ასე სწამდათ ძველად....
| |
giohunt1982 | დრო: ხუთშაბათი, 07.11.2013, 19:19:02 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნადირობისა
მონადირე სანადიროდ წასვლის წინ დიდ სიწმინდეს იცავდა. ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით მიდიოდა და ცდილობდა ხმა არავისთვის გაეცა გზაზე. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა სად მიხვალო, მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვისმეს თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული. არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მონადირის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი მის მოსვლამდე. -ხმელა ჩვენი იყოს და წვნიანს ნადირის პატრონი მოგვცემსო,-ასე იტყოდნენ ძველად. სწამდათ,რომ ნადირობის იღბალი ნადირთ პატრონის, კლდის ანგელოზის, ადგილის დედის ხელთ იყო. ტყეში მისული მონადირე მაღალი ნაძვის ქვეშ დადგებოდა, სანთელს აანთებდა და ნადირთ პატრონს შესთხოვდა ნადირობაში დახმარებას: ”ნადირის თავმდგომი შენა ხარ, როს მოვიდე შენს ადგილში, მშვიდობიანად გამომიშვი; ნადირის წილი მომეცი, უფროსი ნუ გედიდება და უმცროსი ნუ გეპატარავება. მშვიდობით დაგვაბრუნე სახლში მე და ჩემი ამხანაგები. თუ რამეს იკადრებ -მიილოცე, თუ არადა ნუ მემდური, შენი შესაბრალისი შესაწყალი ვარ; კარგი სვე მომეცი, წყალობაზე წყალობა მიმატე, გარეთ და შინ ყველგან მიიღე ჩემი ვედრება, ნუ დამიკარგავ შენს წყალობას და ნუ შემიძულებ, ასემც მადლი გქენება... შენი დანიშნული ჯიხვი მომეც;როცა შეგეხვეწო, დარი და ავდარი ჩემის ნებისად მიწყალობე. ჯიხვის მწყემს დიდება! არჩვის მწყემს დიდება! მარჯვენა დამილოცე დალი!” ნანადირევის ძვლების დახვრა, ან ძაღლისთვის გადაგდება აკრძალული იყო ძველად. სწამდათ, რომ ნადირთ პატრონი მონადირისთვის ნადირთ პატრონების მიერ ერთხელ შეჭმულ და გაცოცხლებულ ნადირს იმეტებს მხოლოდ. ნადირთ პატრონს, დასაკლავად მჭლე ნადირი არ ემეტება, ეცოდებაო. ”კლდემა გასძახა კლდესაო-მონადირეა ჩვენსაო, ჯიხვსა გვთხოვს მეტად მსუქანსა თორემ არ შვება მჭლესაო; წადი მიეცი ის ჯიხვი არყი რომ უზის ბეჭსაო, დაუკლათ მსუქან-მსუქანი, თორემ წაგვართმევს მჭლესაო.”
გაგრძელება იქნება.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
77777 | დრო: ხუთშაბათი, 07.11.2013, 19:37:00 | შეტყობინება # 2 |
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ველი მოუთმენლად გაგრძელებას!
77777 i.tsirekidze
|
|
| |
maxo777 | დრო: ხუთშაბათი, 07.11.2013, 20:43:28 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| giohunt1982, ესეთი რამ პირველად წავიკითხე.გაგიმარჯოს ღმერთმა
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
შეტყობინება დაამუშავა maxo777 - ხუთშაბათი, 07.11.2013, 23:24:15 |
|
| |
tatoxoni | დრო: პარასკევი, 08.11.2013, 00:41:15 | შეტყობინება # 4 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნანადირევის ნაწილს მსხვერპლად სწირავდნენ დალის რათა სხვა დროს ხელცარიელები არ დაბრუნებულიყვნენ შინ
ხონსკი
|
|
| |
giohunt1982 | დრო: შაბათი, 09.11.2013, 14:31:11 | შეტყობინება # 5 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი. დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია. დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია. დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები. დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან). დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა. დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, მოსიყვარულე დედა; ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს (ბეთქილი). დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან: „დალი ჰყავსო“. სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი. მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: შაბათი, 09.11.2013, 15:12:35 | შეტყობინება # 6 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დალი და მონადირე ალმასგილ
