიმე ჩემს თავს. 
ზემოდან გზაზე თმებგაწეწლილი ქალი მოიოდა და თავში ხელებს იცემდა. 
მეზობელი სახლიდან კაცი გამოვარდა. 
- დათიკო, შალიკო მომიკლეს! მოუკლავთ, ვაი ჩემს მოსწრებას, ვაი ჩემო შალიკოოოო... 
კაცმა სახეზე ხელი აიფარა. 
- აღარა მყავს შალიკო! დათიკო, როგორ უნდა ვიცოცხლო თავი! აღარ მინდა სიცოცხლე! 
ბაღიდან ქალი გამოვარდა. 
- ლამარა, აღარ მყავს შალიკოო, თავი უნდა მოვიკლა, რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს. ცხედარიც კი ვერ ვნახე... რომ დავიტიროო... რა მეშველება მე უბედურს!... 
ლამარამ და დათიკომ ქალს ხელი ჩაკიდეს და ეზოში შეიყვანეს. 
- ჩამოჯექი სკამზე. 
ქეთოს გული შეუწუხდა. ლამარამ სახეში რამდენჯერმე გაარტყა, მერე წყალი გამოარბენინა და სახეზე შეასხა. ქალი გონს მოვიდა. 
- დათიკო, თოფი მიშოვე, თავი უნდა მოვიკლა, რაღად მინდა სიცოცხლე! - ტიროდა ქალი. 
- დამშვიდდი ლამარა. შვილებს რას ეუბნები, როგორ შეიძლება თავის მოკვლა. პირიქით უნდა გავძლიერდეთ, რომ შვილებისთვის ვიცოცხლოთ... – დათიკო ხმა აკანკალებული ლაპარაკობდა. 
ლამარას ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. 
- ქეთო, ჩვენთან დარჩი, აქ იყავი. საღამოს ზინა და ოლიაც მოვლენ... 
- არა, - წამოდგა ქალი, - ჩემს სახლში უნდა ვიგლოვო ჩემი ქმარი, სანთლები იქ უნდა დავუნთო... 
- ქეთო, ძალიან გთხოვ... 
- არააა... - ხელები გააქნია ქალმა და თავისი სახლისაკენ გაეშურა, - სახლს როგორ მივატოვებ მარტო, იქ ხომ ჩემი შალიკოს სული ტრიალებს. შალიკო... შენ გენაცვალე, მოვდივარ... - ფარფატით წავიდა სახლისკენ. 
- მეც წამოვალ, - გამოედევნა ლამარა. 
- იყავი. კაცს მიხედე, ძლივს დადის. მარტო მინდა ვიყო ჩემს შალიკოსთან... 
ლამარა და დათიკო გაშეშებულები იდგნენ და ქეთოს გაჰყურებდნენ... 

