როდესაც აირჩევთ ლეკვს, რომლთაც გინდათ ინადიროთ, პირველ ყოვლისა, უნდა დააკვირდეთ მის ხასიათს და ამის მიხედვით შეუდგეთ გაწვრთნას.
ყველა ჯიშის სანადირი ძაღლი უნდა აღიზარდოს ისე, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დროს მოითხოვოს გარეთ გასვლა.შეეჩვიოს თავის სახელს, იცოდეს თავის მუდმივი საწოლი ადგილი, მივიდეს პატროთან ან გამზრდელთან სახელის დაძახებისთანავე, ბრძანებით ან რაიმე სხვა ნიშნის მიცემით, უნდა მიეჩვიოს საყელოს და თასაწაბმულმა იაროს პატრონთან. ბრძანებით დაწვეს და დაჯდეს, არ აიღოს საჭმელი პატრონის ან აღმზრდელის უნებართვოდ, შეწყვიტოს არასასურველი ქცევა განკარგულებით ან რომელიმე ნიშნით. მაგალითად, თუ საჭიროა ლეკვმა შეწყვიტოს რაიმე ქცევა ან არასასურველი მოქმედება, საჭიროა მას გაჯავრების კილოთი ხმამაღლა უთხრათ "ფუ".
მონადირის სურვილით ძაღლს შეიძლება შეასწავლოთ მოტანა. სპანიელისათვის კი მოტანა სავალდებულოა. ძაღლი უნდა მიეჩვიოს ტრანსპორტით მგზავრობისას წყნარად ყოფნას.
თუ ყველა ამ მოთხოვნილებას ძაღლი შეასრულებს, მაშინ მისი ველზე გაწაფვა-დაგეშვა ძლიერ გაადვილდება.
ძაღლის გაწაფვა-დაგეშვისათვის საჭიროა შემდეგი ინვენტარი:
საყლო, საბმური თასმა, ჯაჭვი ადგლზე დასაბმელად, სასტვენი, ფოლადის უხეში (ეკლიანი) საყელო 6-10 მეტრიანი წვრილი თოკით(პორფორსი), ნანადირევის მოტანის მისაჩვევად ხის გათლილი მრგვალი მოკლე ჯოხი ან ბრეზენტის პაწია მუთაქა, ორივე ისეთი სისქისა და სიდიდის, რომ ლეკვმა თავისუფლად მოკიდოს პირი და შეთლოს მოტანა.
"ადგილზე". ამავე ასაკის ლეკვს უნდა შეაბათ საყელო, მის საწოლ ადგილზე კი გქონდეთ მიბმული ჯაჭვი, როდესაც ლეკვმა მოისაქმა და მასთან გაკვეთილის სწავლება მოათავეთ, უბრძანეთ ლეკვს "ადგილზე", მოკიდეთ ხელი საყელოზე, მიიყვანეთ თავის საწოლთან და დააბით.
ამავე დროს შეგიძლიათ მიაჩვიოთ დაწოლას, გაეცით ბრძანება "დაწე". ლეკვი პირველად ვერ მიგიხვდებათ და ამიტომ მოკიდეთ ხელი ქეჩოსთან.
დააწვინეთ ხელით ზურგზე ან საყელოსთან ახლოს ჯაჭვზე დაადგით ფეხი და რამდენჯერმე გაუმეორეთ ბრძანება "დაწე", "დაწე". ლეკვი ძულებული გახდება დაწვეს, ამის შემდეგ მიუალერსეთ და დაასაჩუქრეთ. ყველა ზემოჩამოთვლილს ლეკვი ეჩვევა სულ ორ-სამ დღეში.
სახელს შეჩვევა. ძაღლის სახელი ყოველთვის უნდა იკოს მოკლე და შედგებოდეს რაც შეიძლება მეტი ხმოვანი და მაგარი თანხმოვანი ბგერებისაგან (მაგ. "მარდი", "ცირა"). ლეკვისათვის სახელის დაძახება მისთვის არის თქვენს ბრძანებაზე ყურადღების მიქცევა. ლეკვს თავის სახელს აჩვევთ ყეველთვის, როდესაც კი მასთან გიხდებათ ყოფნა. სახელის დაძახებისთანავე მას მიეცით საჩუქარი ( ხორცი, შაქარი და სხვა). მაშინ ის მალე ითვისებს თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე მოირბენს თქვენთან. კარგია სახელი უძახოთ თამაშობისა და სეინობის დროსაც.
ფეხთან სიარულის მიჩვევა. ფეხთან სიარულის სწავლა უნდა დააწყებინოთ 3-4 თვის ლეკვს.
