sabjek | დრო: პარასკევი, 19.10.2012, 22:34:46 | შეტყობინება # 1 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რას წარმოადგენს GPS და როგორ მუშაობს იგი?
Global Positioning System (GPS) - ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა წარმოადგენს სატელიტური აღმოჩენის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია 24 ორბიტალური სადგურის ქსელზე და მისი სიგრძეა 19 800 კმ კოსმოსში.
თანამგზავრები იმყოფება 6 ორბიტაზე, რომელთა სიმაღლეც შეადგენს დაახლოებით 20 000კმ-ს, ხოლო მოძრაობის სიჩქარე უტოლდება 3 000მ/წმ-ს. ამდენად, დღე-ღამის განმავლობაში თითოეული თანამგზავრი „ასრულებს“ 2 წრეს დედამიწის ირგვლივ.
GPS სატელიტები მიეკუთვნება Navstar სისტემას. პირველი ასეთი სატელიტი გაშვებული იქნა 1978 წლის თებერვალში. ყოველი GPS თანამგზავრი იწონის დაახლოებით 900კგ-ს და აღჭურვილია მზის პანელებით, რომელთა ფართობი შეადგენს 5 კვ/მ. გადაცემის სიმძლავრე შეადგენს მხოლოდ 50ვტ-ს ან ნაკლებს. ყოველი GPS თანამგზავრი გადასცემს 2 სიხშირეზე. სამოქალაქო GPS იყენებენ სიხშირეს L1 (1 575,42 მგჰ), სამხედრო GPS - L2 (1 227,60მგჰ).
L1-ით გადმოცემული მონაცემების საფუძველზე პოზიციონირების სიზუსტე განისაზღვრება 3 მეტრამდე ცდომილებით. თუ დამატებით გამოყენებული იქნება L2, სიზუსტის წუნი დაიკლებს რამდენიმე მილიმეტრამდე. თუმცა, ასეთი სიზუსტე ძალიან იშვიათად არის საჭირო (აუცილებელია გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისას), ამიტომ თანამედროვე GPS ნავიგატორების უმეტესობა იყენებს მხოლოდ L1-ს.
თითოეული GPS სატელიტის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება 10 წლის ვადით. პირველი ცვლილებისა და გაშვების პროგრამა კოსმოსში გაგზავნილი იქნა 2006 წელს.
GPS სატელიტის პოზიცია დედამიწის მიმართ
GPS სატელიტი ორბიტაზე მოძრაობს ჩრდილოეთ და სამხრეთ განედების 60 გრადუსებს შორის, რაც ნიშნავს, რომ სიგნალის მიღება შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ დროს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო, რომ თანამგზავრი იყოს ზუსტად ჩვენს თავზე, თუმცა სიგნალის სტაბილურობაზე ეს უმნიშვნელოდ მოქმედებს.
GPS სიგნალის არსებითი უპირატესობა სახმელეთო ნავიგაციის სისტემის წინაშე გამოიხატება მის თვისებაში იმუშაოს ნებისმიერ ამინდში. ამ სიგნალებისათვის არ წარმოადგენს სიძნელეს კრიტიკული სიტუაციების გადალახვა.
რომელ მონაცემებს ღებულობს GPS ნავიგატორი? GPS სიგნალი შეიცავს „ფსევდო-რანდომულ კოდს“ - ეფერემიდასა და ალმანახს. ეფერემიდა განსაზღვრავს კონკრეტულად რომელი GPS მუშაობს მოცემულ მომენტში, ანუ მის საიდენტიფიკაციო ნომერს ქსელში. სატელიტები განასხვავებენ მათ ფრკ („ფსევდო-რანდომულ კოდი“) მიხედვით 1-დან 32-მდე. ეს ნომრები გამოისახება თქვენი GPS ნავიგატორის მონიტორზე და არკვევს, რომელი თანამგზავრიდან მოდის სიგნალი. მაგრამ რატომ არის ფრკ 24-ზე მეტი? ეს გამოწვეულია GPS სისტემის სარეზერვო მომსახურების მოთხოვნებით. ახალი GPS თანამგზავრი უნდა იქნას გაშვებული, გაყვანილი ორბიტაზე და შეყვანილი ექსპლუატაციაში მოძველებული თანამგზავრის დამსხვრევამდე. განადგურებული სატელიტის ნომერი ავტომატურად მიენიჭება ახალს (ნუმერაცია 1-32).