* * * 

დაღამდა. მთვარე ანათებდა. მეზობლის ეზოში ხმაური მომესმა. ყურები დავცქვიტე. წამოვიწიე. მერე ღობესკენ გავვარდი. 
მეზობლის კაცი იყო. რა მოუსვენარია. ძლივს დადის და მაინც ვერ ისვენებს. ღამეში რამდენჯერმე გამოდის სარდაფიდან და ყურადღებით ათვალიერებს გარემოს. 
კარის ჭრიალი გაისმა. 
- კაცო, რას დადიხარ წარამარა გარეთ? გაცივდები, ნიავი დაგიბერავს... კიდევ ეს უნდა შენს სახსრებს? 
- შედი სახლში და თავი დამანებე, - უკმეხად გაეპასუხა კაცი. 
- რა უნდა გელაპარაკო! - სახლში შებრუნდა ქალი. 
კაცი ეზოში კუნძზე ჩამოჯდა. უცებ გზიდან ფეხის ხმა მოისმა. კაცი წამოდგა და ღობის ჭუჭრუტანიდან გაიხედა. 
- გავგიჟდი, თუ რა მომდის. ამდენი ნერვიულობისაგან ჭკუიდან ხომ არ გადავედი? - კაცი წამოიწია და ჭიშკრისკენ წავიდა. ფრთხილად გამოაღო და თვალები ფართოდ გაახილა. 
- კაცო, შალიკო ხარ, თუ მეჩვენება? - დაიძახა ხმამაღლა. 
- უჰ, როგორ შემაშინე! რას ჰყვირიხარ! აბა ვინა ვარ, ვეღარა მცნობ? - უცნაურად იღიმებოდა. 
- ღმერთო შენი სახელის ჭირიმე! ლამარა, ზინა, ოლია! 
- ნუ ყვირი კაცო, აქ არ მოგვადგნენ ავტომატებით, თორემ... - ხელი კისერთან მიიტანა და გამოისვა. 
ქალები სარდაფიდან ღამის პერანგზე შალმოსხმულები გამოვარდნენ. 
- რა ხდება? - იკითხა ოლიამ და შალიკოს დანახვაზე პირჯვრის გადაწერა დაიწყო. 
- ცოცხალი ხარ, კაცო? - შეეკითხა ლამარა. 
- არა, მკვდარი გელაპარაკები, - გაიცინა შალიკომ. 
- ქეთო ნახე? 
- არა... ეხლა მივდივარ სახლში. 
- სად იყავი კაცო? 
- წამათრიეს, მაგრად მცემეს და ხრამში გადამაგდეს. არ ვიცი ცოცხალი როგორ გადავრჩი. გონებაზე რომ მოვედი, წამოვედი. 
- მიდი ქეთოსთან, მიდი... 
- ჰოო, წავალ, მა რას ვიზამ... - უცნაური ღიმილით შეჰყურებდა გარშემომომყოფებს. 
შალიკო გზას დაუყვა ნელი ნაბიჯებით. ეტყობოდა სიარული უჭირდა. 
- რაღაც ჭირს მაგ კაცს. რა უცნაურად იღიმება... - ჩაილაპარაკა დათიკომ. 
- ან კიდე როგორაა, - შალის კუთხით თვალი მოიწმინდა ოლიამ. 
- რას გაიხარებს ქეთო! ღმერთო, შენ დაეხმარე ყველა გაჭირვებულს. 