ბეჩოელი მონადირე ყოფილა ალმასგილ. მაგრად ნადირობდა თურმე. ეკითხებოდა მისი რძალი ხშირად: -რა ამბავია, ალმასგილ, შენსავით რომ ვერავინ ნადირობსო? -შენს თავს მოუარე, არაფერი გეკითხება. ეგ ჩემი საქმე არისო.-ეტყოდა ხოლმე ალმასგილ. მაინც უთვალთვალებდა რძალი. მოსვენებას არ აძლევდა. ამხანაგს შესჩივლა ალმასგილმა: -შინ მოსვენება არ მაქვს, სანადიროდ წასვლის წინ რძალი თავს დამტრიალებს სულო. ამხანაგმა უთხრა: -თუ ასეა, გარეთ გამოდი, მინდორში დაიძინე და უთენია გამოგივლი, სანადიროთ წავიდეთო. დაუჯერა ალმასგილმა. დაწვა მინდორში და სასთუმლად გუდა დაიდო. გამოვიდა შუაღამეს რძალი, ეძება ვაჟი, ეძება და მონახა მინდორში. მიეპარა, გუდას დაუწყო სინჯვა. უცხო ლამაზი თავსაფარი ჰქონია ალმასგილს გუდაში. ამოიღო რძალმა, გაშალა, მთელს მინდორს გადაეფარა. რძალს შეეშინდა. კეცავს ამ თავსაფარს, კეცავს, ვერ დაკეცა და გუდაში ვერ ჩატია ნახევარიც. გაიპარა სახლში. გამოეღვიძა ვაჟს, ნახა ეს თავსაფარი, ეწყინა და იმ დღეს სანადიროდ აღარ წასულა. მეორე ღამეს ინაცვლა ადგილი ვაჟმა და ისევ გარეთ დაიძინა. მოვიდა რძალი. დაიწყო გუდაში ხელის ფათური, ამოალაგა გუდიდან ვაზნები. აწყობს რძალი ვაზნებს უკან და ნახევარიც არ ჩაეტია. ცუდ გუნებაზე დადგა დილით ალმასგილი: -სიცოცხლე აღარ მიწერია დიდი ხნისაო,-ამხანაგს უთხრა. მაინც წავიდნენ მთაში. ერთი ერთ მხარეზე ავიდა, მეორე -მეორეზე. დათქვეს : რომ ავიდეთ, რომელიც აუსწრებს, იმან მოძებნოს დაგვიანებულიო. აუსწრო ამხანაგმა. არსად ჩანს ალმასგილი. ჩაჰყვა ღელეს მეორე მხარეს, ნახა ზვავი ჩამოწოლილიყო, ზვავთან ალმასგილის ქუდი ეგდო. მოძებნა და ამოიყვანა მკვდარი ყმაწვილი. წამოიღო სახლში და მეორე დღეს ისევ გაბრუნდა სანადიროდ. დაანთო ცეცხლი ღამე, მწვადი შეიწვა. უცბად ვიღაცამ შემოსძახა მთიდან. ეს ყოფილა ნადირთ პატრონი დალი. თურმე თავის დას ეძახოდა: ის ვაჟი გუშინ რად დაღუპე, ზვავი რატომ ჩამოუშალეო? -ჩემს ნაჩუქარ თავსაფარს და ვაზნებს კარგად ვერ მოუარა, თავის რძალს ჩაუგდო ხელშიო. -ახლა რა ეშველება იმ ბიჭს, არ ვიტიროთო? -მონადირეა მანდ, მისი ამხანაგი, ის გვიშველისო. გამოეცხადა დალი მონადირეს და სთხოვა, მოგვიხერხე, რომ შევიდეთ და ჩემი სატრფო დავიტიროთო. მოვიდა ტირილის დღე. მკვდარი მონადირის ამხანაგმა დაამზადა სასმელი და სატირალი მოაწყო. გაშალა ეზოში და ყველა მოტირალი სუფრასთან მიიპატიჟა. მხოლოდ მკვდრის დედა დაიმალა ოთახში, თავისი მკვდარი ვაჟი ვერ დატოვა. შევიდნენ მკვდართან დალები, გახადეს ტანთ, ახალი აბრეშუმის ტანისამოსი ჩააცვეს. გახადეს ფეხთ და წაღები ჩააცვეს. ამ დროს ვერ მოითმინა თურმე დედამ და ამოიხვნეშა. დაფრთხნენ დალები და გაუჩინარდნენ. ამბობენ, დალი მონადირეს შეიყვარებს და იღბალს მისცემსო, მაგრამ თუ მონადირე ამის შემდეგ სხვა ქალს გაეკარა, ან დალის სიყვარულის ამბავი გაანდო, დალი შურს იძიებს და ვაჟს სიცოცხლეს მოუსწრაფებსო. მოკლავს, მერე კი მოვა საფლავზე და აკივლდება, იტირებს და მკვდარ მონადირეს საფლავიდანაც იღებსო. ამიტომ სვანეთში სამი ღამის განმავლობაში სდარაჯობდნენ მონადირის საფლავს, დალმა არ იტიროსო.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: შაბათი, 09.11.2013, 15:28:04 | შეტყობინება # 7 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| „ხის ბეჭის“ მითის ვარიანტები კავკასიურ ფოლკლორში
მანანა ჭრელაშვილი
მითი ხის ბეჭზე, ანუ ნადირთ ღვთაების მიერ მოკლულ და გაცოცხლებულ ნადირზე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მითოსური სიუჟეტის ლოკალურ კლასიკურ ვარიაციას წარმოადგენს. ელ. ვირსალაძე მას გენეტიკურად მსოფლიოს ხალხთა სამონადირეო ეპოსში ფართოდ გავრცელებულ მოკვდავ და აღდგენად ღვთაებებზე არსებულ წარმოდგენებს უკავშირებს (1, 33-5). აღნიშნული მითის საფუძველს, თ. ოჩიაურის აზრით, წარმოადგენს ანიმისტური რწმენა პარ-ციალური (საკუთარი) სულის შესახებ. ძვლის სიმტკიცით გაოცებული პირველყოფილი ადამიანი, ბუნების სხვა მოვლენათა მსგავსად, მასაც სასიცოცხლო უნარს მიაწერდა და თვლიდა, რომ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, ძვალსაც საკუთარი სული გააჩნდა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მითის წარმოქმნაში მიცვალებულთან დაკავშირებულმა რწმენა-წარმოდგენებმაც. პირველყოფილ ადამიანს სწამდა, რომ გარდაცვლილ ადამიანს ან მოკლულ ცხო-ველს სიცოცხლე კვლავ უბრუნდება, მაგრამ ამისათვის მისი ძვლები იმავე თანმიმდევრობით უნდა განლაგდეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა. საკმარისია ჩონჩხს ერთი ძვალი მაინც დააკლდეს, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება (2, 226). ამ რწმენის საფუძველზე მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული ძვლის დაცვა-შენახვის ტრადიცია. მაგ., რ. ერისთავისა და ალ. რობაქიძის გამოკვლევვით, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი ძვლის შენახვის ჩვეულება. როდესაც შესანახი ადგილი აღარ ჰყოფნიდათ, ძვლებს მიწაში მარხავდნენ, ან წყალში ყრიდნენ, ან წვავდნენ. ნადირის ძვლის დახვრა ძაღლსაც კი ეკრძალებოდა, მას ცხოველის შიგნეულობით კვებავდნენ. სვანეთში ძვლების დაცინვაც იკრძალებოდა (2, 228; 3, 162).
ძვლის ფეტიშიზაციამ ზღაპრულ ეპოსშიც ჰპოვა ასახვა. მაგ., ქართულ ზღა-პრებში ხშირია ძვლის მეტამორფოზასთან დაკავშირებული მაგალითები - მიწაში ჩამარხული ძვლის ადგილზე ვაშლის ხე ამოდის, მიწაში ჩამარხული ძვალი რაშად იქცევა და სხვა (2, 227).
