რამდენიმე წლის წინ, უხვთოვლიან ზამთარში, გახურებულ სეზონზე, გომბორში დაგვპატიჟეს სანადიროდ. თბილისიდან სამი მონადირე და ერთი ესტონელი მდევარი გავეშურეთ ახალი თავგადასავლების საძებნელად. ადგილზე დილაუთენია ჩავედით. უცნობმა მონადირეებმა დაგვპატიჟეს, არავის ვიცნობდით იმ სოფელში.
სანამ ადგილობრივი მონადირეები მოემზადნენ და მოგროვდნენ, კარგად ინათა, მაგრამ ისეთი ამინდი იდგა, რომ მტრისას! მთელი ღამის ნათოვი იყო და დილითაც ერთი წუთითაც კი არ შეწყვეტილა თოვა! ყველა მონადირემ იცის, რომ მთელი ღამის ნათოვი ნადირის ღამის კვალს საგულდაგულოდ წაშლიდა და, ზოგადად, თოვაში მაინცდამაინც არ მოძრაობს ნადირი. თბილისიდან რომ გამოვდიოდით, კი დავინახეთ რა ამინდიც იყო, მაგრამ მე, ჯერ არ მახსოვს, სანადიროდ გამზადებული, შუა გზიდან მოვბრუნებულიყავით უკან! წარმოდგენა არ მაქვს რისი იმედი გვქონდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ბოლომდე მივდიოდით ადგილზე! ალბათ, თვითონ სანადიროდ გასვლა იყო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნადირის მონადირება! აქაც ასე მოხდა. შევიკრიბეთ და ავუყევით აღმართს ტყისკენ. ამ მონადირეებში, ყველაზე უმცროსები, ალბათ, ჩვენ ვიყავით. ადგილობრივების უმეტესობა ხნიერი და გამოცდილი მონადირეები იყვნენ. ამიტომ ჩემს თავზე არ ავიღე, რომ მე მეთქვა: “აზრი არ აქვს, ტყუილად მივდივართ”-მეთქი. ჯერ შორიდან მოვუარე და ისე ვკითხე უფროსებს, თითქოს არ ვიცოდი და ამიტომ მაინტერესებდა. “მთელი ღამე რომ თოვდა, კვალი დარჩებოდა? ამხელა თოვლში, ძაღლები როგორ იმუშავებენ??” პასუხიც შესაბამისი იყო: “არა, კაცო, რაღა კვალი დარჩებოდა?! წუხელ საერთოდ არ გადაუღია, თან, რაც უფრო ზევით ავალთ, იქ უფრო მეტი თოვლი იქნება!”
ვაჰ, მაშ რაღათ მივდივართ-მეთქი? - ვიკითხე. აბა რა ვიცი, ო! - მიპასუხეს. მე კი ვიცი, რაც იყო მიზეზი! მასპინძლები სტუმრებს ხათრს არ გვიტეხავდნენ და მაინც გამოგვყვნენ სანადიროდ. ქალაქელი სტუმრები კი მასპინძლებს ვუმტკიცებდით ჩვენს “სიმაგრეს”, ნადირობა გვინდა და არც თოვლისა გვეშინია და არც არაფრისაო. მოკლედ, ჩვეულებრივი, “გრუზინული” გაუგებრობა იყო! ასეთ ამინდში და თან ასეთ საზოგადოებაში(მონადირეებში) ყველაზე კარგი გამოსავალი ქართულ-ხალხურ-კახური პურისჭამა იქნებოდა! ამას ყველა აღნიშნავდა, მაგრამ უკან მაინც არავინ ბრუნდებოდა! თითქოს ერიდებოდათ, რომ პირველს ეთქვათ, დღეს ნადირობა არ გამოვა, ტყუილად ლაყუნს თოვლიან ტყეში, სახლში ჩავიდეთ და ვიქეიფოთო.
