გთავაზობთ ჟურნალ ,,არსენალში'' გამოქვეყნებულ სტატიას
,,კალაშნიკოვის'' ავტომატი ალბათ ყველას სმენია, მაიერის ტყვია კი ძირითადად პროფესიონალი მონადირეებისთვისაა ცნობილი, მაგრამ ორმოციოდე წლის წინ მონადირულ სამყაროში მან არანაკლები გადატრიალება მოახდინა, ისევე როგორც კალაშნიკოვმა თავის დროზე ავტომატური იარაღის სფეროში. ნამდვილად არ მეგონა თუ 2006 წლის შემოდგომაზე აბასთუმნის ობსერვატორიაში 40 წლის წინ შექმნილი ტყვიის ავტორს გავიცნობდი. 81 წლის ალექსანდრ კარლოს ძე მაიერი აბასთუმნის ობსერვატორიაში 1956 წლიდან მუშაობს. წელს ზუსტად ნახევარი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ ,რაც ამ ცნობილი ობსერვატორიის ,,ოქროს ხელებად'' იქცა. ლაბორატორიაში არ არსებობს თითქმის არცერთი ოპტიკური ხელსაწყო თუ სხვა მოწყობილობა, ალექსანდ მაიერს რომ არ გაეკეთებინოს ან შეეკეთებინოს, მათ შორის ურთულესი ტელესკოპებიც. ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა ჰქონოდა ტელესკოპების ,,ღმერთს'' ალექსანდრ მაიერს ტყვიის შექმნასთან, მაგრამ როგორც გავიგე, ის 60 წლის სტაჟის მქონე პროფესიონალი მონადირეც ყოფილა. ალექსანდრ მაიერის წინაპრები თბილისში ჯერ კიდევ 1812 წელს დასახლებულან. 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ, როდესაც გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს, სტალინის ბრძანებით ყველა გერმანელი ოჯახი აღმოსავლეთში გადაასახლეს, მათ შორის მაიერებიც, რომლებიც ჩრდილო ყაზახეთში, სპეცდასახლებაში მოხვდნენ. იქ ახალგაზრდა მაიერი შახტებში მუშაობდა და დროდადრო ნადირობასაც ახერხებდა. 1956 წელს ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და ალესანდრ მაიერი მას შემდეგ აბასთუმანში ცხოვრობს და მუშაობს. დღეს იგი აბასთუმნის ობსერვატორიის ზუსტი ხელსაწყოების ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ამ მცირე ისტორიული გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის მთავარ თემას - როდის შექმნა აბასთუმნელმა ალექსანდრ მაიერმა ისეთი ტყვია, რომელმაც სამონადირეო საქმეში რევოლუცია თუ არა პატარა გადატრიალება მაინც მოახდინა. მცირე ისტორიული ექსკურსი: გლუვლულიანი სანადირო თოფები იმით განსხვავდება შაშხანებისგან, რომ თოფიდან ნასროლი ტყვიის ზუსტად მოხვედრა მიზანში რამდენიმე ათეულ მეტრ მანძილზე ძალიან რთულია. ამას ტექნიკური თავისებურება განაპირობებს; თუკი ტყვია ხრახნილულიან იარაღში გასროლისთანავე იწყებს ტრიალს თავისი ღერძის გარშემო და ფრენის დროსაც ამის ხარჯზე ინარჩუნებს სტაბილურ ტრაექტორიას, გლუვი ლულიდან გამოტყორცნილი ტყვია 30-50 მეტრის მანძილზე საგრძნობლად შორდება მიზანს. 1963 წელს ალექსანდრ მაიერმა ორმაგი ტურბინული ტყვია შექმნა, 12 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის. იმ დროიდან 43 ვწლის გასვლის შემდეგ ინჟინერმა მაიერმა(რომელსაც კარგად ესმის ქართული ენა და დიდაც არც ლაპარაკი უჭირს) ჟურნალ არსენალს უამბო, რომ ახალი ტყვიის შექმნის იდეა მას რამდენიმე ფაქტორმა უკარნახა. ჯერ ერთი, გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა მთავსრობა ყოველმხრივ აფერხებდა ხრახნილლულიანი იარაღის გვარცელებას მონადირეთა შორის, ჩვეულებრივი გლუვლულიანი ტოზიდან ნასროლი ,,ჟაკანით'' კი დათვს ან მოარტყავდი ან არა., მეორე - შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში მონადირე-მრეწველებს შაშხანებით ნადირობის უფლება ჰქონდათ, გარდა ამისა საფანტით დატენილ ვაზნებს იყენებდნენ ფრინველზე სანადიროდ. ალექსადრე მაიერმა კი შექმნა ტყვია, რომელიც გლუვლულიან თოფს უნივერსალურს ხდიდა მონადირისათვის. 