როგორ შევურჩიოთ ძუ ძაღლს სასურველი პარტნიორი და როგორი ძაღლების დართვას კრძალავს სტანდარტი
როგორ დავაწყვილოთ ძუ ძაღლი სასურველ ხვადთან? ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ გასჩენია ძაღლის პატრონს. ამ პრობლემის გადაჭრაში კინოლოგზე კარგ დახმარებას, მერწმუნეთ, ვერც ერთი პროფესიის ადამიანი ვერ გაგიწევთ. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, დაწყვილება არც ისე მარტივია და ამ დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. სელექცია მეცნიერებაა, რომელიც ძაღლსა და მის გენეტიკას შეისწავლის. ის ბერძნული სიტყვაა და „გადარჩევას" ნიშნავს. ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარეს, ექსპერტ-კინოლოგ, ბექა მეტრეველს მივმართეთ.
ბექა მეტრეველი: როდესაც ჯიშიან ძაღლს შევიძენთ, ვალდებული ვართ, ის აღრიცხვაზე დავაყენოთ კლუბში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენელი. კინოლოგიური ფედერაცია კი, საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენელია. შესაბამისად, ჩვენი გაწევრიანება, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სტატუსამდე მიგვიყვანს. როდესაც ძაღლს დაწყვილების ასაკი შეუსრულდება, სავალდებულოა, ერთხელ მაინც ჰქონდეს გამოფენაში მონაწილეობა მიღებული და რატომ: ჯიშიან ძაღლებს თავიანთი შეფასება აქვთ. მან დამაკმაყოფილებელი შეფასება მაინც უნდა მიიღოს, რომ ის სელექციისთვის ვარგისი იყოს. არასასურველი შეფასების შემთხვევაში მისი დაწყვილება არ მოხდება, რათა ცუდი გენი არ გაგრძელდეს. გამოფენაზე მონაწილეობის ერთხელ მაინც მიღება ნიშნავს, რომ ძაღლს აქვს აღწერილობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის მიერ იქნება დაწერილი.
როცა ძაღლი ახურდება, იმ კინოლოგიურ კლუბს მივმართავთ, სადაც ძაღლი გაგვაზრდევინეს. ვუჩვენებთ მათ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს და ვთხოვთ მისთვის სასურველი წყვილის შერჩევას.
– რატომ არის სასურველი, ძუ ძაღლს წყვილი კინოლოგმა შეურჩიოს?
– ძაღლი რაც უნდა დახვეწილი წარმომადგენელი იყოს თავისი ჯიშისა, სტანდარტის მიხედვით, იდეალური ძაღლი არ არსებობს. 438-ვე ჯიშს თავისი სტანდარტი აქვს. კინოლოგები კი იმისკენ ილტვიან, რომ მინიმალური ნაკლის მქონე ძაღლები მიიღონ, მაგრამ ასეთი ძაღლიც კი, მაინც არასასურველი ნიუანსებითაა აღსავსე, რომელსაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. მაგალითისთვის ავიღოთ კანე კორსო. კანე კორსოს სასურველი სიმაღლე ძუ ძაღლისთვის 60-64 სანტიმეტრია, ხოლო ხვადისთვის – 64-68. დასაშვებია პლუს-მინუს 2 სანტიმეტრი. თუ ძუ კანე კორსო 59-61 სანტიმეტრია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწყვილდეს ასევე, არასასურველი სიმაღლის ხვადთან. ორი ერთნაირი ნაკლის მქონე ძაღლის დართვა ერთმანეთთან სასურველი არ არის. ამ შემთხვევაში, შემდეგ ნამატში ჩვენ სიდაბლეს დავამყარებთ – ლეკვიდან შვიდს დაბალს მივიღებთ. ამ 7-ს კი ისე მაგრად ექნება სიდაბლე გამჯდარი გენში, რომ შემდგომში, რაც უნდა მაღალ ხვადთან დავრთოთ ისინი, მაინც გაგვიჭირდება, მათი ლეკვები სასურველი სიმაღლის გაიზარდონ. შესაბამისად, ჯიში დროთა განმავლობაში გადაჯიშებას განიცდის. მაგალითად, სტანდარტის მიხედვით, დასაშვებია, მაგრამ სასურველი არ არის, გერმანულ ნაგაზს მკერდზე თეთრი ლაქა ჰქონდეს. თუ ასეთ ძაღლს ანალოგიურად თეთრლაქიან ძაღლთან დავრთავთ, ლეკვებში იმდენად გავამყარებთ ამ მინუსს, რომ შემდგომში უზარმაზარი პრობლემები შეგვექმნება. კინოლოგი, რომელმაც ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტი ზედმიწევნით იცის, ის ცდილობს, დააბალანსოს როგორც ძუს, ასევე ხვადის მინუსები, რათა შემდგომი ნამატი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს. გენეტიკურმა ნაკლოვანებებმა, შესაძლოა, დაავადებებიც გამოიწვიოს. მაგალითად, მძიმე ძაღლებს ხშირ შემთხვევაში უკანა ნაწილში პრობლემები უჩნდებათ, რომელიც შემდგომ ვითარდება და დისპლაზიას იწვევს. ეს დაავადება პრაქტიკულად არ იკურნება, ძაღლი იტანჯება და მისი დაძინება უწევთ.
