ქარიყლაპია- ძლიერი და შეუპოვარი მოწინააღმდეგე, სანუკვარი ნადავლი ბევრი მეთევზისთვის. ვისაც ეს თევზი ერთხელ მაინც "ეჯდა” ანკესზე ის არასდროს დაივიწყებს ადრენალინით აღსავსე გრძნობას, რომელსაც ამ მტაცებელთან ბრძოლა გვანიჭებს. ქარიყლაპიაზე ნადირობის ყველაზე პოპულარული და ცნობილი მეთოდია სპინინგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეთევზეთა უმეტესობარ არ იცის ის რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარიყლაპიები ტივტივიან ანკესზეა დაჭერილი.
მაშ ასე, განვიხილოთ ქარიყლაპიას ტივტივათი ჭერის მეთოდი. დავიწყოთ ჯოხით. ვინაიდან ჩვენ ვთევზაობთ ზრდილ თევზზე, ანკესიც მძიმე კლასის უნდა იყოს. ჯოხი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სასპინინგე, მისი ტესტის ქვედა ზღვარი 40 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს, აგრეთვე ჯოხები კარპის საჭერად. სიგრძე არანაკლებ 3 მეტრისა, ამ ზომის ანკესით როგორც ტყორცნაა იოლი, აგრეთვე თევზთან ბრძოლაც. ტელესკოპური ანკესის გამოყენება შეიძლება, მაგრამ არ არის რეკომედირებული ნაკლები გამძლეობის გამო. კოჭა უნდა იყოს გამძლე. 5000-8000 სერიის. უმჯობესია ბეით-რანერით აღჭურვილი. შეიძლება მულტიპლიკატორული კოჭის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ტყორცნის დისტანციაში შეზღუდულები ვიქნებით, არადა ეს შეიძლება წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ძუა რეკომენდირებულია წნული, ეს იმიტომ რომ იგი არაწელვადია და ამოკვრისას უფრო ეფექტურად უწყობს ხელს ნემსკავის შერჭობას ქარიყლაპიის საკმაოდ მკვრივ ყბაში. მე ვიყენებ 0.15-0.2მმ სისქის წნულ ძუას, თუმცა შეიძლება მონო ძუის გამოყენება არანაკლებ 0.3 მილიმეტრისა. ტივტივა გვჭირდება მძიმე 30-100გ, მისი ტესტი დამოკიდებულია სატყუარას ზომაზე. საქართველოს პირობებში მე გირჩევდით 40-50 გრამის ტესტიან ტივტივას. ნემსკავი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კლასიკური, აგრეთვე ორკავაც და სამკავაც. ნემსკავის ზომა დამოკიდებულია სატყუარის ზომაზე. ვინაიდან ქარიყლაპიას პირი შეიარაღებულია მრავალრიცხოვანი და ბასრი კბილებით, კევლარის ლიდერის გამოყენება აუცილებელია. ქარიყლაპიაზე ტივტივიანი ანკესით თევზაობისას სატყუარად იყენებენ თევზს (ლიფსიტას). როდესაც ქარიყლაპია თავის მაქსიმალურ ზომებს აღწევს იგი გვამის მჭამელი ხდება (იკვებება მკვდარი თევზებით, ასე მას ნაკლები ენერგია ეხარჯება), ამიტომ მას მკვდარ თევზზე იჭერენ. საქართველოს წყალსატევებში სამწუხაროდ არ ბინადრობენ გიგანტური ქარიყლაპიები, ამიტომ მე გირჩევდით სატყუარად ცოცხალი თევზი გამოიყენოთ.ყველაზე დიდხანს ნემსკავზე ცოცხლობს (ზურგის ფარფლის ქვეშ წამოცმული) კარჩხანა, 10-20 სანტიმეტრიანი თევზი. ივარგებს აგრეთვე, ნაფოტა, თეთრულა, ღორჯო და გამბუზიაც კი.
იმისთვის რომ ტივტივიანი ანკესით ქარიყლაპიაზე თევზაობა წარმატებული იყოს იყენებენ 2-3 ანკესს, თევზაობენ ქარიყლაპიის ბინადრობის სავარაუდო ადგილას სადღაც ერთ საათს და თუ თევზმა თავი არ გამოიჩინა ან პირიქით თევზი ანკესზე "დაჯდა”, გადაინაცვლებენ შემდეგ პერსპექტიულ ადგილზე.
ქარიყლაპია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იკვებება (გარდა ქვირითობის პერიოდისა), და ყველაზე დიდ ეკზემპლიარებს სწორედ წლის ცივ პერიოდში იჭერენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!