"ფრინველებისადმი ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. რომ წამოვიზარდე, ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც ბაზიერობა შემასწავლა", - ამბობს 20 წლის ბაზიერი, ლევან დუდუჩავა. მტაცებელი ფრინველის დაჭერის, გაწვრთნისა და ნადირობის გარდა, ის საფუძვლიანად ეცნობა ბაზიერობის ტრადიციაზე არსებულ ლიტერატურას. კონტაქტი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლეგებთან. ლევანი სტუდენტია, ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს და ფიქრობს, რომ მომავალში ჰობის და პროფესიას ერთმანეთს დაუკავშირებს. როგორ უნდა დაიჭირო მტაცებელი ფრინველი, გაწვრთნა, ანადირო, რომელი ფრინველი როგორი ხასიათით გამოირჩევა? ამ ყველაფერზე ლევანი საინტერესოდ საუბრობს.
- ბაზიერობა საქართველოს ბაზიერთა კლუბის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, სოსო ჯღამაძემ შემასწავლა. სანამ მტაცებელ ფრინველს ავიყვანდი, მანამდე ბევრი რამ თეორიულად შევისწავლე. პირველი ფრინველი, რომელიც ავიყვანე, მიმინო იყო. ძველ ქართულ ხელნაწერებში ბაზიერობის ტრადიციაზე ბევრი საინტერესო ინფორმაციაა. მიმინო ის ფრინველია, რომელმაც ბაზიერობის ტრადიცია შემოგვინახა. საბჭოთა კავშირის დროს, ბაზიერობა, როგორც ნადირობის სახეობა, კატეგორიულად იკრძალებოდა. საბედნიეროდ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მტაცებელი ფრინველის შენახვასა და ნადირობას ჩუმად მაინც ახერხებდნენ. დღეს შეზღუდვა აღარ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ბაზიერობა ისწავლოს.
- ბაზიერობაზე ხელნაწერებში რა ინფორმაცია მოიძიე?
- ბევრგანაა მოხსენიებული მტაცებელი ფრინველი - ბაზი. ნადირობა მეფეების საყვარელი გართობა იყო. მათ ჰყავდათ ბაზიერთუხუცესები, რომლებსაც მტაცებელი ფრინველის დაგეშვა ევალებოდათ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბაზიერობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული. უცხოურ ენაზე არაერთი საინტერესო ნაშრომიც არის გამოცემული.
- ახლა რომელი მტაცებელი ფრინველი გყავს?
- მიმინო მყავდა და გავუშვი. აგვისტოს ბოლოდან სეზონური მიგრაცია იწყება. აჭარის რეგიონი ე.წ. ძაბრს წარმოადგენს, სადაც სეზონზე 28 სახეობის 100 000-ობით ფრინველი გადადის. ეს იწვევს ჩვენი უცხოელი კოლეგა ბაზიერების დიდ ინტერესს. ჩვენ 2014 წელს გავხდით მსოფლიო ბაზიერთა ასოციაციის წევრი. ისინი ხელს გვიწყობენ, ჩავიდეთ საერთაშორისო კონფერენციებზე, ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ და მათ გამოცდილებასაც გავეცნოთ. გვაქვს მტაცებელი ფრინველის დაჭერის უძველესი ხერხი, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ცნობილი არ არის.
- ეს ხერხი როგორია?
- ეს ხდება ე.წ. ჩიტით, რომელსაც ჰქვია ღაჟო. მას ბაზიერი ივლისის ბოლოს იჭერს და მტაცებელი ფრინველის მოსატყუებლად ამზადებს.
- მტაცებელი ფრინველის დაჭერა როგორ ხდება?
