ფარლი მოუეტის ეს წიგნი რომ წავიკითხე, გული მგლების სიყვარულით ამევსო და
ზოოპარკისკენ მისაფერებლად გავქუსლე. ზოოპარკის დირექტორმა ჩემი მიზანი რომ
შეიტყო, დამიცაცხანა: - რას ამბობ, რას? გრიპი რომ გადასდო, სად გამოვყო
თავიო. მერე სირცხვილით დამწვარმა ვუამბე, როგორ შემომაკვდა ბავშვობაში
"უდანაშაულო" მგელი.
- კი მაგრამ, ბავშვს როგორ განდეს თოფი? - დაეჭვდა დირექტორი.
-
ვინ გითხრათ, რომ თოფით მოვკალი? ათი წლის ვიყავი. ბავშვები ტყეში
მივდიოდით შეშისთვის. სხვებს ცოტათი ჩამოვრჩი და... შემომეფეთა უშველებელი,
პირსისხლიანი მგელი. ჯერ ენა მუცელში ჩამივარდა, მერე კი იმხელა ვიყვირე,
საბრალოს გული გაუსკდა და ჩემს ფეხებთან უსულოდ დავარდა. ყვირილზე მონადირე
შემეხმიანა: - ნუ გეშინია, შვილო, დაჭრილიაო.
ასე "მოვკალი" მგელი.
ახლა რაღა ეშველება მაგ საქმესო, - შეწუხდა პატივცემული დირექტორი.
ჩემი ხათრით იქნებ ერთი მგელი გაზარდო, იმის მაგიერი, ჩემი დაუდევრობით რომ მოკვდა-მეთქი და - კიო, შემპირდა.
დირექტორს
სიტყვა არ გაუტეხია, ერთი კი არა, როგორც თქვეს, 37 მგელი გაუზრდია და
გაუშვია ტყეში. აკი გალაღდნენ კიდეც, დღეს ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება ეს
"დალოცვილი" ცხოველი: ტყეში, ველ-მინდვრებში, არც სოფლებშია იშვიათი
სტუმარი. გარეული ცხოველები ხომ შესანსლეს, ჩაროზად შინაურებს აყოლებენ.
არადა,
მგლის მოკვლა დანაშაულად ითვლებოდა, ყოველი მოკლულისთვის 400 ლარი ჯარიმა
იყო დაწესებული. მართალიც იყო! როგორ შეიძლება მგლის მოკვლა, რა ველურობაა!
მგელს წვლილი შეაქვს ბუნების წესრიგში - ჩლიქოსნებს "არეგულირებს". ჯერ
ირმებს და შვლებს ჭამს, მერე საჯიხვეში ადის და "ავადმყოფ" ჯიხვებს და
არჩვებს მიირთმევს უტყემლოდ და უნიორწყლოდ.
საქართველოში გასული
საუკუნის 60-იან წლებში წელიწადში 500-600 მგელს მაინც კლავდნენ და მაინც
რჩებოდა 3000, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებდა ბუნებას და სოფლის
მეურნეობას.
ამას წინათ ჭეშმარიტმა მამულიშვილმა და შესანიშნავმა
მონადირემ, ბატონმა გოგი თოფაძემ თავის ოფისში გამართა მონადირეთა თათბირი.
გამოცდილი მონადირეების აზრით, დღეს საქართველოში მგელი გაცილებით მეტია,
ვიდრე ჩლიქოსანი.
როგორც პრესა იუწყებოდა, თურმე მგლებს
ყოველწლიურად ცოფის საწინააღმდეგო აცრა უტარდებათ. ყოჩაღ თქვენ, მგლების
ძიძებო! იქნებ ტანზე და ფეხზეც ჩააცვათ, რომ ზამთარში არ გაცივდნენ...
გულსატკენი
ის იყო, რომ მონადირეთა თათბირზე სიტყვა არ მისცეს დიდებულ მამულიშვილს და
ბრწყინვალე მეცნიერს, ბატონ ალექსი არაბულს, რომელსაც მთელი სიცოცხლე
ტყეში აქვს გატარებული და ამ ცხოველის შესახებ ყველა წვრილმან-მსხვილმანი
იცის, იცის, სად როგორ უნდა დაუგო ხაფანგი, სად უნდა ჩაუსაფრდე და როგორ
მოინადირო.
მგელს განსაკუთრებით აქვს განვითარებული სმენა და
ყნოსვა. საკმარისია, მონადირემ ფიჩხი გატეხოს, ფოთოლი ააშრიალოს ან
დაახველოს, რომ იმ ადგილიდან მგელი დაუყოვნებლივ გაიპარება.
