ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა და მიზნად ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას ისახავდა. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში მდებარეობს.თავად ნაკრძალის ცალკეული ნაწილები, როგორც რელიეფით, ასევე გეოლოგიური აღნაგობით და ნიადაგით ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც თავის მხრივ ნაკრძალის მცენარეულ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს. ნაკრძალის დასახელებიდანაც ჩანს, რომ იგი ორი ნაწილისაგან შედგება. ბიჭვინთის მონაკვეთი ქალაქ გაგრის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე მდებარეობს და მისი ფართობი 347 ჰექტარია. მიუსერის მონაკვეთი ასევე ზღვის ნაპირზე, ბიჭვინთიდან 15 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით მდებარეობს. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ტყეები ძირითადად სუბტროპიკული ზონის შერეული ტყეებით არის წარმოდგენილი. აქაურობისთვის დამახასიათებელი 92 სახეობის ხე-მცენარე და ბუჩქიდან 28 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.ნაკრძალის ტყეები ორ განსხვავებულ ეკოსისტემად იყოფა. ესენია: ბიჭვინთის ფიჭვნარი და ლიძავისა და მიუსერას ფართოფოთლოვანი ტყე, რომელშიც მუხა და ცაცხვი ჭარბობს. ნაკრძალში გავრცელებულია ენდემური დენდროფლორის ისეთი უნიკალური მერქნიანი სახეობები, როგორიცაა ენდემური ბიჭვინთის ფიჭვი (Pინუს პიტჰყუსა), კოლხური ბზა, ლაფანი, კოლხური სურო, კავკასიური ცაცხვი, ქართული და ჰარტვისის მუხები.ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთში 1,040 ჰექტარი საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობას – წაბლის ტყესაც უკავია. უფრო მცირე ფართობი უჭირავთ რცხილის, ბზის, მურყნისა და წიფლის კორომებს.
ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება: შველი, ირემი, გარეული ღორი, რადეს ბიგა , თხუნელა, ზღარბი, კურდღელი, ტყის თაგვი; მტაცებლებიდან – თრითინა, მურა დათვი, ტყის კვერნა, მაჩვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი.საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობებია: ირემი და მურა დათვი.ფრინველებიდან აღსანიშნავია: კავკასიური ჩხიკვი, კავკასიური სტვენია, შაშვი, ჩიტბატონა, ტოროლა, გვრიტი, გარეული მტრედი, მოლაღური, გადაფრენის დროს კი –რუხი ბატი, გარეული იხვი, ტყის ქათამი.
ბიჭვინთის ქართული სახელწოდება, ისევე როგორც ბერძნული – პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. „დიდი პიტიუნტი", იგივე ბიჭვინთა, პირველად ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის „გეოგრაფიაშია" მოხსენიებული,როგორც ელინისტური ხანის მნიშვნელოვანი ქალაქი. გვიან ანტიკურ ხანაში პიტიუნტი დიდი კულტურული და სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო, ამაზე იქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალაც მოწმობს. ბიჭვინთის მახლობლად სოფელ ლიძავაში აღმოჩენილია ანტიკური ხანის 150-მდე რომაული მონეტა, მეოთხე საუკუნის 310 სპილენძის მონეტა და ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბრინჯაოს მდიდარი მასალა.
ნაკრძალის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს მეათე საუკუნის ბიჭვინთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომლის კედლებზეც მე-16 საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ბიჭვინთის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს მეხუთე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომლის იატაკი შემკულია მარმარილოთი და მოზაიკით, რომელიც იმავე პერიოდის სირიისა და პალესტინის მოზაიკას უახლოვდება.არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიური სიტუაციის გამო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს შეფერხებულია სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობა, თუმცა არსებობს კერძო სექტორის საოჯახო სასტუმროები, რომელთა დაჯავშნა დღესდღეისობით საქართველოს მხრიდან შეუძლებელია და პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებამდე ნაკრძალის ტურისტულ პოტენციალზე ლაპარაკიც ალბათ ჯერ ადრეა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!