ეფერემიდები შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაგალითად, სატელიტის სტატუსი (მუშა ან პირიქით), მიმდინარე თარიღი და დრო. ამ მონაცემების გარეშე GPS ნავიგატორი ვერ შეძლებს დროისა და თარიღის განსაზღვრას. დრო და თარიღი კი აუცილებელია თქვენი ადგილმდებარეობის დასადგენად.
ალმანახის მონაცემები GPS ნავიგატორს აცნობებენ სად უნდა იმყოფებოდეს თითოეული თანამგზავრი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. თითოეული GPS სატელიტი ორბიტალური ჩვენების ფორმატში GPS სისტემაში ამუშავებს ალმანახის მონაცემებს საკუთარი და ყველა სხვა სატელიტის ადგილმდებარეობის შესახებ.
GPS სისტემის მუშაობის საერთო სურათი ნაჩვენები იქნა ზოგადად.
თითოეული GPS თანამგზავრი ფაქტობრივად გადასცემს შემდეგ გზავნილს: „ მე ვარ თანამგზავრი NX, ჩემი მიმდინარე მდებარეობაა Y, გზავნილის დროა Z“. ეს რა თქმა უნდა უხეში ახსნაა. თქვენი GPS ნავიგატორი კითხულობს ამ გზავნილს და ინახავს ეფერემიდებსა და ალმანახს შემდგომი გამოყენებისათვის. ეს ინფორმაცია გამოიყენება ასევე დროის დაყენებისათვის (კორექციისათვის) GPS ნავიგატორში.
დამატებულია (19.10.2012, 21:33:37) --------------------------------------------- რა ფაქტორები ახდენს გავლენას GPS ნავიგატორზე იმუშაოს დადგენილზე დაბალ სიმძლავრეებზე და დაუშვას უზუსტობები.
ადგილმდებარეობის განსაზღვრისას შეცდომების გამომწვევი წყაროების პირველი ჯგუფი გახლავთ «შერჩევითი ხელმისაწვდომობა» (selective availability, S\A). სამოქალაქო GPS-ების სიზუსტის «გაუხეშებას» ანხორციელებს აშშ თავდაცვის სამინისტრო. S\A მოქმედების შედეგად GPS სიგნალების სიზუსტე შეიძლება შემცირდეს 100 მეტრამდე. საბედნიეროდ ასეთი ჩარევები არც თუ ხშირად ხდება, მაგრამ 30 მეტრამდე უზუსტობა, ძალიან გავრცელებულია.
რაში საჭიროა S\A? უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავდაპირველად GPS სისტემები შეიქმნა სამხედრო მიზნებისათვის. ამ სისტემების განვითარებამ მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი გამოყენება მთელი კაცობრიობისათვის იქნებოდა სასარგებლო.
ამ სისტემების სამოქალაქო პირთა მიერ გამოყენების დაშვება მოხდა პრეზიდენტ რეიგანის გადაწყვეტილებით 1980-იან წლებში, თუმცა სიზუსტის გარკვეული შეზღუდვებით. შეუზღუდავი დარჩათ მხოლოდ სამხედროებს. ამ დროიდან თანამგზავრებში დაიწყო S/A მექანიზმების დატანება და დღეისათვის ყველა GPS სატელიტს გააჩნია იგი. ამ მექანიზმის მთავარი დადებითი დანიშნულებაა ტერორისტული და სხვა აგრესიული ორგანიზაციებიის მიერ GPS სიზუსტის უპირატესობების გამოუყენებლობა.
სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების მეორე ჯგუფი გახლავთ სატელიტის მდებარეობის გეომეტრია (satellite geometry). უბრალო ენით რომ ვთქვათ,სატელიტის მდებარების გეომეტრია მიგვითითებს მოცემულ მომენტში მის მდებარეობაზე სხვა სატელიტის მიმართ. თუ ნავიგატორი მოქცეულია 4 სატელიტის მოქმედების არეალში, რომლებიც განლაგებულია ჩრდილოთით და დასავლეთი ნავიგატორისაგან, გეომეტრია იქნება სუსტი. ზოგჯერ ნავიგატორმა შეიძლება თავისი მდებარეობაც ვერ განსაზღვროს და რატომ.
რამდენადაც მანძილების გამოთვლა და აღქმა მოხდება ერთი წყაროდან, ტრიანგულაცია (გეომეტრიული ობიექტების სიმპლექსებად დაშლა) იქნება არასწორი და დაფარვის საერთო ზონა, რომელშიც იზომება მანძილი სატელიტამდე, იქნება ძალიან დიდი (ნავიგატორი «იფიქრებს», რომ ზონა, სადაც თქვენ იმყოფებით, გამოთვლის სიზუსტისათვის ძალიან დიდია). ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის წუნმა (თუ გამოთვლა საერთოდ მოხერხდა) მიაღწევს 100-170 მეტრს!
თუ ზემოაღნიშნული 4 სატელიტი გადანაწილდება ყველა მიმართულებით, ადგილმდებარეობის გამოთვლის სიზუსტე არსებითად გაიზრდება.
დავუშვათ, რომ 4 სატელიტი თანაბარი მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული და 90 გრადუსის კუთხეს ქმნიან ერთმანეთთან მიმართებაში (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი). ეს არის იდეალური გეომეტრია ყველა მიმართულებით გამოთვლისათვის და შედეგი იქნება მაღალი ხარისხის. S\A-ს მოქმედების შედეგადაც კი ცდომილება იქნება 30 მეტრი და ნაკლები.
სატელიტის მდებარეობის გეომეტრია თავს შეგვახსენებს ავტომობილით მგზავრობისას, როდესაც ირგვლივ მაღლივი შენობები, მთები და კლდეებია. რაც უფრო მეტია ცაში წინაღობა, ხელოვნური იქნება ის თუ ბუნებრივი, რთულდება გამოთვლების ჩატარება.
ხარისხიანი ნავიგატორი ასეთ დროს აჩვენებს იმ სატელიტების, რომელთა სიგნალებსაც ღებულობს, არა მხოლოდ რაოდენობას, არამედ მათ მდებარეობას ცაში (აზიმუტი, სიმაღლე), რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ იკარგება თუ არა რომელიმე სატელიტის სიგნალი დაბრკოლებების შედეგად.
შემდეგი ჯგუფი - სიგნალის დაგვიანებით მიღება - ფანტომი (multipath).
ფანტომი - ეს არის ობიექტიდან არეკლილი რადიოსიგნალის შედეგი. დაგვიანებული სიგნალი ფანტომის სახით შეიძლება იხილოთ ტელევიზორის ეკრანზე. ეს ფანტომები დღეს პრაქტიკულად აღარ გვხვდება, რადგანაც ეს იყო ანალოგური აპარატების თავისტკივილი, ხოლო ციფრულ აპარატებზე გადასვლამ, ეს პრობლემა მოხსნა. რაც შეეხება GPS-ს, ფანტომები წარმოიშობა, როდესაც სიგნალი განიცდის «რიკოშეტს» შენობებისაგან ან სხვა წინაღობისაგან. ასეთი სიგნალი უფრო დიდ დროს ატარებს გზაში და ამ დამატებით დროს ნავიგატორი შეჰყავს შეცდომაში. ის თვლის, რომ სატელიტი ამ დროით გავიდა წინ და შესაბამისად, აჩვენებს არასწორ ადგილმდებარეობას. ფანტომების დროს წუნი ძირითადად შეადგენს 3 მეტრს.