– დართვის დროს თუ ექცევა ყურადღება ძუსა და ხვადის ფერებს?
– სხვადასხვა ჯიშზე სხვადასხვანაირად ხდება. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავისფერი ლაბრადორის ჩალისფერ ლაბრადორთან დაწყვილება. თუმცა, დასაშვებია ჩალისფერის დაწყვილება შავთან, ისევე, როგორც ყავისფერის. შავი და ყავისფერი ლაბრადორების დაწყვილების შემთხვევაში ლეკვებიდან არ მივიღებთ ნახევარს – შავს და ნახევარს – ყავისფერს. ასეთ შემთხვევაში, ათი ლეკვიდან ნახევარი ყავისფერი გამოვა, ხოლო ნახევარი – ჩალისფერი. ყავისფერ ლაბრადორებს, ფერიდან გამომდინარე, სხვანაირი პიგმენტაცია აქვთ, ანუ ცხვირი, თათები და მუცლის ღრუ, გარეგანი დათვალიერებით, ყავისფერი აქვთ. ჩალისფერ ლაბრადორზე სტანდარტის მიხედვით არ არის სასურველი, რომ ცხვირი, თათები (ბალიშები) და მუცელი ყავისფერი ჰქონდეს, რადგან ის შავი ფერის უნდა იყოს. კანე კორსო რომ ავიღოთ, ამ მხრივ პრობლემა არ არის. სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია, იცოდეთ ძაღლის გენეალოგია. უნდა იცოდეთ, რა ფერის ძაღლები ჰყავს ძუს სამ თაობაში უკან, ისევე, როგორც ხვადს. უნდა იცოდეთ, რომელია დომინანტური და არა დომინანტური ფერები. შესაბამისად, შეიძლება, გათვალოთ, კონკრეტული ორი ფერის დაწყვილებით, რა ფერის გამოვა ლეკვების უმრავლესობა. შეიძლება ჩალისფერი და შავი კანე კორსო დართოთ, მაგრამ ყველა ლეკვი შავი მიიღოთ.
– რატომ?
– მაგალითად, შავი ფერი არის ხვადი, რომელსაც გენეალოგიაში თითქმის სულ შავი ძაღლები ჰყავს (თან, შავი – დომინანტური ფერია). თუ ძუ არის ჩალისფერი, მაგრამ დედ-მამა ჰყავს შავი, სამაგიეროდ, ბებია ან ბაბუა ჰყავდა ჩალისფერი და ლეკვი მათ დაემსგავსა. ლეკვების გენეალოგიას რომ შევხედოთ, ლეკვების 90 პროცენტი შავი ფერის გამოდის.
დაწყვილებისთვის წელიწადის რომელი დრო უფრო სასურველია?
– ყველასთვის ინდივიდუალურია. ყველა ძაღლს სხვადასხვა დროს აქვს დაწყვილების პერიოდი. ჩემი აზრით, გაზაფხული ყველაზე მეტად სასურველია და რატომ: ლეკვები ზაფხულში იბადებიან. ყველაზე ცუდ პერიოდს, როცა მათ არ უნდა მიეკაროს ქარი, სიცივე და ასე შემდეგ, ადრეულ ასაკში გადაიტანენ და ზამთარს მომწიფებულები ხვდებიან, დაახლოებით 5 თვის მაინც. თუმცა ამ პერიოდს ერთი ძალიან დიდი მინუსიც აქვს – ამ პერიოდში ძალიან ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. ზამთარში დაბადებული ლეკვები თითქმის ყველანაირ პარაზიტსა და ბაქტერიას აცდენილი გვყავს. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს თავის პლუსი და მინუსები აქვს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!