თუ მელას თაგვისებური მღრნელების განადგურებით სარგებლობაც მოაქვს, მისგან განსხვავებით ტურა, მხოლოდ ზიანის მომტანი ცხოველია. იგი ღამის ქურდბაცაცა, გაიძვერა და ვერაგი მტაცებელია. მისი ტიპიური ადგილსამყოფელი ტუგაის ტიპის ჭალის ტყეები, ეკალ–ბარდიანი წვრილი ტყე, ხშირი ბუჩქნარი. განსაკუთრებით კი ძეძვით დაფარული ზეგანებია. ჩვენსი მრავლადაა კოლხეთის დაბლობზე, გურიაში, სამეგრელოში, აღმოსავლეთშუ–შირაქი, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის რაიონებში. ლიტერატურაში მითითებულია, თითქოს ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მაღლა არ ვრცელდება. მაგრამ უკანასკნელ წლებში რიცხოვნობის მკვეთრად მომატების შემდეგ მისი საბინადრო არეალი გაფართოვდა და ამჟამად ისეთ ადგილებში გვხვდება, სადაც ადრე არ იყო. ზოგან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეც კი ავიდა. ტურა საკვებად შებინდებისთანავე გამოდის და თავისებური, ხმამაღალი, ბავშვის ტირილისმაგვარი კივილით ეხმიანება თანამოძმეებს. იკვებება თითქმის ყველაფრით–ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, ლოკოკინებით, ბაღჩეული კულტურებით. მაგრამ მისი ძირითადი საკვები წვრილი ძუძუმწოვრები, კურდღელი და ფრინველებია. თუ მოახერხა, თავს ესხმის ცხვარს, თხას და შინაურ ფრინველსაც. ტურა განსაკუთრებით ზიანის მომტანია ჭალის ტყეებში. მაგალითად, გარდაბნის სამონადირეო მეურნეობაში მასობრივად სპობს ხოხობს, გარეული ღორის გოჭებს, ზოგჯერ იმორჩილებს ირმის ნუკრებსაც კი. ამავე დროს იგი ცოფის, ჭირისა და ტრიქინელოზის გადამტანია და მიუხედავად ამ ყველაფრისა, აჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია. გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც კურდღელზე ნადირობა აიკრძალა, მდევრებით ნადირობის მოყვარულები დიდი ხალისით ნადირობდნენ ამ მტაცებლებზე. ჯერ ერთი, იგი სპორტული ნადირობის ერთ–ერთი კარგი ობიექტია, თან იმმ პერიოდში მოდაში ტყავების ქურქები შემოვიდა და მოთხოვნა მასზე და სხვა ბეწვეულზე დიდი იყო. მისი მოკვლისათვის პრემიასაც გასცემდნენ. იმ პერიოდში, ინტენსიური ნადირობის მიუხედავად, ტურის რიცხოვნობა არათუ მცირდებოდა, პირიქით, იზრდებოდა. დღეისათვის კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. თუ ხაფანგებით დაჭერას არ ჩავთვლით, ჩვენში ტურაზე ნადირობის ერთადერთი ხერხია გავრცელებული–მდევრებით ნადირობა. ტურა დღისით ბუნაგში არ წვება, ხშირ ბუჩქნარს აფარებს თავს, მაგრამ მისი პოვნა ძაღლებს არ უჭირს.რადგან იგი ძალიან ფრთხილია. ძაღლს ახლოს არ უშვებს. იპარება და მდევრებიც სწრაფად ადგებიან ცხელ კვალზე. საერთოდ ტურა ადვილად სადევნელი ცხოველია. საკმაოდ მძრაფრ სუნს ტოვებს კვალზე. მთავარია, რომ მდევარი იყოს გულადი და აზარტული. ნადირობა ყველაზე შედეგიანია ხოლმე, როცა 4–5 გამოცდილი მონადირე ნადირობს წინასწარ კარგად შესწავლილ სავარგულში. დილით ადრე ძაღლების გამშვები მონადირე ადგილზე უნდა დარჩეს. დანარჩენები კი სწრაფად, მაგრამ ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გადაადგილდნენ და ჩასაფრდნენ სავარაუდო გადასასვლელ ბილიკებზე. გეზზე დგომის დროს საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და კარგად შენიღბვა. ტურა უმნიშვნელო ხმაურზე თუ საეჭვო ვერაფერი შენიშნა, იგი საკმაოდ სწორ წრეებზე ტრიალებს და თავის ტერიტორიას არ ტოვებს,ამიტომ ნადირმა თუ მოშორებით გაიარა, ადგილის შეცვლა და მეორე წრეზე უფრო მოხერხებულ ადგილზე დაცდა შეიძლება. მაგრამ დევნის დროს ზედმეტი მოძრაობა მაინც არასასურველია, მოთმინება სჯობს...
რადგან ტურა საკმაოდ უხეში და გრძელი ბეწვითაა შემოსილი, ჭრილობას კარგად უძლებს. ამიტომ მასზე ნადირობისას 0 ან 1 ნომერი საფანტით შორ მანძილზე სასროლი ვაზნებია საჭირო.
დათო ცხვედიანი
წყარო: ჟურნალი ნადირობა