კავკასიურ ზეპირსიტყვიერებაში ხის ბეჭის ქართული, ოსური, ჩეჩნური, სომხური და აფხაზური ვარიანტები დასტურდება. საქართველოში აღნიშნული მითის ვარიანტები რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ხევსურეთსა და თუშეთშია ჩაწერილი. ყველაზე არქაული სახით, მეცნიერთა აზრით, იგი ხევსურულმა მითოლოგიამ შემოინახა. ქვემოთ მოგვყავს მითის ქართული ვარიანტები.
ხევსურული ვარიანტი
მონადირეს ტეში შემოაღამდა. ღამის გასათევად ერთ კლდის ეხში (გამოქვაბულში) დაბინავდა, ცეცხლი დაანთო და ნანადირევი ჯიხვის შეწვას შეუდგა, მაგრამ მოულოდნელად ნადირი გაცოცხლდა და გაიქცა. ამ საოცრებით გაოგნებულ მონადირეს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.
- საკვირველი ეს კი არა, ის არის, რაც ბათირს გადახდა,- მოესმა კაცს ეშმაკების ძახილი. გაკვირვებულმა მონადირემ ბათირს დაუწყო ძებნა. ბევრი წვალების შემდეგ მიაგნო კიდეც და სთხოვა, თავისი თავგადასავალი მოეთხრო მისთვის.
- იმ გამოქვაბულში, სადაც შენ ღამის გასათევად დაბინავდი, მეც ვიყავი, - დაიწყო ბათირმა თავისი ამბავი. - შუაღამეს ეშმაკების ძახილი შემომესმა - ჩემს მასპინძელ ეშმაკს ქორწილში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან ჩემი სტუმრობა მოიმიზეზა და უარი უთხრა. „არა უშავს, წამოდი და სტუმარიც თან წამოიყვანე“, - დაუძახეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს. ორივე იქითკენ გავეშურეთ. ადგილზე რომ მივედით და ტაბლებს შემოვუსხედით, ჩემმა მასპინძელმა ჩამჩურჩულა - ჩემს უკითხავად ხმა არავის გასცეო. ეშმაკებმა სამი ჯიხვი დაკლეს, მოხარშეს და ხორცი და არაყი სტუმრებს ჩამოურიგეს. ერთი სასმისი მეც მომაწოდეს, მაგრამ არ დავლიე.
- რატომ არ სვამს შენი სტუმარი? - ჰკითხეს მექორწილეებმა ჩემს მასპინძელს.
- გამოელის რამესო,- უპასუხა იმან.
- ხვალ ერთ ჯიხვს მოკლავო, -აღმითქვეს ეშმაკებმა და არაყი ხელმეორედ შემომთავაზეს, მაგრამ დალევაზე კვლავ უარი ვანიშნე.
- რა სწყინს შენს სტუმარსო, -კვლავ ჰკითხეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს.
- გამოელის რამესო,- კვლავ უპასუხა იმან.
- ხვალ ორ ჯიხვს მოკლავსო, -კვლავ აღგვითქვეს ეშმაკებმა და არაყი მესამედ მომაწოდეს, მაგრამ კვლავ ვიუარე.
- ხვალ სამ ჯიხვს მოკლავო, -მესამედ აღმითქვეს ეშმაკებმა. ამ შემოთავაზებამ დამაკმაყოფილა და ავსულებს არაყიანი ჭიქა ჩამოვართვი.
ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა პირველად შეჭმული ჯიხვის ძვლები ისევე დაალაგეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა, შემდეგ ტყავი მოახვიეს, მათრახი დაჰკრეს და გააცოცხლეს. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მისცა თავი. ასევე გააცოცხლეს მეორე ჯიხვიც. ჯერი მესამეზე მიდგა. დრო ვიხელთე და მასპინძლის რჩევით ბეჭის ძვალი დავმალე. რაკი ბეჭი ვერ იპოვეს, ეშმაკებმა ხის ბეჭი გამოთალეს, მესამე ჯიხვის ჩონჩხს ჩაუდგეს, ტყავი მოახვიეს და შეულოცეს:
„ადეგ ადეგ, ხეჭეჭაო, ხისა გიგდავ ბეჭადაო!“
ნადირმა ხორცი შეისხა და გაცოცხლებული ტყეში გაუჩინარდა. მეორე დღეს სანადიროდ წავედი და სამი ჯიხვი მოვკალი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხის ბეჭი ჰქონდა ჩადგმული.
შემდეგ ბათირი ყვება, როგორ დაჰკრა რძალმა მათრახი და როგორ აქცია ძაღლად, როგორ გადაარჩინა ძაღლადქცეულმა მგლის ხროვისაგან ცხვრის ფარა და როგორ იქცა მკითხავის შელოცვის შედეგად კვლავ ადამიანად (8, 40-42).
თუშური ვარიანტი
ნადირობაში ხელმოცარულ კაცს ტყეში შემოაღამდა და ღამის გასათევად გამოქვაბულში დაბინავდა. მონადირე და მისი მასპინძელი ადგილის დედა ეშმაკებმა სტუმრად დაპატიჟეს. ნადიმზე სამ ჯიხვს შეექცევიან. ლხინის დროს ერთ-ერთი ეშმაკი ყვება, თუ როგორ მიეპარა დღეს ნადირს და როგორ დატოვა მშრალზე უცნობი მონადირე.
ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა ჯიხვების ძვლების მოგროვება დაიწყეს. მონადირემ დრო იხელთა და ერთ-ერთის ბეჭის ძვალი ჩუმად მდინარეში გადააგდო. მის მაგიერ მასპინძლებმა ხის ბეჭი გამოთალეს, ჩონჩხს ჩაუდგეს და შესძახეს:
„ადეგ, ადეგ, ხეჭეჭაო, ხისა გიდგავ ბეჭადაო!“
ჯიხვები გაცოცხლდნენ და გაიქცნენ. მეორე დღეს მონადირემ ხისბეჭიანი ჯიხვი მოკლა (8, 42-43).