- უნდა გყავდეს ღაჟო, თან უნდა იქონიო სამკუთხა ბადე, სპეციალური ქოხი, სადაც დაიმალები. ფრინველი ჩიტის დანახვისას აკეთებს პიკირებას. ის მზადაა, მსხვერპლი დაიჭიროს და ამ დროს ბადეში ეხვევა. შემდეგ კი ბადიდან ბაზიერი ამოიყვანს. ამ დროს ფრთხილად უნდა იყო. ისინი ველურ ბუნებაში არიან გაზრდილები და შეიძლება დაგაზიანოს, ბრჭყალი გაგკრას, დაგსეროს. ერთხელ ჩია არწივიც დავიჭირე. მიმინოს ვიჭერდი და უკნიდან მოულოდნელად ჩია არწივი მომეპარა. მშიერი იყო და ჩიტმა ღაჟომ მოიტყუა. არწივი ბადეში იშვიათად მოდის. სანამ ნადირობას დაიწყებს, ფრინველი საქონლის ხორცით უნდა გამოკვებო. დღეში მინიმუმ 100 გრამი უნდა მიაღებინო. მერე ინადირებს და საკუთარ თავს თავად მოუვლის. ნანადირევს ხორცით თუ არ ჩაუნაცვლებ და ისე წაართმევ, შეიძლება შენთვის აღარ ინადიროს და გაგიფრინდეს.
- გაწვრთნა რა ასაკიდან იწყება?
- 40 დღის შემდეგ, ფრინველი ბუდიდან ფრინდება. ბუდიდან
- მამალი არ ნადირობს?
- მტაცებელ ფრინველებში მამალი გაცილებით პატარა ზომისაა. ამიტომ უპირატესობას დედალ ფრინველებს ვანიჭებთ.
- ფრინველის გაწვრთნას რამდენ ხანს ანდომებთ?
- ეს თავად ფრინველზეა დამოკიდებული. როგორი ხასიათისაა და ეს საქმე ბაზიერმა რამდენად კარგად იცის. 1-2 კვირაა საჭირო. მიმინო ნადირობს მწყერზე, ტყის ქათამზე. კურდღელზე - ვერა. 240-გრამიანმა ფრინველმა კურდღელი როგორ უნდა დაიჭიროს?
- მინდორში გაგყავს გაწვრთნილი მიმინო... მერე?
- თან უნდა გყავდეს მონადირე ძაღლი, რომელიც ნაბულს გააკეთებს. ის ფრინველს ააფრენს და მიმინო იჭერს.
- ის ხომ თავისთვის ნადირობს, სარჩოს მოიპოვებს. რომ ართმევ, არ ბრაზდება?
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაართვა, ნანადირევი ხორცით უნდა ჩაუნაცვლო, შიმშილი რომ დაიკმაყოფილოს.
- მიმინოს გარდა, სანადიროდ კიდევ რომელი ფრინველები იწვრთნება?
- შევარდენი, ქორი.... ყველა სახეობას თავისი ნადირობის სტილი აქვს. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, წინაპრები უპირატესობას ყოველთვის მიმინოს ანიჭებდნენ. ის პრაქტიკული ფრინველია და შენახვაც არ არის რთული. ბაზიერი სეზონზე რამდენიმე მიმინოს იჭერს. მათგან ერთ საუკეთესოს არჩევს, მთელი სეზონის განმავლობაში ნადირობს და ბოლოს ბუნებაში უშვებს, რათა გამრავლდეს. ბაზიერების ნაწილი ქორით ნადირობს. ის ისეთ დიდტანიან ფრინველებზე სანადიროდაა კარგი, როგორიცაა - ხოხობი. ქორი კურდღელზეც ნადირობს. შევარდენი ოდითგანვე იერარქიის მიხედვით მაღალ საფეხურზე მდგომი ფრინველი იყო და დღესაც ასეა. ის საკმაოდ ძვირად ღირებული ფრინველია, - შესაძლოა, რამდენიმე ათასიც კი ღირდეს.
- გაწვრთნილ მიმინოს ბუნებაში რომ უშვებ, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ის შენთან აღარ დაბრუნდება.
- რა თქმა უნდა. მიმინოს ბაზიერი ბუნებაში აბრუნებს. რადგან მთელი წლის განმავლობაში მისი შენახვა არ უღირს, ისედაც სუსტი ფრინველია. თბილ ქვეყანაში იმიტომ მიდის, რომ გამოიზამთროს, მერე აქ დაბრუნდეს, გამრავლდეს. ბუნებაში თავის მეწყვილეს იპოვის და გამრავლდება. მტაცებელი ფრინველების ბუნებიდან გამოხშირვა, უხეში ჩარევაა. ეს არ შეიძლება.
- ფრინველების ხასიათზე ვილაპარაკოთ.