12 კალიბრიანი ტოზითა და იჟით ფრინველისა და კურდღლისათვის წვრილსაფანტიან ვაზნას გამოიყენებდა, ხოლო მსხვილ ნადირს - ვთქვათ დათვს, მაიერის ტყვიას ესროდა, თანაც ზუსტად და ისიც არანაკლებ 100 მეტრის დისტანციიდან. მაიერმა შექმნა ისეთი კონსტრუქციის ტყვია, რომელიც 100 მეტრზე 20 სანტიმეტრიან წრეში ჯდებოდა, რაც გლუვლულიანი თოფებისათვის მართლაც რომ კარგი შედეგია. ასეთი წარმატება ტყვიის კონსტრუქციამ განაპირობა, - რაღაცით პატარა ტურბინას წააგავს და ამიტომაც ეწოდა ტურბინული ტყვია. ის ჩვეულებრივ 12 კალიბრიან ჰილზში იდება დენთის და პიჟის შემდეგ კი ხდება მისიო ჩახვევა პრესით, ანუ ვაზნების თავის სახვევით ისე, რომ პიჟი არ უნდა ედოს ზემოდან და ასე უნდა დაფიქსირდეს. გასროლის შემდეგ მაიერის ტყვია იწყებს ტრიალს, რასაც ტურბინული ფორმის ტყვიის პატარა ფრთები უზრუნველყოფს. ტყვიის გარეთა ფრთები გლუვ ლულაში წამყვანი წრეების ფუნქციას ასრულებს. ტურბინული ტყვიის შიდა ფრთები კი გარკვეულწილად ამცირებს გაუხშოებას ტყვიის უკანა ნაწილში. ლულიდან გამოსული ტყვია გამუდმებით ტრიალებს ღერძის გარშემო და ფრენისას სტაბილურ მიმართულებას და ტრაექტორიას ინარჩუნებს. საბჭოთა სანადირო ჟურნალმა ,,ОХОТА'' 1966 წელს ჩაატარა მაიერის ტყვიის სპეციალური გამოცდა. ავტორი დაზგაზე დამაგრებულ იჟ-12 ტიპის თოფიდან ისროდა, რომელსაც მაიერის მიერ კონსტრუირებული ორიგინალური კეცვადი დიოპტიკური სამიზნე ჰქონდა. 50 მეტრიდან სროლისას 100 მმ-ს დიამეტრის შავ წერტილზე ათივე ტყვია 193,5 მმ-ის გაბარიტტებში ჩაჯდა; 100 მეტრზე სროლისას კი 200 მმ-ის დიამეტრის მრგვალი სამიზნე დააყენეს. ათივე ნასროლი ტყვია 231 მმ-ის გაბარიტებში ჩაჯდა. შემდეგ გამოსცადეს, რა გატანის უნარი ჰქონდა ამ ტყვიას. 50 და 100 მეტრის დისტანციაზე 37 მმ-ის სისქის გამომშრალი ფიჭვის დაფები დააყენეს. სამიზნის საერთო სისქე 22 სანტიმეტრს შეადგენდა. 50 მეტრიდან ნასროლმა ტყვიამ ფიჭვის დაფებში 90 მმ-ის სისქემდე შეაღწია, ანალოგიური შედეგი იყო 100 მეტრიდან სროლის დროსაც. ორივე შემთხვევაში ტყვიებმა ფიჭვის დაფაში შესვლისას 17,1 მმ დიამეტრის ნახვრეტი დატოვა. სამიზნის დაფის ბოლო კედელში პირველ შემთხვევაში(50 მეტრზე) დაზიანებამ 70 მმ ფართობი შეადგინა, მეორეჯერ (100 მეტრიდან სროლისას) კი 55 მმ. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მაიერის ტყვიას სროლის ერთ-ერთი საუკეთესო სიზუსტე აქვს როგორც 50 ასევე 100 მეტრ დისტანციაზე. ასევე გააჩნია კარგი შეღწევის უნარი. თავად განსაჯეთ, თუკი 100 მეტრიდან იგი გამომშრალი ფიჭვის დაფებში 90მმ-მდე სისქეში შედის რას უზამს დათვს, თუკი სასიცოცხლო ორგანოებში მოხვდება. გარდა ამისა, მაიერის ტყვიას კარგი შემაჩერებელი ეფექტი აქვს; მიზანში მოხვედრისას სოკოსავით იშლება ანუ გააჩნია ექსპანსიური ეფექტი, რაც დიდ და შოკისმომგვრელ ტკივილს აყენებს ნადირს. ალექსადრ მაიერის ტყვია რამდენიმეწლიანი საბჭოთა ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვის შემდეგ მაინც ჩაუშვეს წარმოებაში. მას ოდესის ქარხანა ,,ვოენოხოტა-6'' უშვებდა. ტყვიის ავტორს 400 საბჭოთა მანეთი გადაუხადეს პრემიის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ორ გამოგონებაზე აქვს პატენტი აღებული(1964 და 1968 წლებში) ზემოდხსენებულ ორმაგ ტურბინულ ტყვიასა და მის მოდერნიზებულ ვარიანტზე. მაიერის ტყვიები თავის დროზე 9 კაპიკი ღირდა. ქარხნული წესით დამზადებულები არ გამოირჩეოდა დამუშავების ხარისხით, არადა მაიერის ტყვიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს , რამდენად ზუსტად იქნება დაცული ტყვიისა და განსაკუთრებით მისი ფრთების ზომები. სხვათა შორის, მაიერის ტყვიის გასროლისას თოფს უფრო მეტი უკუცემა ჰქონდა. საბჭოთა მონადირეებში მაიერის ტყვიებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ტყვიის ავტორს ყოველწლიურად ასობით მადლიერების წერილი მისდიოდა იმ მონადირეებისგან, ვისაც მაიერის ტყვიამ სიცოცხლე შეუნარჩუნა ჩრდილოეთში თეთრ დათვთან თუ აღმოსავლეთში უსურიის ვეფხვთან შებრძოლებისას და ბოლოს ინტერვიუ ალექსანდრ მაიერთან, რომელსაც ლინკის სახით მოგაწვდით http://www.ambebi.ge...-ckhovrobs.html
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!