პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დღეს საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. მათ სანახავად მოგზაურობა შეგიძლიათ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთიდან – ვაშლოვანის ნაკრძალით დაიწყოთ და კოლხეთის დაბლობით დაასრულოთ.
ვაშლოვანი – ქართული სავანა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა "ქართული სავანა” უწოდეს აფრიკულ ლადშაფტთან მისი მსგავსების გამო. ეს ეფექტი განსაკუთრებით მძაფრდება მზის ჩასვლისას – ვერაფრით დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართ. ეს არის ადგილი, რომლის სიმშვიდეს გიურზები იცავენ, ხოლო მის ეგზოტიკას ამ რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი ლეოპარდი "ნოე” აგრძელებს.
და თუ კირქვიან კლდეებზე შერჩენილი სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები და პრეისტორიული ხანის მოლუსკების ნიჟარები თქვენს მეხსიერებას მილიონი წლის უკან გადაისვრის, ტახტი-თეფას ტალახოვანი ვულკანის ხილვისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე მოხვდით: ვულკანის მოთეთრო ბორცვები გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს.
გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.
ვიზიტად დინოზავრების სამყაროში
სათაფლიაში მივდივართ, რათა კიდევ ერთხელ გადავაბიჯოთ ათასწლეულებს, დავივიწყოთ ცივილიზაცია და პრეისტორიულ ხანაში დავბრუნდეთ. ამ შეგრძნებებს კი დინოზავრის ნაკვალევთან შეხვედრა იწვევს. დავყურებთ მათ და იურული პერიოდის ცხოველთა გრგვინვა ჩაგვესმის.
ამის მერე რომ თავის შეფარება მიწისქვეშა მღვიმეში მოგვინდეს, რა გასაკვირია? მართალია, იქაც არანაკლები მძაფრი შეგრძნებები გველოდება: 320 მეტრზე გაჭიმულ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სამყაროში მოგზაურეობა 1 საათს გრძელდება და არარეალობის ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს ეს ჩვენ კი არ ვართ, არამედ ჩვენს შესახებ გადაღებულ ფილმს ვუყურებთ.
სტუმართმოყვარე ჭაობები
კოლხეთის დაბლობის ხსენებისას, პირველ რიგში, ხშირი წვიმები, ჭაობები და პალიასტომის თავზე მოყაპყაპე ფრინველთა გუნდები გვახსენდება. მისი უნიკალურობაც სწორდ ესაა: ეს ჭარბტენიანი ეკოსისტემა მსოფლიო ყურადღების ცენტრში სწორედ ჭაობის მცენარეებისა და წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების გამო მოექცა.
კოლხეთის პარკი რელიქტური მცენარეების სამშობლოა, იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის ნაშთია, 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. ამ ადგილს გამყინვარება არ შეხებია. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ისპანის, იმნათის, ნაბადასა და ანაკლია-ჭურიის სფაგნუმის ხავსები, თავისზე 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა რომ შეუძლიათ, ათასწლეულების განმავლობაში აწესრიგებდნენ კოლხეთის ნიადაგს, ვიდრე 20-ე საუკუნეში ადამიანები მის განადგურებას დაიწყებდნენ. ეს ჭაობები ევრაზია-აფრიკაში მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია შემოდგომასა და გაზაფხულზე.
კოლხეთის დაბლობში 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი ნახვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, აქ არა მხოლოდ მობუდარ, შორეულ მოგზაურობაში დაძრულ ფრინველთა უზარმაზარ გუნდებსაც შეხვდებით. მდინარეების ზღვასთან შესართავებში კი შეიძლება გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობაც ნახოთ. თუკი პალიასტომზე, მდინარე ფიჩორზე ან ჭურიაზე ნავით მოგზაურობთ, ის ტყის მასივიც კი, რაც დღემდე შემორჩა, სუროებითა და ლიანებით, გაუვალ კედლად აღმართული ბზის ბუჩქნარით, იელით და შქერით სამხრეთამერიკული ჯუნგლების ასოციაციას გიქმნით. გზად დანახული ველური ბინადრები კი ამ ასოციაციას უფრო ამძაფრებენ: მზეს ეფიცხებიან წყლიდან ამოშვერილ ხის მორებზე მოკალათებული ჭაობის კუები და წყლის ანკარა გველები, წყლის პატარა ქათამურები წყალზე ფრთების დგაფუნით იმალებიან ლელიანში, ხიდან ხეზე გადაფრინდებიან დამფრთხალი მტაცებლები და ყანჩები, თქვენს კატერს კი წინ, თითქოს თამაშ-თამაშით, ლურჯი ალკუნი მიუძღვის.
ყველაზე მტირალა მთა
ეს ყველაზე ნალექიანი და მტირალა ადგილია ჩვენს ქვეყანაში. ამბობენ, აჭარის მთები ზღვის ტენიან ჰავას აკავებენ და ნალექების სიუხვესაც ეს ქმნისო. მტირალას მთაზე წლის მანძილზე იმდენი ნალექი მოდის, რაც არათუ აჭარის, მთელი საქართველოს მაჩვენებელსაც აჭარბებს. და ეს ნისლმოხვეული მთა და მისი შემოგარენი დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი ენდემური და რელიქტური სახეობების თავშესაფრად. თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყე კი უნიკალური მერქნიანი მცენარეებით, მტირალას პარკის გლობალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს და მას პრიორიტეტს ანიჭებს ევროპის დაცულ ტერიტორიათა შორის.
ნისლში ჩაკარგულ ბილიკებს ელფების სამყაროში შეყავხართ, მიუყვებით მდინარე ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს და გზად გხვდებათ წითელ წიგნში შეტანილი ქართული ნიგოზი, კოლხური თხილი, უნგერნისა და პონტოს შქერი. სულ ადვილად შესაძლოა მურა დათვს, კვერნას, მელას, მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვსა და მტრედს გადაეყაროთ. დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ, თუ სამხრეთ-დასავლეთით გადაუხვევთ, ბილიკი კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე მიგიყვანთ, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება. ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით კი, კლდეებს შორის მიედინება მდინარე, რომელიც იქვე გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა. მის ახლოს საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილებია და ზღაპარიც იწყება…
"იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება”…
თუ ვიტყვით, რომ თუშეთი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული, ალბათ შთაბეჭდილებას მოვახდენთ. თუ ვიტყვით, რომ თუშეთის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია, ხოლო აქედან 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში მოიპოვება, ამით თქვენს შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გავზრდით. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა, ხოლო მათ მეზობლად კავკასიის სხვა ენდემები – კავკასიური შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში კი კავკასიური როჭო ცხოვრობს, და ეს კლდეები ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია, აქვე ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენიც ბინადრობს, ნებისმიერი თქვენგანი სიამაყეს იგრძნობს და კავკასიონის მთებისაკენ ოცნებით გაიხედავს. მაგრამ ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თუშეთის ნახვისას იგრძნობთ.
საქართველოში ერთადერთი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს და ეს თუშეთის ლანდშაფტია, რომლის შექმნაც ამ უნიკალური სოფლების ტრადიციული იერსახის შენარჩუნებამ განაპირობა. თუშეთის ხიბლი ძველი სოფლები და ნასოფლარებია, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, რასაც ემატება თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესი, საზაფხულო ხატობა-დღეობები – ათინგენობები, ნაბად-ფარდაგები, სიმღერები, ლექსები…
თუშეთის შეცნობა გზიდან იწყება, რომელიც სოფელ ფშაველიდან საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. ექსტრემის მოყვარულები ამბობენ, რომ მსგავს შეგძრნებებს დიდხანს ეძებდნენ, რიგითი ადამიანები კი თვალზე ხელს იფარებენ და ღმერთს მინდობილნი კანკალით ისმენენ უფსკრულებში გაფრენილი მანქანებისა და მგზავრების ისტორიებს. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ადგილობრივები მის გადავლას ივლის-აგვისტოში გვირჩევენ.
ომალოში ჩასულებს, სურვილისა და განწყობის მიხედვით, შეგიძლიათ აგეურთა-დიკლო-შენაქოს მხარეს წახვიდეთ, ალპური მდელოებით დიკლოს მთისკენ გაუყვეთ და დაღესტინის სასაზღვრო გალავნის -ბაცი-ბუცის ქედს გახედოთ. თუ გზას სონეხის მთისკენაც გააგრძელებთ, მისი წვერიდან თუშეთის ოთხივე ხეობას და 14 სოფელს დაინახვთ. ომალოდან შეგიძლიათ ხოშანეს ხევს გაუყვეთ, ოღონეს მეცხვარეთა სადგომი გაიაროთ და ორეთში მწვანედ მოხასხასე ტბა "უძირო” ნახოთ. ორეთიდან კი მთელ თუშეთს გადახედოთ: მწვერვალ თებულოდან დიკლოს მთამდე. ომალოდან პირიქითის გზას თუ დაადგებით, სალოცავ "სახეოდან” ბილიკი ულამაზეს სოფელ დოჭუმდე მიგიყვანთ და თუშური არქიტექტურის შედევრებს იხილავთ: სამსართულიან სახლებს, დარბაზებსა და საქვაბეს. თუ დართლოსკენ წახვალთ, ჯერ თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ეს სოფელი გაგაოცებთ და მოგხიბლავთ, პირამიდას ფორმით რომ შეფენილა მთაზე, მერე მის თავზე წამომართული კვავლო, მერე შემოგხვდებათ ჭეშო, ფარსმა და თუ ნაყაიჩოს უღელტეხილს გადაივლით, გომეწრის ხეობაში გადახვალთ, აქ შეიგძილიათ სოფელ ვერხოვანში გაჩერდეთ, ან გზა წოვათას ნასოფლარებისკენ გააგრძელოთ. ფარსმადან გირევისკენ თუ წახვალთ, ნაკუდართა, ჰეღო, დაქიურთა და ბოლოს სასაზღვრო სოფელი ჭონთიოც შემოგხვდებათ.
და როცა ამ ყველაფერს ნახავთ და შეიგრძნობთ, მიხვდებით, რატომ ვერ უძლებენ მისი სტუმრები "გათუშების” ცდუნებას, ან ერთხელ ასულები რატომ მიისწრაფიან კვლავ და კვლავ მისკენ.
ბორჯომ-ხარაგაულის თავგადასავლები
ეროვნული პარკის ცნება ჩვენში ბორჯობ-ხარაგაულიდან იწყება და იგი მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყეებს და ამ ტყეებში მოსეირნე ირმებსა და ნიამორებს უკავშირდება. ბორჯომის ხეობის სიამაყე კავკასიური კეთილშობილური ირემი, რომელიც ბრაკონიერობის გამო განადგურდა, ბოლო წლებში კვლავ აღდგა. ნიამორების გამრავლებაზე ზრუნვა კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს ულამაზესი ცხოველები სომხეთიდან გადმოიყვანეს და ჯერჯერობით შეგუების პერიოდს გადიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!