რაჭული ვარიანტი
მონადირემ ნაწილიანი ჯიხვი მოკლა, ხორცის ნაჭერი ამოჭრა, მწვადი შეწვა და შეჭამა. როდესაც შიმშილი მოიკლა და უკან მოიხედა, დაინახა, რომ მოკლული ჯიხვი გაცოცხლებულა და განზე გარბის. ამ სურათით გაოგნებული მონადირე ჯიხვს დაედევნა.
- ტყუილად მომდევ, სულერთია ვერ მომკლავ,- გამოსძახა უკანმობრუნებულმა ნადირმა მდევარს.
- რატომ?! - მიაყახა ჯიხვს უფრო მეტად გაკვირვებულმა მონადირემ.
- ამირან ბათუყოელს ჰკითხე და ყველაფერს აგიხსნის, - გამოსძახა ჯიხვმა მონადირეს. კაცმა ამირანი მოძებნა, ყველაფერი უამბო და სთხოვა, მისთვის თავისი თავგადასავალი მოეყოლა.
განთქმული მონადირე ვიყავი და ნადირიც ბევრი მყავდა დახოცილი,- დაიწყო ბათუყოელმა თავისი ამბავი. - ერთხელ კარზე ორი კაცი მომადგა და შემატყობინა, რომ ნადირთ ანგელოზი თავისთან მიბარებდა. შეშინებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე და კაცებს უკან მორჩილად გავყევი. ჩემმა მეგზურებმა ერთ გამოქვაბულში მიმიყვანეს. შიგ ლხინი ჰქონდათ გამართული. კაცებმა გამაფრთხილეს, ვიდრე არ განიშნებთ, პური არ ჭამოო.
სუფრასთან მსხდომნი რომ შევათვალიერე, შევამჩნიე, რომ ყველას ნადირთ ანგელოზის გარდა ნადირის სახე ჰქონდა, მხოლოდ ნადირთა გამგებელს ჰქონდა ადამიანის სახე.
- რატომ არაფერს ჭამს ჩვენი სტუმარი? -ჰკითხა ნადირთ ანგელოზმა ჩემზე კაცებს.
- თქვენ წყალობას ელისო, - მოახსენეს ჩემმა მეგზურებმა.
- ერთი ამ ნადირებს გადახედეთ,- მიმართა ნადირთა გამგებელმა კაცებს, - ზოგი მათგანი კოჭლია, ზოგი ბრმა, ზოგიც დაჭრილ-დასახიჩრებული. ყველანი თქვენმა სტუმარმა გააფუჭა.
- მიუხედავად ამისა, მაინც თქვენს წყალობას გამოელის, - მოახსენეს კვლავ ჩემმა მომყოლებმა.
- თუ ასეა, მაშინ ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მისდგომოდეს, ეგ კი სანადიროდ არ გამოვიდესო,-აღუთქვა ნადირთ ანგელოზმა ჩემს მეგზურებს, მაგრამ არც ამჯერად ვჭამე პური.
- კარგი, მაშინ დაე თქვენი სტუმრის კარზე ჯიხვთან ერთად ყოველ მესამე დღეს თითო არჩვიც მივიდეს, მიჩუქებიაო, - აღუთქვა ნადირთა გამგებელმა ჩემს მეგზურებს. ამჯერად მისმა სიტყვებმა დამაკმაყოფილა და პური გავტეხე. ნადირთ ანგელოზმა დანაპირები პირნათლად აასრულა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მომდიოდა, ყოველ მესამე დღეს კი თითო არჩვიო, - დაასრულა ამირან ბათუყოელმა თავისი თავგადასავალი (3, 195).
როგორც შესავალში აღვნიშნეთ, „ხის ბეჭის“ მითი კავკასიის სხვა ხალხთა ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება. გამოქვეყნებულია მისი ოსური, სომხური, ჩეჩნური და აფხაზური ვარიანტები. ქვემოთ მოგვყავს შესაბამისი ტექსტები:
ოსური ვარიანტი
მონადირე ჯამბულათს ტყეში შემოაღამდა და დასაძინებლად ხის ქვეშ წამოწვა. შუაღამისას კაცი ლაპარაკის ხმამ გამოაღვიძა. მონადირემ მიაყურადა და დაასკვნა, რომ ხმა ხეთა კენწეროებიდან მოდიოდა. ლაპარაკიდან ჯამბულათმა გაარკვია, რომ ავსათი (ნადირთ პატრონი ოსურ მითოლოგიაში) კადი რუხს-ტყეთა მფარველ წმინდანს ნადიმზე ეპატიჟებოდა.
- კადი რუხს, ძალიან გთხოვ, სტუმრად მეწვიო. ახალშობილი ირემი დავკალი და წვეულებას ვმართავ. სხვა წმინდანებმა კარგა ხანია თავი მოიყარეს, შენღა გვაკლიხარ, - მიმართა ავსათმა კადი რუხსს.
- არ შემიძლია, ავსათი, მონადირე ჯამბულათი მყავს სტუმრად,- იუარა ტყეთა მფარველმა.
- არაუშავს, ეგეც თან წამოიყვანე, ხელს არ შეგვიშლის, - დააიმედა ნადირთ პატრონმა.
წმინდანმა მონადირე გააღვიძა და მასთან ერთად წვეულებაზე მივიდა. ავსათის ჩათვლით ყველა სტუმარმა ადამიანის სახე მიიღო.
მასპინძელმა მთლიანი შველი მოხარშა და შეკრებილებს შესთავაზა. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს ერთ ადგილას აგროვებდნენ, ჯამბულათმა კი საერთო უყურადღებობით ისარგებლა და შვლის ნეკნი მალულად უბეში შეინახა. ნადიმი გათავდა. დანაყრებულმა სტუმრებმა ავსათს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს. ნადირთ პატრონმა შეჭმული შვლის ჩონჩხის აღდგენა დაიწყო. ყველა ძვალი დაალაგა, მაგრამ ნეკნს ვერსად მიაგნო. ავსათმა შესანიშნავად იცოდა, რომ ძვალი ჯამბულათმა მოიპარა, მაგრამ სტუმრის შეურაცხყოფას მოერიდა და არ გაუჩხრეკია. დაკარგული ნეკნის მაგიერ ნადირთ პატრონმა ბზის ტოტი მოტეხა, მისგან ჯოხი გამოთალა და შვლის ჩონჩხს ჩაუდგა, შემდეგ მათ-რახის დაკვრით გააცოცხლა. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მიაშურა.