ამ საუბარში და ფიქრებში პირველი სარეკის ადგილზე მივედით. მცირე ინსტრუქტაჟი და მარეკები წავიდნენ. გზის შემკრავები ცალკე წავედით. ერთმანეთთან კავშირი “რაციებით” გვქონდა. პირველივე საფარში დავრჩი, დანარჩენებმა გზა გააგრძელეს და განაწილდნენ საფარებში. მარეკებმა “რაციაში” დაიძახეს, რომ სარეკი დაიწყეს და ძაღლები გაუშვეს.
საფარი უკვე “მოწყობილი” მქონდა. მუხლამდე თოვლი გადახვეტილი და სამზერ-სასროლი არეც შემოწმებულ-გაწმენდილი. გავიდა 1 საათი. ძაღლებს ხმა არ ამოუღიათ! კვალის ნასახიც კი არ იყო! გავიდა კიდევ ერთი საათი და კინაღამ გავიყინე საფარში! ფეხები საფარში დადგომამდე დამისველდა თოვლისგან და ახლა ისე მციოდა, რომ ფეხებს ვეღარც ვგრძნობდი! უკვე ძალიან გამიჭირდა გაძლება და “რაციით” შევეხმიანე დანარჩენებს, რომ “პოსტი მოვხსენი და დავეშვი სოფლისკენ”- მეთქი. წამოვედი სოფლისკენ და რამოდენიმე კილომეტრის შემდეგ კვლავ დამიბრუნდა გრძნობა ფეხებში. თუმცა ვიცოდი, რომ თუ ბათინკებს და წინდებს არ გავიშრობდი, რამოდენიმე წუთში ისევ გავიყინებოდი, რომ გავჩერებულიყავი! როგორც იყო სოფლამდე მოვაღწიე, მანქანასთან მივედი, მაგრამ რათ გინდა? საგულდაგულოდ იყო ჩარაზული! ქურდები რანაირად იპარავენ მანქანას? მაგათი “პროფესორა”........! რა არ ვცადე, მაგრამ ვერ გავაღე ვერაფრით! მანქანა ვიღაცის ეზოსთან იყო გაჩერებული. არც ჩვენ ვიცნობდით იმ ოჯხს და არც იმათ ქონდათ წარმოდგენა ჩვენზე!
მანქანის გაღების მცდელობაში, ნახევარი საათი კი გავიდა და გახურებული სხეული ისევ გაცივდა! გავიყინეე! ამ ჯახირში ეზოდან სახლის პატრონი გამოვიდა. მოვიდა ჩემთან და გამომელაპარაკა. მკითხა ვინ ვიყავი, ვისთან ვიყავით სტუმრად. რა უნდა მეთქვა? დილას რომ რამოდენიმე სახლი დავიმახსოვრე, მონადირეების, ის სახელები ვუთხარი, მაგრამ სოფელში არ არსებობს, რომ მარტო სახელი იყოს საკმარისი კაცის საცნობად. აუცილებლად გკითხავენ : “რომელი გოგია კაცო? ისა, ვილისი რო ყამ?” და ა.შ. და ამგვარად. მე კი მხოლოდ რამოდენიმე სახელი ვიცოდი და ამ სახელების პატრონებზე, დამატებითი ინფორმაცია მქონდა თუ რა მარკის და რა მოდელის თოფები ჰქონდათ. მოკლედ, ვერ ავუხსენი ამ კაცს, თუ ვისთან ვიყავი სტუმრად.