არსებობს თუ არა შეცდომების სხვა წყაროები? რა თქმა უნდა. გავრცელების შეფერხება (propagation delay) ატმოსფერული მოვლენების და დატანებული დროის მექანიზმის შეცდომების გამო. თანამედროვე GPS ნავიგატორი შექმნილია ისე, რომ მან შეძლოს დაძლიოს ყველა დაბრკოლება, მაგრამ უმნიშვნელო წუნი მაინც მოსალოდნელია.
GPS სიგნალის გავრცელებას აფერხებს იონური და ტროპოსფერული შრეები. კოსმოსში სიგნალები ვრცელდება სინათლის სიჩქარით, მაგრამ ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ ეს სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება.
ისმევა კითხვა: რამდენად ზუსტია კომერციული GPS ნავიგატორები?
დეკლარირებული სიზუსტე შეადგენს 20 - 75 მეტრს, გამომდინარე სატელიტის ტექნიკური მდგომარეობიდან მდებარეობის გეომეტრიიდან. უფრო რთულ ნავიგატორებს, რომელთა ფასიც რამოდენიმე ათასი აშშ დოლარია, ძალუძთ უზრუნველყონ რამოდენიმე სანტიმეტრამდე სიზუსტე, გამოიყენებენ რა GPS -ს 2 სიხშირეს. მაგრამ ჩვეულებრივი ნავიგატორითაც შესაძლებელია 3 მეტრამდე სიზუსტის მიღწევა დიფერენციალური GPS - ის (DGPS) დახმარებით.
დამატებულია (19.10.2012, 21:34:46) --------------------------------------------- დიფერენციალური გლობალური პოზიციონირების სისტემა (DGPS) წარმოადგენს GPS ტექნოლოგიების ახალ საფეხურს. ის თანამგზავრსა და დამკვირვებლის დაფიქსირებულ პოზიციას შორის სიგნალის გადასაცემად მოიხმარს სახმელეთო (საწყალოსნო) სადგურებს. ეს სადგურები გადასცემენ თანამგზავრების ფსევდომანძილებსა და ფაქტობრივ მანძილებს შორის სხვაობას, ხოლო მიმღები სადგურები აკორექტირებენ ამ მონაცემებს ობიექტის ნამდვილი ადგილმდებარეობის მონაცემების მისაღებად.
ტერმინი DGPS ეხება, როგორც საერთო ტექნოლოგიას, ასევე მის მიერ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს. ამ სიტყვით ხშირად მოიხსენიებენ სისტემებს, რომლებიც გადასცემენ მანძილის კორექციას სახმელეთო სადგურებიდან მოკლე დიაპაზონში. მაგალითად, აშშ სანაპირო დაცვის ეროვნული სამსახური გადაცემის ამ სისტემას იყენებს აშშ - სა და კანადის ტერიტორიებზე გრძელტალღოვან გადამცემზე 283,5 კჰც - დან 325,0 კჰც -მდე სიხშირის დიაპაზონში.
DGPS სისტემები ვითარდება ძალიან სწრაფად და იძლევიან სამხედრო GPS სისტემებთან მიახლოებულ სიზუსტეს. ეს ეხება არამარტო კომერციული სექტორის სისტემებს, არამედ გლობალურ DGPS - საც, რომლებიც გამოყენებულია ეროვნული მასშტაბებით.
მთელი რიგი სახელმწიფოები ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის დასადგენად იყენებენ ორბიტალური სატელიტური სადგურების DGPS სისტემებს სახმელეთო სადგურების გამოთვლების ნაცვლად. ამ სისტემას ეწოდება „გამოთვლების მონაცემთა სატელიტური სისტემა“ და მისი სხვადასხვა ვერსიები მოიცავენ ისეთ DGPS - ებს, როგორებიცაა „ფართო მოქმედების გამოთვლების მონაცემთა სისტემა“, „გეოსტაციონალური დაკვირვების ევროპული სამსახური“, იაპონური „გამოთვლების მულტიფუნქციური სატელიტური სისტემა“, კანადური CDGPS და კომერციული სამსახურები: VERIPOS, StarFire და OmniSTAR.