დანაყრებული სტუმრები დაიშალნენ. მეორე დღეს ჯამბულათმა შველი მოკლა. გატყავებისას ნადირს ხის ნეკნი აღმოაჩნდა. მონადირე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის შველი იყო, რომლითაც ავსათი სტუმრებს გაუმასპინძლდა (5, 63-66).
ჩეჩნური ვარიანტი
სამი ძმა სანადიროდ წავიდა, მაგრამ იმ დღეს ხელი მოეცარათ. საღამოსთვის ღმერთმა მოწყალება მოიღო და მონადირეებს გარეული თხა გამოუგზავნა. ძმებმა თხა მოკლეს და შინისაკენ გასწიეს. კარგა ხანს მიდიოდნენ ნაცნობ გზაზე. მზე დიდი ხნის გადასული იყო. ცაზე მთვარე ანათებდა, სახლი კი არსად ჩანდა. ახლა კი მიხვდნენ ძმები, რომ მათ ალმასი (მდედრობითი სქესის ბოროტი სული) ამასხარავებდა. უცებ ერთმა ძმამ შორს გამოქვაბული შენიშნა. გახარებული მონადირეები იქითკენ გაეშურნენ ღამის გასათევად. ახლოს რომ მივიდნენ, ძმებს გამოქვაბულიდან სამი ალმასი - ცალთვალა გოლიათი ქალი გამოეგება. მათ დანახვაზე გულგახეთქილი მონადირეები შიშით ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ღამის გასათევად გამოქვაბულში მიიპატიჟეს. ერთ-ერთმა ძმამ ქალებს ვახშმად მოკლული თხა შესთავაზა, მაგრამ მასპინძლებმა იუარეს. დედა ალმასმა თავისი ქალიშვილები ტყეში გაგზავნა ნანადირევის მოსატანად. დები მალე დაბრუნდნენ, თან არჩვი მოიყვანეს. ქალებმა ნადირი დაკლეს, მოხარშეს და ძმები ვახშმად მიიწვიეს, თან გააფრთხილეს, რომ ჭამის დროს ძვლები კი არ გადაეყარათ, არამედ ერთ ადგილას დაეგროვებინათ. ძაქ რაღაც ცუდი ამბავიაძ, - იფიქრეს ძმებმა. ჭამის დროს ერთ-ერთმა მათგანმა მასპინძლებისგან მალულად ბეჭის ძვალი უბეში შეინახა.
ვახშამს რომ მორჩნენ, ქალები ძვლების მოგროვებას შეუდგნენ. ბეჭის გაუჩინარება რომ შენიშნეს, ძმებისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, ისე გამოთალეს ხისგან ახალი, შემდეგ ძვლები ნადირის ტყავში ჩაყარეს და შესძახეს - „არჩვო, ტყეში დაბრუნდი!“ გაცოცხლებული ნადირი ტყეში მიიმალა.
ვახშმობის შემდეგ ქალებმა ძმები გამოქვაბულის წინ მოედანზე მიიწვიეს და მათ პატივსაცემად ცეკვა გამართეს. როკვის დროს გოლიათები ისე მძიმედ ხტოდნენ, რომ მიწას ზანზარი გაჰქონდა. შიშით თავზარდაცემული ძმები ძრწოლით შეჰყურებდნენ, როგორ ტრიალებდნენ მათ წინ ქალები მხრებზე გადაკიდებული ვეება ძუძუებით, ზემოთ აშვერილი ხელებითა და ხარხარით.
ცეკვით რომ გული იჯერეს, ალმასები მიწაზე დაენარცხნენ და ხვრინვა ამოუშვეს, შეშინებულ მონადირეებს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ.
დილით ძმებმა გოლიათებს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს და კვლავ სანადიროდ წავიდნენ. ტყიდან რომ გამოდიოდნენ, წინ არჩვი გადაუხტათ. შუათანა ძმამ ნადირს თოფი ესროლა და მოკლა. მონადირეებმა არჩვი შინ წაიღეს და ცოლებს უბრძანეს, მათთვის საჭმელი მოემზადებინათ. მეზობელ-ნათესავებმა რომ ძმების დაბრუნება შეიტყეს, შინ ეწვივნენ და მათ პურობას შეუერთდნენ. უცბად ჭამის დროს ერთ-ერთმა სტუმარმა ხორციდან ხის ბეჭი ამოაძრო და შეკრებილებს უჩვენა. მის დანახვაზე ძმები მიხვდნენ, რომელ არჩვს წააწყდნენ ნადირობისას და სტუმრებს ყველაფერი უამბეს, შემდეგ ის ბეჭის ძვალი აჩვენეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ ალმასებთან ვახშმობისას დამალა. ახლა კი მიხვდნენ სტუმრები, ვინც უმასპინძლა ძმებს ტყეში და გახარებულებმა მონადირეებს შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს (6, 265-266).
აფხაზური ვარიანტი
მონადირე გარეულ თხას დაედევნა, მაგრამ ვერ მოკლა. ნადირმა იგი უღრან ტყეში შეიტყუა, სადაც ვეება კოცონს ღმერთები შემოსხდომოდნენ. მათ მონადირე ცეცხლთან მიიპატიჟეს, თხა დაკლეს და სტუმარს ხორცით გაუმასპინძლდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, ღმერთები ძვლების ტყავში ჩაყრას შეუდგნენ. მონადირემ დრო იხელთა და ერთი ძვალი მოიპარა, მის მაგიერ კი ჯოხი დადო (ზოგი ვარი-ანტით დანა).
ძვლების ჩაყრას რომ მორჩნენ, ღმერთებმა დაკლული თხა გააცოცხლეს და იგი ჩვენს მონადირეს მიაკუთვნეს. მეორე დღეს კაცმა მართლაც მოკლა გარეული თხა. ნადირს რომ ატყავებდა, ხორცში ჯოხი (დანა) აღმოაჩინა.
მითის ჩამწერი ცნობილი აფხაზი მეცნიერი ნ. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ანალოგიური თქმულება მეგრულ ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება, ოღონდ იქ ნადირთ პატრონის ფუნქციას ტყაშმაფა ასრულებს, ნადირისას კი ტახი (7, 54-55).
სომხური ვარიანტი
აბრაამს სტუმრად უფლის ანგელოზი ეწვია. მასპინძელმა ძვირფასი სტუმრისთვის ხბო დაკლა. ხორცს სუფრაზე რომ აწყობდა, მაგიდას ძროხა მიადგა და ბღავილი მორთო. ამის შემხედვარე ანგელოზმა აბრაამი აიძულა ხბოს ძვლები ტყავზე დაეწყო, რის შედეგადაც პირუტყვი გაცოცხლდა (4, 89).
როგორც ზემოთმოყვანილი ტექსტებიდან ჩანს, „ხის ბეჭის“ კავკასიური ვარიანტები, სომხური, სვანური და ზოგი რაჭული ვარიანტის გამოკლებით, თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - ყველგან სანადიროდ წასული კაცი ნადირთ ღვთაების წვეულებაზე ხვდება, რომელზეც მასპინძელი მონადირეს მის მიერ შეჭმული ნადირით ასაჩუქრებს. მეორე დღეს კაცი მართლაც კლავს ცხოველს, რომლის ძვლებშიც მის მიერ მოპარული ძვლის ხის ანალოგიას პოულობს, როგორც ღვთაების პირუტეხობისა და ძლევამოსილების სიმბოლოს.
ირ. სურგულაძის აზრით, აღნიშნული სიუჟეტი გვაროვნული წყობის პირობებში წარმოიშვა და მიზნად ისახავდა მაგიური რიტუალის საშუალებით ტოტემური, „წმინდა“ ნადირის გამრავლებას (4, 84-104).
ზემოთმოყვანილ მითებს გულდასმით თუ გავეცნობით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ისინი ნადირთ ღვთაების სახის ევოლუციის სხვადასხვა საფეხურს ასახავენ, ამიტომ, საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად, საჭიროა მოკლედ განვიხილოთ ნადირთ პატრონის სახის ევოლუციის საფეხურები.
ნადირობას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებაში. ისევე, როგორც ადამიანის საქმიანობის სხვა დარგებს, ნადირსა და ნადირობასაც საკუთარი ღვთაება მფარველობდა. თავდაპირველად ადამიანს იგი ზოომორფული (ცხოველური) სახით ჰყავდა წარმოდგენილი. ეს იყო ჯიხვი, არჩვი ან ირემი, რომელსაც მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - თეთრი ფერი, ოქროს რქები, ცალი რქა ჭრელი ტყავი ან სხვა ამდაგვარი გამოარჩევდა (1, 29).
მატრიარქატის ეპოქაში ნადირთ პატრონის ზოომორფულმა სახემ ანთროპომორფიზაცია (გაადამიანება) განიცადა და ქალის სახე მიიღო. სანადიროდ წასვლის წინ მონადირეები მის სახელზე ლოცვას აღავლენდნენ, ნადირობაში ხელის მომართვას შესთხოვდნენ, იღბლიანობის შემთხვევაში კი ქალღვთაებას აუცილებლად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ.
კავკასიელთა რწმენით, მდედრობითი სქესის ნადირთ პატრონი ახალგაზრდა, ლამაზი, ოქროსთმიანი ქალია. იგი ინტიმურ კავშირს ამყარებს ახალგაზრდა, უცოლო მონადირეებთან და მათ ხორციელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს, სამაგიეროდ ნადირობაში იშვიათი იღბლიანობით ასაჩუქრებს. თუ მონადირრემ ნადირთ ღვთაებას ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა, მისი დაღუპვა გარდაუვალია. საქართველოში ქალი ნადირთ პატრონის ყველაზე გამოკვეთილ სახეს სვანური დალი და მეგრული ტყაშმაფა - ტყის მეფე-ქალი წარმოადგენენ. მათი კავკასიური კორელატები არიან: ოსებში ქალი-ხაირაგები, ვაინახებში მდედრობითი სქესის ალმასები, აფხაზებში - მამრობითი სქესის ნადირთ პატრონის - აჟვეფშაას ქალიშვილები (1, 29-64; 91-113). სწორედ ამ - ნადირთ პატრონის განვითარების მეორე საფეხურს ასახავს მეგრული მითი ხის ბეჭზე, რომელშიც მონადირის დამსაჩუქრებლის როლს ტყაშმაფა ასრულებს. მითის განვითარების ეს საფეხური ნამსხვრევის სახით თუშურ ვარიანტშიც ფიქსირდება, სადაც მონადირეს ადგილის დედა მასპინძლობს. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდაა, მის მაგიერ ადგილობრივი ნადირთ პატრონი ქალღვთაება იქნებოდა.
მატრიარქატის პატრიარქატით შეცვლის შედეგად ქალ ნადირთ პატრონს მამაკაცი ნადირთ პატრონი ჩაენაცვლა სატრფოს, ქმრის ან ძმის სახით. ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ბრძოლის შემდეგ მან ნაწილობრივ ან სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ პატრონის სახე ადამიანის მეხსიერებიდან და გაბატონებული ადგილი დაიკავა. მონადირე ახლა უკვე მას ევედრება ნადირობის წინ იღბლიანობას და მასვე სწირავს წარმატების შემთხვევაში ნანადირევიდან წილს. ასეთები არიან ქართულ მითოლოგიაში ოჩოპინტრე, ანთარი, ანატორი და სხვა (1,32, 74-90, 116-126). მათ კავკასიურ კორელატებს წარმოადგენენ: ოსებთან ავსათი, ვაინახებთან ელტა, აფხაზებთან აჟვეფშაა. ნადირთ პატრონის სახის განვითარების აღნიშნული პატრიარქალური საფეხური ოსურმა მითმა შემოგვინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში მამაკაცი ნადირთ პატრონი ავსათი გამოდის. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდა, ქალი ნადირთ პატრონი ხაირაგი იქნებოდა. ოსებს ავსათი გრძელმათრახიანი კაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. სხვა ღმერთების მსგავსად ისიც ცაში ბინადრობს და დროგამოშვებით მიწაზე ეშვება. ოსთა რწმენით, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული ნანადირევის რაოდენობა, ამიტომ, ღვთაების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მონადირეები ნადირობის შემდეგ ყოველთვის ტოვებდნენ ავსათისათვის ირმის შიგნეულობას.
ავსათი ყოველ ახალშობილ ირემს კლავს და დაუნაწევრებლად, ტყავიანად ქვაბში აგდებს. ხორცი რომ მოიხარშება, ღვთაება სტუმრებს ნადიმზე ეპატიჟება და შვლის ხორცით უმასპინძლდება. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს არ ამტვრევენ და არც ყრიან, არამედ ერთ ადგილზე აგროვებენ. ხალხი რომ დანაყრდება, ავსათი ძვლებს იმავე რიგზე ალაგებს, როგორც ნადირს სიცოცხლეში ჰქონდა და მათრახის დაკვრით აცოცხლებს მას (5,63).
მამაკაცი ნადირთ ღვთაებები განაგებენ ნადირსა და მონადირეობას აფხაზეთსა და ჩეჩნეთშიც. ესაა ელტა (ჩეჩნებში) და აჟვეფშაა (აფხაზებში). ორივემ სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ ღვთაება ადამიანთა მეხსიერებიდან და ნადირისა და მონადირეობის ერთადერთ მფარველად დიქცა. ისევე, როგორც ოსებში, აქაც ჩეჩნებსა და აფხაზებსაც სწამდათ, რომ მონადირის იღბლიანობა ნადირობის დროს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, სანადიროდ წასვლის წინ აფხაზი და ჩეჩენი მონადირეები აუცილებლად ლოცვას აღავლენდნენ თავისი ღვთაებებისადმი, ევედრებოდნენ არ დაეფრთხოთ მათთვის ნადირი, იღბლიანი ნადირობის შემდეგ კი მადლიერების ნიშნად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ (6,54; 7, 54-55, 128; 9, 76-87).
პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლის შედეგად, წარმართულმა ღვთაებებმა როგორც ხარისხობრივი, ისე ფიზიკური დაკნინება განიცადეს - მრისხანე და ყოვლისშემძლე ნადირთ ღვთაებებიდან ფიზიკურად მახინჯ, ბოროტ, ადამიანებისადმი მტრულად განწყობილ არსებებად იქცნენ. განსაკუთრებით ეს ქართულ და ვაინახურ ზეპირსიტყვიერებას დაეტყო - ლამაზი და ყოფლისშემძლე დალი და ტყაშმაფა საქართველოს ზოგ კუთხეში მახინჯ, საზარელ ალებად იქცნენ, მამაკაცი ნადირთ პატრონები კი - ქაჯებად და ეშმაკებად (1, 114-117). ასეთივე დაკნინება განიცადეს ვაინახურ მითოლოგიაში წარმართულმა ნადირთ პატრონებმა ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით. ქალი ნადირთ ღვთაება, რომლის სახელიც ვაინახურმა ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოინახა და მამაკაცი ნადირთ პატრონი ელტა ვაინახებში ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით მდედრობითი და მამრობითი სქესის ალმასებად იქცნენ. ორივე მახინჯი, ბალნით დაფარული არსებაა. კაცებს მკერდიდან ნაჯახი მოუჩანთ, ქალებს ვეება ძუძუები მხრებზე აქვთ გადაკიდებული, მწითური თმა კი ერთ ნაწნავად დაწნული. ორივე ბოროტი და ვერაგი არსებაა, ორივეს სძულს ადამიანი და მათთან შეხვედრა ამ უკანასკნელისათვის კარგს არაფერს მოასწავებს (6, 52-53).
ნადირთ პატრონის სახის განვითარების ეს ბოლო საფეხური „ხის ბეჭის“ ვაინახურმა და ქართულმა ვარიანტებმა შემოინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში ერთ შემთხვევაში ეშმაკები (ქართულში) გამოდიან, მეორე შემთხვევაში (ჩეჩნურში) მდედრობითი სქესის ალმასები.
ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ, „ხის ბეჭმაც“, სხვა მითების მსგავსად, ახლებური გააზრება-გადამუშავება განიცადა და ახალი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მითის სომხური ვარიანტი, სადაც წარმართი ნადირთ პატრონი უფლის ანგელოზით არის შეცვლილი, რომლის ბრძანებითაც აბრაამი ხბოს აცოცხლებს (4,89).