მგელი
რომ ძნელად მოსასპობია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 63 დღის მაკეობის
შემდეგ ყრის საშუალოდ 6-7 ლეკვს, რომლებსაც 2 თვემდე აწოვებს ძუძუს, 4 თვის
ლეკვს დაახლოებით იმდენივე ხორცი სჭირდება, რამდენიც ზრდასრულს. რა თქმა
უნდა, ხორცს არც ბაზარში ყიდულობენ და არც სუპერმარკეტებში. ჯერ გარეულ
ჩლიქოსნებს შეესევიან, შემდეგ შინაურ ცხოველებს ავლებენ მუსრს. მათ შორის
ძაღლებსაც ახრამუნებენ და არც ადამიანზე ამბობენ უარს...
ძალიან
მაინტერესებს, რას იზამდნენ მგლის დამცველები, ამ ნადირმა თვითონ მათ რომ
შეუჭამოს შვილი, ცოლი, ქმარი ან თუნდაც შორეული ნათესავი. დარწმუნებული
ვარ, მაშინვე თოფს წამოავლებენ ხელს და რამდენსაც შეძლებენ, იმდენს
გამოუყვანენ წირვას.
ბატონმა ალექსი არაბულმა გაიხსენა, მგლებმა ერთ
ღამეში როგორ გამოღადრეს ყელი 200 ცხვარს ისე, რომ ჩაძინებულ არყით მთვრალ
მწყემსებს არაფერი გაუგიათ. ისიც გაიხსენა, როგორ ნახა ბორჯომის ნაკრძალში
კლდეზე გადაჩეხილი 87 ირემი - იმდენად ვერაგი და გაუმაძღარია მგელი, რომ
მარაგისთვის უამრავ მსხვერპლს კლავს.
მგლების ხროვა, როგორც წესი,
ერთად ნადირობს და უდიდეს ზარალს აყენებს მეცხოველეობას, სანადირო
მეურნეობას. ნეტავ თუ აქვს წარმოდგენილი მას, ვინც გრანტის გულისთვის ასე
თავგამოდებით იცავს მგლებს, რამხელა ტრაგედიაა გლეხის ოჯახისთვის ერთადერთი
მარჩენალი ძროხის დაკარგვა!
რაც უნდა ულმობლად და ბუნების მტრობად
მოეჩვენოთ ბუნების ვაიდამცველებს ჩემი წინადადება, ყველგან, სადაც მგლები
კატასტროფულად მომრავლდნენ, უნდა შეიქმნას მონადირეთა ბრიგადები, რომელსაც
უხელმძღვანელებს გამოცდილი მგელზე მონადირე, კონსულტაციისთვის კი მიმართონ
ამ დარგის მცოდნეებს. მათ კი, ვისაც ასე მწარედ შევარდნია გული მგლებზე,
ნაწილი ოჯახებში წაიყვანონ, ნაწილი - მთავრობასა და პარლამენტში შერეკონ,
იქნებ მათ მაინც "დაარეგულირონ" ქვეყნის მამამთავრები, რომელთაც ფეხებზე
ჰკიდიათ შეჭმული და ჯერ კიდევ შეუჭმელი ქართველები.
სად გვყავს,
ხალხო, მგლების შესაჭმელი ხალხი? ორ მილიონამდე ქართველი თუ იქნება
ქვეყანაში დარჩენილი. ესენიც ცოტა ხანში უწამლობით, უექიმობით და შიმშილით
დაიხოცებიან და აღსრულდება რუსების დიდი ხნის ოცნება: "გრუზია ბეზ
გრუზინოვ" - ფუი, ეშმაკს, ფუი ეშმაკს! როგორც გითხარით, მგელი მოხერხებული
და ფრთხილი ცხოველია. მისი ხელში ჩაგდება ძალიან ძნელია, მაგრამ გამოცდილი
მონადირისთვის მაინც შესაძლებელია. ჩემი აზრით, მგლის მომნადირებლებს უნდა
მიეცეთ გარკვეული პრემია, რაც წაახალისებს ამ საქმეს.
ასე რომ, ჩემო
მგლის ლუკმად განწირულო ქართველებო, "ნუ იყვირებთ: მგელი, მგელი!" თორემ
ნადირი დაფრთხება. ჩაუსაფრდით და მოინადირეთ! თუმცა ძალიანაც რომ შეეცადოთ,
მგელს მაინც ვერ გაწყვეტთ. სამგლედ განწირული ბიოლოგიის მეცნიერებათა
კანდიდატი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!