ბარაბული შავი ზღვის ფსკერული იქტიოფაუნის ტიპიური წარმომადგენელია. მას საკმაოდ დიდი, მომრგვალებული თავი აქვს. ქვევით მიმართული პირის ქვედა ტუჩი ორი ულვაშითაა შემკობილი. გვერდები ღაჟღაჯა წითელი ლაქებით არის შეფერილი, რომლებიც თევზის მიძინებისას სწრაფადვე ქრებიან. ბინადრობს იგი საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთელ ზოლზე. მისი ზომები იშვიათად აღემატება 25 სანტიმეტრს. ეს ლამაზი და კვირცხლი თევზი სამოყვარულო ჭერის ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია.
ბარაბული ნაპირთან საკმაოდ ახლოს მოდის, აქ მისი დაჭერა მოსაქნევი ანკესით შეიძლება. უფრო მოხერხებულია მისი ჭერა ამ მეთოდით ტალღმჭრელიდან. ჯოხის სიგრძე რეკომენდირებულია 5-7 მეტრი. ძირითადი ძუა 0,18-0,16 მმ. სადავე 0,14-0,12 მმ. ნემსკავი 8-10 ზომის (საერთაშორისო ნუმერაციით). ტივტივა "სტიკის" ტიპის, უმჯობესია წვეთის ან მსხლისებური ფორმის, გრძელი ქვედა სიმით. ასეთი კონსტრუქციის ტივტივებს უკეთესად "უკავიათ" ტალღა.
არის მომენტები, როდესაც ბარაბული ნაპირიდან საკმაო დაშორებაზე დგას, მისი ჭერა ამ შემთხვევაში მატჩით უფრო მოხერხებულია. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ტალღების ფაქტორი და ტივტივა შესაბამისი უნდა შევარჩიოთ, გრძელი და დაბალანსებული.
ფსკერული იქტიოფაუნის კლასიკური წარმომადგენელის ჭერა რა თქმა უნდა ფსკერული მეთოდებით ყველაზე შედეგიანია. აქ შეიძლება გამოვიყენოთ კლასიკური ფსკერული, მაგრამ უფრო საინტერესო და აზარტულია ბარაბულის ფიდერით ჭერა (ვისაც არ აქვს ფიდერის ჯოხი გულს ნუ გაიტეხთ, უბრალოდ გამოიყენეთ საკვებურა და ფიდერის მონტაჟი).
სატყუარად ბარაბულის ჭერისას ყველაზე წარმატებულია მისი ბუნებრივი საკვების გამოყენება. ეს არის: კრევეტი, ნერეისი, ნიჟარიანი მოლუსკები (მიდია მაგალითად) და სხვა მწერები რომელთა მოპოვებასაც შეძლებთ ჭერის ადგილას. საკმაოდ კარგად ეტანება ბარაბული წითელ ჭიასაც. ბარაბულის კულინარული თვისებებზე ლეგენდები დადის. მისი ნაზი ხორცი შეიცავს ვიტამინების და მინერალების მთელ სპექტრს, ფოსფორს და ადამიანისთვის სასარგებლო მაღალ კალორიულ ცილებს. ამბობენ რომ ძველ დროს პორტში მომუშავე მტვირთავები ბარაბულით იკრეფდნენ ძალას ხანგრძლივი მძიმე მუშაობისთვის
[img][/img] დიდად არ ვარ თევზაობის მოყვარული მაგრამ ნადირობის ჟინს ვაყოლებ სეზონი როცა არ არის :) გუშინ დავიჭირე 11 თავი ბარაბულკა წითელ ჭიაზე სპინინგით. რო დაღამდა "სტავრიდა" დავამატე 20 თავამდე :)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!