ამ ლაპარაკში კიდევ ერთი საათი გავიდა. უკვე ისე მცივა, რომ საღად აზროვნება მიჭირს. ალბათ ეს შემატყო ჩემმა “მასპინძელმა” და მითხრა, სახლში შემოდი, გათბიო. ეს სიტყვები, რომ დაიწყო, მე უკვე სახლის კარები მქონდა შეღებული და რომ დაამთავრა, უკვე გახურებულ ღუმელთან ვიყავი მოწყობილი! სხეულში გრძნობა და გონებაში აზროვნების უნარი დამიბრუნა სითბომ! ისე კარგად ვიყავი, რომ სანამ მონადირეები მოვიდოდნენ, იქიდან ძალით თუ გამაგდებდნენ, თორემ ჩემით გამსვლელი არ ვიყავი! ცოტა ხანში, დიასახლისმა მკითხა : “ყავ” და არ დავამთავრებინე, ისე ვუპასუხე: დიახ, მინდა-მეთქი. ყავა საკმაოდ უცანური ხერხით მოამზადეს. ნალექიანი ყავა პირდაპირ ჩაყარეს ჭიქაში, შაქარის რაოდენობა მკითხეს და ექვსი მეთქი. 6 კოვზი შაქარი 2 კოვზი ნალექიანი ყავა ჭიქაში და ამას, ჩაიდნიდან დაასხეს ადუღებული წყალი. მოურიეს და ეს იყო სულ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით გეახელით ის ყავა. (სხვათაშორის ჭიქაც კარგა მოზრდილი იყო!)
მოკლედ, ნირვანაში ვარ! გაღუღუნებული ღუმელი, დიდი ჭიქით ცხელი სასმელი და ახლა უკვე აღარ მედარდება, თუ როდის ჩამოვლენ დანარჩენები!
ამ ოჯახში ტელევიზორის, თუ სატელიტური ანტენის, თუ კიდევ სხვა რაღაცის ხელოსანი იყო მოსული. ამ ხელოსანმა, რომ დაამთავრა მუშაობა, მეორე სართულზე სუფრა გაშალეს და, რა თქმა უნდა, მეც მიმიწვიეს. ნახევარი სიტყვა მეყო დასაპატიჟებლად! მეორე სართულზე ღუმელი არ იყო. მე კი ბათინკები ისევ სველი მქონდა და მალევე შემცივდა, ღუმელს რომ მოვცილდი. ამიტომ ღვინოში დავინახე ხსნა! ვიფიქრე, რომ ალკოჰოლი გადამარჩენდა გაციების და ავად გახდომისაგან!
ჰოდა, ამიტომაც ჭიქაში წვეთს არ ვტოვებდი! ნახევარი ლიტრი ღვინოს შემდეგ, მხრებში გავიშალე და სადღეგრძელოების საღერღელიც ამეშალაა!
კიდევ ნახევარი ლიტრი “ჩავიცვით” და მასპინძელმა აკარდეონიც გამოიტანა!
კიდევ ნახევარი ლიტრის შემდეგ, უკვე “ძმები” ვიყავით!
სიმღერას სიმღერა სცვლიდა! რქაწითელიც უხვად დიოდა და საერთოდ აღარ მციოდა!
დანარჩენები რომ მოვიდნენ, უკვე გაგუგუნებული იყო ქეიფი და ჩვენც კარგად ვიყავით მიბრუჟულები! ჩემს დასაძახებლად ამოვიდნენ. ერთ-ერთი მონადირის სახლში აპირებდნენ ქეიფს და აქ რომ ასეთი ამბავი დახვდათ, ძალიან გაუკვირდათ! მასპინძელმა აღარ გაუშვა სხვასთან და ყველანი იმ ოჯახს ესტუმრნენ.
მე, რადგან უკვე კარგა ხნის დაწყებული მქონდა ქეიფი, ამათ დიდხანს აღარ გავყევი და მანქანაში გადავინაცვლე დასაძინებლად!
თბილისში ჩამოსულსღა გამომეღვიძა.
მოკლედ, ძალიან ცუდად დაწყებული ნადირობა გადასარევად დამთავრდა! შევიძინე კარგი ნაცნობ-ახლობლები. მშვენიერი დრო გავატარე და მოსაგონრად რამოდენიმე ფოტოც დამრჩა!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!