* * * 

დღეები გადიოდა. ჩემს ეზოში ახალი რამ მოხდა. პატარა ქათმები შემოგვემატნენ. თურმე ისინი წიპწიპებდნენ. ახლა მხიარულად დარბოდნენ და წიოკობით დასდევდნენ კრუხს. 
ჰო, მართლა, ქოჩორას დანაპირები ავუსრულე და თავზე ქოჩორი მოვაბრდღვენი. იმის მერე ჭკუა ისწავლა. 
ყოველ დილით მეზობლის ქალი მოდის და მაჭმევს. რა კეთილია. არ ჯეკას ივიწყებს. იმასთანაც მიაქვს საჭმელი. 
ასე გადის დღეები. საღამოს როცა ყველაფერს მოვაწესრიგებ დიდ გზასთან გავრბივარ, მაყვლის ბუჩქების გვერდით ვჯდები და გზას გავცქერი. პატრონი არ ჩანს. 
ერთ დღესაც ჩვენს გზაზე თეთრმა მანქანამ ჩამოიარა. მანქანის კარი გაიღო და ვინ დავინახე!!!!!! ჩემი პატრონი!!! გავექნე მისკენ, სიხარულსგან სულ ადგილზე ვხტუნაობდი, სახეს ვულოკავდი, მერე მანქანიდან პატრონის ცოლიც გადმოვიდა. იმასაც მივეფერე. როგორ მეფერებოდა ორივე: 
- ცოცხალი ხარ? როგორ გამახარე, ჩემო მურა, - თავზე ხელს მისვამდა პატრონი, ცოლმა ჯიბიდან რაღაც გახვეული ამოიღო, გახსნა და მომცა. რა გემრიელი პურია! 
- ეს პეჩენია შენ წამოგიღე. ჭამე, მერე კიდევ მოგცემ. 
მეზობლები ხმაურზე გამოვიდნენ. 
- გამარჯობათ, მეზობლებო! დავბრუნდით, როგორ ხართ, თქვენ გენაცვალეთ! 
- როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა,  - სიხარულის ცრემლები მოსდიოდა ლამარას. 
ერთმანეთს ეხვეოდნენ კოცნიდნენ, ერთდროულად იცინოდნენ და ტიროდნენ კიდეც. 
მე ერთ ადგილზე ვიდექი და ვცმუკავდი. დიდი ხანია ასე არ გამხარებია. პატრონის ცოლი ეზოში შემოვიდა. ქათმებს გადახედა: 
- კაცო, კრუხს გამოუჩეკია, შეხედე, როგორ მოჩიტულან, - მერე ბოსელში შევიდა, - საბედო სადაა? - გამოვიდა ბოსელიდან და იკითხა: 
- ხომ არ იცით მეზობლებო, ჩემი საბედო სადაა? 
- დილით ნახირში გაუშვა მურამ. ნეტა იცოდე, კარგი მეურნესავით როგორ უვლიდა შენს კარ-მიდამოს. 
ქალი მომიახლოვდა, ხელები შემომხვია და გულზე მიმიკრა, თან ცრემლები მოსდიოდა. 
ვერ გავიგე, აქედან რომ მიდიოდნენ მაშინაც ტიროდა, დაბრუნდა, ისევ ტირის. ნეტავ კიდევ წასვლას ხომ არ აპირებენ? 
ავფორიაქდი, ისევ პატრონთან მივირბინე. 
- ყოჩაღ მურა, - მითხრა, თვალებში ჩამხედა და თავზე ხელი გადამისვა. 
ტყუილად ვნერვიულობდი. არსად აღარ წავიდა ჩემი პატრონი. გამოცოცხლდა ჩამკვდარი სოფელი. ნელ-ნელა დაბრუნდა ხალხი. 
ისევ ვაცილებ ყოველ დილით საბედოს, ისევ ვდარაჯობ ქოჩორას, რომ შემოღობილიდან ეზოში არ გადმოსკუპდეს. მხოლოდ ყოველ დილას და საღამოს აღარ გავდივარ დიდ გზაზე და ბუჩქებში აღარ ვიმალები, რომ პატრონს დაველოდო. ყველანი ერთად ვართ! 


წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=59842
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (24.11.2012) | ავტორი: თინათინ დალაქიშვილი
ნანახია: 2123 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
3 tinatin555   (25.07.2013 11:36:13) [მასალა]
გამარჯობა, ერთი თხოვნა მექნება, თუ აქვეყნებთ ჩემს ნაწარმოებებს ავტორის გვარიც მიუთითეთ. თინათინ დალაქიშვილი. ვისაც სურს ჩემი სხვა ნოველების გაცნობა ამ ბმულზე გადადით :)https://www.facebook.com/groups/novelaromani/485676564842392/?notif_t=like

0   Spam
4 giohunt1982   (25.07.2013 12:34:03) [მასალა]
ქალბატონო თინათინ. გამოსწორებულია, შეცდომა. კიდევ ერთხელ, ბოდიში.

+1   Spam
5 tinatin555   (25.07.2013 15:20:23) [მასალა]
მადლობთ

+2   Spam
2 atuli77   (29.11.2012 23:49:38) [მასალა]
ვა რა მაგარია გენაცვალეთ

+2   Spam
1 gio90   (26.11.2012 21:38:02) [მასალა]
ძაან მაგარია,ცოტა ცრემლი წამომივიდა 88e73 მაგრამ არაუშავს,ისე კი კარგი იყო 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика