რა უნდა იცოდეს მშობიარე ძაღლის მეპატრონემ და როგორ უნდა დაეხმაროს მას ლეკვების დაბადებაში
რა უნდა იცოდეს მშობიარე ძაღლის მეპატრონემ და როგორ უნდა დაეხმაროს მას ლეკვების დაბადებაში 2011-03-31
მართალია, უმჯობესი იქნება, თუ მშობიარობის დროს თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გეყოლებათ, მაგრამ, ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში. ამ ყველაფრის შესახებ კი ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: რა ჯიშიც არ უნდა იყოს ძუ და რაც უნდა ადვილად მშობიარობდეს ის, მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ძაღლები, რომლებსაც არ აქვთ აქტიური კონტაქტი ადამიანებთან, ადვილად მშობიარობენ დამოუკიდებლად, მაგრამ, მათი უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შეიძლება. ისეთი ძუები, რომლებიც ითვლებიან ოჯახის წევრებად, მშობიარობის დროს აუცილებლად საჭიროებენ ოჯახის რომელიმე წევრის ყურადღებას, რადგან მათი თანადგომა მნიშვნელოვნად უმსუბუქებს ამ პროცესს.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ძაღლის მშობიარობამდე?
– სამშობიარო და ლეკვებიანი ძუსათვის აუცილებლად უნდა მოამზადოთ ადგილი (შესაძლოა, ეს იყოს ფართოძირიანი მუყაოს ყუთი), რომელშიც ადვილად მოთავსდება თვითონაც და ექნება ორი განყოფილება – დასაწოლი და ლეკვების სასეირნო. გამოსასვლელი ისე უნდა იყოს, რომ ლეკვები ვერ გამოვიდნენ, ძაღლს კი გამოსვლა არ გაუჭირდეს.
ასევე, საჭიროა, მოვიმარაგოთ ძაღლის მშობიარობისთვის საჭირო ყველა საგანი: სტერილური მაკრატელი, სტერილური ხელსახოცები, ახალშობილი ლეკვის გასამშრალებელი ტილოები, რეზინის პატარა სათბურა, პატარა „სპრინცოვკა” ლეკვების სასუნთქი გზებიდან ლორწოს ამოსაწოვად.
– დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება ძაღლის ორსულობა?
– ძაღლები მშობიარობენ ძირითადად 58-63 დღეების შუალედში. დიდი ნაყარი ჩნდება ადრე, პატარა კი – შედარებით გვიან. პატარა ჯიშის ძუები მშობიარობენ 2-3 დღით ადრე. მათ სწორნაწლავში სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 38,5 გრადუსია, ხოლო მშობიარობამდე 2 დღით ადრე 37 გრადუსამდე ეცემა.
მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე სეირნობისას ძუ ცდილობს, შორს არ წავიდეს. იმზადებს ბუდეს, უმეტესად მოუსვენრობს, პატრონის მიმართ იჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას და გადამეტებით მოსიყვარულე ხდება. ხშირად წევს. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე მის სარძევე ჯირკვლებში დგება რძე, განსაკუთრებით უკვე ნამშობიარებ ძუებში. უმჯობესია, თუ მას 2-3 დღით ადრე ანახვებთ ვეტერინარს.
მშობიარობის პროცესი, აქტი თავის მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება დავყოთ სამ სტადიად: პირველი სტადია – სამშობიარო გზების გაფართოება; მეორე სტადია – ლეკვის დაბადება, როცა შეიმჩნევა საშვილოსნოს კუმშვები. ეს სტადია ნორმალური მშობიარობის დროს გრძელდება ორ საათამდე; მესამე სტადია – სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის გამოდევნა, რომელიც, ძირითად, ხდება 5-15 წუთში ლეკვის დაბადებიდან ან მომდევნო ლეკვის დაბადების დროს. ჭინთვები არის მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვა, რაც საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში ეხმარება. ჭინთვებისა და საშვილოსნოს შეკუმშვის ლოგიკური დასასრულია ლეკვის დაბადება, რომელიც თანდათანობით გამოდის სამშობიარო წყლების ბუშტთან ერთად მენჯში, შემდეგ კი სწრაფად გამოიდევნება გარეთ.
ლეკვი, როგორც წესი, იბადება თავით, ზურგით მაღლა, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნაყოფი იბადება უკუღმა. ლეკვი ძირითადად იბადება სანაყოფე გარსებთან ერთად, მაგრამ მშობიარობის დროს შეიძლება, გასკდეს სანაყოფე გარსები და მოხდეს სანაყოფე სითხის დაღვრა. ლეკვის დაბადების შემდეგ ხდება პლაცენტისა და სანაყოფე გარსების სამშობიარო გზებიდან გამოძევება.
ახალშობილი ლეკვიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ სანაყოფე გარსების მოშორება, რადგან ყველა ძუს არ შეუძლია, ეს დამოუკიდებლად გააკეთოს. ამით თავიდან ავიცილებთ ახალშობილი ლეკვის გაგუდვას. თუ დედამ თვითონ არ გადაჭრა ჭიპლარი, მაშინ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ სტერილური მაკრატლით, ჭიპიდან 3 სანტიმეტრის დაშორებით და დავამუშაოთ ანტისეპტიკური საშუალებებით.
თუ ლეკვი დაიბადება გართულებების გარეშე, დედა მას თავისით მოაშორებს სანაყოფე გარსებს და დაუმუშავებს მას ჭიპლარს, მაშინ მას თავისუფლად უნდა მივცეთ ამის საშუალება. გამონაკლისია მხოლოდ მრგვალთავიანი ძაღლები და ჯუჯა ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ ბასრი კბილები. ამიტომ, ასეთი ჯიშები ადამიანის დახმარებას საჭიროებენ. სანაყოფე გარსების მოშორებისა და ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ აუცილებელია, ლეკვმა მოწოვოს ძუძუ და მიიღოს ანტისხეულებით მდიდარი ხსენი. წოვითი აქტი უზრუნველყოფს საშვილოსნოს შეკუმშვის გაძლიერებას და აჩქარებს დალეკვიანებას.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ, თუ ჭინთვების დაწყებიდან და სანაყოფე სითხის დაღვრიდან გავიდა ორ საათზე მეტი, აუცილებელია, მივმართოთ ვეტერინარს. სამშობიარო გზებში გაჭედილი ლეკვი თვითონაც იღუპება და საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობასაც.
– რა დროის ინტერვალით მშობიარობენ ძუები?
– ძაღლების უმეტესობა მშობიარობს 15-30 წუთის ინტერვალით. ხანდახან ერთმანეთის მიყოლებით 4-6 ლეკვი იბადება, ხოლო შემდეგ, თუ ნაყარი დიდია, შეიძლება იყოს 1-2-საათიანი ინტერვალი. დიდი ნაყარის დროს მშობიარობა შეიძლება 24 საათი გაგრძელდეს. თუ ლეკვების დაბადებას შორის ინტერვალი ორ საათზე მეტია, უნდა მივმართოთ ვეტერინარს. უნდა ვიცოდეთ, რომ, თუ მომყოლი და მკვდარი ლეკვი არ მოსცილდა მშობიარობიდან 60 საათის განმავლობაში, ძაღლი მოკვდება.
– რას ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ლეკვი დაიბადება?
– დაბადების შემდეგ ლეკვი კარგად უნდა გამშრალდეს, გადაეჭრას ჭიპლარი, დაუსუფთავდეს სასუნთქი გზები და ყურადღება მიექცეს სუნთქვას. ასევე, აუცილებელია, მიიღოს პირველი რძე ანუ ხსენი, რაც უზრუნველყოფს მომავალში მის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დედამ აუცილებლად უნდა ალოკოს ლეკვი, რაც უზრუნველყოფს ახალშობილის კუჭის მოქმედებას, მოშარდვასა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სტიმულაციას. სუსტ ლეკვებს აუცილებლად უნდა მივცეთ დამატებითი საკვები.
– მშობიარობის შემდეგ დედა თუ ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას?
– დიახ, მშობიარობის შემდეგ აუცილებელია, დედას სათანადო ყურადღება მივაქციოთ: უნდა მივცეთ სრულფასოვანი საკვები, მდიდარი მინერალებითა და ვიტამინებით. თუ ის მშრალ კვებაზეა, მაშინ უნდა ვიყიდოთ სპეციალური საკვები მაკე და მაწოვარა. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე, სასქესო ორგანოებს და გამონადენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტერინარს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!