- მიმინოს ფერებისა და ხასიათის მიხედვით არჩევენ. არის ნათელყვითელი, ჟანგისფერი. ყველაზე თვინიერი და კარგი მონადირე, მოწითალო, ჟანგისფერი მიმინოა. ჩვენი წინაპრები, როცა ფრინველს დაიჭერდნენ, პირველ ღამეს უტეხდნენ.
- ეგ რას ნიშნავს?
- მთელი დღე და ღამე ხელზე ეჯდათ, რომ შეჩვევის პროცესი გაადვილებოდა. ფრინველს ეგრძნო, რომ ბაზიერისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მას შეიძლება ენდოს, მასთან ერთად ინადიროს.
- ხომ შეიძლება ნადირობის დროს მიმინო პატრონს აღარ დაუბრუნდეს და გაფრინდეს?
- ბაზიერი მას ასწავლის ე.წ. ხელზე მოსვლას. შესაძლოა, ფრინველმა მსხვერპლი ვერ დაიჭიროს და სადმე შემაღლებულ ადგილზე დაჯდეს. ბაზიერი მას აჩვენებს ხორცის ნაჭერს, რის შემდეგაც უბრუნდება.
- არწივზე რას იტყვი?
- მტაცებელ ფრინველებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არწივია, მისი ფრთების შლა 3 მეტრს აღემატება. მოვლა ძალიან რთული და ძვირია. საქართველოში არწივის სანადირო ადგილები ნაკლებად არის.
- ბაზიერობა ახალგაზრდებში პოპულარულია?
- ჩემი თაობის ბიჭები ინტერესდებიან. ნადირობის ამ ფორმის მეტი პოპულარიზაცია თუ მოხდება, კარგია.
"დიდოსტატის მარჯვენაში" არის ცნობები ბაზიერობის შესახებ. დაჭერის ძველი სტილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დროში პოპულარული იყო. ბაზიერი ფრინველით ხელში ძველ კოლხურ მონეტაზეც არის გამოსახული.
- შესაძლოა, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ჩვენი რომელიმე მკითხველი ბაზიერობით დაინტერესდეს. როგორ უნდა მოიქცეს?
- უნდა შეისწავლოს თეორიული ლიტერატურა. რაც შეეხება დაჭერის პრინციპს, შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დახმარება გავუწიო. მტაცებელ ფრინველებს უმეტესად ფოთში ვიჭერ. ზოგიერთი ჩოხატაურში, ბათუმში, მარტვილში იჭერს. თუ შევარდენი გინდა გყავდეს, უნდა შეიძინო ან ბარტყი გაზარდო. მიმინოს დასაჭერად რომ ვუსაფრდები, ჰაერშივე ვარჩევ, დედალია თუ მამალი. რამდენიმეს ვიჭერ, მათგან საუკეთესოს ვარჩევ და გასაწვრთნელად ვიტოვებ, ხოლო დანარჩენს ისევ ბუნებაში ვაბრუნებ.
- შენ შესახებ გვიამბე, როგორც ვიცი, სტუდენტი ხარ.
- დიახ, III კურსის სტუდენტი ვარ, 20 წლის. ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი). ბაზიერობას დასვენების პერიოდში ვახერხებ. სამონადირეო ტურიზმი, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ჩვენ საამისაოდ ძალიან კარგი შესაძლებლობები გვაქვს და შეგვიძლია, ტურისტი მკვლევრები ამ ფორმითაც მოვიზიდოთ. სხვა განვითარებულ ქვეყანას ეს პოტენციალი რომ ჰქონდეს, აუცილებლად გამოიყენებდა.
- მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას ხომ არ აპირებ?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ტურისტს შენობებით ვეღარ გააკვირვებ, რაღაც განსხვავებული უნდა შესთავაზო. სანამ სტუდენტი ვარ, ვერ მოვახერხებ, ახლა ჩემთვის პრიორიტეტი განათლების მიღებაა. შესაძლოა, ჩემი ჰობი და პროფესია გავაერთიანო.
- წარმატებებს გისურვებ!
- მადლობა, რომ დაინტერესდით და ამ მივიწყებული ტრადიციის პოპულარობას ხელს უწყობთ.