პირველ ხანებში თასმიანი ლეკვი უნდა ატაროთ ცოტა ხანს. ამ დროს იგი დაიწყებს ნერვიულობას, უნდა აცადოთ ალერსით ან დასაჩუქრებით დააწყნაროთ იგი. შემდეგ კი ახსნათ თასმა და მისცეთ ულება ირბინოს თავის ნებაზე. ეს გაკვეთილი რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. ლეკვი თასმით უნდა ატაროთ მარცხენა ფეხთან ერთი თვე მაინც. ამ ხნის განმავლობაში თუ ის იწევს წინ, არ დაუშალოთ. ერთ თვის შემდეგ კი წინ გაწევა უნდა დაუშალოთ ან თასმის უკან მოწევით, ან წინიდან წკეპლის, ანდა თასმის აქნევით. თუ ამის შემდეგაც ლეკვი მაინც არ იშლის და ჯიუობს, შეგიძლიათ იხმაროთ პარფოსი(უხეში საყელო). ყოველთვის, როცა მას უკან ახევინებთ, უნდა უბრძანოთ "ფეხთან", ხოლო ბრძანების შესრულებისთანავე უნდა მიუალერსოთ და დაასაჩუქროთ.
ძახილზე ძაღლის მოსვლა. ყველა ჯიშის მეძებარი ძაღლი უნდა მიეჩვიოს დაძახებაზე "ჩემთან" ან დასტვენაზე პატრონთან მისვლას. მდევრები და მწევრები პატრონთან აუცილებლად უნდა მივიდნენ საყვირზე.
ყოველი დაძახება "ჩემთან" თუ ლეკვმა შეასრულა, დაასაჩუქრეთ იგი, ხოლო თუ ხედავთ, რომ თქვენს ბრძანებას ის არ ასრულებს, დაუძახეთ სახელი, რითაც მიიპყარით ყურადღება, და სახელთან ერთად ალერსით დაუძახეთ "ჩემთან", "ჩემთან".სახელს მიჩვეული, იგი უეჭველად მოვა თქვენთან. მაშინ გაუმეორეთ ბრძანება "ჩემთან" და დაასაჩუქრეთ. ბრძანების შესრულებისთანავე თასმას ნუ ჩააბავთ, თორემ იგი შეშინდება და მასში დაიბადება თქვენთან არმოსვლის სურვილი. მოვიდა რა თქვენთან დაძახებაზე და მიიღო ალერსი და საჩუქარი, მიეცით უფლება კიდევ ისეირნოს, ირბინოს და შემდეგ ჩააბით თასმა.
როდესაც გინდათ ძაღლს ჩააბათ თასმა ან საყელო, ყოველთვის მოეპყარით მას ალერსიანად.
მოტანა. ლეკვში ადრე იღვიძებს ინსტიქტი გამოეკიდოს და დაიჭიროს მოძრავი რაიმე საგანი. ამიტომ ამით უნდა ისარგებლოთ და ის საგანი, რომელზედაც გინდათ შეასწავლოთ მოტანა, თამაშის დროს გადაუგდეთ ან გაუგორეთ. იგი მას გამოეკიდება და აიღებს. მაშინ თქვენ ლეკვს უნდა მიუახლოვდეთ ალერსიანი ძახილით "მოიტა", "მოიტა" და როდესაც მოიტანს, გამოართვით საგანი და დაასაჩუქრეთ. ამ ილეთის რამდენჯერმე გამეორებით ლეკვი მოტანას ითვისებს და გადაგდებული საგანი უკვე თქვენთან მოაქვს, რადგან ელის, რომ თქვენ მას მიუალერსებთ და დაასაჩუქრებთ. იმ შემთხვევაში, თუ ლეკვმა საგანი აიღო და თქვენთან არ მოაქვს, სჯობს საყელოზე წააბათ გრძელი თოკი და, როცა ის გადაგდებულ საგანს აიღებს, თოკი თანდათან თქვენკენ მოსწიეთ და მიიზიდეთ ძახილით "მოიტა", "მოიტა", ჩემთან. უკანასკნელი სიტყვა მსთვის უკვე ნაცნობია. მოვა თქვენთან თუ არა, საგანი გამოართვით და დაასაჩუქრეთ.
თუ ლეკვმა საგანი არ მოგიტანათ, არ დასაჯოთ, თორემ მოტანას სრულიად დაანებებს თავს.
წყლიდან საგნის გამოტანას ლეკვი უფრო ადვილად მიეჩვევა, რადგან წყალში გადაგდებული საგანი მოძრაობაშია(წყალს მიაქვს) და ეს გარემოება იპყრობს ლეკვის ყურადღებას.
ძაღლი მოსატანად უნდა მიდიოდეს ხალისიანად და მხოლოდ თქვენი ბრძანების შემდეგ. ცუდია, როდესაც ჩამოვარდნილი მოკლული ფრინველის მოსატანად ძაღლი თვითნებურად გარბის, ვინაიდან მოსალოდნელია ნაბულიდან აფრენილ ფრინველს ეცეს დასაჭერად და თუ ვერ დაიჭირა - გამოეკიდოს, რაც არასასურველია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!