დარწმუნებული ვარ თქვენს სათევზაო ბიოგრაფიაში მომხდარა ისეთი შემთხვევა, როდესაც გვერდზე მჯდომი მეთევზე იჭერს და თქვენ კი ვერა. ისიც გიფიქრიათ ალბათ რომ მას რაღაც ჯადოსნური სატყუარა აქვს და მისი იღბლიანობაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
მართლაც თევზი ხშირად კაპრიზობს და შეთავაზებულ სატყუარებიდან არც ჭიას ჭამს, არც სიმინდს და სრულიად გაუგებარია რა უნდა მას.
ისეც ხდება ხოლმე რომ ცოცხალი სატყუარას მოპოვება საკმაოდ რთულია, არადა თევზი აშკარად არის, ზღვაზე მაგალითად.
სწორედ ასეთ სიტუაციაში ჯადოსნურ სატყუარად მოგვევლინება - პასტა- , ის რასაც ჩვენთან "სმესს" ეძახიან (რუსული -Смесь -ნაზავი).
რეცეპტი №1
ვიღებთ მოხარშულ კვერცხის გულს და ერთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად შევზილავთ ერთგვაროვან მასამდე. ვამატებთ პურის გულს, ოდნავ წყალს და მზესუმზირის ზეთს. ყველაფერს ვზილავთ მკვრივი ცომის კონსისტენციამდე.
ამ პასტით თქვენ დაიჭერთ კობრისებრთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელს.
რეცეპტი №2
პურის გული და მოხარშული კარტოფილი ერთად შევზილოთ. დაუმატოდ ოდნავ მზესუმზირის ზეთი. ნივრის საჭყლეტში 2 კბილი ნიორი გავსრისოთ და დაუმატოდ ნაზავს. ვზილოთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობამდე.
ამ პასტას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ კობრი, საზანი და კარჩხანა.
რეცეპტი №3
ერთი მსხვილი მოხარშული კარტოფილი და მოხარშული კვერცხის გული შევზილოთ ერთმანეთში. დაუმატოდ ერთი სავსე სუფრის კოვზი ფქვილი და მაგდენივე თაფლი. ვზილოდ ერთგვაროვანი ნაზავის მიღებამდე.
ამ პასტით თქვენ მოიზიდავთ კობრს, საზანს, კარჩხანას, შმაის, ქაშაპს.
რეცეპტი №4
მოხარშულ კარტოფილს, მოხარშულ კვერცხის გულს და პურის გულს ერთმანეთში შევზილავთ. ვიღებთ ერთ სოსისს, ვაცლით პარკის აპკს და ვსრისავთ წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე და შემდეგ შევზილავთ უკვე არსებულ ნაზავში.
ამ პასტაზე განსაკუთრებით კარგად მოდის ხრამული, ჭანარი, წვერა და მურწა.
რეცეპტი №5
პურის გულს და მოხარშულ კარტოფილს შევზილავთ ერთმანეთში. მაღაზიაში ვყიდულობთ ნებისმიერ თევზს (100 გრამი სრულიად საკმარისია) და ვხარშავთ სანამ არ ჩაიშლება. შემდეგ გადახარშულ თევზს რამოდენიმეჯერ ვატარებთ ხორცის საკეპში, წვრილ ფრაქციული ფარშის მიღებამდე. აურევთ ორივე ნაზავს ერთმანეთში.
ამ პასტით თევზაობენ ზღვაში კეფალზე, ბარაბულზე, ლასკირზე.
დამზადებული პასტები თქვენ უპრობლემოდ შეგენახებათ პლასტმასის კონტეინერში მაცივრის ქვედა თაროზე. თევზაობის დროს კი მე გირჩევდით პასტა პლასტმასის შპრიცში მოათავსოდ. ასე მისი ნემსკავზე წამოცმა (დახვევა) უფრო მოხერხებულია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!