DGPS მუშაობის პრინციპი
DGPS იყენებს მეორე GPS - ნავიგატორს მონაცემთა გამოთვლის კორექციისათვის, რომლებიც შემოდის თქვენს GPS - ნავიგატორში. როგორ ხდება ამ კორექციების დამუშავება ნავიგატორის მიერ?
არსებობს DGPS კორექციის მხარდამჭერი სერვისის მთელი რიგი სამსახურები (მულტინაციონალური განყოფილებებით მთელ მსოფლიოში). ზემოთ ნახსენები აშშ სანაპირო დაცვის სამსახური კორექციებს გადასცემენ საზღვაო შუქურების დახმარებით. ეს შუქურები მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ სიხშირეებზე და სერვისი უფასოა. მომხმარებლის ერთადერთი დანახარჯია შუქურებიდან სიგნალის მისაღებად DGPS ნავიგატორის შეძენა. აღნიშნული ნავიგატორი უერთდება თქვენს ჩვეულებრივ ნავიგატორს სამწვერიანი მავთულით და ამუშავებს მონაცემებს სტანდარტულ სერიულ ფორმატში სახელწოდებით RTCM SC-104.
DGPS სამსახურების რეკლამა, როგორც წესი, ხორციელდება FM რადიო სიხშირეებზე თანამგზავრის მეშვეობით. მოუხერხებელია ის, რომ ამ სისტემასთან მისაერთებლად თქვენ დაგჭირდებათ მეორე GPS ნავიგატორი, რომლის ფასიც განისაზღვრება სიზუსტით უზრუნველყოფის ხარისხის დონით.
GPS ნავიგატორის სწორი შერჩევა
მაშ ასე, რომელი GPS ნავიგატორი ან DGPS ნავიგატორი ავირჩიოთ? კითხვა არ არის მარტივი. პასუხიც არ არსებობს ცალსახა. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:
1. რაში უნდა გამოიყენოთ იგი? თუ თქვენთვის საკმარისი იქნება პორტატული GPS საკუთარი თვითმფრინავით ფრენებისათვის ან იახტით დასასვენებლად, არჩევანი იქნება პატარა, მაგრამ დანახარჯიც მცირე;
2. ზოგიერთ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება ძნელია. მაგალითად, თუ თქვენ ხართ მონადირე ან მეთევზე, პირველ პუნქტში ნახსენები ნავიგატორი გამოგადგებათ, მაგარამ საეჭვოა, რომ აეროპორტებისა და ფრენების განრიგის შესახებ ინფორმაცია გამოგადგეთ ნადირობის პროცესში, მითუმეტეს, რომ ეს ინფორმაციები ფასიანია. არ გამოგადგებათ, რა თქმა უნდა, საზღვაო ნავიგატორიც;
3. როგორი ფასის დიაპაზონი ავირჩიოთ? გირჩევთ გულმოდგინედ შეისწავლოთ ფასების შემცველი წინადადებები. რა განასხვავებს ძვირადღირებულს შედარებით იაფფასიანისაგან? გჭირდებათ ის დამატებითი ფუნქციები ან/და აქსესუარები? ძალიან ხშირად უფრო იაფი ნავიგატორი უფრო პრაქტიკულია ვიდრე ძვირადღირებული;
4. დაბოლოს, რომელი მოდელი გჭირდებათ? მოდელის შერჩევა იყოფა 2 ნაწილად: პრაქტიკულობისა და თქვენი გემოვნებისაგან. მთავარია ყურადღება გაამახვილოთ ფუნქციების ფართო სპექტრზე და ოპერაციებზე. არ დაივიწყოთ ამა თუ იმ მოდელის უბრალოება და გამოყენების სიმარტივე. რთულ მომენტებში შესაძლოა არ გეყოთ დრო რეჟიმების შესაცვლელად ან სხვა ოპერაციებისათვის, ან უბრალოდ ვერ გაერკვეთ ნაჩვენებ მონაცემებში.
გისურვებთ წარმატებებს.
kakhi
შეტყობინება დაამუშავა sabjek - პარასკევი, 19.10.2012, 22:47:59 |
|
| |