ამგვარად, ნაშრომში განხილული ხის ბეჭის კავკასიური ვარიანტების მაგალითზე, საშუალება მოგვეცა გვეჩვენებინა ნადირთ პატრონის სახის ევოლუცია მატრიარქატიდან ქრისტიანობამდე. რა თქმა უნდა, განხილული ტექსტები სიუხვითა და თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან - რაც ერთი ხალხის მითოლოგიაშია შემონახული, დაკარგულია მეორისაში და პირიქით, მაგრამ ისინი ავსებენ ერთმანეთს და საშუალებას იძლევიან ჩვენთვის საინტერესო საკითხი მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვაჩინოთ. მაგ., ქართულ მითოლოგიაში შემონახულია ნადირთ ღვთაების სახის განვითარების მატრიარქალური საფეხური ტყაშმაფას სახით, მაგრამ დაკარგულია პატრიარქალური საფეხური, რომელიც, თავის მხრივ, ოსურმა მითმა შემოინახა. ასევე ქართულ და ჩეჩნურ მითებში მოიპოვება „ხის ბეჭის“ განვითარების ქრისტიანულ-ისლამური საფეხური, რაც ოსურ და აფხაზურ ვარიანტებში დაკარგულია. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ცხადყოფს კავკასიის ხალხთა ზეპირსიტყვიერებების გენეტიკურ სიახლოვეს.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964. 2. ოჩიაური თ., ხევსურეთის მითოლოგიიდან (ხის ბეჭი), მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, VII, თბ., 1955. 3. რობაქიძე ალ., კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში, თბ., 1941. 4. სურგულაძე ი., მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2003. 5. Баранов Е., Из осетинской народной солвесности, СМОМПКბ т. ХХ,.. 6. Далгат У.Б., Героический эпос чеченцев и ингушей, М., 1972. 7. Джанашия Н.С., Статьи по этнографии Абхазии, Сухуми, 1960. 8. Дзидзигури Ш.В., Грузинскиеварианты нартского эпоса, Тб., 1971. 9. Чурсин Г. Ф., Материалы поэтнографии Абхазии, Сухуми, 1957.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: შაბათი, 09.11.2013, 15:49:32 | შეტყობინება # 8 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნადირთ პატრონი და-ძმა
და-ძმა არიან ნადირთა პატრონები. თითო წლობით, მორიგეობით პატრონობენ ნადირს. ქალი როცა მწყემსავს, ნადირი მსუქანია და ფრთხილია, მისი მოკვლა უჭირს მონადირეს. ვაჟი როცა პატრონობს, ნადირი მჭლეა და ბრიყვი, ადვილად იკვლება. თიანელი მონადირე წამოსულა ტყეში, სვიანაზე (ადგილია) სანადიროდ. პირაქეთ ორი დათვი მოუკლავს. მერე სვიანაში გადასულა. ორი მწოლიარე ირემი დაუნახავს. ერთი ცალრქა ყოფილა, მეორეს წყვილი რქა ქონია. აჩქარებულა მონადირე და ცალრქასთვის უსროლია. ცალრქა, თურმე ნადირთ პატრონის ირემი ყოფილა. მაშინვე დაუძახია ნადირთ პატრონს: ცალრქას დაჰკრესო! დაღალული იყო, კალოდან გადმოსულიო. ეს მონადირე ცალზე დარჩეს შვილისშვილითაო. ამ დროს დაუნახავს მონადირეს, რომ ქალი ნადირთ პატრონი გამოსულა, ხელში ტაგანი სჭერია და ირმების წველა დაუწყია. წამოვიდა ეს მონადირე შეშინებული. შინ მივიდა და რას ხედავს: უფროსი შვილი მკვდარი დახვდა. საშუალო მაშინ მოკვდა როცა მამა მივიდა, იმაზე უმცირესი ძმების დამარხვის დროს მოკვდა. დარჩა სულ პატარა, მეოთხე. მას აქეთ მათი გვარი ასე მოდის : შვილი მხოლოდ ერთი რჩებათ!
გაგრძელება იქნება.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
tatoxoni | დრო: შაბათი, 09.11.2013, 17:38:09 | შეტყობინება # 9 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| giohunt1982, საინტერესო იყო იქნება ოჩოპინტრეზეც გქონდეს ინფორმაცია
ხონსკი
|
|
| |
giohunt1982 | დრო: შაბათი, 09.11.2013, 18:04:32 | შეტყობინება # 10 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| tatoxoni, მოკლე ინფორმაციაა, მერე უფრო ვრცლად დავდებ. ოჩოპინტრე ოჩოპინტე ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველია. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას – ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) – ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
tatoxoni | დრო: შაბათი, 09.11.2013, 18:23:24 | შეტყობინება # 11 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| giohunt1982, მადლობა, ოჩოს მიძახიან და მაგიტო მაინტერესებდა ბევრი რამე იწერება მითოლოგიასთან დაკავშირებით ჟურნალ "ნადირობას" თითქმის ყველა ნომერში
ხონსკი
|
|
| |
giohunt1982 | დრო: ხუთშაბათი, 20.02.2014, 12:08:05 | შეტყობინება # 12 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
cheisi | დრო: ხუთშაბათი, 20.02.2014, 15:41:32 | შეტყობინება # 13 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძალიან საინტერესოაა წინათ წავიკითხე აქ სტატია ''ტყის ალზე'' ...მგონი ალიც ასოცირდდება მონადირულ მითებთან
მე ♥ bazieri.ge
|
|
| |
marsi | დრო: პარასკევი, 21.02.2014, 01:34:29 | შეტყობინება # 14 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რა წამდათ ადრე აქამდე ნაღდად არ ვიცოდი მაგრამ ერთი რამ ცხადია არაქრისტიანული ტრადიციები ჰქონიათ, წარმართული წესჩვეულებები დამატებულია (21.02.2014, 00:34:29) --------------------------------------------- მე სანადიროდ როცა მივდივარ ჩემ წასვლას ყველა და ყველაფერი გებულობს, გასვლისას ხატებთან მივდივარ და შინ მშვიდობით დაბრუნებას ვთხოვ ღმერთს, დანარჩენი მერე ყველაფერი კარგად იქნება
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
tatoxoni | დრო: პარასკევი, 21.02.2014, 02:01:31 | შეტყობინება # 15 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| marsi, ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს ვინმე თაყვანს სცემს მასეთ რაღაცეებს და სჯერათ, ადამიანს ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება რწმენა ასე სწამდათ ადრე დღეს ჩვენ სხვანაირად გვწამს 20 საუკუნი წინ არ იყო ქრისტიანობა და ამიტომაც ვერ ლოცულობდნენ როგორც ქრისტიანები, ის რწმენა და ადათი იმდენად დიდი იყო დღევანდელ ქრისტიანობასიც შეინიშნება მისი ნიშნები
ხონსკი
|
|
| |
cheisi | დრო: პარასკევი, 21.02.2014, 02:56:26 | შეტყობინება # 16 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სამეგრელოში, სვანეთში სოფლებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი წარმართული ტრადიციები.
მე ♥ bazieri.ge
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|