"ჩემო ჰორაციუს, ამქვეყნად ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს არც კი დასიზმრებიათ!" - იტყვით, ჰამლეტის სიტყვები რა მოსატანია მგლებთანო, მაგრამ აბა, დაფიქრდით: საქართველოში მგლები ტყიდან გამოვიდნენ და ირმების ნაცვლად, ადამიანებს დაერივნენ.
ახლა რომელი ფილოსოფოსი ახსნის, რატომ კრძალავს მთავრობა მგლის მოკვლას, რომელიც ისე გამრავლდა, რომ კაცს შინ უვარდება და ყელს ღადრავს! შეუძლებელია, არა, ამის ახსნა? ჩვენც ასე ვფიქრობთ!
წინა ნომერში მგლებზე მონადირე კაცზე გამოქვეყნებულ წერილს, მეცნიერებისა და მოსახლეობის გამოხმაურება მოჰყვა (ხელს რამდენიმე ათეული კაცი აწერს):
მივესალმებით თქვენს წერილში დასმულ საკითხს, რომ მგლებზე ნადირობა აუცილებელია და შევეცდებით, ჩვენი გამოთვლებით დასაბუთებული, მგლებისგან მოყენებული ზიანი აღგიწეროთ... მასმედიაში გაშუქებული შემთხვევები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ დიდი უბედურებისა, რასაც ეს გამრავლებული მტაცებელი სჩადის. დღეისთვის დაგლეჯილი და მოკლულია 8 კაცი, შეჭმულია ასობით ძროხა და ცხენი, ათეულათასობით ცხვარი. ეს უბედურება, კავკასიის არეალში გაჩაღებული ომების (მგლის გამრავლება ომმა იცის, - ცხოველებიც, ისე როგორც ადამიანები, საომარი ადგილებიდან მშვიდობიან ადგილებში გაქცევით შველიან თავს) და ხანძრების გამო, მოსალოდნელი იყო, მაგრამ სახელმწიფო მოხელეებმა არ შეისმინეს სპეციალისტებისა და ბუნების ქომაგთა გაფრთხილება - მგლებსა და სხვა მტაცებლებზე ნადირობა აკრძალეს და შედეგმაც არ დააყოვნა. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში მგლის მოკვლაზე საპრემიო სისტემა მუშაობდა. პროფესიონალი მონადირეები წელიწადში 400-500 მტაცებელს კლავდნენ და იმ პერიოდში მგლების რაოდენობა 2500-დან 3500-მდე მერყეობდა. მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, პოლიტიკურ სისტემათა რღვევასთან დაკავშირებით, მგელზე კონტროლი შესუსტდა და მისი რაოდენობა ზოგ ქვეყანაში 2-3-ჯერ გაიზარდა. ამ ქვეყნების გამოცდილება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დღეს საქართველოში 7000-10000 მგელია!!! დღე-ღამის განმავლობაში ერთ მგელს საშუალოდ 2-3 კგ ხორცი სჭირდება, 10000 მტაცებელს კი 30000 კგ. და რა უნდა ჭამოს დღეს ამდენმა მგელმა?
ტყეში მგლის ძირითადი საკვები ირემი და შველია. იშვიათად - გარეული ღორი და წვრილი მღრღნელები. გამოდის, რომ თუ ტყეში ჩლიქოსანი მრავლად იქნება, მგლებმა დღე-ღამეში 120 ირემი, ან 1200 შველი უნდა შესანსლონ!
1989 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის თანამშრომლები წერდნენ, რომ იმ წელს ნაკრძალში დაახლოებით 800 ირემი და 50 მგელი იყო. იმავე წლის ზამთარში მგლებმა 145 ირემი და 48 შველი შეჭამეს. ეს ის რაოდენობაა, რაც მხოლოდ ბილიკებსა და გზებზე დაითვალეს. გაზაფხულზე შეჭმული ნუკრები კი ცალკე მსხვერპლი და ზარალი იყო. 1990 წლისთვის ქვეყანაში 33000 გარეულ ერთეულ ჩლიქოსანს ითვლიდნენ. მაშინ ქვეყანაში განუკითხაობა სუფევდა, რითაც ბრაკონიერებმა ისარგებლეს და მგლებთან ერთად, ჩლიქოსნის რაოდენობა სამჯერ შეამცირეს. დღეს ჩვენში დაახლოებით 10000 გარეული ჩლიქოსანია, აქედან ირმის რაოდენობა 150-200 ერთეულს არ აღემატება. გამოდის, რომ ერთ მგელზე ერთი ჩლიქოსანი მოდის, ანუ მგელს ტყეში საკვები აღარ აქვს, სწორედ ამიტომ შემოესია ის სოფლებსა და ქალაქებს - გარეული ჩლიქოსანი შინაური პირუტყვით ჩაანაცვლა. თვალსაჩინოებისთვის კი გეტყვით, რომ მაგალითად, რუმინეთში 230000 ჩლიქოსანზე დაახლოებით 2500 მგელი მოდის, პოლონეთში 530000 ათასზე - 1000 და ასე შემდეგ. ჩვენთან კი მგელი პარპაშობს, - გრანტების სახით სოლიდური თანხები იქნა მოძიებული მის დაცვასა და შესწავლაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოფის ვაქცინაციაზე, რაც გაუგონარი სისულელეა, დიდი აფერა რომ არ იყოს!
ეს მაშინ, როცა ჩვენმა სახელმწიფომ, უსახსრობის მიზეზით, ვერ შეძლო ისეთი კოლხური ხოხბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, მურა დათვის, კავკასიური ჯიხვის, ირმის უნიკალური ჯიშების დაცვა! ამიტომ, ჩვენ, სოფლის მცხოვრები მონადირეები და ბუნების მეგობრები, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მგლის დაცვა.
ბოლოს და ბოლოს, ესეც მათი პარტია ხომ არ არის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ლობირებენ და რაც ადამიანურად უფრო გასაგებია, ვიდრე მგლის ასე გადაფარება. გადაეფარონ, თუ უნდათ. კი ბატონო, მაგრამ მაშინ ჩვენც გადაგვეფარონ, რომ მგელი ეზოში არ შემოგვივარდეს და არ დაგვჭამოს!
P.S. უკეთესი კომპრომისის შემოთავაზება შეუძლებელია, - ბატონებო, არავინ გიშლით, გიყვარდეთ, მგელი, მაგრამ ხალხიც უნდა გიყვარდეთ!
აბსოლიტურად გეთანხმებით. დროა მგლის წინააგმდეგ გალაშქრების, საქართველოში 1500-2000 მგელზე მეტი არ უნდა იყოს,რომ არც შინაურ პირუტყვს დაესხას და ჩლიქოსანიც მომრავლდეს ტყეში
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!